რობიზონ კრუზო ქალაქში

ჩემს ნაცრისფერ კედებს ვუყურებ ხორკლიან ასფლატზე, ჯერ მარცხენა ჩანს მერე მარჯვენა, მერე ისევ მარცხენა, თორმეტი ათას სამას სამოცდამეხუთე ნაბიჯია, არა კი არ ვითვლი, რატომღაც ასე ვფიქრობ. მივდივარ ხორკლიან რუხ ასფალტზე, მრუმე ღრუბლები მიიზლაზნება ჩემს ზემოთ, მე კი არ მივდივარ, ფეხები მიდიან თავისით, მე გზა არ მაქვს, უბრალოდ სადღაც ტვინის რომელიმე უბანზე ავტოპილოტის ბრძანება მივეცი და გაურკვეველ მიმართულებას მივენდე როგორც ხომლადი ზურგის ქარს. ჩემდაუნებურად მივყვები ნაცნობ გზას, მაღაზიასთან ღიპიანი და მელოტი კაცი ზის ტაბურეტზე და იღრიჯება, პერანგი ლამისაა ღიპზე შემოასკდეს, მაღაზიიდან კაკუნით გამოდის შავ კაბაში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი, მაღალი ქუსლებით და პორტფელით ხელში, ქუჩაზე გადავდივარ, საცობია, მარშუტკებით გაჭედილა, უკან ყვითელმა ავტობუსმა დაიღრჭიალა და გაჩერდა, რატომღაც გავიქეცი და ავტობუსის ღია კარებში ავხტი.

გზა ოდნავ განთავისუფლდა, ავტობუსი გაიზმორა და ნელა შეუდგა გზას, მივდივარ! არ ვიცი სად, ხეები მიგორავენ უკან, გაშეშებულ სახიანი ადამიანები ზიან სკამებზე. გამოფატრულ საზურგეს ვუყურებ Mada Facker აწერია კალმით, მეღიმება და ვხედავ მუწუკიან ყმაწვილს როგორ ფატრავს სკამს და შემდეგ კალმით ჯღაბნის. ფანჯრები ყანყალებს ავტობუსი ძველი ხომალდივით მიირწევა, მივდივარ იქ სადაც ის წამიყვანს იქ სადაც ყველაზე მრავალმნიშვნელოვნად დაიკვნესებს დამუხრუჭებისას, ფანჯრებიდან უჩრდილო, უკონტრასტო და მელანქოლიურობამდე ჰარმონიული დღე იმზირება,

 ადრეული შემოდგომის ფოთლები ფარფატებენ გამონაბოლქვში. ნაბიჯს ნაბიჯები მისდევენ, წყვილ ფეხსაცმელს წყვილი ფეხსაცმელები, ფერები ფერებს. გაჩერებაზე გოგონა დგას, თეთრი სახით ლურჯი ჯინსით და თეთრი მაისურით, ავტობუსიდან ჩამოვხტი, მისი თმის ღერები ფრიალებენ ქარში, გვერდით მოხუცი, დაღმეჯილ უკბილო პირს აცმაცუნებს და ჭუჭყიან ჩანთას მოათრევს, გოგონას ვაკვირდები, სხვა არის –  ჩავილაპარაკე და მოვდივარ, ახლად შეღინღლილ ჯეელს ორი თითი ტუჩებთან მიაქვს, სიგარეტზე მანიშნებს, თავი გავუქნიე. არ ვფქირობ, არ მეჩქარება, არ მელიან, რა რომანტიკაა – გამიელვა თავში და გიჟივით მეცინება ამ ფიქრზე. მთაწმინდას გავხედე, ნისლის საბანი ადევს ქედზე, ანძის წვერი ჩანს მხოლოდ, ღრუბლიდან თავი ამოუყვია. კუთხეში ყვავილების ჯიხურთან წითელი გერბერები და მინდვრის ყვავილები იმზირებიან. ტროტუართან ტაქსები დგანან, ქუჩაზე მიჰქრიან მანქანები, გამუდმებულ ძრავების ზმუილში, იგრძნობა დღის უჩვეულო მდუმარება,  ქალაქის ხმაური სიჩუმეში შემოპარულ მონოტონურ სუნთქვას დამსგავსებია,  ადამიანები ჭიანჭველებივით ირევიან და მიუხედავად ამისა თითქოს უკაცრიელ კუნძულზე ვიყო. აქ ყოველი ნაბიჯი გამიზომავს, დიდხანს მიბოდიალია უმიზნოდ და მიზნით. ჩემი ნაბიჯების ისტორიული ქრონოლოგია წამომეშალა გონებაში, სულ რამდენი ნაბიჯი მექნება დადგმული ამ ქალაქში? რამდენი ადამიანი გამიცვნია? ახლა ისე ვგრძნობ თავს როგორც უზარმაზარ ველზე მარტო მგზავრი, ნაცნობ უსასრულო ბილიკზე. ჰორიზონტზე მთებს ღრუბლები ევლებიან თავს, ჩუმად ტრიალებენ, ბუნება გარინდებულა,  მხოლოდ ჰორიზონტი და გზა რომელსაც თავისით მიყავხარ.

აქ არაა ქალაქი, ხალხი, შენობები. აქ მხოლოდ მდუმარებით და საკუთარი თავით ერთობი. სხვა არც გჭირდება. ამ უსასრულო ბილიკზე მოწყენილობასაც მოსწყინდება და გტოვებს, მერე რჩებით მხოლოდ შენ დედამიწა და უსასრულობა, სხვა ყველაფერი ზედმეტია, ჰარმონია ძალიან მარტივია, გზა სუფთა და ცარიელი.  მიზანი მხოლოდ სიარულია, თუნდაც გზა არასდროს დამთავრდეს. წვიმის წვეთები მეცემა ხელზე, რუხი ასფალტი წერტილებით იწინწკლება, ხის ფოთლებს წვრილი მეტეორებივით ეცემა წვეთები, მალე დასველდება ქუჩა და სველი მტვრის სასიამოვნო სუნი შეავსებს სიჩუმის ჰარმონიას.  მაგრამ ჰარმონიაში უადგილოდ იჭრება წრიპინის მაგვარი ხმა, ჩემს მობილურს დავხედე, როგორც ჩანს ვიღაცას გავახსენდი, მეგობარი მწერს:  “როგორ ხარ?” მარჯვენა ცერა თითი მოვიმარჯვე და ვწერ: “როგორც რობიზონ კრუზო უკაცრიელ ქალაქში”

4 thoughts on “რობიზონ კრუზო ქალაქში

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s