მწვანე სახლი

ეს ქუჩა საოცრად წყნარია, ფერდობს შეყუდებულან ძველი სახლები, ქვაფენილიან გზას შენობებს შორის გამომავალი ვიწრო ბილიკები უერთდება, ეს პატარა ქუჩები, ძველი უბნის წიაღში მდინარესავით მიიკლაკნებიან. თუ გინდა ძველი უბნის სუნთქვა გაიგო სწორედ ასეთ პატარა ბილიკებზე უნდა იხეტიალო. ერთ-ერთი ბილიკის და საოცრად წყნარი ქუჩის კუთხეში, ძველი ორსართულიანი სახლია მწვანეში ჩაფლული, სახლს სამი მხრიდან სურო შემოხვევია, ლამის ფანჯრებიც კი დაუფარავს. რიკულებიან აივანს ჩახუტებია, სახურავს ხალიჩასავით გადაფარებია, პირველად რომ დავინახე ეს სახლი თვალი ვერ მოვწყვიტე, წყნარი და სევდიანი ძველი ქუჩის მყუდრო კუთხეში იდგა როგორც ველური ბუნების ეგზოტიური ხე. აქა იქ მომხიბვლელად იმიზრებოდა ძველი სახლის პატარ პატარა არქიტექტურული დეტალები, აივნის რიკულები, ფანჯრების სილუეტი, ჭიშკარი. ამ სახლის პირდაპირ ერთ მონგრეულ ქოხმახში, ჩემი მეგობარი დადგა ქირით, რაიონიდან იყო ჩამოსული სასწავლებლად, ბევრი ეძება თუ ცოტა, მისი ბიუჯეტი ამ მონგრეულ ქოხმახს გასწვდა, არ ქონდა საკუთარი სამზარეულო, ტუალეტი და აბაზანა ყველაფერი საერთო იყო,  მის განკარგულებაში მხოლოდ ერთი ოთახი მეორე სართულზე და ხის აივანი იყო რომელზე გასვლასაც მისი არამდგრადი შესახედაობის გამო ვუფრთხოდი.

თუმცა ოთახში შესასვლელად კიბეს მიერთებული აივნის ნაწილი აუცილებლად უნდა გაგევლო, სხვანაირად ვერ მოხვდებოდი შიგნით. როცა პირველად ვეწვიე ახალ ბინაში, აივანზე გავიდა და დამიძახა, გამოდი სუფთა ჰაერზე ვისაუბროთო, ფრთხილად გავედი აივანზე და ყოველიშემთხვევისთვის მოაჯირს ჩავეჭიდე. პირდაპირ მწვანე სახლი ჩანდა, მის უკან კი ქალაქის ლამაზი ხედი ჩაძირულიყო სივრცეში. ასეთ უბანში დავიბადე და ახლა მასივის გარემო სულს მიხუთავს. რა სიწყნარეა, მთაწმინდიდან უბერავს სიო, მწვანე სახლის თეთრ ფანჯარაში ქათქათა ანარეკლი ლივლივებს. მზით გაბრწყინებული შემოდგომის ფოთლები ნელა ირხევიან ხის კენწეროებზე. ძველი ქალაქის ოქროსფერი სურნელი მოჰფენია სამყაროს. ამ ჰარმონიაში ქუჩის შორეული კუთხიდან მომავალი მოთამაშე ბავშვების ყრუ ხმაური ვიბრირებს  ჰაერში.  მწვანე სახლის ანტენაზე ჩიტები სხედან. სახურავიდან სუროს საბანს ფანჯრისკენ გავაყოლე თვალი და კაშკაშა მზემ მინის ანარეკლით გაიარა  ჩემს თვალზე. თეთრმა ხელმა თეთრ ჩარჩოიანი ფანჯარა გამოაღო და მერე ოთახის სიღრმეში ჩაიძირა. სხეულის ძალიან ბუნდოვანი მოყვანილობა დავლანდე და თხელი ქათქათა ხელი, რომელმაც წამიერად შეაღო ფანჯარა და გაუჩინარდა. იმ წუთს შემოდგომის საამო სითბოთი და ძველი უბნის ჩუმი მომხიბვლელობით ვტკბებოდი, ამ სასიამოვნო ოცნებების აღმძრავ მომენტში მწვანე სახლიდან, ქათქათა ხელის გამოჩენა, რაინდისთვის კოშკის სარკმლიდან ჩამოშვებული ნაწნავის ხილვას უდრიდა.

საღამოს როცა ცა დასავლეთით მეწამულისფრად შეიღება, იგივე ხელმა ფანჯარა მიხურა.  ამჯერად საერთო სილუეტი უკეთ გავარჩიე, გოგონას მუქი თმა ჰქონდა და მწვანე სვიტერი ეცვა.

ჩემი მეგობარი მარტო ცხოვრობდა, ამიტომ ხშირად ვსტუმრობდი, მისი აივნიდან ყოველთვის იპყრობდა ყურადღებას მწვანე სახლი. უფრო ლამაზი ქუჩაც მინახავს და უკეთესი სახლიც, უფრო მწვანეც, ხავერდივით თანაბრად რომ გადაკვრია კედლებს, ამ სახლის კედლებზე კი მცენარეს ველური ტყე გაეშენებინა, სახლი სუროს გარეშე შეიძლება ძალზე ულაზათოც კი ყოფილიყო, მაგრამ სიმწვანე ათას სახლში გამოარჩევდა. ამიტომ გხადა იგი ჩემთვის ოცნების კოშკი რომლის თეთრ ჩარჩოიან სარკმელში პერმანენტულად ჩნდებოდა, ოდიოზური ფიგურა თეთრი ხელებით. სახე და სხეული მკაფიოდ არც ერთხელ დამინახავს მაგრამ მჯეროდა რომ ასეთი თეთრი და ნატიფი ხელების პატრონი ძალიან მომხიბვლელი იყო. საღამოს სარკმლიდან ჩაბნელებულ ქუჩაზე თბილი შუქი იღვრებოდა ხოლმე. მაგრამ არასდროს ჩანდა იდუმალი ფიგურის ლანდი.

ზუსტად არ მახსოვს რამდენი ხანი, მაგრამ დიდ ხანს საიდუმლოდ დარჩა მწვანე სახლის ბინადრისადმი ინტერესი. ეს ბავშვური ბუნდოვანი გატაცების მაგვარი რამ იყო. არასდროს მიფიქრია გამერკვია ვინ იყო რეალურად მწვანე სახლის თეთრ ხელება ბინადარი.  ეს ჩემი მეგობარიც არ იყო მეზობლებში გათქვეფილი, მორიდებისა და იმის გამოც რომ ოთახს მხოლოდ ღამით, დასაძინებლად, ან სამეცადინოდ იყენებდა, წარმოდგენა არ ქონდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი საიდუმლო გატაცების საგანი.  მეც ხომ უბრალოდ როცა ვუცქერდი სახლს და მისი ბინადრის ლანდს მოვკრავდი თვალს,  მეოცნებებოდა, მეტი არაფერი.

ერთ ნათელ ღამეს მეგობართან დავრჩი, პატარა დივანზე ვწევარ, მეგობრის ფშვინვას ვუსმენ და ჭერზე ღამის ჩრდილებს ვაკვირდები, თხელი ლურჯი ფარდის ფონზე მთვარე ბრდღვიალებს,  ქსოვილში სინათლის ოთხი ტოტი ტყდება, ციური სხეული დისკოთეკაზე დაკიდულ მანათობელ ბურთულას გავს. იქვე სკამზე მიგდებულ შარვლას დავწვდი, ჯიბიდან სანთებელა და სიგარეტი ამოვიღე, წამოვდექი, პერანგი მოვისხი, შარვალი ამოვიცვი და აივანზე გავედი გასაბოლებლად, მწვანე სახლი, შავ აჩრდილად ქცეულა, მის თავზე დიდი სავსე მთვარე კიდია, რომლის ლაქები და კრატერები მოხუცის შეწუხებულ სახეს ქმნის.

სიგარეტს მოვუკიდე, კვამლი მშვიდად მიიკლაკნება ზევით. რა საოცარია ამ ციურ სხეულს ცოტა ხნის წინ მითიურ არსებად რომ თვლიდნენ ახლა ადამიანის ნაკვალევი ამჩნევია, ნაფაზი მოვქაჩე და ის იყო მთვარის მიმართულებით გავუშვი კვამლი, რომ მოულოდნელობისგან გავშრი, მთვარის ფონზე ქალის სილუეტი გაჩნდა. მწვანე სახლის ციცაბო სახურავზე მიდიოდა ნატიფი ფიგურა, პერანგი და თმა უფრიალებდა ოდნავ. მშვიდად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და გაჩერდა, არ ვიცი რა ვქნა! ღმერთო ჩემო… რა უნდა იქ? ფეხი რომ დაუცურდეს? დავუძახო? მეგობარი გავაღვიძო თუ რა ვქნა? საშინლად დავიბენი. გოგონამ კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და თვალს მიეფარა. ოთახში შემოვვარდი ფეხსაცმელი ამოვიცვი და ქუჩაში გავიჭერი. ქუჩიდან სახლის დათვალიერება მხოლოდ ორი მხრიდან შეიძლება, ამიტომ აქედან შეუძლებელია გაიგო სად წავიდა… ჩამოვიდა თუ ისევ სახურავზეა, ან იქნებ ჩამოვარდა? თუმცა ხმაური არ გამიგია, ჭიშკართან მივედი, ჭიშკარი სავარაუდოდ ეზოში შესასვლელია, მის გვერდით კი მძიმე ხის კარი პირდაპირ სახლში შედის. ზარს ვრეკავ და ხელებს ვიმტვრევ ნერვიულობისგან. კარს არავინ აღებს, ჭიშკარიც დაკეტილია, მაგრამ აქედან გადაძრომა შეიძლება ეზოში, ავბობღდი და ერთი წუთის შემდეგ ეზოში ამოვყავი თავი, სახურავს ავხედე არავინ ჩანს, აქ ძაღლი რომ იყოს ანდა ოჯახის რომელიმე წევრმა დამინახოს, ალბათ პოლიციას გამოიძახებენ, მერე უმტკიცე რომ ადამიანის შველა გინდოდა და არა სახლის გაქურდვა. ხვეული კიბით მეორე სართულზე მოვხვდი და  შუშაბანდთან კარზე დავაკაკუნე, რა ღრმად სძინავს მთელ ოჯახს, კარს ოდნავ ვუბიძგე და გაიღო, სიბნელეში ხელებს ვაცეცებ რომ გზა გავიკვლიო, მალე თვალიც შეეჩვია სიბნელეს და ავეჯის კონტურები გავარჩიე, საძინებელში ვარ, რა უხერხულია ახლა თუ ვინმეს ძინავს აქ… არა საწოლი ცარიელია, ნამდვილად აქ იწვა ის გოგო, ადგა და სახურავზე ავიდა, ალბათ მთვარეულია, აივანზე გამოვედი ხვეული კიბით ასასვლელს მივაგენი. სახურავზე ფრთხილად მივაბიჯებ, ამ მხარეს ზედაპირი შიშველი და ციცაბოა, თუნუქზე ფეხის დაცურების მეშინია, საკვამურთან გოგონას ლანდი ზის და ქალაქის მთვლემარე ხედს გასცქერის, ვარსკვლავებივით ციმციმებს ქალაქის სინათლეები. შორიდანვე ვუხსნი რომ მეზობელი ვარ, სახურავზე დავინახე და დასახმარებლად ამოვედი, ხმას არ იღებს მერე ადგა და საპირისპირო მიმართულებით გააგრძელა სიარული, მე ბობღვით გავაგრძელე მოძრაობა მისკენ, ის ძალიან სახიფათო ადგილას დადგა მშვიდად, საუბარს აზრი აღარ აქვს, ხელი მკლავში მოვკიდე და გამოვწიე, მხოლოდ ახლაღა გავარჩიე მისი გაოცებული სახე, მოულოდნელად სხვა სამყაროში მოხვდა და ვერ გაერკვია რა ხდებოდა, ხმა არ ამოუღია.

“მეზობელი ვარ”  – ვამშვიდებ მე – “თქვენს დასახმარებლად ამოვედი, სახურავზე ხართ და კინაღამ გადავარდით” რა უცნაურია ეს სიტუაცია, მე ღამით, უცხო სახლის სახურავზე,  უცნობის გადასარჩენად, ამ ინფორმაციასთან შეჯახების პირველი რეაქცია შიში იყო. ფეხი დაუცდა და ახლა ნამდვილად გადავარდებოდა მე რომ არ დამეჭირა ძლიერად. ოდნავ წამოიყვირა და თავადაც ჩამეჭიდა მკლავზე, თვალებში გაოცება და შიში ქონდა, მე ვამშვიდებდი, მერე ხელჩაჭიდებულები, ძალიან ფრთხილად და ნელა ჩამოვედით სახურავიდან აივანზე, შემომხედა და მადლობა გადამიხადა.

თუმცა ყველაფერი ვუთხარი მოვლენების მოულოდნელად განვითარების გამო ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გაეცნობიერებინა – რა მოხდა, საიდან გაჩნდა სახურავზე, ან მე ვინ ვიყავი, საიდან აღმოვჩნდი იქ. აივანზე ნათურა აანთო რომ უკეთ დავენახე “იქნებ ეს კარი ჩაკეტოთ, რომ ისევ სახურავზე არ აღმოჩნდეთ!” ვურჩიე და წამოსვლა დავაპირე “ე.ი მთვარეული ვარ?!” ჩაილაპარაკა აკანკალებული ხმით “ერთხელ ჩემმა დამ მითხრა ღამე დადიოდიო და არ დავუჯერე”  “შევძლებ ჭიშკარი გავაღო?” “პირდაპირ ცხოვრობ? – შემეკითხა მოულოდნელად –  მგონი ფანჯრიდან დამინახიხარ აივანზე” “სიმართლე გითხრა, ჩემი მეგობარი ცხოვრობს იქ,  ხშირად ვარ ხოლმე მასთან” პირველი სართულისკენ გავემართე, ჭიშკრისკენ, რომ მეგობართან დავბრუნებულიყავი, მან კი ახლაღა შეამჩნია, რომ ღამის პერანგის ამარა იყო, “ერთი წუთით, ახლავე გაგიღებ კარს” მითხრა და სასწრაფოდ შეიჭრა ოთახში, მერე სალათისფერი  ხალათით  გამოვიდა და წასვლამდე ჩაი შემომთავაზა. როგორც ჩანს ამ უცნაური შემთხვევის გამო,  მარტო დარჩენასა და ძილზე ფიქრიც არ უნდოდა, ამიტომ სულაც არ უფიქრია რომ უცხო მამაკაცს ეპატიჟებოდა ცარიელ სახლში ღამის სამ საათზე. ის ღამე ჩაის სმასა და საუბარში გავატარეთ, მთვარეულებზე და სავსე მთვარის უცნაურ გავლენაზე ვსაუბრობდით, არასდროს დამილევია ამდენი ჩაი და არასდროს მისაუბრია იმდენი როგორც იმ ღამეს. რიჟრაჟი ჩუმად შემოგვეპარა, ფანჯრებში მზის პირველი სხივები შემოიჭრა და თეთრხელება მთვარეული მზეთუნახავის სახეს მოეფინა. ახლა კი ნამდვილად ვგრძნობდი თავს რაინდივით რომელმაც განსაცდელისგან იხსნა პრინცესა.

ჭიშკრამდე გამომაცილა, ქუჩა გადმოვჭერი და მეგობრის ბუნაგში დავბრუნდი, ეს უკანასკნელი ისევე იწვა როგორც დავტოვე და  ფშვინავდა, ვერც კი წარმოიდგენს რა გადამხდა თავს ამ ღამეს – გამეღიმა. ცოტა ხანს წამოვწექი, მაგრამ ძილი აღარ გამეკარა, ავდექი კვლავ აივანს მივაკითხე, სიგარეტი გავაბოლე და დიდ ხანს მწვანე სახლისთვის აღარ მომიშორებია თვალი. იდგა მწვანე სახლი, როგორც ქალაქში აღმოცენებული ველური ბუნების ეგზოტიური ხე, მე კი უკვე ვიცოდი ვინ ცხოვრობდა შიგნით და თამამად ვოცნებობდი მასზე.

7 thoughts on “მწვანე სახლი

  1. ასე მგონია სამეცნიერო ფანტასტიკა რომ წერო ძალიან, ძალიან კარგად გამოგივა… ისეთი პასაჟები გაქვს და რაღაც მომენტები… დამატყვევებელია კითხვის დროს

    Like

    • ჰო სამეცნიერო ფანტასტიკა კარგია, მიყვარს ეგ ჟანრი, და მცელობაც მქონდა დამეწერა რაღაც მარა ცოტა რთულიო გამოდგა, ყოველშემთხვევაში იმის დაწერა რაც მე მქონდა ჩაფიქრებული.

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s