The Pale blue dot (fairy tale)

იყო და არა იყო რა იყო ერთი პატარა მკრთალი ლურჯი წერტილი, ამ წერტილის ზედაპირზე იყო კიდევ ერთი ნამცეცა წერტილი, რომელთანაც შედარებით ლურჯი წერტილი უზარმაზარი იყო, ამ წერტილს მიუხედავად მისი სიმცირისა ბევრი კუთხე ქონდა, დიახ, ეს იყო (იყო რა არის) პატარა ქვეყანა, – იბერია, რომელიც გაბრწყინების მოლოდინში გაშეშებულიყო. მისი მცხოვრებნი ცის გახსნის ელოდნენ და სულ ზევით იყურებოდნენ, სულ ზევით – წარსულში. ყველაფერი იყო ამ ქვეყანაში – მაგალითად ნიჭი, ამას ისიც მოწმობს რომ ყველას უმაღლესი ქონდა დამთავრებული – იყო ეროვნული ფასეულობები: –  სადღეგრძელოების დაზეპირებული თანმიმდევრობა, კულტურული სტერეოტიპები, გლობალიზაციის შიში და სარწმუნოება, რომელიც რატომღაც ეროვნული ფასეულობებისა და ტრადიციათა ნუსხაში ეწერა დიდის ამბით და არა, რწმენის კატეგორიაში. “მართლმადიდებლობამ ქვეყანა გადაარჩინა” – გაიძახოდნენ გულზე მჯიღის ცემით გასაბრწყინებელი იბერიის შვილები “100 000 მოწამემ თავი შესწირა სარწმუნეობას” ადიდებდნენ წარსულს იმიტომ რომ თანამედროვეობაში განსადიდებელი აღარაფერი დარჩენილიყო.

მერე რა რომ დრო შეიცვალა, მერე რა რომ სარწმუნოება ძირითადად აღარ არის ადამიანობის და საზოგადოების საზომი. მერე რა თუ  ჯალალ ედ დინი აღარ გაიძულებს ხატებზე დაბიჯებას, მერე რა რომ თურქ სელჩუკები, მონღოლები და არაბები  აღარ ცდილობენ ქრისტიანული სამყაროს პატარა განაპირა კუნძულის მითვისებას, მოქალაქეობრივი კულტურის გარეშე დარჩენილ ხალხს ერთი რელიგიაღა დარჩენოდა მეტ ნაკლებად მტკიცე იდეად რომლის გარშემოც უნდა გაერთიანებულიყვნენ, თორემ ეროვნული ფასეულობები მის გარეშე აღარაფერს წარმოადგენს, მის გარეშე რჩება მხოლოდ – ფობიები, კომპლექსები და სადღეგრძელოების უსასრულოდ გაწელილი სია.

და ამ პატარა ქვეყანაში ეგონათ რომ ბევრი ეკლესია ბევრი მადლია, რომ ღმერთიც კი მათ ენაზე მოაწყობდა განკითხვის დღეს. ეგონათ რომ ღმერთმა ისინი გამოარჩია და საკუთარი მიწაც კი აჩუქა. ეგონათ რომ თავად ღვთისმშობელი მფარველობდა მათ. ეგონათ რომ უცხო ან შინაური ყველა მტერი იყო ვინც სრულად არ ეთანხმებოდა მათ. “მართლმადიდებლობას ებრძვიან” – “ეროვნული ფასეულობები უნდა დავიცვათ” – ისმოდა პატრიოტთა შეძახილები – ამ ქვეყანაში, კიცხავდნენ კათოლიკებს და პაპს, მაგრამ ამავე დროს მომაკვდინებელ ცოდვად ითვლებოდა საკუთარი პატრიარქის კრიტიკა.

ამ ქვეყანაში იყო დიდაქტიკა და ტვინზე დახვეული ყბადაღებული ეროვნული ფსევდო ფასეულობები. ყველას ვისაც არ ეზარებოდა ებრძოდა გაუცხოებას “გარყვნილებას” “სატანიზმს” როგორც დონ კიხოტი ქარის წისქვილებს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს წისქვილებიც მხოლოდ წისქვილები იყო და არა დევები.

ეს იყო ლურჯი წერტილის კიდევ უფრო პატარა წერტილზე, ლურჯი წერტილის სხვა წერტილებზე სხვა ამბები ხდებოდა, ზოგიც ცუდი და ზოგიც კარგი, მიუხედავად იმისა რომ ზემოთ ნახსენებ წერტილზე მცხოვრებ ხალხს თავი განსაკუთრებული ეგონა ეს ასე არ იყო რათქმაუნდა.

სხვაგან წერტილის მეორე მხარეს იყო ასეთი მეცნიერი კარლ საგანიც. ასტრონომი და კოსმოლოგი, ეწეოდა მეცნიერების პოპულარიზაციას, წერდა სტატიებს, წიგნებს, მიყავდა სამეცნიერო ტელე გადაცემები.  როცა კოსმოსურმა ზონდმა ვოიაჯერ 1-მა მოინახულა პლანეტები იუპიტერი სატურნი, გაცდა ურანისა და ნეპტუნის ორბიტას, სანამ ვარსკვლავთშორისო უზარმაზარ სივრცეში განაგრძობდა მოგზაურობას, სწორედ კარლ საგანს გაუჩნდა იდეა იმის შესახებ რომ ვოიაჯერს ცოტა ხნით უკან “მოეხედა” და სურათი გადაეღო უკან დარჩენილი პლანეტებისთვის. ვოიაჯერმა მოგვაწოდა ჩვენი პლანეტის ყველაზე შორი მანძილიდან დანახული ხედი კაცობრიობის ისტორიაში. ესაა დედამიწა 6 მილიარდი კილომეტრის დისტანციიდან დანახული

ფოტოს კარლ საგანმა Pale blue dot უწოდა ( მკრთალი ლურჯი წერტილი) სწორედ ამ წერტილმა შთააგონა იგი დაეწერა წიგნი: Pale Blue Dot: A Vision of the Human Future in Space (მკრთალი ლურჯი წერტილი: კაცობრიობის მომავლის ხედვა კოსმოსში) ამ წიგნში კი მას აქვს შესანიშნავი სიტყვა მკრთალი ლურჯი წერტილის შესახებ:

“დაფიქრდით კიდევ ერთხელ ამ წერტილზე, ეს აქაა, ეს სახლია, ეს ჩვენ ვართ, მასზეა ყველა ვინც გიყვარს, ყველა ვიზეც ოდესმე გვსმენია, ყველა ადამიანი ვისაც ოდესმე უცხოვრია, ერთობლიობა სიხარულისა და ტანჯვის, ათასობით თავდაჯერებული რელიგიის, იდეოლოგიის და ეკონომიკური დოქტრინის. ყველა მონადირისა და მძარცველის, ყველა გმირისა და ლაჩრის, ყველა ცივილიზაციის შემოქმედი და გამანადგურებლი, ყველა მეფე და გლეხი, ყველა შეყვარებული ახალგაზრდა წყვილი, ყველა დედა და მამა იმედიანი ბავშვი, გამომგონებლი და აღმომჩენი, მორალის ყველა მასწავლებლი, ყველა კორუმპირებული პოლიტიკოსი, ყველა ვარსკვლავი ყველა უმაღლესი ლიდერი, ყველა წმინდანი და ცოდვილი, – ჩვენი სახეობის ისტორიაში ცხოვრობდა იქ, მტვრის ნამცეცზე, მზის სხივების ქვეშ. ნათქვამია რომ ასტრონომია არის დამამშვიდებელი და ხასიათის სიმტკიცის მომტანი საქმიანობა, ალბათ არ არსებობს უკეთესი დემონსტრაცია ადამიანის ამპარტავნული უგუნურებისა, ვიდრე ჩვენი პატარა სამყაროს ეს შორეული სურათი, ჩემი აზრით იგი ხაზს უსვამს ჩვენს პასუხისმგებლობას, მეტი გულისხმიერებით მოვექცეთ ერთმანეთს და შევინარჩუნოთ და დავაფასოთ ეს ფერმკრთალი წერტილი – ერთადერთი ჩვენთვის ოდესმე ცნობილი სახლი.”

“Consider again that dot, that’s here. Thtat’s home. That’s us, on it everyone you love. everyone you know, everyone you’ve ever heard of, every human being who ever was lived out their lives. The aggregates of joy and suffering thousands of confident religions, ideologies and economic doctrines, every hunter and forager, every hero and coward, every creator and destroyer of civillization, every king and peasant, every young couple in love, every mother and father, hopeful child, inventor and explorer, every teacher of morals, every corrupt pollitician, every superstar, every supreme leader, every saint and sinner in the history of our species lived there, on a mote of dust suspended in a sunbeam.  It’s been said that astronomy’s a humbling and character-building experience. There is perhaps no better demonstration of the folly of human conceits than this distant image of our tiny world. To me, it underscores our responsibility to deal more kindly with one another and to preserve and cherish the pale blue dot. the only home we’ve ever known.”

P.S: შევხედოთ ყველაფერს უფრო მასშტაბურად და ყველაფერი წვრილმანი სასაცილო გამოჩნდება, მაგრამ ამავე დროს ნამდვილი ფასეულობები მეტ წონას შეიძენს, მეტი ღირებულება ექნება. წინა პოსტში ერთმა მკითხველმა კომენტარში დაწერა: კოსმოსში გამოკიდებულ დედამიწას  ეკრანიდანაც ვერ ვუყურებ ბურძგლები მაყრისო😀 სწორედ ეს ჩვენი სამყოფელის სიმყიფის განცდა ხდება ხოლმე იმის გაცნობიერების საფუძველი რომ ყველაფერი ამაოა, ზრუნვისა და სიყვარულის გარდა, ყველა ერთ პლანეტაზე ვცხოვრობთ. ერთი რამ ცხადია შორიდან დანახული საკუთარი სამყარო გვიბიძგებს ვიყოთ ბევრად უკეთესი.

 

19 thoughts on “The Pale blue dot (fairy tale)

  1. “ალბათ არ არსებობს უკეთესი დემონსტრაცია ადამიანის ამპარტავნული უგუნურებისა, ვიდრე ჩვენი პატარა სამყაროს ეს შორეული სურათი, ჩემი აზრით იგი ხაზს უსვამს ჩვენს პასუხისმგებლობას, მეტი გულისხმიერებით მოვექცეთ ერთმანეთს და შევინარჩუნოთ და დავაფასოთ ეს ფერმკრთალი წერტილი – ერთადერთი ჩვენთვის ოდესმე ცნობილი სახლი.”
    ზუსტად. ყოველთვის ამ შედარებას ვაკეთებ, როცა ერთმანეთს ხოცავენ, ებრძვიან, ლანძღავენ შეხედულებების და პოლიტიკის გამო. როგორც საკუთარ თავს უნდა შეხედო ხოლმე ზოგჯერ გვერდიდან, რომ სწორად დაინახო, ისე შეიძლება კაცობრიობის გვერდიდან დანახვა ასეთ სურათზე და აშკარა ხდება, რა სულელია ადამიანი, რომელმაც თავისთვის მოიწყო “პოლიტიკა”, “სახელმწიფო” და მსგავსი ცნებები იმისთვის, რომ სხვა ადამიანებისგან გამოყოს თავი და მერე მათ ებრძოლოს “საკუთარი” ფასეულობებისთვის. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

    Like

    • მეც ასე ვფიქრობ, უფრო მოკლედ რომ მდომოდა სათქმელის ჩამოყალიბება ალბათ ზუსტად ამას დავწერდი😀 მადლობა კომენტარისთვის

      Like

  2. 6 მილიარდი კმ-დან დანახული დედამიწა სხვანაირია🙂 მსგავსი ემოცია იდო „აგორა“-ს ზემოდან გადაღებულ კადრებში, ამაოების განცდა იყო ძალიან ძლიერი

    მაგრამ დედამიწა ასეთი ‘ვარდისფერი’ მხოლოდ 6 მ კმ-დანაა, ახლოდან კი ყველაფერი სულ სხვა აზრს და მნიშვნელობას იძენს – რელიგიური სხვაობაც, პოლიტიკური იდეოლოგიებიც და ა.შ.) ანუ ზრუნვა და სიყვარული მშვენიერი ცნებებია, მაგრამ ადამიანებს სხვადასხვანაირად ესმით და სხვადასხვანაირი ხედვა აქვთ, ეს როგორ უნდა გაკეთდეს. სხვანაირად ამ პლანეტაზე ცხოვრება ძალიან მოსაწყენი იქნებოდა იმჰო :)))))

    Like

    • ეგეც მართალია, სხვაგვარად ალბათ ვერც იქნებოდა ყველაფერი. მაგრამ ჩემი პირადი დამოკიდებულებიდან და განცდებიდან გამომდინარე, აი ის ზემოთ აღწერილი მოვლენები იმდენად სასაცილო და საბრალო მეჩვენება ამ წერტილის ფონზე რომ…

      Like

    • არა მგონია ჰოლოკოსტის, ებრაულ-პალესტინური დაუმთავრებელი მკვლელობების, ბირთვული ომის რისკის, მოშიმშილე აფრიკელი ბავშვების და რასიზმის გარეშე დედამიწა ნაკლებად საინტერესო ადგილი გამხდარიყო საცხოვრებლად : )

      Like

      • რათქმაუნდა, თუმცა დარწმუნებული ვარ ნინას ეგ არ უგულისხმია როცა განსხვავებები ახსენა😀
        თუმცა განსხვავებებს ყოველთვის აქვს რადიკალური მხარეები და ამის კანონზომიერებას ვერასდროს გაქეცევი.

        Like

      • ჰო აბა ზოგს რომ ჯინსი უქმნის მშვენიერების და ცხოვრებით კმაყოფილების განცდას და ზოგს – ჰიჯაბი, ეგ სხვა თემაა : )

        Like

  3. ეს ერთი პოსტი არაა, ეს ორი პოსტია თან ურთიერთ საწინააღმდეგო,მე ასე მომეჩვენა.
    მეორე ნაწილი უფრო მომეწონა.

    Like

      • იმიტომ რომ კარლ საგანი დედამიწას აღიქვამს როგორც ერთ პატარა წერტილს ამხელა სამყაროში,აფასებს კაცობრიობას,აღნიშნავს მის მრავალფეროვნებას.
        შენ კი საკმაოდ ნეგატიური და სარკაზმული კონტექსტით გამოყავი მხოლოდ საქართველო და ქართველობა.არადა ჩვენ ხომ სულ ერთი ბეწო წერტილი ვართ ამ დედამიწაზე.და ის თვისებები რითიც შენ ’მხოლოდ’ ქართველებს ახასიათებ—ზოგადად მთელი კაცთა მოდგმის თვისებებია.

        Like

      • მხოლოდ საქართველოს იმიტომ მივაწერე რომ მე ვცხოვრობ საქართველოში და ეგ ამბები საქართველოში ხდება, ამერიკაში რომ ვცხოვრობდე ამერიკაზე ვისაუბრებდი და ა.შ… ეს პოსტი არის შედარება ლოკალურ, ყოველდღიურობასა და სამყაროს ფართო მასშტაბით დანახვას შორის რომელიც ფასეულობებს ცვლის. საქართველოს მახინჯი რეალობა, მოყვანილია ძალიან ვიწრო და ლოკალური ამბების მაგალითად, ხოლო კარლ საგანის სიტყვები სამყაროს ფართო მასშტაბით აღქმის მაგალითად.
        ნეგატიურს რაც შეეხება, როგორ უნდა იყო კარგად განწყობილი იმის შესახებ რაც დავწერე? მაგრამ პოსტში ის აზრიც დევს რომ ეს ყველაფერი ფართო მასშტაბით სასაცილო ხდება.

        Like

  4. თორნიკემ ძალიან სასტიკი მაგალითები მოიყვანა :))

    მე ვიგულისხმე ის რაღაცები, რომელთა გამოც უბრალოდ ბრძოლა კი არა, სიცოცხლის დათმობაც ღირს. ბოლოსდაბოლოს, ჰერაკლიტე ამბობდა, რომ ურთიერთწინააღმდეგობები ამოძრავებს ამ პლანეტას და არა უმოძრაობა

    ყველას რომ ბუდისტი ბერების მენტალიტეტი ჰქონდეს, ხო უბრალოდ გავიყინებოდით, არაფერი განვითარდებოდა ათასწლეულების მანძილზე

    Like

  5. Pingback: კარლ სეიგანი – კოსმოსი – პერსონალური მოგზაურობა | M(ichael's)y images

  6. Pingback: კარლ სეიგანი – კოსმოსი – პერსონალური მოგზაურობა « ყველაფერი საინტერესო თქვენთვის

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s