რაც ყველაზე ძალიან მიყვარს?!

ე.ი პირველად ისტორიაში ვებმევი “დათაგულ” “მითაგულ” და ა.შ.. (რომელ ბრუნვაშიც გინდათ) ქართულად რომ ვთქვათ მონიშნულ ანუ შეკვეთილ პოსტთა რბოლაში.

ჰოდა არ ვიცი, საიდან დავიწყო, არც ის ვიცი რა კრიტერიუმებში ან საზღვრებში მოვაქციო ის(ისინი) რაც ყველაზე ძალიან მიყვარს.

მოდით რადგან, სათაურში “რა” ფიგურირებს, გამოვრიცხავ ადამიანებს, (მხოლოდ ამ თემის  სიიდან და არა გულიდან😀 )  რის შედეგადაც დამრჩება ყველა სხვა დანარჩენი, საგნებიდან დაწყებული, მოვლენებითა და აბსტრაქტული ცნებებით დამთავრებული. ჰმმ… ახლა ცოტა ხანს დავფიქრდი და მივხვდი არც ისე იოლია ხანდახან ისაუბრო იმაზე რაც ყველაზე ძალიან გიყვარს, ისე ამ თემამ ბავშვობა და კლასელი გოგონების “მეგობრობის დღიურები” გამახსენა, სადღაც მეხუთე კლასში ალბათ ასე ჩამოვაყალიბებდი ამ საკითხს: მიყვარს – “მაროჟნი”, ველოსიპედით სეირნობა, ხატვა, გეოგრაფია და ასტრონომია.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ჩამოვაყალიბებ ხუთ ყველაზე საყვარელ “რაღაცას”

5) მოგზაურობა, ლაშქრობა

ჩემი ოცნება მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაა, მოგზაურობა და ხეტიალი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროცესი და ცხოვრების შემეცნების საუკეთესო გზაა, თავისი წარუშლელი შთაბეჭდილებებით. ბავშვობისას ყოველთვის მშურდა ზღაპრის იმ გმირების რომლებიც ცხრა მთას იქით მიდიოდნენ ანდაც უკვე მოწიფულობაში მშობლებს ეუბნებოდნენ უნდა წავიდე ქვეყანა ვნახოო.

მიუხედავად ასეთი სიყვარულისა მე არსად არ მიმოგზაურია, ის კი არადა საქართველოს ნახევარზე მეტიც კი არ მინახავს.😦 (თუმცა ამ უკანასკნელის გამოსწორება იმედია მალე მოხერხდება)

4) ესთეტიკა ძველმანებში

ძველი საგნები, თუნდაც სახლები, ყველაფერი რასაც ისტორია აწერია ზედ, ყველა საგანი რომელიც კონკრეტული ეპოქის ხიბლს ასახავს, ეს შეიძლება იყოს პირ მოტეხილი საუკუნოვანი სურა, სპილენძის ძველი მათარა, ან თუნდაც საუკუნოვანი სახლი ან ციხე, ანდაც წიგნი, რომელსაც უკვე გაყვითლებულ ფურცლებიდან სიძველის სუნი ასდის. ყველა ის საგანი რომელთანაც წარსულის აჩრდილი რიალებს.

3) მეცნიერება, პროგრესი, სამყარო

მე არამარტო პირადი ოცნებები მაქვს, ანუ გარდა იმისა რომ როგორც ადამიანთა უმრავლესობას უოცნებია ბედნიერებაზე ჯეკ პოტის მოგებაზე და სხვა მისთვის სანუკვარი სურვილების ასრულებისთვის მე კიდევ ხშირად მიოცნებია და წარმომიდგენია ადამიანის მეცნიერული მიღწევების უმაღლესი მწვერვალი. ადამიანი რომლის შესაძლებლობებიც თითქმის უნივერსალურია, იგი ქმნის თავად სიცოცხლის პირობებს ნებისმიერ ადგილას (მარსზე ჯუნგლები წარმოგიდგენიათ? ან ვენერას ატმოსფეროში დაკიდული ქალაქ სახელმწიფო?) და მას აქვს ყველა წინაპირობა იმისთვის რომ თვითრეალიზების მაქსიმუმს მიაღწიოს. მე მიყვარს გეოგრაფია, იმიტომ რომ მომწონს როცა ადამიანმა იცის საკუთარი პლანეტის ყოველი ბორცვი, ღელე და მის ბირთვში მიმდინარე პროცესებიც. მიყვარს ასტრონომია, რადგან ადამიანის თვალსაწიერი განუზომელ სივრცეებს გასწვდა და ჩვენ შევიცანით სამყაროს სტრუქტურა. მომწონს ფიზიკა, იმიტომ რომ მისი მეშვეობით ადამიანმა ბევრი რამ შეიტყო ბუნების მოვლენებზე… მიყვარს მეცნიერება და ტექნოლოგიები, იმიტომ რომ ისინი კიდევ უფრო ზრდიან ადამიანის შესაძლებლობებს, ჩემთვის სულ ერთი არაა, ვიღაც მეცნიერი მილიარდობით კილომეტრის მოშორებით სიცოცხლის სხვა ფორმას აღმოაჩენს თუ არა რადგან ყველნაირი ახალი საფეხური შემეცნებისა კიდევ ერთი ნაბიჯია, პასუხისკენ – თუ რატომ ვარსებობთ ან რა აზრი შეიძლება შევსძინოთ ჩვენს არსებობას.

2) მუსიკა, ხელოვნება

მუსიკა ეს ცხოვრების ნაწილია რომელის გარეშე ჩემთვის წარმოუდგენელია არსებობა. მუსიკა  გრძნობების უნივერსალური ენაა. ძალიან ძნელი წარმოსადგენია რომ ზოგიერთ ადამიანს მუსიკა არასდროს მოუსმენია (სმენა დაქვეითებულებს) 

რაც შეეხება ზოგადად ხელოვნებას:

მართალია ზოგიერთის თვალში მე კიდევ მხატვართან ვასოცირდები (სამხატვრო სკოლა რომ დავამთავრე ოდესღაც) მიუხედავად ჩემი ვაი ხელოვანის სტატუსისა მინდა ვთქვა რომ ხელოვნება მნიშვნელოვანია ჩემთვის, არა მარტო მუსიკა, არამედ პროზა, პოეზია, მხატვრობა კინემატოგრაფია და ა.შ… ამ სფეროებში  ცოდნით  ნაკითხობით ან საკუთარი შემოქმედების წიაღსვლით  არ გამოვირჩევი, უბრალოდ როგორც ყველა საშუალო სტატისტიკურ ადამიანს, მომწონს ბევრი რამ, ვაფასებ და მიმაჩნია რომ ხელოვნებისადმი სრულიად გულგრილი ადამიანი თუ არსებობს სადმე ის ალბათ საშინლად, კატასტროფულად ცარიელი და უინტერესო უნდა იყოს.

1) The Beatles

 მართალია მუსიკა ვახსენე ზოგადად, მაგრამ ეს მაინც ყველაზე კონკრეტული რამეა, ჩემს ჩამონათვალში, რაღათქმაუნდა The Beatles, განუმეორებელი და შეუცვლელი. ბევრი საუბარი არც ღირს, უბრალოდ ყველაფერი მიყვარს რაც ამ ჯგუფთან და მის თითოეულ წევრთან ასოცირდება. ესაა ცხოვრების სტილი, ფილოსოფია და ჩემთვის პირადად რომანტიკის მწვერვალიც კი.

 P.S: არავისაც არ “ვთაგავ”😀

 

 

 

6 thoughts on “რაც ყველაზე ძალიან მიყვარს?!

  1. ლაშქრობა პირველზეა ჩემთვის ^_^
    მეორეზეც ლაშქრობაა😀

    Like

  2. ყოჩაღ მიშ, ეჭვიც არ მეპარებოდა პირველს რომ ჩვენებს დაწერდი :]

    ისე ამ სიას ჩემს სიასთანაც ბევრი საერთოდ აქვს :]

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s