ტერმინატორი

უდაბურ ველებზე სინათლე ბნელს შეუმჩნევლად ერწყმის, მოწითალო დაისი წევს ჰორიზონტზე. მნათობის  სხივების მოიასამნისფრო მეწამული შუქი სუსტად იფატნება ღრუბლების ღრიჭოებში.  ცის სხვა კიდეში ვარსკვლავები კიაფობენ. ქარი ბოგინობს გაშლილ სივრცეებში, სიმარტოვის და უდაბურების ჩრუჩული დაძრწის ირგვლივ. მტვრის ქარიშხლები და ბუნების იშვიათი წყალობის მოლოდინი, უსაშველოდ გაწელილი გზა – ეს პეიზაჟი გაყინულა მოგზაურთა ასობით თაობათა მეხსიერებაში. ფორნებში მამრები ჩაბმულან და მიათრევენ ცხოვრების ჭაპანს, ქარავნები მიყვება დაისს.  მტვერში მოთხვრილი ფეხშიშველა მოგზაურები მიუყვებიან ცხოვრების  უგრძელეს გზას. დედებს პატარები ზურგზე მოუკიდიათ, მოზრდილები ფეხებთან მიყვებიან უკან, თვალები მტვრით ივსება, სხეული მოქანცულობით. ქარავანი ჰორიზონტისკენ მიიწევს ბუნების მცირეოდენი წყალობის იმედით, არ უნდა დაკარგოს ოქროს შუალედი, ტერმინატორი, ღმერთების შერიგების და წყალობის ადგილი, რომელიც ნელა მიცოცავს ამ უზარმაზარ მიწაზე, აქ გზის ბოლო იგივე გზის დასაწყისია, ასე ტრიალებს წრეში მუდამ, მიდის მნათობი და მიყვება ხალხი.

Continue reading