მე VS მე

ყოველთვის მომწონდა ურბანიზაცია, ურბანული დაგეგმარების მაკეტები, არქიტექტურული დიზაინისა და ურბანული ჰარმონიის შერწყმა, ბავშვობიდან, როცა კალმის ხელში ჭერა ვისწავლე, სულ ცათამბჯენებს და ქალაქებს ვხატავდი – მილიონი ფანჯარა, ხუთასი სართული. ვაშენებდი სხვადასხვა ქალაქებს ჩემს სამყაროში, მომწონდა იმის განსაზღვრა სად იქნებოდა ყველაზე ლამაზი და გრანდიოზული სახლი, ცათამბჯენი, კვარტალი. მიყვარდა ამერიკა, იმიტომ რომ მთელი ამერიკა ცათამბჯენების ქალაქი მეგონა. მეგონა ყველა ამერიკელი ცათამბჯენებში ცხოვრობდა. თუმცა ეს წარმოდგენა ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა რადგან ექვსი წლის ასაკში გეოგრაფია უკვე კარგად ვიცოდი, ახლა საოცნებო ჩარჩოში უფრო მკვეთრად გამოიკვეთა მსოფლიოს დედაქალაქი: დიდი ვაშლი – ნიუ იორკი. ნიუ იორკი დღემდე ჩემი ურბანული (არა მარტო) ოცნებების ქალაქია თავისი არტ დეკო ცათამბჯენებით და გრანდიოზულობით.

თუმცა ამავე დროს მიყვარს პატარა ქალაქები, სოფლები, ცარიელი მინდვრები, მიკარგული ადგილები  სადაც ადამიანები საცოდავ ქოხებს აშენებენ, ან საერთოდ არ არიან ადამიანები თავისი ქოხებით, ასეთ ადგილებში, დედამიწა უფრო ბუნებრივია, მიწა არ არის დახშული ასფალტის და ბეტონის საფარით, მიწა სუნთქავს, არაა გათელილი ბალახი და ხეები მოჭრილი, რა ზედმეტია ბეტონის ათასობით ტონობით ხროვა,  ჩვენს გარდა ყველა არსება დედამიწაზე უბრალოდ ცხოვრობს, მაქსიმუმ ბუნაგი გათხარონ და ბუდე გაიკეთონ, ჩვენ კი დედამიწას ბეტონით ვცვლით, ვახვავებთ მილიონობით ტონა ბეტონს. ყველგან ჩვენ ვართ. ყველგან გზები გაგვყავს, ბეტონის კოშკებს ვაშენებთ. ადამიანთა პოპულაციამ თავი მოაჭამა დედამიწას.  როცა გვინდა რომელიმე სახეობის გამრავლების დიდი მასშტაბი აღვწეროთ, ვამბობთ ჭიანჭველებივით მრავლდებიანო, არადა  არც ეს ფრაზა იქნებოდა ნაკლები – ადამიანებივით მრავლდებიან.

 

 

 

ყოველთვის ვემხრობოდი იდეას რომ ადამიანი სოციალური ცხოველია, სოციალური თანაცხოვრების სისტემა კი უალტერნატივო. შესაბამისად როგორც გონიერ არსებას ეკადრება ეს სისტემა სულ უნდა იხვეწებოდეს, პროგრესს განიცდიდეს. და აი უძველესი ტომობრივი და თემური წყობილებებიდან, შევქმენით ეთნიკური გაერთიანებები, შევქმენით რელიგია და მორალი. გამოვიარეთ მონათმფლობელური წყობა, ფეოდალური წყობა, ბოლოს – რესპუბლიკა, დავწერეთ კონსტიტუცია, სამოქალაქო სამართალი, შევიმუშავეთ ღირებულებები. ჩვენი საზოგადოება საუკუნეების მანძილზე ნაბიჯ ნაბიჯ რთულდებოდა და აი მოვედით აქამდე, ყველაფერს თავისი სახელი ქვია, სრულყოფილება ადამიანური რამეებისგან ყოველთვის შორსაა, თუმცა ახლა შეგვიძლია ცოტა ვიოცნებოთ კიდეც, რადგან თანაცხოვრების სისტემა იმედნად დახვეწილია რომ ინფორმაციულ ეპოქაში გადავდივართ. ახლა საკვები და გამრავლება ერთადერთი მოთხოვნილება არაა, მას ინფრომაციის უზარმაზარი დოზა უერთდება, რამდენი რამ შეიცვალა მას მერე რაც ტყეში ტიტვლები დავრბოდით და გვეგონა რომ ქუხილისას ღმერთი ბრაზობდა. ეს გონების და ცნობიერების ტრიუმფია, რომელმაც გამოცდილებით და დაკვირვებით მოიწყო ცხოვრება, ჩვენ შევიძინეთ უამრავი ახალი აზრი, ჩვევა, დამოკიდებულებები, ურთიერთობები იმდენად გართულდა და ინტელექტუალური გახდა რომ წარმოიქმნა მოჩვენებითი, პირობითი, დამოკიდებულებები, ცნებები, ურთიერთობები ჩაიხლართა, სოციალურმა მანქანამ ყალბი ფასეულობები დაამზადა. გულწრფელობა გაუფასურდა, პირველყოფილი გულუბრყვილობა, მლიქვნელობამ და ფარისევლობამ შეცვალა. ბუნების წიაღში უფრო ბედნიერად და მარტივად ვცხოვრობდით, არ გვშურდა, არ გვეკეთა ნიღბები, არ ვეძებდით ქვენა აზრებს. თუ გინახავთ National Geographic-ის გადაცემათა სერიები Meet the Natives in the UK და  Natives in the USA, როდესაც  ჯერ კიდევ სადღაც შემორჩენილი ტიტველი პირველყოფილების ჯგუფი პირველად  ჩაიყვანეს მეგა ქალაქებში იქაური ცხოვრების გასაცნობად, ძალიან გაუკვირდათ და შეწუხდნენ როცა ამდენი უსახლკარო ნახეს. ქალაქში სადაც მილიონობით საცხოვრებელი ბინაა.

საშინლად  შემაწუხებელი აღმოჩნდა სამხედრო ბაზის ნახვაც, ვერ გაიგეს რა საჭიროა ამდენი იარაღი თანაც ასეთი გამანადგურებელი ძალის, ეს ხომ ბოროტებაა? პირველყოფილება კაცობრიობის ბავშვობაა, როცა ჯერ კიდევ გაქვს სისპეტაკე და გულწრფელობა. რა შესაშურია ზოგჯერ რობიზონ კრუზოს 27 წელი მარტოობაში კუნძულზე, რა უნდოდა რატომ ესწრაფვოდა დაბრუნებას? პირველყოფილების ძახილს ბუნებასთან ურთიერთობისას გრძნობ, როცა მაღალი კლდიდან გადმოჰყურებ მთებს და ტყეებს, უფსკრულებს, მდინარეებს კლდეებზე ჩამოკიდულ ფესვებს. მწვანე და ლურჯი მთების ზღვას, როცა ვერ ხედავ ადამიანის კვალს, ხიდებს, შენობებს. რა საჭიროა აქ იმდენი ადამიანი და მათი თანაცხოვრების სისტემა, ყველაფერს ჯანდაბამდე გზა ჰქონია, ჰარმონია ხომ ასეთია.

ვარსკვლავები და გეოგრაფია ჩემი ინტერესის განუყოფელი ნაწილი იყო მუდამ, მიყვარდა ბავშვობაში ღამით ფანჯარასთან წოლა და მოკიაფე ვარსკვლავების ცქერა. ვარსკვლავთა ციმციმი, ღამის იდუმალებაში შორეულ სივრცეში სიცოცხლის ფეთქვა იყო. სინათლის სიცოცხლესთან ასოციაცია. სადაც სინათლე უნთიათ იქ ცხოვრობენ, ოცნებონენ. ვარსკვლავებისა და რუკის სიყვარული მოგვიანებით ზოგადად მეცნიერებით დაინტერესებაში გადაიზარდა. მეცნიერება ადამიანთა კოლექტიური აზროვნების უნარი და ყველაზე რაციონალური გზაა იმის გარკვევაში თუ საიდან მოვდივართ ჩვენ, რა არის სამყარო? არა  ყოველდღიურ და ვიწრო პრობლემათა ჭრილში, რომლებიც თავს გვახვევია, არამედ გლობალურად, იმაზე უფრო მასშტაბურად ვიდრე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ჩვენ ჩავიხედეთ ატომებში და ატომის ბირთვში, პროტონებში და ნეიტრონებში, და შესაძლოა უფრო ღრმადაც ვიხედებით როცა ულტრა მიკროსკოპულ სიმის მაგვარ ენერგიებზე ვსაუბრობთ, ჩვენი თვალი ცამეტი მილიარდ სინათლის წელიწადს გასწვდა, გავიგეთ რომ მზე ერთი უბრალო ვარსკვლავია, გავიგეთ რომ ვარსკვლავებში ბირთვული რეაქციები ხდება. ჩვენი წინსწრაფვა კიდევ უფრო შორს მიდის და ახლა იმასაც ვპროგნოზირებთ რა შეიძლება მოხდეს ახლო მომავალში.

მალე ძალიან ბევრ საიდუმლოს იდუმალების ფარდა ჩამოსძვრება, როცა მივაღწევთ სხვა სიმაღლეებს, სხვა პლანეტებს, როცა სამყაროს მთავარ ფორმულას ბავშვები სკოლაში ისწავლიან, მერე კი ვინმე იოცნებებს ვარსკვლავებზე? როცა ისინი ნეონის ნათურებივით უბრალო რამე იქნებიან?  იქნებ მაშინ იყო ღამის ცა უფრო საინტერესო როცა ძველი ადამიანები მითიურ ფიგურებს ხატავნდნენ ცაზე? მშვილდოსანს და მერწყულს კენტავრს და ჰერკულესს. როცა ვარსკვლავები გმირების სულები ან დრაკონის ტანზე მოციმციმე წინწკლები ეგონათ? ბავშვობაში როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა იყო რძიანი გზა, მეგონა კოსმოსში უსასრულო სინათლის სხივი მოფენილიყო. იქნებ მეცნიერულ პროგრესზე და ამბიციაზე მთავარია აღქმის რომანტიკა?

ნუთუ სხვებშიც ამდენი წინააღმდეგობებია? მე თანამედროვე დიზაინის სისადავეც მომწონს და ძველმანების მტვრიანი სრულყოფილებაც, საერთო ადამიანური, კოლექტიური თანაცხოვრების პროგრესიც და მისგან თავის დაღწევაც ბუნებრივ პირველყოფილებაში. მომწონს მეგა ქალაქების ცხოვრების სტილი, კოსმოპოლიტიზმი, დახვეწილი გემოვნება, ინტელექტუალური სამუშაო, ხმაურიანი გართობა და ამავე დროს მირჩევნია, მიკარგული სოფელი თავისი პატარა და ვიწრო რეალობით, მაგრამ დიდი ოცნებით. გახუნებული შემოფლეთილი პერანგით, ხის სახლით, ბუხრით, მოსავალზე ზრუნვით და საპალნე ცხენით სოფლის შარაგზაზე სეირნობით.

ცალ-ცალკე არც ერთია სრულყოფილი, მე ყველაფერი ერთად მინდა, მიუხედავად იმისა რომ ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

P.S: მაინტერესებს თქვენ თუ გაქვთ ასეთი ურთიერთ საწინააღმდეგო დამოკიდებულება საკუთარ სურვილებთან და შეხედულებებთან.

5 thoughts on “მე VS მე

  1. მე რაღაცნაირი უცნაური დამოკიდებულება მაქვს
    მიყვარს ბუნებაში, უბრალო სახლი ბუხრით და ა.შ.მაგრამ მირჩევნია ვიცხოვრო ურბანულ გარემოში

    მინდა მთელი წელი მეგაპოლისში ვიყურყუტო და მყუდრო სოფლურ გარემოზე ვიოცნებო, მერე კი წავიდე ერთი თვით სადმე მიკარგულში. ეს უფრო მომანიჭებს ბედნიერებას ვიდრე სულ უკაცრიელ ადგილზე ყოფნა

    ალბათ, მთელი ჩემი შიზოიდიზმის მიუხედავად, მაინც სოციალურ ცხოველად ვრჩები😀

    Like

    • ყველა სოციალური ცხოველები ვართ, იმიტომ რომ ამ სისტემის გარეშე არსებობა არ შეგვიძლია, უბრალოდ ხანდახან განმარტოვებაზე ვოცნებობთ, მაგრამ მართლა რომ მოვხვდეთ უკაცრიელ ადგილას ბედნიერებისგან ხტუნვას კი არ დავიწყებთ, თავის დაღწევის შანსი თუ არ გვექნება ცხოვრებას დამთავრებულად ჩავთვლით😀

      Like

  2. bolo nawilma “homo faber”-i gamaxsena…:)) daaxloebit igive konfliqtia warmosaxvasa da realobas shoris.
    me mgonia, rom yvela met-naklebad ase vart… ubralod, roca afrindebi, garemo maleve wamogartyavs tavze, rom daeshva, tore sheidzleba realobis shegrdzneba dakargoo, arada xshirad tu ar gamoetishe am yoveldgiurobas, reaqtiuli fsiqozi gvaqvs zed.:)

    Like

  3. ძალიან საინტერესო პოსტია.

    და რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას..

    “მიკარგული სოფელი თავისი პატარა და ვიწრო რეალობით, მაგრამ დიდი ოცნებით. გახუნებული შემოფლეთილი პერანგით, ხის სახლით, ბუხრით, მოსავალზე ზრუნვით და საპალნე ცხენით სოფლის შარაგზაზე სეირნობით.”

    ეს ჩემი სტილია,ოღონდ მოგვიანებით,ცოტა ასაკთან ერთად.
    მანამდე მეგა ქალაქები და ხმაურიანი გართობა.

    კარგად წერ : )

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s