ლეგენდა ჩემს შესახებ (მეორე ნაწილი)

მოკლედ ვაგრძელებ ნაწყვეტების ციტირებას “ლეგენდა ჩემს შესახებ”-იდან

 ეს ფოტო აღარც მახსოვს როდისაა გადაღებული, ალბათ 12-13 წლის ვიქნები, ან უფრო პატარა, აღარც ის მჯერა რომ ოდესმე ასეთი ქერა ვიყავი და ჩემი იერი ისე მეუცხოვება მგონია სხვის ბავშვობას ვუყურებ.

ნაწყვეტები ბავშვობის მოგო-ნებებიდან:

1) 6გვ

“მერე მახსოვს, იმავე პერიოდში, სკოლის ეზოში დამინხა, სიგარეტს ვეწეოდი, ერთი მეგობარი მაშინდელისთვის იშვიათ და კარგ სიგარეტებს შოულობდა, მეც სიახლის ძიებაში ადვილად ჩამითრია დიდობანას ილუზიამ, მე ხომ უკვე ჩამოყალიბებული და სრულფასოვანი მამაკაცი ვიყავი, ჰოდა მაშინ უარესად მიმალანძღა – “ნარკამან! წამალსაც ხომ არ იკეთებ უკვე?”

 ამან ისე იმოქმედა ჩემს თავმოყვარეობაზე, რომ გარკვეული პერიოდი მძულდა კიდეც ძველი კეთილი და სასაცილო მასწავლებელი. ახალ მასწავლებელს კი სკოლის დამთავრებამდე ვერ ვაპატიე სილა რომელიც სკოლის ტუალეტში მითავაზა, როცა სიგარეტის მოწევისას წამასწრო, მე და ჩემი მეგობარი, რომელმაც მოწევა დამაწყებინა შესვენებაზე სკოლის ტუალეტში გავდიოდით და ვეწეოდით სხვადასხვა მარკის სიგარეტებს, ერთ დღესაც დასვენება ძალიან გაგვიგრძელდა და ჩვენს საძებნელად წამოსული მასწავლებელი ტუალეტში შემოგვეფეთა, ჩემს მეგობარს უკვე მოესწრო ნამწვის გადაგდება, მე კი მაშინ შევხედე, როდესაც ფილტვებიდან სიგარეტის კვამლს ვუშვებდი, არც კი შეყოვნებულა ისე გამაწნა გაშლილი სილა, მოულოდნელობისგან კინაღამ ნამწვი გადავყლაპე, თავში სისიხლი ამივარდა ბოღმისგან და სიბრაზისგან, ხმაც კი ვერ ამოვიღე, გულში მომიხდა ყველაფრის ჩაკვლა, ასეთი სილა მანამდე ჩემთვის არავის ეთავაზა, მშობლები არ გამიწყრებოდნენ ალბათ ასე და ასეთ ულმობელ სილას არ მითავაზებდნენ, იმის მერე საშინელი ბოღმა და ბრაზი მახრჩობდა, ასეთი დამცირებისთვის, მითუმეტეს რომ მეგობრიც შეესწრო ამ ამბავს, მას კი სრულებით არ შეეხო რაიმე სახის წყრომა რადგან მის ხელში სიგარეტი არ დაუნახავს, არც კი უკითხავს, მე კი ხანდახან ვფიქრობდი განა მასაც იგივეს უზამდა რომ დაენახა? ალბათ არა, რადგან მისი მეგობრის შვილია, მე კი არავინ, მოსწავლე რომელიც ყველაზე ნაკლებად მოსწონს, მისი მშობლები წამდაუწუმ არ დარბიან მასთან საჩუქრებით ან შენს სახელოსნოში მოამზადეო არ ეხვეწებიან, რათქმაუნდა შეგიძლია სხვის შვილს ასე უპრობლემოდ უთავაზო სილა, სკოლის დამთავრებამდე ვერ ვაპატიე, ამიტომ ხატვაც ისეთივე გულმოდგინებით ვერ გავაგრძელე, ამავე დროს ოჯახის სიდუხჭირის გამო საღებავების ნაკლებობა მქონდა მუდამ, მამაჩემი სულ ცდილობდა ყველანაირად ხელი შეეწყო ჩემთვის, მაგრამ საკმარისი ნამდვილად არ იყო იმისთვის რომ მე საღებავების დეფიციტი არ მეგრძნო, მითუმეტეს ჩემი მონდომებიდან აღარაფერი იყო დარჩენილი, ყველაფერს დაემატა პირველი ცალმხრივი სიყვარული ამავე სკოლაში ჯგუფელის მიმართ რომელმაც დამცინა და ჩემს “მეგობართან” ამჯობინა შეყვარებულობანა, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ მე გადამემტერა”

“მართალია მხატვრობისკენ ჩემი სერიოზული სწრფვა გაცილებით ადრე დაირღვა ვიდრე სახელი შემომრჩა, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში თავადაც კი მხატვრად ვთვლიდი საკუთარ თავს, თუმცა ძალიან მაღიზიანებდა, ისეთი ხასიათის კითხვები, რომელთაც ცნობისმოყვარენი მისვამდნენ, ან მთხოვდნენ ესა თუ ის დამეხატა მათთვის, ერთი პერიოდი სკოლის გაზეთის მხატვარიც ვიყავი და გაზეთისთვის სულ რამდენიმე კარიკატურა დავხატე, სკოლაში მუდამ მოდიოდნენ თხოვნებით, ამა თუ იმ ღონისძიებაზე გვჭირდება ამის და ამის დახატვა დაგვეხმარეო, მე კი ჩემს მხატვრის იმიჯს ვწყევლიდი, ხან ისტორიის მასწავლებელი მაწერინებდა რაღაც ეპისტოლეებს კაბინეტში გამოსაკრავად, ხან სკოლის ბიბლიოთეკა მიკვეთავდა ნახატებს. ბოლო ზარის მაისურები ხომ ყელამდე მეყარა ყოველთვის, უარს ახლო მეგობრების გარდა ვერავის ვეუბნებოდი, ფაქტიურად ჩემი ნებით და სურვილით სულ რამდენიმე ნახატი მაქვს შექმნილი რომელიც დამტვერილი სადღაც სახლის კუთხეში მიგდია ახლაც. მეგობრები სულ მეხვეწებოდნენ რამე ნახატი მაჩუქე ან დამიხატეო, მე კი სულ ტყუილი დაპირებებით ვიშორებდი მათ, ჩემს გარშემო მხატვრები იშვიათად იყვნენ, ამიტომ მათთვის მხატვრობა რაღაც აღმატებული საქმიანობა იყო, მე კი მაღიზიანებდა იმიჯი რომელსაც რეალურად ვერ ვამართლებდი, მათთვის იმ დროისთვის გავრცელებული შაბლონები: ორი გედი ტბაში და პალმებიან სანაპიროზე შეყვარებულების ლანდი, ნამდვილ შედევრებს წარმოადგენდა, მე კი იმდენი მაინც ვიცოდი რომ ასეთი ნახატები ნამდვილი “მალიარების” მოთითხნილი, ყოველგვარი უგემოვნო ხალხისთვის იყო გათვლილი.”

2) 11-12-13 გვ

“ამ დილას უჩვეულო განწყობით გავიღვიძე, მაგრამ არ ვიცი რისი ბრალია, არც თუ იშვიათად მეფულება ხოლმე გაღვიძებისას მსგავსი გაუგებარი სასიამოვნო განცდა, რომელიც ალბათ სიზმრიდან მომდინარეობს, მაგრამ სიზმრისა არაფერი მახსოვს, ვცილობ გავიხსენო და გონებას ვძაბავ, არაფერი გამომდის, არაერთხელ მომნდომია ძილი შემებრუნებინა, იმის იმედით რომ სიზმრის მეორე სერიაში გამერკვია განწყობის წამომავლობა, თუმცა ბუნება ვერ იტანს შეკვეთებს, მაგრამ ბავშვობაში მახსოვს რამდენიმე შემთხვევა როცა სასურველი სიზმარი გამიგრძელებია კიდეც, ერთიდაიგივე სიზმარი ანალოგიური სიზუსტით მრავალჯერაც მინახავს, მაგრამ ეს უკანასკნელი უფრო არასას-ურველი, კოშმარული სიზმრების კატეგორიას მიეკუთვნება, ამ სიზმარში იყო შიშის ძლიერი განცდა და უცნაური სიტუაცია, შვიდი ან რვა წლის ვიქნებოდი როცა ათჯერ მაინც დამესიზმრა, რომ ჩვენს ქალაქში ომი იწყებოდა, ბომბდამშენები უზარმაზარი ბუზებივით დაფრინავდნენ ჩვენი ქალქის თავზე, ქუჩას ზრიალი გაჰქონდა, მე დედა და ჩემი და უკუნეთ ღამეში შეშინებულები გავრბოდით, ბომბები ქუჩის სხვადასხვა კუთხეში ეცემოდა და სკდებოდა, შენობები ინგრეოდა, სახლში შევრბოდით და პირველი სართულის ბოლო ოთახში კედელს ვეკვროდით, რომელიც ბორცვს ებჯინება, ბნელი და ნესტიანი ოთახი იყო, ოდითგანვე რაღაც იდუმალი გრძნობა მიჩნდებოდა ამ ოთახში შესვლისას, მუდამ სიბნელე და ნესტის სუნი, დამტვერილი ძველი ჭაღი ნავთის ჭრაქზე უარესად ბჟუტავდა, ერთ კედელზე მთლიანად გადაჭიმულიყო მსოფლიო პოლიტიკური რუკა, ოთახში რუკის დასათვალიერებლად შევდიოდი ხოლმე და მიუხედავად მისი დიდი ზომისა, ცუდი განათების გამო მაინც ჭირდა რაიმეს გარჩევა, ოთახს გარეთ გამავალი ფანჯარაც არ ქონდა, რატომღაც თავიდანვე მეშინოდა უზარმაზარი ვარდისფრად შეფერილი ქვეყნის რომელსაც ყველაზე დიდი ასოებით ეწერა: – С С С Р, დედაქალაქი კი უზარმაზარი ხუთქიმიანი ვარსკვლავით იყო აღნიშნული, ამ რუკის უცნაურმა ძალამ განაპირობა მგონი ჩემი გეოგრაფიისადმი სიყვარული, თუმცა ის უბრალოდ დიდი რუკა იყო და მეტი არაფერი.


სიზმრის სიუჟეტს რომ დავუბრუნდეთ: – ამ ყოველგვარ ავისმომასწავებელ ფონზე: ომი, დაბომბვა, შემაძრწუნებელი შიში სიკვდილისა, უცებ წარმომიდგებოდა ხოლმე თვალწინ ქუჩის მოპირდაპირე მეზობელი რომელიც თავის დიდ გაჩახჩახებულ აივანზე გამოსულიყო, მაგნიტოფონი გამოეტანა და ხმამაღალი მუსიკის ფონზე სარკეში იცქირებოდა, ახლადგაპარსულ სახეზე მალამოს ისვამდა, თან რაღაცას ღიღინებდა, ვითომც აქ არაფერი ხდებაო, ბომბდამშენებს ყურადღებასაც არ აქცევდა, ბომბები კი ამ დროს მის მეზობლად სახლებს ანგრევდნენ, ქუჩაში უზარმაზარი ღრმულები ჩნდებოდა, მე რატომღაც იმ ჯურღმული ოთახიდან კედელზე გაკრული ვხედავდი ამ სურათს. უცნაური სიზმარი იყო ნამდვილად, იმდენჯერ ვნახე, თან ერთი მეორე ანალოგიური სიზუსტით რომ შეუძლებელია ოდესმე დამვიწყებოდა, ან იმ მეზობელს რატომ ვხედავდი ვერ ამოვხსენი, არც კი ვიცნობდი და წესიერადაც არ მენახა, თვეობით და წლობით წასული იყო ხოლმე, არც მისი რაიმე თვისების შესახებ ვიცოდი, ცოცხალი წარმოდგენის შესაქმნელად.
საერთოდ ჩემს ცნობიერებაში, სულ ორი სიზმარი შემონახულა, იმედნად რეალური და მატერიალური რომ, ყოველ დეტალს ზედმიწევნით ვგრძნობდი, სხვები ან მაშინვე მავიწყდებოდა ანდაც დიდ ხანს არ ღირსებიათ, თბილი ადგილი მეხსიერების ლაბირინთებში,
პირველი სიზმარი ზემოთ აღწერილი გახლავთ, მეორე კი უფრო მოწიფულობისას ვიხილე, თექსმეტი წლის ვიქნებოდი, ზაფხულის არადადეგებზე, სოფელში ვისვენებდი.
ტალახიან, ახალნაწვიმ ეზოში, რომელსაც მარჯვნიდან ბოსლები და საქათმეები ესაზღვრებოდა ნაკელის და შმორის საზიზღარი სუნი გამოდიოდა, ეზოს ცენტრში იდგა ჩაბეტონებული რკინის მაგიდა და სკამები, ნაკელის სუნს სასიამოვნო გრილი ნიავი არღვევდა დროდადრო, წვიმისგან ჰაერი გაწმენდილიყო და ნესტი იგრძნობოდა, მზე კი ახალი ამოსული იყო და ახლად მოწმენდილ ცაზე ელვარებდა, მე და სამი მეგობარი ამ რკინის მაგიდაზე კარტს ვთამაშობდით, ჰორიზონტზე ლურჯ მწვანე, სივრცეში ჩაკარგული მთაგრეხილების გარდა არაფერი ჩანდა, არც ხეები არც სახლები, გვერდს მხოლოდ ბოსლები და საქათმე გვიმშვენებდნენ, ირგვლივ კი სულ ტალახი იყო მუხლამდე, ნესტოებით ვგრძნობდი ჰაერის სინესტეს, მეგობარმა კარტი დაარიგა და სახეზე კმაყოფილება შეეტყო, ალბათ კარგი კარტი მიუვიდა, მეორე აყვირდა:
– ჩააწყე ჩააწყე! “ვსო”, ჩაიშალა! არ მაინტერესებს!
მესამე გამოეხმაურა:
– კარგი რა რამდენი ხელი უნდა ჩაშალო კიდევ?
მე ჩემს კარტებს გადავხედე და გამეცინა,
 – რა გაცინებს? – შემომეფეთა, ყველაზე უკმაყოფილო მოთამაშე რომელიც მეორეს ჩაწყობაში ადანაშაულებდა,
– არაფერი! – ვუპასუხე – მაინც არ დამიჯერებთ!
 კიდევ ჩამეცინა და საკუთარ კარტს გადავავლე თვალი,
– აი ამანაც ჩააწყო – აყვირდა უკმაყოფილო – ისე ეცინება
 მე გადავიხარხარე
– არა უბრალოდ რაღაც გამახსენდა, უფროსწორად, რაღაცას მივხვდი და მგონი მაგარი აღმოჩენა გავაკეთე, ჰოდა ახლა ვფიქრობ, გითხრათ თუ არა, შეიძლება გიჟათ ჩამთვალოთ, სიცილს განვაგრძობდი,
გაკვირვებულებმა შემომხედეს,
– აბა გვითხარი რა ხდება!
– ოღონდ დამპირდით რომ არ იფიქრებთ თითქოს დაგცინით!
 პასუხი არ გამცეს,
– მივხვდი რომ ეს ყველაფერი სიზმარია! – სერიოზული კილოთი განვაცხადე!
– შენ ღამე ქარი ხომ არ შეგეპარა ერთ ადგილას? გადაიხარხარა ერთმა, დანარჩენებს კი გაეღიმათ და გააგრძელეს კარტზე კამათი,
– რათქმაუნდა არ გჯერათ! – გავაგრძელე – აბა მითხარით ვის ეზოში ვართ ახლა?
სამივე დაიბნა და სიტყვა არ დაცდენია არც  ერთს
მოგვიანებით კი ერთ ერთმა მიპასუხა,
– არ ვიცი ვისი ეზოა, მაგრამ შენ თუ გინდა სიზმარში იყავი თუ გინდა ცხადში, თამაშს აგრძელებ თუ არა?
– გავაგრძელებ! ოღონდ აქ არა!
– ცხადში? – გაიღიმა მეორემ
– ეს ეზო ნამდვილად არ მეცნობა – განვაგრძე – როგორ, არ ვიცით ვის ეზოში ვთამაშობთ კარტს? ან რატომ არ ჩანს არც ერთი ხე? გაიხედეთ აბა ყველა მიმართულებით!
მართლაც ყველა მხრით მიმოიხედეს და ხმა არ ამოუღიათ, არც გაკვირვება გამოუხატავთ
– რატომ არ ჩანს არც ერთი სახლი? და მითუმეტეს ნაცნობი სახლი? მე ვიცი რომ ახლა სიზმარში ვარ და ეს ყველაფერი ილუზიაა, თქვენც და მეც ახლა საკუთარ ლოგინებში გვძინავს
ერთ მათგანს კიდევ გაეცინა.
– თუ გინდათ მოგიყვებით ბოლოს როდის გნახეთ სინამდვილეში, ალბათ რამდენიმე საათის წინ სოფლის ბირჟაზე, ღამის ორ საათამდე ვისხედით და ჭინკებსა თუ ათასგვარ საშინელებებზე ვყვებოდით, შენ არ მომიყევი ერთი უბედური კაცის ამბავი რომელიც ღამით ძველი ციხე კოშკის ყველაზე მაღალ ქონგურაზე ავიდა და იქ თეთრ წვერება კაცი გამოეცხადა, ხოლო ყველაფერ ამის მერე ის კაცი ჭკუიდან გადავიდა, ანდაც იმ ახალგარზდა უშიშარის ამბავი რომელიმე თქვენთაგანმა მოყევით, რომელიც ღამით ნიძლავის გულისთვის სასაფლაოზე ავიდა ნიშნის დასატოვებლად მიწაში დანა ჩაარჭო, დანას ქურთუკი გამოედო, როცა წამოიწია ეგონა მკვდრები მიჭერენო და გული გაუსკდა.. მერე პატარებმა ჩვენს შესაშინებლად ჩუმად თეთრი ზეწარი იშოვეს და სიბნელეში გამოვარდნენ ყვირილით ზეწარში გახვეულები, ღამის ორ საათზე ჩვენი გოგოების კივილმა ლამის სოფელი გამოაღვიძა, სამის ათ წუთზე ავედით სახლში მე და ჩემი და, მშობლებს უკვე ეძინათ, დამშეულებმა ჩაი დავლიეთ და დავწექით, და ახლაც გვძინავს!
ასეთი მყარი არგუმენტების მიუხედავად, მათ სახეზე აღბეჭდილი იყო ისეთი გაურკვევლობა, რომ ალბათ ფიქრობდნენ ნამდვილად შეიშალაო,
– მე შემიძლია ახლავე გამოვიღვიძო და მერე ისევ უკან დავბრუნდე! – თამამი განცხადება გავაკეთე
– მიდი აბა!
ამის თქმა იყო და თითქოს ჰაერში ავმაღლდი, ღრუბელივით მსუბუქად ვგრძნობდი თავს, თითქოს სხეული დავტოვე, ჩემ თავსაც ვხედავდი რომელიც კარტის თამაშს აგრძელებდა, მე კი თითქოს მხოლოდ ცნობიერება ვიყავი, უსხეულო, უწონო, ვხედავდი როგორ პატარავდებოდა სცენა თავისი მაგიდით, მეგობრებით ჩემი თავით, ტალახიანი ეზოთი და ბოსლებით, მე კი ზემოთ მივიწევდი სადღაც უსასრული წყვდიადში, მერე წამიერად ყველაფერი დაპატარავდა და გაქრა, ამ დროს თვალი გავახილე და ისეთი უცნაური გრძნობა დამეუფლა, რომელიც აქამდე არასდროს მეგრძნო, მთელი ორი თვე ამ სიზმარზე ვფიქრობდი, სიზმრის პერსონაჟებსაც მოვუყევი, დღემდე ვერ გავიგე სიზმარი იყო თუ სხვა სამყარო რომელშიც ვიმოგზაურე, ისეთი რეალური იყო ყველაფერი რომ ალბათ ნამდვილად სადღაც იმოგზაურა ჩემმა ასტრალურმა სხეულმა, ჰაერსაც კი ვსუნთქავდი  სუნს ვგრძნობდი და რაც მთავარია ყველაფერს ვაცნობიერებდი, მახსოვდა, იმ დროს რა მდგომარეობაში ვიყავი, როგორი იყო წინა დღე, ეს ყველაფერი იმდენად რეალური და ნამდვილი იყო, იმდენად მომეწონა იმის გაცნობიერება რაც მოხდა და კიდევ იმდენად მაინტერესებდა ეს შემთხვევა რომ ყოველ ღამე იმის იმედით ვიძინებდი, იქნებ ასეთი შემთხვევა კიდევ მოხდეს თქო, მაგრამ იმის მერე ოდნავ მსგავსიც არაფერი მომხდარა, პირიქით სიზმრებს საერთოდ ვეღარ ვიმახსოვრებდი, ანდაც გაღვიძებიდან ორი სამი წუთის მერე, სრულ გამოფხიზლებამდე ყველაფერი მავიწყდებოდა, ხშირად კი მხოლოდ განწყობა და რაღაც იდუმალი გრძნობა მომყვებოდა მხოლოდ, ვფიქრობდი, ვცდილობდი გამეხსენებინა იდუმალი განწყობის გასაღები, სიზმრის შინაარსი და სიუჟეტი, მაგრამ უშედეგოდ.”

უფ გაგრძელება კიდევ იქნება და ალბათ არაერთხელ…

 

4 thoughts on “ლეგენდა ჩემს შესახებ (მეორე ნაწილი)

  1. პირველმა ნაწყვეტმა ცოტა დამანაღვლიანა,
    მაგრამ ერთი კარგია, რომ ოჯახი მხარს გიჭერდა ხატვის სიყვარულში,
    მამაჩემიც მხატვარი და არქიტექტორია, ბაბუაჩემმა რომ გაიგო ხატვაზე დადიოდა, დაახლოებით ესე უთხრა: ладно, a потом покрасиш наш забор..

    მეორეს რაც შეეხება, უცნაურია, სიზმარში ფრენას აშკარად არ ჰგავს.. ისე მე მხოლოდ ერთხელ მქონდა შემთხვევა, მდინარე ამაზონის თავზე ვიფრინე, უმაგრესი იყო არ დამავიწყდება :]

დატოვე კომენტარი