(არა)საახალწლო პოსტი

ბახ!.. ბახ… რამდენიმე საათი დარჩა ახალ წლამდე, ბავშვებს ერთი სული აქვთ ააფეთქონ რამე. პრინციპში უკვე ბოლო ერთი თვეა ბრახაბრუხი და ტკაცატკუცი არ წყდება. სულ რამდენიმე საათი და 2011 დადგება. მართალია საახალწლოდ უარყოფით ემოციებზე არ უნდა ვსაუბროდე, მაგრამ ის კი მართლა ცუდია როცა საახალწლო განწყობა ყველა შკალაზე ნულს აჩვენებს. თუ შარშან და წინა წლებში 0,001-ზე მაინც ადიოდა, ახლა აბსოლიტური ნულია, განა იმიტომ რომ ახლა ცუდ ხასიათზე ვარ ან რაიმე განსაკუთრებული ცუდი შემემთხვა, არაფერი სრულიად. ერთი ჩვეულებვრივი დღეა, ისეთივე როგორც დანარჩენი 364 იყო. პრინციპში რითი უნდა იყოს განსაკუთრებული თოვლის ბაბუის აღარ მჯერა დიდი ხანია. არც ნამდვილ თოვლის ბაბუას ველოდები და არც მის ფორმაში გამოწყობილ ახლობელს საჩუქრით ხელდამშვენებულს. არც რაიმე განსაკუთრებულ წვეულებაზე თუ საღამოზე მივდივარ. არც სადმე დასასვენებლად, განსაკუთრებული განწყობის მიზეზი რომ მქონდეს. დიდი ხანია უკვე აღარც ბედის, “კაი ფეხის” და მეკვლის მჯერა. აღარც ფუჭი იმედები გამოჩენილან ჰორიზონტზე დიდი ხანია. ყველანაირი წარმატება მხოლოდ მონდომების და შემთხვევითობის პრუდუქტია, ჰოდა რაღა დარჩა ახალი წლისგან? ნაძვის ხე, ბრჭყვიალა სათამაშოებით და სინათლეებით, ტკაცატკუცი, ბრახაბრუხი ქუჩაში და დალევის კიდევ ერთი საბაბი. რია რია მისვლა მოსვლა, ნაბახუსევზე თავის ტკივილების სერიალი. მითუმეტეს ბოლო დროს ისეთი ამინდები იყო ოქტომბრის შუა რიცხვები უფრო გეგონებოდა ვიდრე დეკემბრის ბოლო. ახალ წელს მხოლოდ ტკაცატკუცი, ნაძვის ხეები და ბრჭყვიალა საგნების სიმრავლე მახსენებდა, მე კი ძალიან ჩვეულებვრივ ფიქრებს მოვეცვი – რა მალე გადის დრო, დიახ რა მალე გადის დრო! არ ჯობია ახლა ახალი წლის მაგივრად ისევ სექტემბერი ან ოქტომბერი იყოს? ან სულაც ზაფხული. ახალი ათწლეული იწყება, ცოტა მაშინებს ეს, იმიტომ რომ უკან რომ მოიხედავ თითქოს მთელმა ათწლეულმა შეუმჩნევლად გაიარა… ბევრი ვერაფერი მოასწარი და უკვე მთელი ათწლეული დასრულდა.

თუმცა რა ვიცი თქვენ რა დააშავეთ? გილოცავთ ახალ წელს და კარგ გართობას გისურვებთ! ნუ იქნებით ჩემნაირად ჩვეულებვრივად განწოყბილნი!

P.S: ჰო ეს მინდოდა რომ მეთქვა, მეტი არაფერი