სამყაროს ფსკერზე

 შადრევანთან ფილაქანზე ერთი ბომჟი გაწოლილა პირაღმა და ცას გასცქერის, გრძელი გაბურძგნული შავი თმა წვერი ფილაქანზე მოჰფენია, ალბათ ღრუბლის ფთილებს აკვირდება და ოცნებობს, ტანს ზემოთ არაფერი აცვია, ფეხზე კი დაგლეჯილი ჭუჭყიანი კედებით და შავი ვილვეტის გახუნებული შარვლით შემოსილა. არ ვიცი, შეიძლება ოცნება სულაც დაავიწყდა ან არასდროს უოცნებია, მაგრამ მის მზერაში რაღაც რამ უცნაური გრძნობა გამოსჭვივის, თითქოს მოყირჭდა სასოწარკვეთილება და ტანჯვა, ყველაფერი გამოსცადა, მობეზრდა, მოინელა, ფეხებზე დაიკიდა, ახლა კი თითქოს ნირვანაში შედისო, ისე იყურება გაშეშებული და ღრმა მზერით, უნებლიე შიშს იწვევს დამკვირვებელში. მისთვის სულ ერთია, ჭამა დალევა, საუბარი, ურთიერთობა, ყოველდღიურობაში ჩაძირული, მოფუსფუსე ხალხი.

 პარკში, შადრევანთან ადამიანები ირევიან, მაგრამ როგორც კი შეამჩნევენ შავ, ძირს გაშოტილ ფიგურას თვალს არიდებენ და სხვა მხარეს მიდიან. სულ ახლოს ვუვლი გვერდს,  მის წვერს კინაღამ ფეხი დავადგი, ის კი საერთოდ არ განძრეულა, თვალი არ დაუხამხამებია, არ გამოუხედავს, სამყაროს ფსკერზე ჩაძირულა და თითქოს ცხოვრების სუნთქვას უსმენს. მისი გონება ან საერთოდ გათიშულია, ანდაც რაღაც დეტალზე კონცეტრირებული, იმდენად რომ მისთვის სხვა არაფერი არსებობს. ვუყურებ და მაშინებს ეს მზერა, მაგრამ თან ვეტრფი ამ სიღრმეს. საზიზღარ ყოველდღიურობას რომ გასცდენია და სადღაც ღრუბლის ფთილებში ეძებს სიმშვიდეს და ჰარმონიას. მიყვარს მწუხარება და ტანჯვა გამოვლილი ადამიანები რომლებიც ცდილობენ ყოველდღიურობას გასცდნენ და რაღაც მაღალ მატერიებს მიუახლოვდნენ. თუმცა შეიძლება ეს ჩვეულებვრივი ბომჟია, ვისგანაც შორსაა ყველანაირი მაღალი მატერიები, შეიძლება უბრალოდ გონება გათიშული და გაშტერებული გდია. ყოველდღიურობა ემოციებს და გრძნობებს აჩლუნგებს, მე კი ემოციებს და გრძნობებს ვეტრფი, თუნდ სასოწარკვეთილებას და მწუხარებასაც კი. ყოველდღიურობა ოცნებას ვერ იტანს მე კი გამოუსწორებელი მეოცნებე ვარ, იმდენად რომ იმ გაშტერებული ბომჟისაც კი შემშურდა ისე მოწყვეტილი მეჩვენა ამ ცხოვრებას. დღეს დილით რამდენჯერმე მეზმანა მწვანე გვირგვინით მოწნული მისი თმები, დიდი ხანია რომ არ მინახავს უკვე. ისევ ამეშალა ოცნებები, თითქოს უკან დავბრუნდი და ზეცამ ჩამომაბერტყა თოვლის ფანტელივით ისევ ათასი შანსი. ერთ სახლში გვეძინა გვერდი გვერდ ოთახებში, დილაობით ლანდივით დადიოდა დერეფანში, მე კი ძველებურად ოცნებით ვუთვალთვალებდი, ჩვენს მეტი არავინ იყო სახლში მე კი მაინც ვერ ვხსნიდი ბაგეს, დამუნჯებული ვუყურებდი როგორ იჯდა აივანზე მარტო, ცისარტყელების ცქერაში გართული, გრძნობდა ჩემს თვალთვალს მაგრამ არას იმჩნევდა, მე ჩემის მხრივ ვგრძნობდი მის ჩუმ დაფარულ მოლოდინს პირველი სიტყვისას, მაგრამ ბაგეები ერთმანეთზე შემხმობოდა და ფიქრი დამივწყებოდა. ვხედავდი როგორ უახლოვდებოდა ჰორიზონტს მისი ნავი კამკამა ზღვაში, მე კი ნაპირზე ვიდექი და ზეციდან ფანტელივით წამოსული ათასი შანსი ფეხქვეშ მიდნებოდა. სიზმარიც კი არ მექცევა გულმოწყალედ.

 უცნაურ განწყობას ავეტანე, თან მიხაროდა თან მწყინდა, თან მტკიოდა, თან შვებას ვგრძნობდი, იმედიც მქონდა, უიმედობაც მტანჯავდა, ყველაზე მკაფიოდ კი რაღაც ახლად აღმოცენებული საიდუმლო მოლოდინით აღსავსე ვიყავ, რომ მთელი მომდევნო დღე ვიფიქრებდი ამაზე, წავშლიდი ყოველდღიურობას, რომ ყველაფერი თავიდან აიშლებოდა როგორც ქარიშხალში ტყე. რომ ისევ „გავცოცხლდებოდი“, და აი შედეგიც.

ვიცი, ყველაერი ვიცი… თავადვე შემძულდა გამუდმებული ლოლიავი წარსულისა, ერთიდაიგივე გრძნობის ფერება, ერთიდაიგივე ჩანახატების წერა…მაგრამ არ ვიცი რას შევაფარო თავი, წავალ წამოვალ, ისევ ამ კედლებს ვაწყდები, ხან მესიზმრება, ხანაც ყველაფერი მბეზრდება და ისევ აქეთ ვხვდები უნებურად. ვიცი რომ სულელი ვარ და ისევ მიყვარს.

P.S: ეს ჩანახატი ფაქტიურად ამ პოსტის გაგრძელებაა, ანდაც განვრცობა. 

5 thoughts on “სამყაროს ფსკერზე

  1. მოკლედ არ დავმალავ რომ ახალი ფავორიტი ბლოგი მყავს რომელსაც ჩავუჯდები და გემრიელად წავიკითხავ😉

    Like

  2. ძალიან,ძალიან მომეწონა:–)

    ,,არ გამოუხედავს, სამყაროს ფსკერზე ჩაძირულა და თითქოს ცხოვრების სუნთქვას უსმენს.”
    ხშირად შემოვიხედავ ხოლმე..კარგად წერთ…

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s