I just believe in me

ხანდახან მგონია რომ მექანიკურად ვცხოვრობ, მყისიერად გამიელვებს ხოლმე რაღაც სიტყვებისგან თავისუფალი წეტილი გაცნობიერებისა. ყველაფერს ფიქრი და ანალიზი არ უნდა ზოგჯერ უბრალოდ იცი. წერტილი სადღაც შუბლის ზემო ნაწილში კრთება შუქნიშნის გამაფრთხილებელი ყვითელი სიგნალივით, მერე ვზივარ და ვუღრმავდები გონებაში მიმდინარე პროცესებს, ძვლოვან კედლებს შიგნით ბირთვული რეაქტორია, დაუსრულებელი ჯაჭვური რეაქცია, შენელებული ნაღმის. ახლა ეს ნაღმი კონტროლირებადი და ნელია, გავარვარებულ ფიქრთა ნაკადებს პერიოდულად აგრილებს ცივი უფიქრობა. ადრე არ არსებობის მეშინოდა ახლა კი ვფიქრობ რომ არ არსებობა იგივე უკვდავებაა. არ ყოფნა ადვილია, როცა გძინავს და სიზმარს არ ნახულობ, როცა ზიხარ და არაფერზე ფიქრობ, შეიძლება ითქვას რომ ალბათ არც არსებობ. თუმცა ეს ყოველთვის დროებითია და მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება, სადღაც შუბლის ზემო ნაწილში ისევ გაანათებს სიგნალი და მექანიკური არსებობის დისკომფორტის აღმოსაფხვრელად დაიწყებ ისევ გონებაში ქექვას, სულ სამი გზაა როგორც მისტიურ ზღაპრებში, წარსული აწმყო მომავალი. მომავალს არ ვენდობი, იმედების არ მჯერა. აწმყოში ბლანტი სითხის მსგავსად მივედინები არსებობის კალაპოტში, წარსულში ვიქექები ისევ, იგივე სიტუაციებში ვხვდები, ხან მრცხვენია ხან ვნანობ, ხან ვცვლი. ალტერნატიულ ისტორიებს ვაშენებ, წარსულის სახეებს სულებს ვართმევ და აჩრდილებს აწმყოსკენ მოვათრევ – ეს როცა ჩემი მექანიკური აწმყოს სინდრომი შემაწუხებს, მერე მივმართავ პაწაწინა წერტილებით აწყობილ გამოსახულებებს,  ჩაირთვება ყველა ჰორიზონტი ფანტაზიისა, ეს ხან სურვილია ულტრა განვითარების უტოპიისკენ ხან დაბრუნება ბუნებრივ პირვეყოფილებასა და სიმარტივეში, ხან საიდუმლოა ათასწლეულებში ჩაკარგული და უპერსპექტივო მისტერიით შემობურული. ხანაც ფერფლიდან აღმდგარი შთაგონების მატერიალიზება ესთეტიკაში. ეს წამიერი და წუთიერი აფეთქებებია, როგორც გეიზერების ამოფრქვევა, ძირითადად კი, სანამ ის ყვითელი შუქი აციმციმდება, მეც ისეთი უხეში ვარ როგორც თბილისის ქუჩები. მეც ისეთი გულგრილი ვარ როგორც ქვის ძეგლები. ზიზღნარევი გულგრილობით ვუყურებ პარკებში მოსეირნე წყვილებს, ეს ჩემი საქმე არაა, მე მარტოსული ვარ და მომწონს ეს. რომანტიკა იდეებში და აჩრდილებშია, რეალობა კი მეტისმეტად მდაბიო და ხინჯიანია, იმისთვის რომ სრულყოფილება შეინარჩუნოს. დიახ მე მარტოობის წუხილს ვარქმევ ყველაზე დიდ რომანტიკას და მაშინ ვკაიფობ როცა სულ მარტო ვზივარ ღია კაფეში ლუდის დასალევად, არავის ველი არც არავის ვახსოვარ და ვუყურებ გიჟურ  თავსხმას. მე ჩემი გზა მაქვს – ტკივილით ნაწრთობი გულგრილობა. არავინ აღარ მომწონს. იოლად ვეღარავის გავუყობ ჩემ აღფრთოვანებას, იდეებს. ალბათ ვერავინ ამაღელვებს საკუთარ იდეებზე მეტად. ვერავინ მომხიბლავს საკუთარ მოჩვენებებზე მეტად.

ნარცისიზმამდე სულაც არ მივდივარ, მე ყველაფერიც ვარ და არაფერიც, ამიტომ აღარ მეშინია არ არსებობის. სიგნალი კი მხოლოდ რეაქციაა, ხან სიცოცხლის მჩქეფარება მიპყრობს ხანაც ვზივარ და უბრალოდ არ ვფიქრობ, ან მძინავს და სიზმარს არ ვნახულობ, ასე ვემალები არსებობას. — არ არსებობაც ხომ ისეთივე ბუნებრივია როგორც არსებობა, ჩვენ არსაიდან მოვედით და არსაით წავალთ.

3 thoughts on “I just believe in me

  1. ჩვენ ბლოგებს ველაპარაკებით და ზოგჯერ იმ ავატარებსაც, ჩვენს ქვევით რომ წერენ რაღაცებს🙂

    Like

  2. მარტო ვიბადებით და მარტო ვკვდებით🙂 ოღონდ იზოლაცია მაინც უფრო მძიმე მგონია, ვიდრე ამის გაცნობიერება

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s