ვსაუბრობთ (ვწერთ) ქართულად!

არასდროს მომწონდა ბარბარიზმები, (ძირითადად რუსულიდან შემოსული სიტყვები). მაგრამ ხომ იცით როგორც გაიზარდე, რასაც მიჩვეული ხარ მისგან განთავიუსუფლება ძნელია. ჩვენ თაობას (70-80-90-იანები)  და წინამორბედებს მითუმეტეს, ბავშვობიდან გვესმის “კუხნა” “პოლი” “საროჩკა” და მისთ. ბოლო ერთი წელია ალბათ თუ მეტი არა, გადავწყვიტე გავთავისუფლდე მავნე ჩვევისაგან და ვისაუბრო ქართულად. თუმცა როგორც სიგარეტისთვის თავის დანებებაა ძნელი, ესეც არ გამოდგა მარტივი. ერთი შეხედვით იოლი ამოცანაა. რა უნდა, “სპიჩკის” მაგივრად ასანთს იტყვი, “ვანას” მაგივრად აბაზანას. მაგრამ მოგეხსენებათ ასეთ წვრილმანზე ყოველდღე ვერ იფიქრებ. ყოველდღიურობას თავისი რიტმი აქვს, რუტინული, ავტომატური, ხშირად ტვინი ქმედებებს ავტომატური რეჟიმით მართავს, გაუცნობიერებლად, როგორც კომპიუტერს ჩაწერილი აქვს ოდესღაც გამომუშავებული  ალგირითმი რომელსაც ყველა მოქმედებას არგებს. მითუმეტეს სტანდარტულ სიტუაციებში, რომლებიც არც თუ ისე ცოტაა. მისალმება, მოკითხვა, დამშვიდობება, სტანდარტული კითხვები და პასუხები. ეს იმდენად ავტომატურია ზოგჯერ რომ ასეთ სიტუაციაში თითქმის არასდროს ფიქრობ და საზღვრავ, ტვინი კი იყენებს იმ, ოდესღაც ჩაწერილ სიტყვებს. მაგრამ თუ ყოველი არასასურველი სიტყვის შემდეგ გაიფიქრებ რომ შემდეგში სხვანაირად იტყვი ნელ ნელა ყველაფერი გამოსწორდება.

ზოგიერთს სასაცილოდ არ ყოფნის ეს თემა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეთიკის ელემენტარული ნორმები ყველგან უნდა დაიცვა, თუნდაც ძალიან პრივატულ გარემოში. კარგა ხანია ვცდილობ ყველა სიტყვა ქართულად ვთქვა და უკვე ძალიან უხეშად მხვდება ყურში სიტყვები “კუხნა” “სპალნა”. ასევე უხეშად მეჩვენება ფეისბუქში ან ნებისმიერ რომელიმე საიტზე ლათინური ასოებით წერო ქართული სიტყვები. ეს ყველაფერი არ წარმოადგენს პოზას “აი მე რა კაი ტიპი ვარ ქართულად ვწერ და ყველა სიტყვას ქართულად ვამბობ” ამის მიხედვით არც მაღლდება ვინმე და არც ეცემა. ამის მიხედვით არც მის მშობლიური ენისადმი სიყვარულს ვაფასებ, უბრალოდ მე საკუთარი თავის წინაშე მაქვს მოთხოვნილება დავიცვა საუბრის და წერის ეს ნორმები. მერე კი სხვების მიერ მათი დარღვევა ცოტა უხეშად მეჩვენება, მითუმეტეს რომ ბარბარიზმებს ჩემი აზრით უკვე ნაფტალინის სუნი ასდის. ასე მგონია რომ სიტყვები: “კრაოტი”  “აძინაცატი” “ზალა” “პივა” “პადიეზდი” “შკაფი”  “პრავა” და მისთ. ძალიან ცუდ კარმას ატარებენ 😀 (ცუდ ასოციაციებიბს იწვევენ) ბრეჟნევის დროინდელი უძრაობის და 90-იანების საქართვლოს არეულობის სუნი აქვთ. ამ სიტყვებზე ძალიან ღრმა ბავშვობის სცენები მახსენდება, ბებიაჩემი რომ მეტყოდა ხოლმე “აი სტოლი” “კუშეტკაზე დაჯექი” 😀

რაც შეეხება შედარებით ახალ, ინგლისურიდან შემოსულ სიტყვებს. მათი ჩვეულებვრივი ხმარებაც ქართულში გატყლარჭულად ჟღერს: “თბილისის ფეშენ ვიკი დაიწყო” “ის ტიპი სელებრითია” და ა.შ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ სიტყვები უცხო ენებიდან არ უნდა დაიხმარო. ან ინგლისურიდან ან რუსულიდან. უბრალოდ არ უნდა იხმარო ისე როგორც ქართული სიტყვა. უცხოური სიტყვა საჭიროა კონკრეტულ სიტუაციაში რომელიც ხაზს უსვამს რისიმე სპეციფიურობას, რაღაცის ან ვიღაცის ხასიათს. როდესაც იუმორი შეგაქვს აზრში ან ვინმეს სიტყვის ციტირებას ახდენ. “ფეშენ ვიკის” შვიდივე ბრუნვაში ტრიალს არ ჯობია მოდის კვირეული თქვა? მე მგონი ბევრად უკეთესად ჯდება ქართულ აზრთა წყობაში და უკეთესადაც ჟღერს. მითუმეტეს სანამ თბილისში “ფეშენ ვიკები” გვექნებოდა მანამდე მილანზე და ნიუ იორკზე იგივე ქართველი კორესპონდენტები მოდის კვირეულს ამბობდნენ ხოლმე და რაღა ჩვენი თბილისის კვირეული გახდა “ფეშენ ვიკი”.

ასევე მიმაჩნია რომ თუ უცხოურ სიტყვას იყენებ ნაწერში ის აუცილებლად იმავე ენაზე და ანბანით უნდა დაწერო საიდანაც ისესხე, გამონაკლისია მაშინ თუ ამ სიტყვას იუმორისტული, ცინიკური ან რამე მსგავსი დატვირთვა აქვს ან სპეციალურად ბარბარიზმის სახით გინდა გამოიყენო რისიმე ხაზის გასასმელად. მაგრამ არსებობს მთელი რიგი სიტყვები რომლებიც იმდენად შემოვიდნენ ენაში რომ თითქმის გაქართულდნენ კიდეც. მაგალითად: – მაუსი, ამ სიტყვის ინგლისურად დაწერა სასაცილოდაც კი ჩანს. არადა გააჩნია ქართული შესატყვისი – თაგვი, რომელიც იმდენად ვერ დამკვიდრდა როგორც კომპიუტერის ხელსაწყოს აღმნიშვნელელი, რომ დღეს მაუსი უფრო ადეკვატურად ჟღერს. შესაბამისად მაუსის ხმარება და გამოყენება უფრო “ლეგალურია” და ეს იმდენად ბუნებრივად ითვლება როგორც სიტყვა – კომპიუტერის ბუნებრივი დამკვიდრება. ასეთივეა ძირძველი სიტყვა ვედრო, “კუშეტკები” “სტოლები” “შკაფები” მოვისროლეთ ნელ ნელა, ყოველშემთხვევაში ასე მეჩვენება, აი ვედრო კი თითქმის უკვე ქართულია, ალბათ უკვე სამუდამოდ ჩამჯდარა ენაში. ახლა სათლი არავის ახსოვს და მისი გამოყენებაც ისეთი არაბუნებრივია, როგორც ძველი ქართული სიტყვების ამოქექვა.

თუმცა დღესდღეობით ქართული ენის ყველაზე დიდი პრობლემა საქმიანი და ტექნიკური ლექსიკონის სიღარიბეა, არ ვიცი ეს პატარა ქვეყნების ენებს ემართებათ თუ მხოლოდ ჩვენი სიზარმაცის ბრალია, მაგრამ დიდ ბიძგს კი აძლევს სამუშაო გარემოში ხალხმა ისაუბროს რაღაც აჯაფსანდალი ენით რომელიც ინგლისური, რუსული და ქართული ენის მიქსია, ისე რომ სამივე მათგანი მახინჯდება.

ჩემ ცხოვრებაში კი ყველაზე ხშირად და უხეშად მხვდება სიტყვა “ტრიაბკა” რადგან მამაჩემს უყვარს ეს სიტყვა. ყველაზე დიდი გართულებაც მასზე  მაქვს ალბათ 😀

7 thoughts on “ვსაუბრობთ (ვწერთ) ქართულად!

  1. “ინგლისური, რუსული და ქართული ენის მიქსია” – ნარევია ქართულად )))

    რაც შეეხება, facebook-ზე დაწერილ ქართულ სიტყვებს, რომლებიც ლათინურად წერია, ყველაზე მეტად მძულს. რა გახდა ამ ერთი ფონტის დაყენება კომპიუტერში ვერ მივხვდი )))

  2. ზოგს კი უყენია ეს ფონტი, მაგარმ “გადაყვანა” ეზარებათ ხოლმე ;დ ზოგან ინგლისურად უნდა დაწერო, ზოგან ქართულად…
    ამიტომ მირჩევნია სმაილებიც ქართულად ვწერო, მაგ.: :დდდ

  3. გადაყვანას რა უნდა, ბეჭვდისას Shift+alt და მორჩა
    დაყენება კი როგორც დავაკვირდი ბევრმა არ იცის და არც აინტერესებს,
    მე ვფიქრობ ეს მირკმა და მერე მესენჯერების და მობილურში ტექსტური შეტყობინებების ეპოქამ დაამკვიდრა ეგ “ნორმა” რომ ლათინური ასოებით უნდა წერო.
    ზოგისთვის მთავარია გააგებინოს სხვას რა უნდა
    მაგრამ იმ სხვაზე კი არ ფიქრობს რომ თვალები ეთხრება, მოკლე ფრაზებს არაუშავს მარა ზოგი “ვეფხისტყაოსნებს” წერს 😀

    • უი ეგეც მართალია, ეხლა მივხვდი, მობილურებში ხო ეგ შრიფტია და ;დ
      მე მაგ “ვეფხისტყაოსნებს” არასოდეს ვკითხულობ ;დდ

      კაი ავატარი გაქ 😉

Leave a reply to როდე კომენტარის გაუქმება