She and Jacqueline with flowers

პირველად მაშინ დავინახე დერეფანში რომ მოდიოდა ჩვეული გრაციოზულობით, თუმცა იმდენად სადა იყო, რიგით ყმაწვილს თვალში რომ არ გაეჩხირება, მე ალბათ რიგითი ყმაწვილი არ ვყოფილვარ, რადგან დავინახე თუ არა რაოდენ ბანალურადაც არ უნდა წარმოიდგინოთ ჩემი შთაბეჭდილება, დრო გაჩერდა ცოტა ხნით, როგორც ფილმებში ხდება ხოლმე კადრი შენელდა, ის მსუბუქად მოდიოდა დერეფანში, მოკლე თმა და იდეალური თავის ფორმა ქონდა, დახვეწილი ნაკვთები მის გამომეტყველებას საერთო ჯამში საოცრად ნაცნობს და თბილს ხდიდა. ვუყურებდი სანამ თვალს არ მიეფარა, ცნობისმოყვარეობის უზარმაზარმა დოზამ დამიარა სხეულში, უკვე თვალს ეფარებოდა როცა ძალიან მომინდა დავწეოდი და უკეთ შემეხედა, გავსაუბრებოდი, მაგრამ ადგილზე ვიყავი გაქვავებული, ნაბიჯიც ვერ გადავდგი. ყურსასმენები ეკეთა და ისე მიდიოდა თითქოს საკუთარი თავის და მუსიკის გარდა არაფერი ყოფილიყოს პლანეტაზე. უჩვეულო ცნობისმოყვარეობის წყარო მაშინვე აღმოვაჩინე და მივხვდი ეს რაღაც ერთი ნახვით შეყვარებას გავდა, თუმცა კი ერთი ნახვით შეყვარება სისულელედ და ბავშვურ დამოკიდებულებად მიმაჩნდა. ეს ეტაპი ხომ გამოვიარე უკვე?

უცებ ერთბაშად გაიფანტა ფუქსავატური არაფრის მომცემი სტუდენტობის ოთხი წელი, ჯგუფელების სახეები წაიშალა, ყველა სხვადასხვა დროს ნანახ მდედრების არმიას სახეები ჩამოერეცხათ, მის ჩრდილს გაყვა ცხოვრების აზრი შარავანდედივით დერეფანში  და როცა მისი ჩრდილიც კი გაუჩინარდა თითქოს ჩამობნელდა, შენობა დავიწროვდა, კედლები ქვიშის მარცვლებად დაიშალა, ცხოვრებამ ერთდროულად დაკარგა და შეიძინა აზრი.

მეორედ დანახვა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო, ინსტიტუტის შესასვლელთან მოვკარი თვალი მარტოდ მიდიოდა, უკან მივდევდი და ვერაფრით ვურღვევდი მყუდროებას რომელშიც ის თავისი ყურსასმენების და რაღაც განგების მიერ დანათლებული არისტოკრატულ გრაციოზული ჰარმონიის წყალობით ჩაძირულიყო.

ვერ წარმოიდგენთ რამხელა ფსიქოლოგიური ბარიერი გადავლახე როცა ორ სამ თვიანი განუწყვეტელი ლოდინის და თვალთვალის შემდეგ ფანტაზიისგან გამოფიტულმა და გაცნობის სხვა ყოველგვარ მცდელობას მოკლებულმა, პირდაპირ გზა გადავუჭერი, შეუმჩნევლად ლანდვით მიმავალს და მყუდროება დავურღვიე. ნამდვილ შეყვარებულ იდიოტს ვგავდი, ჩქარა ვლაპარაკობდი და მღელვარება მეტყობოდა, თავიდან ცოტა ეუცნაურა და ვერ მიხვდა რა მინდოდა, მისი გამომეტყველება და მოძრაობები საოცრად მშვიდი, აუღელვებელი იყო, დრო და დრო ალბათ ზრდილობისთვის იღიმებოდა, ხმას თითქმის არ იღებდა, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა მითხრა, საიდანაც მხოლოდ მისი სახელი გავიგე.

შემედეგ ჩვენი ნაცნობობა ინტერნეტით შედგა, სადაც უმარავი საერთო აღმოვაჩინეთ, ჩვენი შეხედულებები და გემოვნება თითქმის იდენტური იყო,   წარმოიდგინეთ როგორ გამიმართლა როცა სწორედ ის მოსწონდა რაც მე, როცა მისი აზრები და ცხოვრებისეული დეტალები საოცრად ნაცნობი იყო ჩემთვის.

თუმცა ჩვენი ურთიერთობა ინტერნეტს ვეღარ გაცდა, ჩემი სუსტი ინიციატივის გამო და მისთვის იმ ეტაპზე არასასურველი “ურთიერთობის სხვა საფეხურის” შიშის გამო. ძალიან მალე ის საზღვარგარეთ წავიდა, მე კი სულ რამდენიმე შემთხვევითი შეხვედრის სცენა დამრჩა, ძალიან მოკლე საუბრით და დიდი ხნის თვალთვალით. მცირე საუბრის შემდეგ უყურებ, როგორ დგას იქვე მარტო, გინდა ესაუბრო, გინდა რომ კიდევ გაგიღიმოს, წამებს ითვლი, იცი რომ ეს დრო ძალიან მალე გავა და თან მიყვება უმარავი ათასი შანსი, მაგრამ ვეღარ ლაპარაკობ, თითქოს აღარაფერი გაქვს სათქმელი ამ ქვეყანაზე.   

ის წავიდა და განუხორციელებელი ოცნების ჩანსახი დატოვა. რეალური შესაძლებლობებიდან ცუნამივით აზვირთებული ოცნება  რომელიც სიცარიელეს შეაწყდა და ხელში მხოლოდ ვირტუალური ხატი შერჩა. რამდენიმე ფოტოს სახით. მას მერე რამდენიმე წელი გავიდა, ჩვენი ვირტუალური მეგობრობა მოკვდა, ვერ აიტანა ცალმხრივი დამოკიდებულება და მოკვდა, მე განვიცადე ეს, დიდ ხანს განვიცდიდი. ახლა მხოლოდ ხანდახან მახსენდება ის გრძნობა და ფოტოებს ვათვალიერებ, რომლთა წაშლაც კი არ მიფიქრია არასდროს, მახსენდება და ვწერ მასზე, პიკასოს ჟაკლინზეც  მახსენდება, მისი გასაოცარი აღმოჩენა “Me and Jacqueline with flowers” ის პიკასოს ჟაკლინის ტყუპისცალია, მითუმეტეს როცა მისი პროფილი ჟაკლინის პროფილს პირისპირ უყურებს. ამ მსგავსებას ერთი შესანიშნავი კომენტარი ძალიან კარგად ასახავს: “Two different worlds. The same girl.”

ერთხელ წერილიც კი დავწერე,  მისთვის არ მიმიწერია, ჩემთვის ვჯღაბნიდი რაღაცეებს, როგორც უიმედოდ  შეყვარებულ ყმაწვილს შეეფერება. თითქოს ჟაკლინი მისი ვირტუალური ორეული იყო. ის წერილი მას მერე აღარც მინახავს, წავშალე, მისი არსებობაც კი დამავიწყდა. გავიდა დრო და  ქუჩაში უცნობი გოგონა მომეწონა, უკან გავყევი, თან ვფიქრობდი, რომ ისეთ შეცდომას აღარ ჩავიდენდი, გოგონამ სახლში შემასწრო, კარებზე ზარი დავრეკე და ცოტა ხანში ვიღაც მოხუცი შემიძღვა სასტუმრო ოთახში. დაველოდე და უცნობიც გამოჩნდა. ვხედავ დგას ერთ ადგილას და მიყურებს. თითქოს ის აღარაა რამდენიმე წუთის წინ რომ დავინახე, სახეზე ფანჯრიდან შემოსული მზის ათინათი უთამაშებს და  გამომეტყველებას კარგად ვერ ვარჩევ. მგონია რომ მისი ნაკვთები ყოველ წამს იცვლება, იცვლება თვალის ფერი, მე ვუახლოვდები რომ მისი სახე კარგად გავარჩიო.  

“შენ ხარ?” არაფერს მპასუხობს, მხოლოდ ტუჩები მოკუმა და ღიმილი შეეპარა “ჩამოხვედი უკვე?” მესმის როგორ სუნთქავს, ვხედავ მონაცრისფრო თვალის გუგებს როგორ ატრიალებს ლამაზი შავი წარბების ქვეშ.  როგორ დასთამაშებს ღიმილი სახეზე, რა ახლოსაა? აქვეა!! წლებია მასზე საოცნებოდ მხოლოდ ფოტოებიღა დამრჩენია. ვეღარ ვაკონტროლებ ემოციებს და არც მინდა ვაკონტროლო, მხრებზე მოვკიდე ორივე ხელი და გულში ჩავიკარი, ნიკაპი მხარზე დამადო და გაინაბა. მე თავი სამოთხეში მგონია, “ჩამოხვედი უკვე?” “მე ის არ ვარ ვინც შენ გგონივარ” მეუბნება ყურში “აბა ვინ ხარ?” “მე ჟაკლინი ვარ” “ჟაკლინი?” თავი დამიქნია ნელა. “ჟაკლინი ყვავილებით” მაგიდაზე შუშის ლარნაკში მინდვრის ყვავილებს მოვკარი თვალი…  მეც ზუსტად ასეთი ყვავილები შევუკვეთე მისთვის გამგზავრების წინა ღამეს.

“ჟაკლინი”… “ჟაკლინი”… ვიმეორებ ჩუმად, უსასრულოდ. წვიმის ხმა მესმის ფანჯრიდან, უკვე მღვიძავს, მაგრამ არ მინდა თვალის გახელა. რა საშინელებაა თვალის გახელა… ამას ვფიქრობ და ვგრძნობ დახუჭულ ქუთუთებს შიგნით როგორ მისველდება ოდნავ თვალის კაკალი.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s