მე – ახლა და მე – მაშინ

დაახლოებით ორი კვირის წინ ჩემს ძველ სახლში ვიყავი, სადაც პირველი ათეული წელიწადი გადავაგორე. მიუხედავად იმისა რომ ამ სახლში მაშინ ვცხოვრობდი როცა საღამოს გარეთ გასვლა ნამდვილად  რისკთან იყო დაკავშირებული, როცა პური მილიონ ნახევარი კუპონი ღირდა. როცა რუსთაველზე ომი იყო და ბრმა ტყვიები ხანდახან ჩვენს უბნამდეც კი აღწევდა. ბავშვობის ჩანახატი მაინც სულ სხვანაირ ფერებშია ჩახატული. ძველი სახლიც თითქოს “ტკბილ” 90-იანებში ჩარჩენილა. ყველა ნივთს ისევ ისეთი სუნი ასდის, სახლი გამოკეტილი, მივიწყებული, მოწყენილია მაგრამ მის ძველ შპალერზე თითქოს, ისევ ჩვენი ნათითურებია,  ჩვენი – ჩემი მამიდაშვილების, ჩემი და ჩემი დის. ოთახებს შორის გამავალი ფანჯრიდან მოჩანს უკანა ოთახის ბნელი სიმყუდროვე, ძველი კედლის ტოლა რუკა. ვუყურებ ფანჯარას და მგონია ბავშვების ჟრიამული მომესმება.

გახუნებულ გაყვითლებულ ყვავილებიან შპალერზე კუთხეში კიდია ძველი კედლის საათი მისი ქანქარა (ასე ქვვია?)     გაჩერებულია. ისრები ციფერბლატზე გაშეშებულან, სარკესთან “ტრილიაჟზე” მადონა ლიტას ასლი დევს. რა მისტიურია ეს გახუნებული უგემოვნო ჩარჩოში ჩასმული ფოტო ასლიც კი. მთელი ბავშვობა უცნაურ განწყობას მიჩენდა  ღვთისმშობლის დედობრივი სათნოება, სარკმლებში გადაშლილი სივრცე და ძუძუს ჩაფრენილი ყრმა.

 სარკეში ვუყურებ ჩემ თავს. მაშინდელი მე ალბათ ახლა მუცლამდე მომწვდებოდა. გამახსენდა ძველი სათამაშოები და კედლებზე მიწერილი სისულეები. ის ზაფხული გამახსენდა ბოთლებით ვედროებით და ტაშტებით რომ დავსდევდით ერთმანეთს. ბანზე გამოვედი და გაუქმებულ ონკანს დავხედე. ის ბროწეულებია, მეზობლის ეზოდან ჩვენს ბანზე რომ ყოფდა მუდამ ტოტებს, ახლა, ჟანგიან ონკანს გადაფარებია და თავისკენ ითრევს. თითქოს ონკანმა მოისხა მწვანე ბროწეულები. ქუჩა ისევ ისეთია, ერთი ორი ჭიშკარი შეუღებავთ სხვა ფრად, დანარჩენი უცვლელია, წყნარი, უცნაური, სახლის მოპირდაპირედ გორაკი მოჩანს, სახლები ისევ ისე სასაცილოდ მოჰფენია ზედ. პიანინოს კლავიშების არეული ხმა მომწვდა, მეორე სართულზე შუშაბანდში ვიჯექი და “ვუკრავდი” მეგონა რაღაც მელოდია გამომდიოდა.  კლავიშს დავაწექი და გავუშვი, ნოტი გახმაურდა და ოთახში მიმოიფანტა მერე კი აი ასე, სწორედ ასე გავხედე ფანჯრიდან ამ გორაკს, ეს გორაკი სწორედ ასეთი იყო მაშინაც.

აქ ისევ სხვანაირია სამყარო, ბავშვური და უცნაური. აქ დრო ძალიან ნელა გადის, იმდენად ნელა რომ ყოველ წუთს ველი რომ ის მე, ათიოდე წლის მე რომელიმე კუთხიდან გამოძვრება. აქ ყველგან ჩრდილსა და სინათლეში, კონტურებში და ფერების კონტრასტში, უდარდელობის და ღიმილის ლანდები ლივლივებენ. სახლების სახურავები იფარება გულუბრყვილო ოცნების ფანტელით. ქვემოთ ჩავედი, ღობეზე ნაღვლიანად მიყუდებულა პლასტმასის ნაძვის ხე,  რამდენი ახალი წელი მოუტანია მას ჩვენთვის, ფერადი ოცნებით და ღარიბი თოვლის ბაბუით, მახსოვს ძალიან გამიკვირდა და მეწყინა როცა მითხრეს რომ თოვლის პაპას ფული არ ქონდა და მხოლოდ თითო-თითო კანფეტი იმიტომ  დაგირიგათო. მაშინ პირველად გავიგე რომ თოვლის ბაბუასაც კი უჭირდა თურმე. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა რომ საშინელი დრო იყო, მაშინ მთელი ცხოვრება თამაში იყო, ხან ყაჩაღი იქნებოდი, ხან უცხოპლანეტელი, გმირი პოლიციელი ან სულაც იმპერატორი.

არც ისეთი ბევრი დრო გავიდა, თუმცა ბავშვობასთან შეხვედრა მაინც საოცარია,   15-18 წელი არაფერია, მაგრამ მას მერე იმდენი რამ შეიცვალა, რომ არ მჯერა ის მე და ახლანდელი მე თუ ერთი და იგივე ვართ. ახლა ვუყურებ ძველ დამტვერილ ნივთებს მეხსიერების ფსკერიდან ამოტივტივდებიან ცალკეული მოგონებები და მიხარია რომ მე ვარსებობდი აქ. მე ვხედავდი ამ უბრალო, გახუნებულ სამყაროს და ვგრძნობდი მის სიღრმეს.

რა უცნაურია ეს ბებერი სახლი, ალიზით აშენებული, იქიდან დანახული სამყარო კი კიდევ უფრო უცნაური. ისევ ისე იშვიათად დადიან ქუჩაზე ავტომობილები. ჭიშკართან ისევ მიცოცავს სურო ხეივნისკენ, ამ ლეღვის ხეზე ვბღოტიალობდით, ხანდახან  მარსიანელობანას ვთამაშობდით. იქ ქვემოთ ველოსიპედიდან გადმოვვარდი. მოტეხილობების სერიაც გამახსენდა. თაბაშირი რომ დავისველე. ყურებამდე გაღიმებული დავდივარ და ყოველი კუთხე, ყოველი ხაზი რაღაცას მახსენებს, იმ გიჟმა ღამის ქოთანში  მაკარონი ჩაყარა და მზეზე დადგა, მოიხარშებაო… 😀

შევედი ისევ ოთახში, აქ მეძინა, აქ ტელევიზორი იდგა, დიდი, საბჭოთა “სპექტრი”  ომის დროს ტელევიზია არ მუშაობდა და MTV იყო ჩართული. ისიც მახსოვს მამას მეგობარი: დედი ჩემის ჭაღარა – ბავშვებმა შევარქვით ასე, ერთხელ მოვიდა ჩვენთან და ქეიფის დროს იმღერა,  იმის მერე ნამდვილი სახელი  დაგვავიწყდა კიდეც,

კარგი იყო ბავშვობა – ძალიან კარგიც კი, რომ შემეძლოს  სიამოვნებით შევიჭყიტებოდი იმ სამყაროში სულ ცოტა ხნით მაინც. ოღონდ არ მინდა რომ იგივე გზა მქონდეს გამოსავლელი რაც მე და იმ 10 წლის ბიჭს გვაშორებს ერთმანეთს.

3 thoughts on “მე – ახლა და მე – მაშინ

დატოვე კომენტარი