დიზაინი vs შემთხვევითობა, რაციონალური თუ ფანტასტიკური სამყარო

ადამიანებს არ უყვართ სიტყვა – შემთხვევით. უფროსწორად სიტყვა კი არა თავად მოვლენა – შემთხვევითობა არ უყვართ. უფრო მიმზიდველია ყველაფერში დაინახონ ბედი. რაღაც უხილავი ძალა რომელიც მიმართულებას აძლევს ცხოვრებას. თუ კარგი ხდება ფორტუნამ ასე მოისურვა- მიმზიდველია, როცა სასიამოვნო ამბებს რაღაც ზებუნებრივი (ზებუნებრივობა უკვე რომანტიულია) ძალა განაპირობებს. წარმოიდგინეთ მთელ თქვენ ცხოვრებას რაღაც შენდამი კეთილგანწყობილი ძალა განაგებს უაღერსად სასიამოვნოა. თუ ცუდი ხდება აქაც ზებუნებრივობის ბრალია. ერთნი ბედს აბრალებენ. მეორენი ღმერთის გამოცდას ხედავენ. შემთხვევითობა არავის მოსწონს, იმიტომ რომ სამყაროსთან მარტო რჩები. პასუხისმგებლობა მხოლოდ შენსა და სამყაროს ქაოტურ მოვლენებს შორის ნაწილდება.

თუმცა მეორეს მხრივ ბევრი ადამიანი უფრო შორს მიდის, აკვირდება სამყაროს და მიდის  უტყუარ დასკვნამდე რომ შემთხვევითობა ძალიან არადამაკმაყოფილებელი, ცარიელი და უაზრო კონცეფციაა, როდესაც ცდილობ ჩაწვდე სამყაროს. აღმოაჩენ საოცარ წესრიგს, სირთულეს და ურთიერთდამოკიდებულებების მთელ კასკადს. რა რთული და უნიკალურია სიცოცხლე, დნმ-ი უჯრედის უნიკალური სტრუქტურა და შემდეგ ამ მილიარდობით უჯრედის შეთანხმებული და მრავალფუნქციური მუშაობა. გავიხედოთ თუნდაც კოსმოსში ან ჩავიხედოთ სამყაროს ყველაზე მცირე მასშტაბზე. ყველა პარამეტრი ძალიან ფაქიზია და ზუსტად ისეთი რომ ჩვენი ფიზიკური არსებობა გამართლებული იყოს.  დედამიწის მასა სწორედ იმდენია რომ შეინარჩუნოს ატმოსფერო, სწორედ იმ მანძილითაა დაშორებული მზიდან რომ წყლის თხევადი მდგომარეობა იყოს შესაძლებელი, წყალი კი თავის მხრივ სიცოცხლისთვის აუცილებელია, მზე სწორედ საჭირო ზომისაა იმისთვის რომ ანათოს მილიარდობით წელიწადი, საკმარისი იმისთვის რომ სიცოცხლე განვითარებულიყო. მზის სისტემა და დედამიწა სავსეა სიცოცხლისთვის საჭირო ელემენტებით. ეს ელემენტები კი თავის მხრივ ვერ იარსებებდნენ ძველი გიგანტ ვარსკვლავებში რომ არ ჩამოყალიბებულიყვნენ, რომლებიც შემდეგ აფეთქებით მიმოიფანტნენ ეს უძველესი ვარსკვლავები კი თავის მხრივ ვერ წარმოიქმნებოდნენ რომ არა სამყაროს თავდაპირველი გაზის მცირე არათანაბარი განაწილება, რომელიც წარმოიშვა ანტიმატერიის და მატერიის დისბალანსის შედეგად, რადგანაც ანიჰილაციის შედეგად გადარჩა მატერია. სამყარო დაიბადა გრავიტაციის სწორედ იმ პარამეტრით რომელიც არც ზედმეტი იყო და არც მცირე. გრავიტაციის ძლიერი ზემოქმედება შავ ხვრელებში შთანთქავდა ყველაფერს, ვერ ჩამოყალიბდებოდა პლანეტები, მზეები. ოდნავ სუსტი გრავიტაცია კი ვერ შეკრებდა წყალბადს, რომ შეექმნა ვარსკვლავები და შემდეგ გალაქტიკები, არც სიცოცხლე იქნებოდა და სამყარო პირვანდელი სუპის მდგომარეობაში დარჩებოდა. უამრავი რამის თქმა შეიძლება, ელემენტარულ ნაწილაკებს სულ ოდნავ რომ შეუცვალო პარამეტრები, შეიძლება სამყარო დაანგრიო. რათქმაუნდა ყველაფერ ამის გაცნობიერების შემდეგ ადამიანს თვალწინ ნათლად წარმოუდგება საკუთარი არსებობის მიზეზი. რათქმაუნდა ესიც ძალიან სასურველია რომ შენ არსებობას ქონდეს მიზეზი. ეს რაღაც მნიშვნელობას განიჭებს და გეხმარება რომ საკუთარი არსს ჩაწვდე. ეს ბედია, ეს დაგეგმარებაა დიზაინია. განა ასეთი რთული და კომპლექსური სამყარო შეიძლება იყოს შემთხვევითობის შედეგი?

ერთი შეხედვით ყველაფერი ნათელია, მაგრამ თუ ჭეშმარიტებას ეძებ მაშინ ალტერნატივებიც უნდა განიხილო, რატომ გვაღიზიანებს ეს შემთხვევითობა? იმიტომ ხომ არა რომ მიდრეკილი ვართ საკუთარ არსს უფრო მეტი მისტიური ელფერი შევძინოთ? შემთხვევითობა არ მოგვწონს იმიტომ რომ ქაოსში ვიღაცის მისტიური ხელი არ ფიგურირებს, სამყარო თავისი წესებით მოქმედებს და შენ ზეციურ მეგობრებს არ ეკითხება. რატომ არ მოსწონთ კრეაციონისტებს ევოლუციის თეორია? იმიტომ რომ ევოლუციის თეორია შემთხვევით მუტაციებს ეყრდნობა, მუტაციებს რომლებსაც “ბრმა” ბუნება განაპირობებს, შემთხვევითი პირობებით და იზოლაციით. შემთხვევითობა ძალიან აგდებული და დამცირებულია, მხოლოდ იმიტომ რომ ადამიანები ზეციურ საწყისს და დიზაინს ეძებენ. ადამიანს სამყაროსთან ურთიერთობაში შუამავალი ჭირდება. ბუნება “ბრმაა” და ამიტომ ვიღაც სუპერ დიზაინერია საჭირო ყველაფრის განსახორციელებლად. მეორეს მხრვ შეიძლება იკითხოთ კი მაგრამ აი ის ზემოთ ნახსენები, ზუსტი პარამეტრები? უნიკალური სიზუსტე და მოვლენათა გასაოცარი თანხვედრა? მთელი რიგი წესრიგი რომელიც განაპირობებს ჩვენს სამყაროს? გეთანხმებით ძალიან არადამაჯერებელია ერთი შეხედვით რომ ამ ყველაფერს შემთხვევითობასთან აქვს საქმე. მაგრამ იქნებ ეს მხოლოდ ადამიანური წარმოდგენების ბარიერია? შემთხვევითობა და წესრიგი მხოლოდ სიტყვებია რომლებიც გარკვეულ მდგომარეობას აღწერს. წესრიგს მხოლოდ იმიტომ აქვს მნიშვნელობა ჩვენთვის რომ ის ჩვენს არსებობას განაპირობებს, პირობითად ხომ შეიძლება არსებობდეს სამყარო, სადაც ჩვენებური წესრიგი ვერაფერს შექმნის?  ან ჩვენი ქაოსი იყოს სხვისი წესრიგი, რომელიც საერთოდ განსხვავებულ რამეს შექმნის. მათთვის შეიძლება ჩვენ ვიყოთ ქაოსი და არაფერი. ჩვენთვის კი ისინი იქნებიან. საკითხს თუ ფუნდამენტურად და სიღრმისეულად მივუდგებით, მაშინ უნდა განვიხილოთ წესრიგის მნიშვნელობა, თუ ჰიპოტეტურად დავუშვებთ რომ წესრიგი არ არის უნივერსალური და შეიძლება არსებობდეს სამყარო სხვა წესრიგით. მაშინ ჩვენი სამყაროს წესრიგი თავად გამოვა შემთხვევითობა, იმიტომ რომ იგივე დაშვებით შეიძლება წარმოვიდგინოთ უთვალავი რაოდენობა სამყაროების, სადაც ყველას თავისი წესრიგი აქვს. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ის თუ საერთოდ რა არის “მნიშვნელობა” ვისთვისაა მნიშვნელოვანი ეს წესრიგი? სამყაროსთვის მნიშვნელოვანია ეს წესრიგი? მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც მის სახეს განაპირობებს, მაგრამ სამყაროსთვის აქვს მნიშვნელობა როგორი სახე აქვს? თუ ადამიანებს თავიანთი აზრებით მსოფმხედველობით, ცივილიზაციით და პლანეტით გამოვაკლებთ სამყაროს, მაშინ დანარჩენი სამყაროსთვის სულ ერთია შეძლებს თუ არა ვარსკვლავების წარმოებას, გალაქტიკების შექმნას, პლანეტების და ა.შ… საერთოდ როგორ შეიძლება სამყაროსთვის რაიმეს ქონდეს აზრი ან მნიშვნელობა? ნუთუ სამყარო აზროვნებს? რამდენადაც ვიცით, ეს სრულებით არ ჭირდება, აზრი ადამიანური პროდუქტია და მხოლოდ იგი ქმნის. სამყარო ფიზიკური კანონებით მოქმედებს რომლებიც შესაძლოა მისი შემთხვევითი მახასიათებლებია. შეიძლება ვითაცის თვალში მე დიად სამყაროს ვაკნინებ როცა ვამბობ რომ სამყაროს აზრები არ გააჩნია, მაგრამ რეალურად პირიქითაა, აზრი და მნიშვნელობა მხოლოდ ჩვენი, პატარა ადამიანების გამოგონებაა, სამყარო კი უფრო მეტია. აზრებზე, მნიშვნელობებზე, დიზაინზე, შემოქმედებზე.

კრეაციონისტები  სამყაროს “ბრმა” ბუნებას ეძახიან რადგან დიზაინერის არსებობა გაამართლონ. ფუნდამენტი კი ისაა რომ შემთხვევითობა ყოველგვარი განხილვის გარეშე დაიწუნეს და მოისროლეს, რადგან მათ თავის “ჭკუაზე” მოთამაშე სამყარო არ აწყობთ. ამ გასაოცარი  უნიკალური სამყაროს მიღმა კიდევ უფრო უნიკალურ ვინმეს ეძებენ, (არც ეძებენ ჩათვალეს რომ ყავთ უკვე) რომელიც ამ ყველაფერზე იქნება პასუხისმგებელი. ეს ერთგვარი ახსნის მცდელობაა, მაგრამ რატომაა პრობლემა შემთხვევითობაში? იქნებ პრობლემა საერთოდ არ არსებობს, იქნებ ჩვენი შეხედულებების ლიმიტირებული საზღვრები არ გამოდგება სამყაროს აღსაწერად? ჩემი აზრით შემთხვევითობაც წესრიგის ნაწილია. სამყაროს მუშაობის პრინციპი. ყველა ქვას მსროლელი არ ჭირდება, რომ მდინარის ფსკერზე აღოჩნდეს, ყველა ქვიშის მარცვალს კიდევ მშენებელი რომ ქვიშის გორად იქცეს. სამყაროს გეომეტრია და ფიზიკური კანონები ქმნიან ყველაფერს, ქმნიან არა გონებით, ან დაგეგმარებით, არამედ თავიანთი გეომეტრიით. ჩვენ სამყაროს ბევრი პროდუქტის ხანგრძლივი შერყწმის შედეგად ვართ წარმოშობილი. როცა სირთულეში ღვთაებრივ დიზაინს ვეძებთ იქნებ ეს მხოლოდ ჩვენი ადამიანური წარმოსახვის ტყვეობაა. სამყარო ხომ ჩვენსავით არ მოქმედებს? არ ფიქრობს, როგორც ჩვენ და ისევე არ ქმნის როგორც ჩვენ ვაკეთებთ საყოფაცხოვრებო ნივთებს. ჩვენ სამყაროს მილიონი პროცესის რეზულტატებს ჩვენივე მოქმედების სქემით გვინდა რომ მოქმედებდეს მთელი სამყარო, რომელიც ყოველთვის ჩვენზე მეტი იქნება, იმიტომ რომ მან შეგვქმნა ჩვენ და არა პირიქით.

თუ შექმნას  ყოვლისშემძლე დიზაინერს დავუკავშირებთ, მე ვფიქრობ კიდევ უფრო ვიკეტებით სუბიექტურ ადამიანური წარმოსახვაში. ჯერ ხომ სამყაროს არსი არ ამოგვიხსნია და ყოველგვარი საბუთის გარეშე დავასკვენით რომ ის შემოქმედებაა, შემოქმედება რომელიც სინამდვილეში მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელი პროცესია. შემდეგ კი საბუთის გარეშე განვსაზღვრეთ თავად დიზაინერი. და ეს ყველაფერი იმიტომ რომ სამყარო კომპლექსურია, ბიოლოგია უნიკალური და ჩვენი წარმოსახვა დიდი? ეს ხომ მხოლოდ შეფასებებია და არა ფაქტები?

სამყარო ბრმა არაა, უბრალოდ ადამიანური თვალი და გონება არ ჭირდება, სამყარო ბავშვი არაა რომ ვიღაცას გაეჩინა, არც შენობა არაა რომ ვიღაცას დაეპროექტებინდა და აეშენებინა. ასე მგონია მე.

შემთხვევითობა კი პრობლემას ადამიანური კომპლექსების გამო ქმნის, ადამიანებს არ უყვართ საკუთარი მნიშვნელობის თავად განსაზღვრა და მისთვის აზრის მინიჭება, ისინი ელოდებიან სადღაც ცაში გამოკიდებულ აზრს, რომელიც უნივერსალურია და ერთხელაც თავისით დაეცემათ თავში.

როგორ უნდა ამოვხსნათ სამყარო? მე ვფიქრობ მხოლოდ რაციონალური მიდგომა დაგვეხმარება. მთავარია სტერეოტიპული აქსიომები მოვიშოროთ და სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ აღქმა. თუ წინასწარ ვიქნებით დარწმუნებული რომ რომელიმე პოსტულატი აუცილებლად უნდა იჯდეს ამ სუფთა ფურცელზე, მაშინ სინადვილის გაგებაზე ნუ გექნებათ პრეტენზია.

P.S: არ მესმის კრეაციონიზმის, რადგან კრეაციონისტებს ჩემი დაკვირვებით არ აინტერესებთ სიმართლის ძიება, ისინი გაფაციცებით ცდილობენ როგორღაც თავიანთი დიზაინერის არსებობა და ჩარევა გაამართლონ, ჭეშმარიტება უკვე ნაპოვნი აქვთ თავიანთი ღმერთის სახით. ამიტომ არაფერს არ ეძებენ. სწავლობენ მხოლოდ ევოლუციას, და მეცნიერების ძირითად პოპულარულ თეორიებს რადგან კარგად გაითავისონ სად რომელი ხვრელია, აგროვებენ ინფორმაციას შეცდომების და უზუსტობების შესახებ. ყოველი მცირე ხარვეზი ხომ მათ დიზაინერს ამართლებს. თავად არ სვამენ კითხვებს მხოლოდ პასუხები აქვთ. გაზეპირებული “ხომ ხედავ აქედან ეს მუტაცია ვერ მოხდებოდა ე.ი ღმერთმა ქნა” თითქოს უხარიათ, როცა საუბარია ადამიანის რეგრესზე, ადამიანური შესაძლებლობების დაკნინება, ღმერთის ავტომატურ აღმავლობას ნიშნავს მათთვის. მეცნიერული პროგრესის გაუფასურება მათ რელიგიურ სიამოვნებას გვრის. ცოდნის ყოველი ხვრელი ადამიანურ ცნობიერებაში მათი გამარჯვებაა, აი კიდევ ერთხელ გადარჩა ღმერთის საქმენი ადამიანის ჭუჭყიანი ჩარევისგან, როგორაა ის ფრაზა? “უფლის საქმენი შეუცნობელ არსო” ესაა მათი იდეოლოგიის მთავარი ძარღვი.

P.S: ასე ვფიქრობ მე.

7 thoughts on “დიზაინი vs შემთხვევითობა, რაციონალური თუ ფანტასტიკური სამყარო

  1. როგორც იქნა დაგვიბრუნდი🙂 კარგი პოსტია.

    მეც ვფიქრობ, რომ ადამიანთა უმრავლესობას მოსწონს, როდესაც მათ ბედს თითქოს “ვიღაც” ან “რაღაც” განაგებს და თუ გაუმართლებთ, მაშინ თვლიან რომ ეს დაიმსახურეს🙂

    Like

    • მეც მაგას ვამბობ. – მოსწონთ, ასე იოლიცაა და უფრო მიმზიდველიც.
      აბა საკუთარ თავზე ვერ აიღებენ და შემთხვევთობაც ისეთი არალოგიკურია და მშრალია მათთვის რომ საშინლად არ მოსწონთ.

      Like

  2. “რეალურად პირიქითაა, აზრი და მნიშვნელობა მხოლოდ ჩვენი, პატარა ადამიანების გამოგონებაა, სამყარო კი უფრო მეტია. აზრებზე, მნიშვნელობებზე, დიზაინზე, შემოქმედებზე.”
    აი, მეც ასე ვფიქრობ, მადლობა მაიკლ😉

    Like

  3. ახლახანს დავიწყე ამ ყველაფერზე ფიქრი, ჩემი აზრი ჯერ ჩამოყალიბეების პროცესშია. რელიგიური და ფანატიკოსი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა დავინახე რამდენი არასწორი წარმოდგენის მსხვერპლი ვიყავი აქამდე, ისე რომ წარმოდგენაც არ მქონდა. ბევრ რამეზე დამაფიქრება მეცნიერული დასკვნების გაცნობამ, მაგრამ მაინტერესებს ყველაზე ლოგიკური იდელისტური შეხედულელები ამ საკითხზე, მინდა ამასაც გავეცნო და შემდეგ ჩამომიყალიბდეს საბოლოო აზრი.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s