ტერმინატორი

უდაბურ ველებზე სინათლე ბნელს შეუმჩნევლად ერწყმის, მოწითალო დაისი წევს ჰორიზონტზე. მნათობის  სხივების მოიასამნისფრო მეწამული შუქი სუსტად იფატნება ღრუბლების ღრიჭოებში.  ცის სხვა კიდეში ვარსკვლავები კიაფობენ. ქარი ბოგინობს გაშლილ სივრცეებში, სიმარტოვის და უდაბურების ჩრუჩული დაძრწის ირგვლივ. მტვრის ქარიშხლები და ბუნების იშვიათი წყალობის მოლოდინი, უსაშველოდ გაწელილი გზა – ეს პეიზაჟი გაყინულა მოგზაურთა ასობით თაობათა მეხსიერებაში. ფორნებში მამრები ჩაბმულან და მიათრევენ ცხოვრების ჭაპანს, ქარავნები მიყვება დაისს.  მტვერში მოთხვრილი ფეხშიშველა მოგზაურები მიუყვებიან ცხოვრების  უგრძელეს გზას. დედებს პატარები ზურგზე მოუკიდიათ, მოზრდილები ფეხებთან მიყვებიან უკან, თვალები მტვრით ივსება, სხეული მოქანცულობით. ქარავანი ჰორიზონტისკენ მიიწევს ბუნების მცირეოდენი წყალობის იმედით, არ უნდა დაკარგოს ოქროს შუალედი, ტერმინატორი, ღმერთების შერიგების და წყალობის ადგილი, რომელიც ნელა მიცოცავს ამ უზარმაზარ მიწაზე, აქ გზის ბოლო იგივე გზის დასაწყისია, ასე ტრიალებს წრეში მუდამ, მიდის მნათობი და მიყვება ხალხი.

-ჰაეეეე ჰაეეეე….  -ბგერები იფანტება ქარში, ბელადი მოგზაურებს ამხნევებს, ალბათ სადღაც ახლოა მომავალი ბანაკის ადგილი. ახალი საცხოვრებელი, მერე კვლავ მოვა  დრო და სიცოცხლის მდინარება ისევ  გაყვება დაისს.

იქნება ისევ ტკივილიანი და მძიმე გზა, განრისხებული ღმერთების სასჯელი და წყევლა რომელიც დამარცხებულებს ერგო სამუდამოდ.

ტ-ს ფეხი სტკივა, მაგრამ თამამად მიყვება ბელადს უკან, ის მომავალი წინამძღოლია, ჯერ სულ მთლად ბავშვი, თუმცა იცის რომ წინამძღოლმა არ უნდა დაიჩივლოს. არავის უნდა ანახოს სისუსტე და ტკივილი. მაგრამ როდემდე? ნეტავ თუ ოდესმე ვინმეს უფიქრია ქვესკნელის ღმერთთან შებრძოლება და ძველი მიწის დაბრუნება? კი მაგრამ როგორ? როგორ უნდა გაფრინდე იმ ვარსკვლავზე? ვინმეს კი წარმოუდგენია ეს? “ისევ ღმერთები გავხდებით და ვიცხოვრებთ მიწაზე სადაც დიდი მნათობი ყველაფერს აკაშკაშებს და არ წვავს, სადაც წყვდიადი არ ყინავს ხალხს და ვიცხოვრებთ წალკოტში, სადაც უამრავი სარჩო  იქნება.”

აი დროებითი სამკვიდროც, მოაწყობენ აქ სახელდახელო საცხოვრებლებს, მოიპოვენენ მცირეოდენ საკვებს, მერე ჯვალოებში გაეხვევიან და დაიძინებენ, ტ-ს ფეხის ტკივილმა არ მოასვენა, საშინელი დაღლილობის მიუხედავად ვერ დაიძინა, კარვიდან გამოვიდა, შესასვლელთან დაჯდა, მოიასამნისფრო გადაკრავს შორეულ ღრუბლებს, მეწამული დაისი, თითქოს ჯადოსნურ ცეცხლოვან თასს მალავს ჰორიზონტი.  ქარი აფრიალებს ტ-ს თმას და კარვების თხელ მატერიას. იქ სადღაც შავ ჩრდილად, მნათობის სუსტი სინათლის კვალზე მუხლებზე დაცემულა მამა ბელადი  და ლოცულობს, ხან ჩუმად და ხანაც ხმამაღლა აღმოხდება ვედრების ამოძახილი, გამყინავ ხმაზე და ქარის ზუზუნზე გული უწვრილდება ტ-ს.

მოლოდინი და მდუმარება, მერე ისევ ლოცვა და ვედრება…

ბოლოს:

–        რატომ არ გძინავს?
–        ვერ ვიძინებ, ფეხი მტკივა…
–      …..
–        როდემდე დავრჩებით აქ?
მოხუცი შვილს გვერდით მიუჯდა, კოჟრიანი დამჭკნარი თითი ცისკენ გაიშვირა:
–        კაშკაშა ვარსკვლავის გამოჩენამდე
–        კაშკაშა ვარსკვლავი როდის გამოჩნდება?
–        როდესაც მკრთალი ვარსკვლავი, ჰორიზონტს გადაცდება, – ისევ გაიშვირა თით ცისკენ და ტ-მ მოციმციმე მკრთალი ვარსკვლავი დაინახა.
–        იქ  ცხოვრობდნენ ღმერთები?

–    მათ თვალწარმტაც მიწაზე ძალიან ბევრი ღმერთები გაჩნდნენ –  დაიწყო ბელადმა დინჯად – მიწა არ ყოფნიდათ და ომი ატეხეს ერთმანეთში, ცეცხლის და უკუნეთის ღმერთებმა გაიმარჯვეს  დამარცხებულები დაწყევლეს და მიწა წაართვეს, ჩვენი წინაპრები იძულებული გახდნენ აქ გამოქცეულიყვნენ გრძელ ცივ ღამიან და ცეცხლოვანი დღეების მიწაზე სადაც არსებობა ასე ძნელია. და რადგან დაწყევლილნიც იყვნენ, თანდათან დაკარგეს ღვთიური შესაძლებლობები  და მთლიანად განკაცდნენ, დაკარგეს  ცოდნა სამყაროზე, დაკარგეს ფრენის უნარი… იმ მიწაზე წალკოტი ყოფილა, დღე ისეთი მწველი არ იყო როგორც აქ, არც ღამის სიცივე კლავდა კაცს, ამიტომ არ ჭირდებოდათ დაისისკენ სიარული, ყველას თავის მკვიდრი ადგილი ქონდა.  იმათი ასი დღე აქაურ ერთ დღეს უდრიდა. იყო ყველაფერი ლამაზი და ნოყიერი.

–        ღამე და დღე რას ნიშნავს?
–        ღამე ბნელია, დღე ნათელი, დღისით მნათობი აკშკაშებს ირგვლივ ყველაფერს
–        ჩვენთან რატომ არაა ეგ, წყევლის გამო?

–        თუ დიდ  ხანს ივლი იქეთ – კოჟრიანი თითი დაისისკენ გაიშვირა,-  დღე გახდება, მნათობი გააბრწყინებს ყველაფერს ირგვლივ მაგრამ ამ მიწაზე მნათობი ისეთი მწველია რომ ცეცხლი მოგედება და მოგკლავს. თუ უკან წახვალ, სრული უკუნეთი ჩამოწვება და გაიყინები… იქ ისე სწრაფად ცვლიდა დღე და ღამე ერთმანეთს. რომ მნათობს ვერც კი დაეწეოდი…

.   .   .   .    .   .    .    .

–        მალე დაწექი – უთხრა მოხუცმა და კარავში შევიდა. ცაზე ურჩხულები და ღმერთების ბრძოლა ისახებოდა, ცეცხლოვანი მნათობის სუსტი სხივები ათასფერი შუქ ჩრდილით აფორმებდა სცენას. ბნელ კიდეში სუსტად ციმციმებდა მკრთალი ვარსკვლავი. ტ-ი ღმერთების მიწაზე ოცნებობდა, იქ სადღაც სამოთხე და წალკოტია. დიდ ხანს უჭვრეტდა მკრთალ ვარსკვლავს მერე კარავში შევიდა და მაშინვე დაეძინა, ესიზმრა ბანაკი დაეტოვებინა მარტოდ მარტოს და მნათობისკენ მიდიოდა, თანდათან ბრწყინდებოდა არე მარე, სულ უფრო კაშკაშა ხდებოდა ცა და მიწა, თვალისმომჭრელი სინათლე აბრმავებდა, მაგრამ ჯიუტად მიიწევდა სულ წინ და წინ, მიდიოდა და მიდიოდა, კანი ეწვოდა წარმოუდგენელი მხურვალებით, ირგვივ ისეთი ბრწყინვალება იყო რომ ვეღარაფერს ხედავდა, უცებ შეიკრა ფერად ფერადი წრეები და ბრწყინვალე გვირაბიდან ცეცხლის ღმერთი გადმოვიდა, შეუქო შეუდარებელი სიმამაცე და წინაპრების დარად საღმრთო ძალები დაუბრუნა. ბოლოს იყო ფრენის შეგრძნება და უზომო ბედნიერების განცდა უძველესი წინაპრების მიწაზე დაბრუნების მოლოდინში…

მერე კი როგორც სიზმართა უმეტესობა ყველაზე სანუკვარი მომენტის წინ უსამართლოდ შეწყდა. ისევ იქ იმ მტვრიან და სასტიკ რეალობაში. ხალხი საშოვრისკენ ყაყანით ეშურებოდა. ჰორიზონტი ურჩხულებისგან დაწმენდილიყო, მაგრამ როგორც ყოველთვის იწვა გარინდებული ცეცხლოვანი დაისი, უკან კი სხვა კიდეში ისევ ციმციმებდა შორეული ვარსკვლავი  -მზე.

2 thoughts on “ტერმინატორი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s