ბარაბნიანი ტელეფონიდან – Skype-მდე

გახსოვთ ალბათ სულ თავიდან იყო დაბადების დღეები და ბარაბნიანი ტელეფონი, ჩაყოფდი თითს რომელიმე რიცხვის შესაბამის ნახვრეტში და მინიმუმ 45 გრადუსით უნდა გადაგეტრიალებიან ბარაბანი, რომ ეს რიცხვი აკრეფილიყო. ტელეფონის ნომრები ხელიდან ხელში გადადიოდა, ფურცლიდან ფურცელზე. ეს იყო გართობის და ადამიანების გაცნობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება. რომელიც ხშირად დაოჯახებითაც კი სრულდებოდა. ასე იყო, დაბადების დღეები და ბარაბნიანი ტელეფონები ქმნიდნენ ვერბალურ და ვირტუალურ სივრცეს სადაც ადამიანები ერთმანეთს იცნობდნენ, ოჯახდებოდნენ. ჰო რათქმაუნდა პაემნების გაზეთებიც იყო. 

გოგონებში პოპულარულ ბიჭებს სქელი რვეულები ქონდათ სადაც ასობით ნომერს ინახავდნენ, ხშირად ეს მონაცემთა მთელ ბაზას წარმოადგენდა, თავისი კომენტარებით, შენიშვნებით, აბა რვეულში 30 ლიკა რომ გყავს ხომ უნდა გაარჩიო ერთმანეთისგან ლიკა რომელიც “იძლევა” იმ ლიკასგან რომელიც არ “იძლევა”. მიუხედავად იმისა რომ  ნომრის ერთი  აკრეფვით იშვიათად დაუკავშირდებოდი ვინმეს, ციფერბლატის ტრიალი ერს არ ეზარებოდა, და ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილი ტელეფონზე ეკიდა. როგორც ყველა ახალგაზრდა 8-10 კლასში მეც ვლაპარაკობდი ტელეფონზე, თუმცა გამოვტყდები და რვეული საერთოდ არ მქონდა და შესაბამისად არც ბევრი ნომერი. შემდეგ ტექნოლოგიები დაიხვეწა და გამოჩნდა რაღაც თეთრი ყუთი – ასე ერქვა: – კომპიუტერი.

 

პრინციპში მეშვიდე კლასელმა უკვე ვიცოდი რა იყო ეს თეთრი ყუთი, (დეიდაშვილს ქონდა) რამდენიმე წელი იყო გასული მას შემდეგ რაც “სუბორს” სრულყოფილად ვფლობდი, სახლში ახალი თაობის MasterGames მქონდა, მაგრამ ეს თეთრი ყუთი ცოტა სხვანაირი იყო, თავისი “ტელევიზორი” ქონდა და შეგეძლო მუსიკის მოსმენა, ხატვა, წერა და კარტის თამაში, თუმცა მისი ფუნქციები ბოლომდე ამოუცნობი იყო, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ამ ყუთით ვინმეს გაცნობა შეიძლებოდა. მაგრამ გამოხდა ხანი და გავიგე რომ არსებობდა რაღაც ინტერნეტი, ინტერნეტში შესვლა  მისტიური კარიბჭის ზღურბლს მიღმა გადაბიჯებასთან ასოცირდებოდა იმიტომ რომ ბოლომდე ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა იქ. ეს ბარიერი მალე დაირღვა, მაგრამ ინტერნეტთან ინტენსიური ურთიერთობის მუღამი მას შემდეგ გავიგე რაც პირველი კომპიუტერი შევიძინე. და აი ჩემს ბარაბნიან მწვანე ტელეფონს გამოვაძრე შნური და კომპიუტერის მოდემში შევარჭე, ეს იყო Dial up-ის ეპოქა, დააწკაპუნებდი და კომპიუტერი ოპერატორთან რეკავდა, თუ გავიდოდა ზარი ინტერნეტი ჩაირთვებოდა თუ არადა უნდა გეწვალა ცოტა ხანს. (ან დიდ ხანს) ინტერნეტში რა ხდებოდა? – არაფერი განსაკუთრებული, პირველი მეილი Hotmail-ზე შევქმენი, ჰო ქართული ინტერნეტ სივრციდან მახსოვს ერთადერთი გამონათება liza.ge სადაც ლელა წურწუმიას და სხვა “ვარსკვლავების” სიმღერები იდო, თითო სიმღერის გადმოწერას კი ნახევარი საათიდან 40 წუთამდე დრო სჭირდებოდა. მერე გამოჩნდა რაღაც ჩატები სადაც ფერად ფერადი ნაწერები თვალებს გიჭრელებდა მაგრამ ეს მაინც ინოვაციური მოვლენა იყო და ღირდა თალების დათხრად. ამ პერიოდის ეპოქალური მოვლენა კი მირკი (Mirc) გახდა. ეს იყო ჩატის კომპიუტერული პროგრამა რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა და საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მართალი გითხრათ მირკს ვერ დავუმუღამე და საერთოდ არ მისარგებლია, ვერც სხვა ჩატებს ვერ ავუღე ალღო, 80 მომხმარებლიდან სანამ ერთ ერთის უაზრო ფრაზებს წავიკითხავდი და მოვახერხებდი რაიმე სიტყვა ჩამეკვეხებინა, მანამდე 79 ვიღაცის ფერად-ფერადი ტექსტები ჩაირბენდა და ვეღარ ვხვდებოდი რა ამბავი იყო. ასე ვიყავი ინტერნეტში ეულად სანამ მესენჯერების ეპოქა არ დადგა ICQ-ს სახით. შემდეგ მოყვა Yahoo მესენჯერის დიდებული ეპოქა, ქართული ფორუმების განვითარება, ძალიან მომწონდა MSN მესენჯერი და ინტენსიურადაც ვიყენებდი,  ამ ყველაფრის განვითარებას ინტერნეტის ევოლუციის ახალმა საფეხურმაც შეუწყო ხელი, წარსულს ჩაბარდა Dial up, ტელეფონის დაკავება როცა ინტერნეტს იყენებ, და უფრო იაფად, თანაც ფიქსირებული გადასახადით, გამოჩნდა უფრო მოსახერხებელი 24 საათიანი და გაცილებით სწრაფი DSL ინტერნეტი. მოკლედ  ეს ყველაფერი განვითარდა და მეც შევიძინე ინტერნეტ მეგობრები.  რაც მთავარია ამ განვითარებამ პოტენციური ნაცნობობის სპექტრი საკმაოდ გააფართოვა, თუ ტელეფონით ჩალიჩობდი მარტო გოგოების გასაცნობად. ინტერნეტ ფორუმებმა შექმნეს გაცილებით ფართო სოციალური პროფილი ახალი ნაცნობობის გასაჩენად.  

ასე და ამგვარად ინტერნეტ სივრცეში გაცილებით მოსახერხებელი და ლაღი გახდა ურთიერთობა, სურათების და სხვადასხვა ფაილების გაცვლა გამოცვლამ ურთიერთობა ახალ საფეხურზე აიყვანა, ბარაბნიანი ტელეფონის ყურმილს უკან ხომ არაფერი არ ჩანდა, ვერც მის სურათს ნახავდი ვისთან ლაპარაკითაც შეიძლება ტყუილად კარგავდი დროს სანამ პაემანზე არ გამოგეცხადებოდა. მაგრამ ამ ყველაფერს მაინც ქონდა ნაკლი, ტელეფონში ხმა ისმოდა, ეკრანს მიღმა არა. მაგრამ ეს პრობლემა ახალმა მესენჯერმა გამოასწორა, გამოასწორა ისე რომ ხალხმა ყველა სხვა მესენჯერი დაივიწყა და Skype-ით ჩაანაცვლა. მერე სოციალური ქსელებიც გააქტიურდა და საქართველოს ინტერნეტ მომხმარებლები სკაიპომანიამ ოდნომანიამ და ფეისბუქომანიამ მოიცვა. მოიცვა ცოტა მსუბუქი სიტყვაა, ადამიანები კომპიუტერს odnoklassniki-სა და Skype-ის გამო ყიდულობენ, ეს ხომ საბედოს პოვნის ყველაზე თანამედროვე საშუალებაა, სურათების და პროფილს დაათვალიერებ მერე მსუბუქ მიმოწერას გააბავ და ორ სამ თვეში შეგიძლია დაქორწინდე კიდეც. უკვე ბევრ ასეთ შემთხვევას ქონდა ადგილი ჩემს ირგვლივ. არა სკაიპისა და სოციალური ქსელების საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს, რა მნიშვნელობა აქვს როგორ გაიცნობ ადამიანს, მაგრამ რა მარაზმია როცა დედა ეუბნება შვილს: იმისთვის გიყიდე ეს კომპიუტერი და ჩაგაბარებინე რომ სარფიანად გათხოვდეო. ასეთი დიალოგიც მომისმენია ქალებს შორის: “შენი გოგო რამდენი წლისაა?” “ოცდაერთის” “არ თხოვდება მერე?” “არა ჯერ” “მერე კომპიუტერი ხომ გაქვთ? ვერ გაიცნო ვერავინ?”

ახლახან ერთმა ჩემმა სოფლელმა მეგობარმა ცოლი მოიყვანა, სკაიპით გაიცნო. და იმედია აწი ჩემ კომპიუტერს ეღირსება მისგან დასვენება. საქმე იმაში იყო რომ თავად არ ქონდა არც კომპიუტერი და არც ინტერნეტი, სკაიპომანიას კი  მეგობრებთან იკმაყოფილებდა თბილისში ყოფნის დროს. მისი სტუმრობა ჩემთან ჩემი კომპიუტერის მინიმუმ ხუთ საათიან ოკუპაციას ნიშნავდა, მისი სკაიპთან ურთიერთობა კი ასეთი იყო: ძებნაში ჩაწერდა რაიმე სახელს მაგალითად: ეკა, სქესს მიუთითებდა მდედრობითს, წლოვანება დაახლოებით 18-35, ამოაგდებდა ოთხასიოდე მომხმარებელს რომელიც ამ სახელზე იყო და ყველას სათითაოდ წერდა Hi… Hi… Hi… Hi…😀 შემდეგ ყველაფერი ბუნებირვად ხდებოდა, ოთხასიდან სამასიოდე არ გასცემდა პასუხს, პირველ ათ წუთში კი 50-60 მდე მომხმარებელი გაიფილტრებოდა, სულ ბოლოს კი 3-4 “ნაღდი” მაინც რჩებოდა რომლებიც იმდენად მოცლილები იყვნენ რომ მთელი დღე შეეძლოთ ზურიას ტყუილების სმენა, ზოგიერთი პაემანზეც თანხმდებოდა.

მოკლედ ეს პოსტი ძალიან გამიგრძელდა… ჰო რისი თქმა მინდოდა: – ყველაფერი კარგია სანამ მანიად არ გადაიქცევა. (აი საიდუმლო იმისა თუ რატომ არ ვქორწინდები აქამდე, კომპიუტერი საბედოს პოვნის მანქანად არ გადამიქცევია😀 )

4 thoughts on “ბარაბნიანი ტელეფონიდან – Skype-მდე

  1. საბედოს პოვნის საშუალება :D:D

    აუ ბარაბნიანი ტელეფონი რა მაგარია :))და შენი ახალი დიზაინიც😉

    Like

    • მადლობ. ბარაბნიანი ტელეფონი კარგია საყურებლად🙂 ისე გადავეჩვიე ნებისმიერ შნურიან ტელეფონს და მითუმეტეს ციფერბლატის ტრიალს რომ გამოსაყენებლად ძალიან მეხამუშება🙂

      Like

  2. ადამიანები კომპიუტერს odnoklassniki-სა და Skype-ის გამო ყიდულობენ, ეს ხომ საბედოს პოვნის ყველაზე თანამედროვე საშუალებაა,

    :დ :დ :დ :დ :დ :დ
    ფეისბუქისაც შენ წარმოიდგინე, გუშინ ზუსტად ვიღაცამ გადაწყვიტა ფეისბუქით ჩემი გაცნობა
    უჟას

    Like

    • ხო ნუ ფეისბუქიც ნებისმიერი სოციალური ქსელი თუ მესენჯერი გამოდგება ამ საქმისთვის,:)

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s