Rainy Day Blues – კიბერნეტიკული სიზმრები

მე მიყვარს ფიქრი
ფიჭვებითა და ელექტრონებით აღსავსე
კიბერნეტიკულ ტყეებზე
სადაც ირემი მშვიდად ჩაუვლის კომპიუტერებს
თითქოს ისინი ყვავილები იყოს
დაწნული გვირგვინებით 

მინებს მიღმა წვიმა ხმაურობს, სუსტი დღის სინათლე ძლივს აღწევს ფანჯრებში, დაორთქლილი მინები ტირიან უხმოდ. ჟოლოპიდან წყალი მოთქრიალებს და ქუჩის მდინარეს უერთდება, სადღაც თუნუქის ნაჭერზე წვეთები მონოტონურ რიტმში უკრავენ მოსაწყენ მელოდიას. გათელილი სველი ყვითელი ფოთლებით მოფენილა ეზო. დრო და დრო სუსტი ქარი აშრიალებს ხეებს და უკანასკნელ ფოთლებსაც აცლის. წვიმა, ნისლი, ქარი, სიცივე ეს ერთიანი ორკესტრია რომლის სევდიანი მუსიკა ჩაბნელებულ საძინებელში ნახევრად მძინარე ადამიანის ცნობიერებაში ელექტრომაგნიტურ რხევებად გარდაიქმნება და მზიან დღეს ინფორმაციული წყალდიდობა აწყდება ნაცნობ ქუჩებს, მოაქვს ავტომანქანები, ნაგვის ურნები, ძველი დღიურები, ყოფილი კლასელები და მასწავლებლები,  გაუმართავი რადიო მიმღებიდან ისმის ყურის წამღები რადიო ტალღების შიშინი.

 ტელევიზორის ეკანზე ვერცხლისფერი წერტილები ცეკვავენ, წვიმის ხმაა თუ ეს შავი ყუთი არღვევს მშრალ მყუდროებას? შემდეგ ქუჩაში წყალდიდობის ნალექად რჩებიან სხვადასხვა ნივთები, ტელევიზორის ეკანებთან სძინავთ ნაცნობ სახეებს, შუა ქუჩაში გაშხლართულან, ძველ რადიოლაზე უდევთ თავი, კომპიუტერები ახურავთ საბნად. ფრთხილად მიაბიჯებ და არ გინდა ამ ტალახიან ქაოსში რომელიმე ფერად სათამაშო ტელეფონს დაადგა ფეხი, რადგან მყისვე აინთება წითელი შუქები და სათამაშო გულუბრყვილოდ მუსიკის თანხმლებით მოგესალმება: Hello I love you, მერე ის წარსულის აჩრდილები გამოიღვიძებენ და რა უსიამოვნოა მათთან შეხვედრა, შენთვის უამრავი დრო გავიდა მათთვის კი არაფერი,   ისინი ისევ იმ ჭაობში წვანან, იგივე შეცდომებს ჩადიან. იგივე ფიქრები აქვთ. Play station-ს თამაშობენ მაზიანზე და მერე ფულის ჩასაბარებლად დარბიან, რამდენი  ტერაბაიტია ეს წარსულის აჩრიდლები? ეს დაუხარისხებელი ინფორმაცია ჯართის და ძველმანების გროვას გავს. ნათურებთან ძველი ტელეფონები ყრია, ის მწვანე ციფერბლატიანი აპარატიც კუთხეში მიყუჟულა, ამ აპარატით საუბრობდი სწორედ მაშინ როცა ამბობდი რომ გიყვარდა, რა საზიზღრად ატყუებდი თავს. საშობაო მუსიკა უკრავს, ღარიბული შობის გულუბრყვილო ოცნებათა ლანდები იკვეთება წარმოსახვის ლაბირინთებში. ტალახში გდია ცისფერი ფიფქებით მოხატული მუსიკალური მისალოცი ბარათი, წრიპინა ხმით უკრავს საშობაო მელოდიას, მის ფურცელზე კი  მოთხვრილ მაგრამ ჯერ კიდევ გაღიმებულ სანტა კლაუსს უჭირავს საჩუქრების ტომარა. ეს იმ ღარიბულ შობას იყო, სიმდიდრედ მხოლოდ დიადი ოცნებები რომ დაგვრჩენოდა.  ძველ ეკრანებზე გადის ბავშვობის კოშმარული სიზმრების სერიალი, საყვარელი სათამაშოები გადაუყრიათ ნაგავში, დაჭეჭყილნი და სნეულები სუნთქავენ შმორის სუნს. ინფორმაციის ყოველ სასიამოვნო ბიტს ფეტვივით შერევია ჭუჭყი და რიყის ქვებივით მოსდებია ხავსი. გატეხილ მონიტორებს აგროვებს ვიღაც ყმაწვილი… გაქცევა აქედან აი რა არის ყველაზე მთავარი და სასიამოვნო, უნდა გაიქცე და ეს გადატენილი მყარი დისკი დააფორმატო რომ სულ წაიშალოს სევდა, სინანული, სანაგვეზე გადაყრილი სილამაზე, უსიამოვნებებით გამოწრთობილი სიამოვნება…  მერე კი იქნება სუფთა ფურცელი, ცარიელი კიბერნეტკული ველი სადაც ახალი ინფორმაცია ჩაიწერება, ველზე გაიზრდება კიბერნეტიკული ტყეები  სადაც ირემი მშვიდად ჩუვლის კომპიუტერებს თითქოს ისინი ყვავილები იყოს დაწნული გვირგვინებით.

რადიომიმღების შიშინი ისევ წვიმის ხმად გადაიქცა, ინფორმაციის ნარჩენები მეხსიერების ფსკერზე დაეშვნენ, გამოსახულება გაიფილტრა და მტირალა სველი მინების ფონზე ეკრანი გამოჩნდა სადაც მწვანე ხასხასა  მდელოს ფონზე სადღაც სიღრმეში მოჩანდა ტყე და ლამაზი ირმები. მან თვალები მოიფშვნიტა და საათს დახედა – “უკვე დიდი ხანია გათენებულა”.

მე მიყვარს ფიქრი (უკეთესია თუ უფრო ჩქარა)
კიბერნეტიკულ მდელოზე
სადაც ძუძუმწოვრები და კომპიუტერები
ცხოვრობენ ერთად და იდილიით
ჰარმონიულად დაპროგრამებულნი
როგორც მტკნარი წყალი
სუფთა ცას შენახები
მე მიყვარს ფიქრი
(მარჯვნივ გეთაყვა)
ფიჭვებითა და ელექტრონებით აღსავსე
კიბერნეტიკულ ტყეებზე
სადაც ირემი მშვიდად ჩაუვლის კომპიუტერებს
თითქოს ისინი ყვავილები იყოს
დაწნული გვირგვინებით
მე მიყვარს ფიქრი (აი მოვედით)
კიბერნეტიკულ ეკოლოგიაზე
სადაც ჩვენ ვართ შრომისგან თავისუფლები
ბუნებისკენ ვისწრაფვით უკან
და ვუბრუნდებით ჩვენს ძუძუმწოვარ
დედმამიშვილებს
და ვიმზირებით სიყვარულის
მომხიბვლელი მანქანებიდან
P.S: ოდესღაც შენახული Richard Brautigan-ის ეს ლექსი (ქართული თარგმანი) აღმოვაჩინე ჩემს კომპიუტერში, როგორც მახსოვს ლიტერატურა.ge ზე წავაწყდი, მომეწონა რატომღაც და შევინახე, ჰოდა ახლა როცა ამ ლექსმა შთამაგონა და რაღაც ჩანახატივით მივუჯღაბნე, ეს ლექსი და მისი მთარგმნელი ვეღარ ვიპოვნე რომ მისი სახელი მიმეთითებინა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s