ვსაუბრობთ (ვწერთ) ქართულად!

არასდროს მომწონდა ბარბარიზმები, (ძირითადად რუსულიდან შემოსული სიტყვები). მაგრამ ხომ იცით როგორც გაიზარდე, რასაც მიჩვეული ხარ მისგან განთავიუსუფლება ძნელია. ჩვენ თაობას (70-80-90-იანები)  და წინამორბედებს მითუმეტეს, ბავშვობიდან გვესმის “კუხნა” “პოლი” “საროჩკა” და მისთ. ბოლო ერთი წელია ალბათ თუ მეტი არა, გადავწყვიტე გავთავისუფლდე მავნე ჩვევისაგან და ვისაუბრო ქართულად. თუმცა როგორც სიგარეტისთვის თავის დანებებაა ძნელი, ესეც არ გამოდგა მარტივი. ერთი შეხედვით იოლი ამოცანაა. რა უნდა, “სპიჩკის” მაგივრად ასანთს იტყვი, “ვანას” მაგივრად აბაზანას. მაგრამ მოგეხსენებათ ასეთ წვრილმანზე ყოველდღე ვერ იფიქრებ. ყოველდღიურობას თავისი რიტმი აქვს, რუტინული, ავტომატური, ხშირად ტვინი ქმედებებს ავტომატური რეჟიმით მართავს, გაუცნობიერებლად, როგორც კომპიუტერს ჩაწერილი აქვს ოდესღაც გამომუშავებული  ალგირითმი რომელსაც ყველა მოქმედებას არგებს. მითუმეტეს სტანდარტულ სიტუაციებში, რომლებიც არც თუ ისე ცოტაა. მისალმება, მოკითხვა, დამშვიდობება, სტანდარტული კითხვები და პასუხები. ეს იმდენად ავტომატურია ზოგჯერ რომ ასეთ სიტუაციაში თითქმის არასდროს ფიქრობ და საზღვრავ, ტვინი კი იყენებს იმ, ოდესღაც ჩაწერილ სიტყვებს. მაგრამ თუ ყოველი არასასურველი სიტყვის შემდეგ გაიფიქრებ რომ შემდეგში სხვანაირად იტყვი ნელ ნელა ყველაფერი გამოსწორდება.

ზოგიერთს სასაცილოდ არ ყოფნის ეს თემა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეთიკის ელემენტარული ნორმები ყველგან უნდა დაიცვა, თუნდაც ძალიან პრივატულ გარემოში. კარგა ხანია ვცდილობ ყველა სიტყვა ქართულად ვთქვა და უკვე ძალიან უხეშად მხვდება ყურში სიტყვები “კუხნა” “სპალნა”. ასევე უხეშად მეჩვენება ფეისბუქში ან ნებისმიერ რომელიმე საიტზე ლათინური ასოებით წერო ქართული სიტყვები. ეს ყველაფერი არ წარმოადგენს პოზას “აი მე რა კაი ტიპი ვარ ქართულად ვწერ და ყველა სიტყვას ქართულად ვამბობ” ამის მიხედვით არც მაღლდება ვინმე და არც ეცემა. ამის მიხედვით არც მის მშობლიური ენისადმი სიყვარულს ვაფასებ, უბრალოდ მე საკუთარი თავის წინაშე მაქვს მოთხოვნილება დავიცვა საუბრის და წერის ეს ნორმები. მერე კი სხვების მიერ მათი დარღვევა ცოტა უხეშად მეჩვენება, მითუმეტეს რომ ბარბარიზმებს ჩემი აზრით უკვე ნაფტალინის სუნი ასდის. ასე მგონია რომ სიტყვები: “კრაოტი”  “აძინაცატი” “ზალა” “პივა” “პადიეზდი” “შკაფი”  “პრავა” და მისთ. ძალიან ცუდ კარმას ატარებენ 😀 (ცუდ ასოციაციებიბს იწვევენ) ბრეჟნევის დროინდელი უძრაობის და 90-იანების საქართვლოს არეულობის სუნი აქვთ. ამ სიტყვებზე ძალიან ღრმა ბავშვობის სცენები მახსენდება, ბებიაჩემი რომ მეტყოდა ხოლმე “აი სტოლი” “კუშეტკაზე დაჯექი” 😀

Continue reading

Advertisements