მოდით ფეხებზე დავიკიდოთ ყველაფერი!

ცოტა ხნის წინ ბრაზი მახრჩობდა, მერე გამეცინა ჩემს თავზე, ხშირად პატარა ნაპერწკალი გვყოფნის რომ ავფეთქდეთ, ხანდახან გვეჩვენება რომ არავის ვჭირდებით. ანდაც არავის ესმის ჩვენი ისე როგორც ჩვენ გვინდა. ხანდახან ერთფეროვნება გვახრჩობს, რომელსაც უმუშევრობა ან არასაკმარისი შემოსავალი უწყობს ხელს. ურთიერთობების დეფიციტი ან არასასურველი განვითარება კი სრულყოფილს ხდის ამ მოწყენილობას. ჩვენი ცხოვრება ყოველდღიური მექანიკური მოქმედებების ერთობლიობა ხდება და მეტი არაფერი, ჩვენ გვაღელვებს რას შევჭამთ დღეს და რას ჩავიცვამთ ანზორის ქორწილში. რას იტყვის სტუმარი თუ ხიზილალა არ დახვდება ჩვენ სუფრაზე. ჩვენ პატარა სამყარო გვაქვს რომელიც დღითიდღე ვიწროვდება, ამ სამყაროში, პროგრესი მხოლოდ რუტინული ზრუნვაა მატერიალურ კეთილდღეობაზე, ამ სამყაროში კონფლიქტი არაფრის გამო ხდება. ამ სამყაროში ადამიანები მხოლოდ პატარა საგნებს ხედავენ და ამ პატარა საგნებით ცხოვრობენ, ამ სამყაროში ოცნება მხოლოდ ბევრი ფულია რომლითაც უამრავ პატარა საგანს შეიძენ.

მოდით ნუ გავართულებთ ცხოვრებას და ფეხებზე დავიკიდოთ ყველაფერი, ოღონდ ნუ ვიქნებით იმდენად ვულგარულები რომ თვითმკვლელობამდე მივიდეთ, პირიქით ისე დავიკიდოთ რომ სიცოცხლის წყურვილმა შეგვაწუხოს, ისე დავიკიდოთ რომ  ჩვენს ადამიანურ ყოფიერებას თავი დავაღწიოთ და ძალიან შორიდან შევხედოთ საკუთარ თავს, ისე დავიკიდოთ რომ უცნაური და ახალი მოგვეჩვენოს ყველაფერი. და არა ნაცნობი და მობეზრებული. მოდით დავბრუნდეთ ბავშვობაში და ისევ აღვფრთოვანდეთ იმ საგნებით რაც უკვე კარგად ვიცით და აღარ გვაღელვებს, დავბრუნდეთ კოსმოსში დიდ აფეთქებამდე და ვიოცნებოთ რომ ოდესმე ჩვენი სამყარო დაიბადება, დაბადება უზარმაზარი, მრავალფეროვანი, მშვენიერი, დაიბადება ხეების ჩრდილი და ზაფხულის საღამოს სიგრილე. ქალის მომხიბვლელობა და ბავშვის ცნობისმოყვარე თვალები. უბრალოდ წარმოიდგინეთ თქვენი თავი მაშინ როცა არ არსებობდით და თქვენი არსებობა ძალიან უცნაური გახდება, აი ესაა ყველაფრის ფეხებზე დაკიდების შესანიშნავი გზა, და მაშინ მიხვდები რომ უცნაური ხარ, უცნაურია ყველაფერი, რომ ამ უცნაურობასთან ვერაფერი ვერ მივა ახლოს, ვერც ერთი დიდი წარუმატებლობა, ვერანაირი მოწყენილობა,  რომ არ შეიძლება ასეთ უცნაურობაში იყოს ერთფეროვნება. მოდით ჩავიძიროთ ნიჰილიზმში იმდენად რომ ყველაფრის ინტერესი კი არ დავკარგოთ არამედ პირიქით, თავიდან შევიცნოთ ყველაფერი, თავიდან დავარქვათ სახელები. თავადვე მოვუფიქროთ აზრი და მნიშვნელობა.


წავშალოთ მეხსიერებაში ყველაფერი წვრილმანი, ყველაფერი ის რაც სიცოცხლეს ასე აუფერულებს და  ადამიანი იქნება ისეთივე ახალი ფორმა სიცოცხლისა როგორც მეოთხეულ პერიოდში.

მოკლედ მოდით ყველაფერი ფეხებზე დავიკიდოთ!

ყველაფერი რაც ხელს გვიშლის ვიყოთ ისეთები როგორიც გვინდა რომ ვიყოთ.

P.S: ჰო… ვიცი… ძალიან მეოცნებე ვარ.

7 thoughts on “მოდით ფეხებზე დავიკიდოთ ყველაფერი!

  1. ნეტავ, შემეძლოს ყველაფრის დაკიდება…მაგრამ აუმრავ მოვალეობებს რა ვუყოთ?, ვერ დაიკიდებ ოჯახს,შვილებს…ადამიანებს ვის წინაშეც მოვალეობები გაკისრია,მაგრამ მაინც გმადლობ იდეისთვის…

  2. მართალი ხარ ყველაფერს ვერ დაიკიდებ. თუმცა მე ცოტა სხვა რამე ვიგულისხმე, ისე ვალდებულებასაც გააჩნია, სადაც სიყვარულია იქ თითქმის ყველანაირი ვალდებულება ბუნებრივი და თავისთავადია, აქ ყველანაირ დაკიდებაზე ზედმეტია საუბარი. თუმცა ზოგჯერ ყველაფრისგან იღლები ადამიანი. ცხოვრება ხომ მარტივი არაა…

დატოვე კომენტარი