ჩვენი წინაპარი ვარსკვლავები

ჩანთა მოვიხსენი და მიწაზე დავაგდე, მერე ფეხმორთხმით დავჯექი ასფალტზე, იარაღი გვერდიოთ მოვიდე, ქაღალდის შეკვრიდან ტყვიები გადმოვყარე და მჭიდის დატენვა განვაგრძე. არასდროს მომიკლავს კაცი, მხოლოდ სამიზნესთვის მისვრია. ომიც მარტო ფილმებში მინახავს და აი უცებ, მე, სამხედრო ფორმით, იარაღით და ტყვიებით. თუმცა ჯერ ფრონტზე არ ვარ, მაგრამ ალბათ მალე ვიქნები. აქეთკენ გზაში ყველა ხალისობდა, თითქოს ექსკურსიაზე მიდიანო, მე ვიჯექი ჩაფიქრებული და ვცდილობდი მომავლის წარმოდგენას. მეგობარმა შემჩნია ჩემი სიჩუმე და დამშვიდება დამიწყო ნუ გეშინიაო, არადა სულ არ მეშინოდა, უბრალოდ ვხვდებოდი რამდენად სერიოზულია, როცა იარაღი უნდა დაიკავო ხელში. მჭიდი გავტენე და იარაღს მოვარგე, ირგვლივ მწვანე ფორმიანი ჯეელები მოფენიან ყველაფერს, ბინდი წვება დედამიწაზე. ბრძანებას ველოდებით, მოშორებით, გზიდან სამხედრო ტექნიკის გუგუნი ისმის, შუქებ ჩამქრალი მიდიან განუწყვეტლივ, დრო მიიზლაზნება. ცივ და მაგარ ასფალტზე პირაღმა წამოვწექი, თავთან ჩანთა დავიდე და ცას გავცქერი, საღამოს პირველი “ვარსკვლავი”, ვენერა გამოჩნდა. სიმშვიდეს, რამდენიმე ჯარისკაცის ღრიანცელი არღვევს მხოლოდ, უმეტესობა, ხმადაბლა საუბრობს ან ჩუმად ზის ასფალტზე. ფეხებთან ვიღაც უცნობი მოკალათდა, სიგარეტს ასანთის ღერით მოუკიდა,  ღრმა ნაფაზი მოქაჩა და ცას ახედა, სიგარეტი ვთხოვე, მომაწოდა, მეც გავუკიდე და ცას მივაშტერდი: “დროზე თუ არ გადაგვიყვანეს ამ ბაზის ტერიტორიიდან ბომბები არ აგვცდება” -ამბობს უცნობი მშვიდად “რამდენიმე საათის წინ მტრის მოიერიშე ჩამოაგდეს ახლოს” “ბიჭო რაღაც ციმციმებს ხედავთ?”

წამოიძახა სხვამ და ხელი ცისკენ გაიშვირა, ვარსკვლავებს შორის წითელი მოძრავი წერტილი ციმციმებდა ზუსტი ინტერვალებით “ეგ სამოქალაქო თვითმფრინავია”- თქვა ისევ პირველმა “სამხედრო არ ციმციმებს” ცა ვარსკვლავებით მოიჭედა,  ჯერ არ ყოფილა ღამის ცა ასეთი ლამაზი და სახიფათო ერთდროულად, შეიძლება სისულელეა მაგრამ გავიფიქრე რომ საფრთხის მოლოდინი ერთი ორად ზრდის ცხოვრების რომანტიულ აღქმას. თუმცა მე მათსავით თავი ფილმის გმირად არ წარმომიდგენია, ერთი სული რომ აქვთ ისროლონ და ომობანა ითამაშონ, მაგრამ იარაღით ხელში, პოტენციური ავია დარტყმის ადგილას მაინც სხვანაირად უყურებ ღამის ცას, უკან დარჩენილ ჩვეულ დღეებს, ახლობლებს და ყველაფერ დანარჩენს. ნეტავ რას აკეთებს ის? ნერვიულობისგან გაყინულ თითებს იმტვრევს ალბათ და სახლში გამოკეტილი კედლებს აწყდება. ჯარისკაცები ომზე და პოლიტიკაზე კამათობენ. მე კი ცას გავცქერი, ღამის ცა ჩვენი მედიუმია, საერთო საიდუმლო, ოცნებების სავანე, მაგრამ პირველადაა ცა ასეთი სახიფათო და მკაცრი, ახლა მისი გონება ალბათ მხოლოდ ომზეა კონცეტრირებული, ვარსკვლავებისთვის არ ცალია, მე კი ვუყურებ მოჭედილ ღამის ცას ასე მშვიდად და ჩემ თავს ვეუბნები, ხომ შეიძლება აღარასდროს განმეორდეს ის დღეები? სასიამოვნო მოულოდნელობისგან ხელის გულები რომ გიოფლიანდება, სხეულში სიამოვნების ჟრუანტელი გივლის და საკუთარი თავის რეალიზებას სწავლობ სხვაში. პირველად მეგობრის აგარაკზე შევხვდი შემთხვევით, მეზობლად ისვენებდა, დავინახე მარტო მიათრევდა რაღაც დიდ ყუთებს და მივეშველე, გადმოცემით ვიცოდი რომ აქ ვინმე სათვალიანი “წიგნის ჭია” ისვენებდა ყოველ ზაფხულს. რომ ვკითხე რა არის ამ ყუთებში მეთქი მიპასუხა ტელესკოპიო. ასე გავიცანი ეს უჩვეულო ადამიანი, მაშინ რატომღაც ჩემთვის ცოტა ძნელი წარმოსადგენი იყო გოგო რომელიც ასტრონომიით იყო გატაცებული და ჩვეულებვრივი ქალური თემების წვრილმანები არ აინტერესებდა. ალბათ იმიტომ რომ ასეთს აქამდე არასდროს შევხვედროდი. სხვენში პატარა ობსევატორია მოაწყო, საერთო ენა როგორმე გამოვნახეთ, დავმეგობრდით, მე ასტრონომიაში ვერ ვერკვეოდი, მაგრამ მომწონდა მისი უჩვეულო ინტერესი, ბიჭებთან ურთიერთობაში ძალიან უშუალო და ზოგჯერ გულუბრყვილოც კი იყო, ამიტომ მასთან ჩვეული ტაქტიკა და თამაშები აზრს კარგავდა, რაშიც მიმაჩნდა რომ გამოცდილი ვიყავი,  მას ვერც ბანალური ქათინაურებით მოაწონებდი თავს და არც სხვა ისეთი სატყუარა აინტერესებდა რითაც გოგონების უმრავლესობა იკვებება. მისი არაორდინალურობა და ჩუმი მომხიბვლელობა მიბიძგებდა მეგობრობაზე მეტს ჩავბღაუჭებოდი, ამიტომ საჭირო იყო, სრულიად ახალი ტაქტიკის და გეგმის შემუშავება, მეც იმ ენაზე უნდა მესაუბრა, რაზეც თავად საუბრობდა. ასე ჩავერთვე ამ საინტერესო ექსპერიმენტში რომელიც მალე ნამდვილ გრძნობის მორევად მექცა. მარტინ იდენივით ვცდილობდი ჩავწვდომოდი მის ინტერესებს, და ჩემი ერუდიციის დონე ამემაღლებინა, თუმცა ისეთი უზარმაზარი უფსკრულიც არ იყო ჩვენს შორის მაგრამ საკმარისი იმისთვის რომ დავეკომპლექსებინე.

ცას ავხედე, არადა რა კარგი ამინდია დასაკვირვებლად, როგორც ყოველთვის დიდი დათვი ყველაზე კარგად ბრწყინავს. მარსისა და იუპიტერის დაკვირვებისთვის კარგი დროა. თუმცა რა სისულეებზე ვფიქრობ, ხელი იარაღის კონდახს შევახე. ვიღაცეები ისევ კამათობენ ომზე და პოლიტიკაზე, ზოგიც თავისთვის მიყუჩებულა, ერთ ჩემს მეზობელს ტყვია წამალის რკინის ცარიელ ყუთზე უდევს თავი და ტკბილად ჩასძინებია. როგორც ჩანს აქ მოგვიწევს ყოფნა მთელი ღამე. ტელეფონი სადღაც დამეკარგა იმ ალიაქოთში… არ მენაღვლება, მაგრამ ახლა დიდი სიამოვნებით დავათვალიერებდი ჩვენს ფოტოებს. ობიექტივის მიერ გაჩერებულ დაუვიწყარ წამებს და მთელი არსებით შევიგრძნობდი თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ხანდახან დროის შეჩერება.

მრავალი სიძნელის გადალახვის შემდეგ, მოვიპოვე მისი ყურადღება და სიყვარული ამაში სწორედ საერთო ინტერესები დამეხმარა, ასე დავუმეგობრდი ვარსკვლავებს… მას შემდეგ ასოცირდებიან ისინი ყველაფერთან რაც კარგია, იდუმალია, ძნელი მისაღწევი, მაგრამ საამო. ერთხელ, სხვენში ვიჯექით, ტელესკოპში მახედებდა, აღტაცებული და რომელიღაც ვარსკვლაზე მესაუბრებოდა, ბოლოს სიჩუმის შემდეგ მითხრა: “იცი ვარსკვლავები ჩვენი წინაპრები არიან” – “ეგ როგორ” გამეღიმა ირონიულად და გავიფიქრე მეტაფორულად ხომ არ მეუბნება თქო “არ გჯერა? – ჩვენ ვარსკვლავებში დავიბადეთ” ჩემს უცნაურ გამოხედვაზე გაიცინა და განაგრძო “ის ნივთიერებები რომლისგანაც ჩვენ ვართ აგებული, ვარკსვლავებში ჩამოყალიბდა, ჩვენ ვართ უძველესი ვარსკვლავის მტვერი რომელიც აფეთქდა და გაიფანტა.” “ჩვენ ადამიანები?” შევეცადე დამეკონკრეტებინა “ადამიანებიც და ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივაა… დედამიწა, ზღვები, მცენარეები, ცხოველები, ჰაერი…” “ჰმმ, ნამდვილად იცი?” გაეღიმა და თვალებით მითხრა რა სულელი ხარო “კი, ნამდვილად, ჩვენი ატომები თერმობირთვული სინთეზის შედეგია რომელიც ვარსკვლავის ბირთვში ხდება”

არ ვიცი რამდენი საათი გავიდა, კამათი მიწყდა, ერთმანეთის მიყოლებით მიიძინა ყველამ, მხოლოდ ალაგ ალაგ ისმის მოძრაობის ჩქამი ან ხმადაბალი ლაპარაკი. სიგარეტის მკრთალი სინათლე გაიელვებს სადმე. ცაზე დიდი დათვის ჩამჩისებური ფორმა კარგა მაგრად აყირავებულა, ცა ისევე მოკრიალებული და იდუმალია. ნეტავ როდის დავბრუნდები შინ? ან რა იქნება ხვალ? ვცდილობ წარმოვიდგინო მოვლენების განვითარების რამდენიმე ვარიანტი. წამოვჯექი მეზობლებს გადავავლე თვალი, ჩვეულებვრივ ძილთან ურთიერთობა მიჭირს, აქ მითუმეტეს, სადღაც ტრიალ ადგილას, ცივ მაგარ ასფალტზე გაშხლართულს, იარაღით აღჭურვილს, პოტენციურ ავია სამიზნეს რა დამაძინებს?…

მერე ვარსკვლავებს მივუბრუნდი, ომი და იარაღი გაქრა, გაქრა ტანკები, ჯარისკაცები ტყვიები, ყველა ბრძოლა თუ სისხლისღვრა რაც კი ოდესმე მომხდარა, მე ტელესკოპში ვუყურებდი ვარსკვლავებს მისი სხვენიდან, ის წიგნს კითხულობდა იქვე სავარძელში მოკალათებული და ჩაის სვამდა, ღამის სანათურის თბილი შუქი იღვრებოდა ოთახში, სარკმლიდან ტყის სასიამოვნო სიგრილე შემოქონდა ნიავს, ცაზე რძისფრად კაშკაშებდა გალაქტიკის ღერძი, უცებ ჩემს თვალწინ ორიონის თანავარსკვლავედში წითელი გიგანტი ბეტელჰეიზე აფეთქდა, მხრები გაშალა და ნაირფერი ნივთიერებების კოქტეილი მოაფრქვია ირგვლივ, ეს წარმოუდგენლად ლამაზი და ჯადოსნური სპექტაკლი იყო ცაზე, საოცარი პალიტრა, “აი ჩვენ დავიბადეთ იქ” წამოიძახა და სარკმელთან მოიჭრა აღტაცებული, მოულოდნელად ყველაფერი გაქრა ოთახი, სარკმელი, ტელესკოპი, დედამიწა და ჩვენ ვარკსვლავებს შორის ვიყავით, როგორც იმ ფერთაგანი, უდიდესი ფერმწერის, ბუნების პალიტრაზე, ეს იყო დაბადება. ყველაზე უცნაური და საამო გრძნობა, რაც კი ოდესმე განმეცადა. ჩვენ ცნობიერების და ნეტარების მიღმა აღმოვჩნდით, მერე კი მოვლენები სწრაფად განვითარდა, ფიზიკური სხეული დამიბრუნდა და სადღაც უფსკრულში გადავეშვი. ვარდნის შეგრძნება ისეთი რეალური იყო რომ წამოვხტი… უჰ ისევ აქ ვარ… ასფალტზე წოლისგან წელი მტკივა… ჩამძინებია… ოღონდ ახლა აქ არ გამღვიძებოდა და… უკვე რიჟრაჟი მოახლოებულა, ცას უსიამო ნაცრისფერი ედება, ვარსკვლავები აღარ ჩანან, მხოლოდ ვენერა, ცისკრის ვარსკვლავი ბრწყინავს. სამარისებური სიჩუმეა, ჩიტებიც კი არ ჟღურტულებენ არსად,  ყველას მკვდარივით ძინავს… ფშვინვაც კი არ ისმის, ჩემს მეზობელს კვლავ ტკბილად უდევს თავი რკინის ყუთზე… კიდევ მინდა დავიბადო, ვცდილობ წავთვლიმო, თვალები დავხუჭე და წარმოდგენებს ვებღაუჭები, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ საოცარი სამყაროს კარი გამიღო. ის ის იყო კვლავ თვლემაში უნდა წავსულიყავი რომ საშინელი გრუხუნის ხმა გავიგე, მერე ჰაერის ძლიერმა ტალღამ დამარტყა… ამის შემდეგ აღარაფერი არ მახსოვს… გონს რომ მოვედი, ამ მოვლენებიდან ხუთი დღე გასულიყო, საავადმყოფოს პალატაში ვიწექი და გარს ახლობლები მეხვია. მერე ვიფიქრე და მივხვდი რას ნიშნავდა ვარსკვლავში მეორედ დაბადება.

 

6 thoughts on “ჩვენი წინაპარი ვარსკვლავები

    • მადლობა…
      რჩეულები კარგა ხანია გასაახლებელია, იმის მერე ბევრი უკეთესი რამე გამოვიდა და არ ჩამისვამს…
      განვაახლებ მალე (ალბათ)

  1. გამოხმაურება: აპოკალიფსის ახალი სცენარი- ორი მზე ცაზე |

Leave a reply to michael კომენტარის გაუქმება