უკან ბუნებისკენ!

სახეზე ჰაეროვანი ქალღმერთის კოცნასავით მეხება ნიავი, მზის დამაბრმავებელმა დისკომ ქუთუთუებს მიღმა გააგრძელა ბრდღვიალი. თვალი გავახილე, სილურჯის ზღვაში ქათქათა კუნძულები გაწოლილან ცის თაღზე. ზენიტში ქორი ირაოს აკეთებს გაშლილი ფრთებით. მზე დასავლეთით გადახრილა ოდნავ, ისე აცხუნებს რომ ჩემი კლდოვანი საზურგე გახურებულა, სახე ალბათ დამწვარიც მაქვს მაგრამ ვერაფერს ვგრძნობ ძალიან მსიამოვნებს მზესთან განმარტოება. ჩემს ზემოთ მხოლოდ ცა და მზეა, ყველაფერი დანარჩენი კი ქვემოთ. აგერ ჩემ ფეხებთან ორიოდე სანტიმეტრში უფსკრული გაწოლილა, კლდის ქიმებით, კიდეებზე ჩამოკიდული ფესვებ ამოყრილი ხეებით, უფსკრულის ქვემოთ ნაკადული მოჩხრიალებს სადღაც, იქვეა ხეები, აუარებელი სიმწვანე, ტყე, ამ ყველაფერს კი მთების ჯარი არტყავს გარშემო. მე სავარძლის ფორმის კლდის ქიმზე ვზივარ და უზარმაზარი სივრცეები გადაშლილა ჩემს ირგვლივ.

უჰ ნეტავ ასე დავრჩებოდე დიდ ხანს, ჩემი ყოველდღიურობის უსწორმასწორო ნაპრალებიან ზედაპირს, შინაგანი სიმშვიდის ოკეანე ავსებს. აი იდეალური ადგილი, სადაც არ უნდა გაიხედო ვერსად დაინახავ ადამიანის ნაკვალევს. არ ჩანს ქალაქის უშნო ხედები, შენობები, გზები. აქ სულ მთები მთები და სივრცეებია, მთებზე შეფენილი ტყეები და ლურჯად გადაწოლილი ვეება ცის თაღი, რომელშიც ლაღად ნავარდობენ ფრინველები. აი ასეთ სასიამოვნო და ამაღელვებელ გრძნობებს მოვეცვი, არაფერი მახსენებდა მოყირჭებულ ცივილიზაციის რიტინულ ყოფას და ჩემი განწყობით ჯანდაბაში ვაგზავნიდი ყველანაირ სოციალურ აუცილებლობას, უცებ მობილურ ტელეფონს რომ არ შეეხსენებინა, მისი არსებობა. “ფუი თქვენი”- ჩავიბურტყუნე უკმაყოფილოდ და ვუპასუხე. “თქვენი ბენეფიციარი გახლავართ” ჯანდაბას შენი თავი, როგორ მკიდია ფეხებზე ახლა ხომ არ იცი, ასეთი არასოციალური არასდროს ვყოფილვარ, მოკლედ და გაუკრვევლად ვუპასუხე კითხვაზე, ისე რომ ნორმალურად გარკვევა არც ვაცადე, შემდეგ შევახსენე შვებულებაში ვარ და ნუღარ შემაწუხებ-მეთქი. ტელეფონს ისევ ჯიბეში მივუჩინე ადგილი. დიდი ხანია ასე ჰარმონიულად და მშვიდად არ მიგრძვნია თავი, მიუხედავად იმისა რომ ნასვამი ვიყავი, დღეს მეორედ, უკვე მარტოდ ამოვედი ამ შესანიშნავ ადგილზე, მეგობრებმა ბანაკში სმა გააგრძელეს, მე კი მზესთან შესახვედრად გამოვეშურე, შესანიშნავი ადგილია განმარტოებისთვის. თუმცა ამოსვლა საკმაოდ გამიჭირდა, ნასვამი ოფლში გაწურული და ძალა გამოლეული მოვფორთხვავდი ციცაბო ბილიკებზე, ოცდაათჯერ მაინც შევისვენე. მაგრამ ეს პროცესი მაინც სასიამოვნო იყო, სასიამოვნოა როცა დაბრკოლებების  მიუხედავად თამამად მიიწევ მიზნისკენ, მიზანი კი შესანიშნავი ხედებით დამშვენებული განმარტოებაა, რომანტიკის მწვერვალი. თუმცა მწვერვალამდე არანაკლებ სასიამოვნო იყო ჯერ კიდევ ტყის წიაღში დასვენება, ოფლში გაწურული ნაკადულთან შევჩერდი წყალი შევისხი გაოფლილ სახეზე და ხის ძირას ჩამოვჯექი, ხის უზარმაზარი ტანი გარკვეულ სიმაღლეზე ოთხმოცდაათი გრადუსით იხრებოდა და უშველებელი ჰორიზონტალურად გაწოლილი ტოტებით რამდენიმე  დერეფანს ქმნიდა, ხეზე ავედი და საკმაო სიმაღლეზე უზარმაზარი, დაბურული წამოსაწოლი ადგილიც კი ვნახე. ამაზე სასიამოვნო იმ წუთს არაფერი შეიძლება მომხდარიყო, ნაკადულის წყლით გამოცოცხლებული საკმაოდ კომფორტულ ადგილას მოვკალათდი, ტყის გრილ ჰაერს ხარბად ვსუნთქავდი და სრულ სიწყნარეში მეჩვენებოდა რომ ბუნებას იმდენად ვერწყმოდი, როგორც იმ ხავსის სილამაზე ნაკადულის პირას რომ მოსდებია რუხ ლოდებს. ოჰ თუნდაც ათასი წელი ვიწვებოდი ამ ხეზე ასე კომფორულად, რომ არა იმ კლდეზე ასვლის შეურყეველი მიზანი. აქ ყველაზე ცუდი ის შეიძლება გაგახსენდეს რომ ადამიანები არსებობენ, რომ აქვთ ყუთები სადაც ცხოვრობენ ყუთები სადაც მუშაობენ, ადამიანები რომლებსაც არაფერი ესმით ბუნების. აი აქ ხვდები რა ნაგავია ადამიანთა სამყოფელო, საზოგადოება, ოფისი, სამსახური. მზის სხივები ტოტებში სვეტებად იბნეოდა, შუა დღის თვლემას მისცემოდა ტყე, ჩიტების მსუბუქი გაფრთხიალება ისმოდა ხანდახან. ნახევარი საათის შემდეგ ვაიძულე თავი დამეტოვებინა ეს კომფორტული ადგილი და მხნედ შევდგომოდი აღმართს.

ცის კიდის ცისფერ ზღვაში თეთრი მკრთალი მთვარის სილუეტი ტივტივებს და შეუმჩნევლად სულ უფრო მკვეთრი ხდება. რამდენ ხანს ვიყავი ასე ტრანსცენდეტული მედიტაციის მდგომარეობაში არ ვიცი, მზის მცხუნვარებამ ჩემ სახეზე იკლო. დასავლეთით ცის ქათქათა კუნძულები სისხლისფრად გაბრწყინდა, მაორის ლეგენდა გამახსენდა ეს ხომ დედამიწაზე გამიჯნურებული ცის სისხლია. წვიმა კი მისი ტირილი. დადებითად დავიმუხტე განმარტოების რომანტიკით, მზე ჰორიზონტში ჩაიმალა დროა ბანაკისკენ დავიძრა, წამოვდექი და ნელა დავიწყე მაღლობიდან ჩამოსვლა. ისევ იმ ხესთან და ნაკადულთან შევჩერდი და კიდევ ერთხელ გავიგრილე სახე წყლით. მერე ისევ იმ ხეზე ავედი და კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი არე მარეს, დასავლეთით, არც ისე შორს ფერდობის დასაწყისში კლდეში დიდი გამოქვაბულს დაუფჩენია პირი. სანამ კარგად ჩამოწვება ბინდი კი უნდა მოვასწრო მანამდე ბანაკში მისვლა, ვნახავ გამოქვაბულს და უკან დავბრუნდები, თან არც არაფერი მაქვს ფარნიანი ტელეფონის გარდა, მაგრამ გზას აუცილებლად გავიკვლევ. დასავლეთით გადავუხვიე, ჯერ კიდევ შარშანდელი შემოდგომის ფოთლების ხალიჩაზე მივაბიჯებ, შიდა ფენა ნესტიანია, აქ ხომ მზის სხივები ძალიან ცუდად აღწევს, ღრმა ხევს წავაწყდი ძალიან მოუხერხებელი გადასალახია, ხევს სამხრეთისკენ გავუყევი და კარგ ჩასასვლელს მივაგენი ნაკადულზე, გაღმა რომ გავედი, გამოქვაბული ისევ გამოჩნდა, ამჯერად მივხვდი რომ არც ისე ახლოს იყო და თვალმა მომატყუა, მაგრამ  შუა გზიდან უკან დახევაც დამეზარა  და ისევ გავუყევი გზას. სინათლემ სულ უფრო უკლო და ბოლოს ისე ჩამობნელდა რომ ჩემი ტელეფონის ფარნით გავანათე გზა. ჭრიჭინამ არ დააყოვნა და სადღაც ყურის ძირში ჩართო ღამის აუცილებელი ხმოვანი გაფორმება, კიდევ კარგი ძალიან არ ბნელა, ხეების კენწეროებს სავსე მთვარე დანათებს. ცოტა შემეშინდა რომ დამიღამდა, ტელეფონს ქსელთან წვდომა არ აქვს თუმცა ნათელი ღამის იმედად გზა განვაგრძე, ფერდობს კი მივადექი, მაგრამ ისეთი ციცაბო და მიუდგომელი იყო რომ აღარ შევეჭიდე, ღამეა უკვე, ვინ იცის მეძებენ კიდეც, აქ ბღოტიალს ბანაკში დავბრუნდები, უკან გამოვუყევი გზას, მგონია რომ ისევ იმ გზაზე მოვდივარ რომლითაც წამოვედი, მაგრამ ორი საათის შემდეგაც კი არ წავაწყდი ხევს, იმ  მთავარ ორიენტირს რომელიც აქეთკენ მომავალმა გადავლახე. ცოტა ავნერვიულდი, მაგრამ არ დავბნეულვარ, ადვილად ასასვლელ ხეს ან შემაღლებულ ადგილს დავუწყე ძებნა, რომ არე მარესთვის მომევლო თვალი და რაიმე ნაცნობი ორიენტირის მეშვეობით დამედგინა მარშუტის სწორი ტრაექტორია. ხეზე ავძვერი, ბრდღვიალა მთვარის ფონზე კარგად გავარჩიე მახლობელი მთები, მაგრამ ვერაფრით მივხვდი სად ვიყავი ან საით უნდა წავსულიყავი. ინტუიცია მკარნახობს რომ ჩრდილო აღმოსავლეთი მარცხენა მხარესაა, ამიტომ აქეთ ვივლი, არც დანა მაქვს არც რაიმე იარაღი არც მხარეები ვიცი, კომპასი მაინც მქონდეს. ტელეფონს ისევ არ აქვს წვდომა ქსელთან, ღამით ტყეში მცირე ჩქამიც კი ყურადღებას იქცევს, მთვარე ღრუბლებში იმალება და ტყეში უკუნეთი ისადგურებს. რამდენიმე საათის წინ რომ მზე აცხუნებდა ახლა აცივდა. არც ისე რომანტიულია ასეთი თავგადასავალი. სრულიად ალალ ბედზე მივდივარ, სადმე გაშლილ ადგილზე მაინც გავიდე, ნეტავ ცეცხლი დავინახო შორიდან. თან საშინლად მომშივდა. ტყე ახმაურდა, თითქოს აღშფოთებული ხეები წამოიშალნენ, ატეხეს ჩოჩქოლი, შრიალი, გათოშილმა ქარმა წამოუბერა, ცა წამიერად გაბრდღვიალდა განრისხდა ზევსი და საშინელი ხმით დაიღრიალა. თითქოს ელვის სამჭედლოში ჩამოკიდებულ მზეს ჩამრთველიდან ციმციმი დაეწყოს ისე ბრწყინდებოდა წამიერად, აღელვებული დედამიწა.

მსხვილი თქეში წამოვიდა ციდან და მისი ხმა ტყის ხმაურს შეერწყა, ახლა გასაგებია რატომ აღმერთებდნენ ადამიანები ბუნების მოვლენებს, რადგან ახლაც კი 21-ე საუკუნეში, ტყეში დაკარგული ისე უსუსურად ვგრძნობ თავს ისე ვძრწი ზევსის წინაშე თითქოს სულ არ ვიცოდე რომ ეს ჩვეულებვრივი ბუნებრივი მოვლენებია და არა განრისხებული ჭექა ქუხილის ღმერთი. ახლა კარგად მესმის ძველი ხალხის, ო ზევს შემიწყალე. მაგრამ ზევსი კიდევ უფრო განრისხდა. დიდი ხის ძირას ჩამოვჯექი და ვფიქრობ დავიცადო აქ დილმადე თუ გავაგრძელო გზა, რა კარგია სახლში თბილად და კომფორტულად სავარძელში წიგნის კითხვა, ან თუნდაც რაიმე უაზრო ფილმის ყურება, თვალწინ კომფორტული დივანის ლანდი მიდგას, ტელეფონის ბატარეამ უკანასკნელად გაიბრძოლა და ჩაქრა. სრულ უკუნეთში ვარ სადაც ბუნების ძალებს სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართავთ. არა ასე დილამდე ვერ ვიქნები, უნდა ვიარო, ხან ხელის ცეცებით ხან ფორთხვით მივდივარ სადღაც, საშინლად დავიღალე და სასოწარკვეთილება მეუფლება. რა სულელი ვარ სად მოვდიოდი, რამდენჯერმე ფეხი დამიცურდა და ტალახში მოვადინე ზღართანი. ორჯერ ბუჩქებში გავიხერგე და მთელი სხეული დავიკაწრე, მუხლები და იდაყვები გადავიტყავე, ვგრძნობ თბილი სისხლის წვეთებით როგორ მისველდება ტანისამოსის ნარჩენები, მერე როგორც იქნა ტყე მიჩუმდა, დაწყნარდა, წვიმამ გადაიღო, ცის რომელიღაც კიდიდან მოდიოდა ელვის ციმციმი და შორეული გრუხუნი, ცოცხალ მკვდარი ძალიან დიდ ხანს მივდიოდი სადღაც, მერე ძალა აღარ მეყო და ძირს გავიშოტე. შიმშილს, სიცივეს, დაღლილობას, ტკივილს ვეღარც კი ვგრძნობდი, მხოლოდ უძლურებისგან წარმოქმნილ სასოწარკვეთილებას მოვეცვი. უკანასკნელ ძალებს ვიკრებ და მივფორთხავ. ტყე საბოლოოდ დამშვიდდა მაგრამ რაღაცის შრიალის ხმა ისმის, ალბათ ქარია, მაგრამ არა, ქარიც ჩადგა, ეს ნაკადულის პატარა ექოა, ხმას მივყვები და ვოცნებობ რომ სწორედ ის  ნაკადული აღმოჩნდეს, ჩემი ორიენტირი. ნაკადულს მივაღწიე, სულ ბოლოს კი რამდენიმე სინათლის ციმციმიც შევამჩნიე.

მეგობრებმა მიპოვეს გონ დაკარგული ბანაკის ახლოს. ნაკაწრები და დაზიანებები სერიოზული არ გამოდგა, რამდენიმე ჭრილობა შევიხვიე და პირველადი სამედიცინო დახმარებაც მივიღე.  რაც მთავარია, უფრო წინდახედული კი გავხდი ბუნებასთან ურთიერთობაში. – ჩვენ ისე ვართ სოციალურ მანქანაში ჩაჭედილები რომ მარტოდ დარჩენილი ბუნების წინაშე სრულიად უძლური ვხდებით.

10 thoughts on “უკან ბუნებისკენ!

      • არც დაიკარგები,როდესაც კარგი ინტუიცია და ორიენტაცის უნარი გაქვს.
        ”შიმშილს, სიცივეს, დაღლილობას, ტკივილს ვეღარც კი ვგრძნობდი, მხოლოდ უძლურებისგან წარმოქმნილ სასოწარკვეთილებას მოვეცვი”—ეს მომეწონა(სადისტი არ ვარ.🙂 )

        Like

      • ორიენტაცის უნარი და ინტუიცია კარგია მაგრამ, მხოლოდ მაგის იმედად ვერ იქნები მასეთ ადგილზე, დიდი შანსია რომ ვერ გიშველის ვერც ერთი.

        Like

  1. რამდენი ხანია ბუნებაში არ ვყოფილვარ. მარტო იქ ვხვდები ხოლმე, რომ მასთან კონტაქტი მაქვს დაკარგული. ახლა ამ პოსტმა გამახსენა🙂

    ძალიან კარგი იყო🙂

    Like

  2. ზღვა ზღვა ზღვა
    ჰაერი
    მზე
    ჰაერი
    ჰაერი
    ზღვა ზღვა ზღვა

    კარგი ბლოგია, აქამდე ნანახი უნდა მქონოდა.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s