სამსახურეობრივ ტანჯვათა ისტორია

ორი ნორმალური შემთხვევა

სულ რაღაც ორადორი სამსახური მქონდა მეტ–ნაკლებად ნორმალური, ახალგაზრდა, უცოლო, უპრეტენზიო და ეკონომიას დაჩვეულ ახალგაზრდას რომ დააკმაყოფილებს, უფროსწორად რომ იმყოფინებს ასეთი ახალგაზრდა. ეს ორი სამსახური ნორმალური იყო რამდენიმე პარამეტრით, ხელფასი, შეიძლება 400–500 ლარი არც ისე ბევრია მაგრამ მაშინ, ჩემთვის საკმარისი იყო ნაწილობრივი დამოუკიდებლობისთვის. გზის ფულისთვის და შაბათ კვირას მეგობრებთან გასეირნებაში ნორმალურად მყოფნიდა. ამ სამსახურების ნორმალურობა გამოიხატებოდა იმაშიც რომ შაბათ კვირას ვისვენებდი, პირველ სამსახურში ზოგჯერ შაბათსაც ვმუშაობდი, მაგრამ ეს არ იყო ძალიან დამღლელი 4 ან 5 საათამდე, მერე კი ისევ თავისუფალი ვიყავი. მეორე სამსახურში შაბათს 8 თვის მანძილზე მხოლოდ ერთხელ მივედი და მაშინაც ორ საათში უკან წამოვედი. ორივე სამსახური ცნობილი ორგანიზაცია ან ცნობილი ფირმის წარმომადგენელი იყო, ორივე სამსახურში არ ვმუშაობდი 8 საათზე მეტს… მეორეში იყო მძიმე მომენტებიც 12 საათზეც წამოვსულვარ სახლში რაიონიდან, ორგანიზაციის მანქანით, სიცივეში გამიტარებია მთელი დღე, ამიტანია უამრავი ხალხის ჩხუბი, ყაყანი და უსამართლო წყევლაც. მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ძალიან ცოტა იყო. უფრო ბევრი იყო, მსუბუქი დღეები, ცოტა საქმე, 6–ის ნახევარზე წამოსვლა, სამზარეულოში ყავის სმა, “კურილკაში” სიგარეტის მოწევა, ლაპარაკი, კომპიუტერში თამაში და სოციალური ქსელები.

კურიერი:

მაგრამ როგორც ხდება ხოლმე ეს შედარებით ნორმალური სამსახურების ეპოქაც დამთავრდა, ვისი ბრალი იყო, კრიზისის, ჩემი თუ შემთხვევითობის (ან თუ გნებავთ ბედის) არ ვიცი. ალბათ ყველას/ყველაფრის ერთად😀

როცა უმუშევრობა მეტად უსიამო გახდა, შუა ზაფხულში დროებითი სამსახურის ვარიანტი გამოტყვრა, რომელიც შორეულმა ნათესავმა წყალობის სახით გამიჩალიჩა, კურიერის პოზიცია მობილურების და კომპიუტერული პერიფერიული ტექნიკის მაღაზიაში, ყველანაირი ხარახურა იყიდებოდა: მობილურების ეკრანები, კორპუსები, კლავიატურები და ა.შ ეს ყველაფერი უნდა მეტარებინა თბილისის მასშტაბით სერვის ცენტრებში და ხელოსნებთან, რომლებიც უკვეთავდნენ და ჩემი მეშვეობით ადგილზე უნდა მიეღოთ პრუდუქტი.

უფულოდ ჯდომა აღარ შემეძლო ამიტომ დაუფიქრებლად დავიწყე მუშაობა, სამუშაო საათები 6-7 საათი იყო დღეში. ყველაზე დიდი დისკომფორტი გამოდგა ის რომ ივლისის მიწურულს საშინელ პაპანაქებაში ფეხით უნდა მევლო მთელ თბილისში, მეტროთი და ავტობუსით. და ერთ შეკვეთაზე ორჯერ მეტად არ უნდა გამომეყენებინა ტრანსპორტი, (გზის ფულს ზოგავდნენ) ბევრ ობიექტამდე მისასვლელად კი არც მხოლოდ მეტრო იყო საკმარისი არც მხოლოდ ავტობუსი. ამიტომ ზოგჯერ საჭირო იყო 1-2 კილომეტრის ფეხით გავლა შუა დღის ადუღებულ თბილისში. ერთ ასეთ გასეირნებას არაუშავს, მაგრამ დატვირთულ დღეებში 8-9 ასეთი გასეირნება იყო საჭირო, ვისაც ივლისის მიწურულს შუა დღის თბილისში არ გიბოდიალიათ მთელი დღე მეტროსადგურებთან, ბაზრობებზე და გადაჭედილ ცენტრალურ ქუჩებზე, ფეხით მოსიარულე კურიერის ტანჯვათა სიმძაფრეს სრულყოფილად ვერ გაიზიარებთ. სახლში რომ ვბრუნდებოდი, ფეხსაცმელები ტერფებზე მქონდა “შეხორცებული”, უხერხულად ჩასვრილივით მოვაბიჯდებდი რადგან ბევრი სიარულისგან გაღიზიანებული მქონდა საზარდული, ოფლისგან თავიდან ფეხებამდე სველი ვიყავი, თავი კი ისე მიხურდა რომ ცივი წყალიც აღარ მშველოდა.  როგორც აღმოჩნდა არც დაასვენება მეკუთვნოდა, არც შაბათი, არც კვირა. თავიდან კი ყოველ მესამე დღეს დასვენებას დამპირდნენ, მესამე დღეს ვინ ჩივის სამი კვირის შემდეგ ერთი კვირა დღე ძლივს გამოვგლიჯე თანამშრომელ კურიერს რომელსაც თურმე რა იყო და პრივატიზებული ქონია ეს დღე,  და რადგან ის ძველი იყო მე კი ახალი მე მის მაგივრადაც უნდა მემუშავა როცა ის დაისვნებდა.

მესამე კვირას ისე დავისიცხე რომ  ყოველ მეორე დღეს ქუჩაში სიარულისას ცხვირიდან სისხლი მდიოდა. საღამოს თავის ტკივილები დამეწყო, ბოლოს კი ერთი ლარის “მოპარვის” გამო საყვედურიც კი დავუმსახურე. ზოგჯერ კლიენტები ხურდას აღარ გვართმევდნენ ხოლმე, ერთმა კლიენტმაც ჩვეულებვრივ არ გამომართვა ხურდა და ის გადმოყოლილი ზედმეტი ლარი ადმინისტრაციამ მოტეხვად ჩამითვალა, რადგან კლიენტს ახალი შეკვეთისას უთქვამს ლარი ზედმეტი მიმიციაო.  თქვენი მათხოვარი არ ვარ მეთქი,  იმის მერე არც მივსულვარ. დავრჩი ისევ უმუშევარი.

მიმტანი

მიმტანის პოზიციაც დროებით უმუშევრობისას მომევლინა როგორც დროებითი თავის გადარჩენა, ეს პოზიციაც უკიდურესი გაჭირვების დროს გამოტყვრა და მეც უსიტყვოდ დავმორჩილდი ბედს, მითუმეტეს რომ რესტორანი რომელშიც მუშაობის დაწყებას ვაპირებდი ე.წ პრესტიჟულთა რიგებში მოიაზრებოდა და მაღალ ხარისხზეც ქონდა პრეტენზია, ( იყო კიდეც მაღალი ხარისხის კერძები და მომსახურებაც) ვიფიქრე ანაზღაურება ნორმალური იქნებოდა და 1-2 თვეს გამაქაჩინებდა სანამ რაიმე გამოჩნდებოდა. მენეჯერს ორი საათი ველოდე, არადა არც ისე შორს იყო მეორე სართულზე “საქმიან” სადილზე ეჩალიჩებოდა ვიღაც გრძელფეხება გოგოს. იქვე მოფუსფუსე მიმტანებმა დამამშვიდეს – ერთმა: მე 4 საათი ველოდეო, მეორემ 5 თუ 6-იო. მაშინვე მივხვდი რომ იქ მუშაობა კი არა ნებაყოფლობითი ბატონ ყმობა და მონობათმფლობელობა იყო. რომ გითხათ რომ რესტორანში მენეჯერებს რამე საქმე აქვთ და ესაა მიზეზი მათი  დაგვიანებისა – ტყუილი იქნება. მენეჯერების საქმე მხოლოდ მიმტანებისთვის ზურგზე  მათრახის გადატყლაშუნებაა, სხვა არაფერი, მოვა გაივლის, გამოივლის. კარგად ჩაცმული, სუნამო მიპკურებული მედიდური მზერით.  ერთი ორს გადაუტყლაშუნებს, მერე კარგ სადილს მიირთმევს, სტაჟიან ლაქიას (მიმტანს) მეგობრულად გამოელაპარაკება ერთი ორს გააბოლებს და წავა, თუ არ წავა და ააგდებს ვინმე გრძელფეხებას და ‘საქმიან” სადილს გაუმართავს. გასაუბრებაზე კარგა გვარიანად დაგვიანებული ისე გესაუბრება გეგონება რამე გიგანტი კორპორაციის დამფუძნებელი და სერიოზული ბიზნესმენი იყოს.

და გავხდი მიმტანის ასისტენტი (მაშინვე მიმტანად ვინ მიგასუნინებს) მართალი გამოდგა ჩემი პირველი შთაბეჭდილება, რესტორანში მუშაობა ნამდვილი კატორღა ყოფილა, სხვა რა უნდა უწოდო სამსახურს რომელიც დღე ღამეში 18 საათს გამუშავებს? განრიგი ასეთი იყო პირველი დღე: –  მუშაობ 17-18 საათი, დილის 8-დან ღამის 1-2-მდე (ბოლო კლიენტის წასვლამდე) მეორე დღე 14-15 საათი შუა დღის 12-დან ღამის 1-2 საათამდე (ბოლო კლიენტის წასვლამდე) მესამე დღე – დასვენება, მაგრამ თუ ბევრი კლიენტია რაც ჩვეულებვრივი ამბავი იყო იქ, დაგირეკავენ და უნდა მიხვიდე! ფეხს ვერ გამოადგავ სანამ უკანასკნელი გამძღარი ახალი ქართველი არ გამობანცალდება იქიდან. გამძღრებისთვის კი ხომ იცით დღე და ღამე სულ ერთია, მითუმეტეს ქეიფის მოყვარული ქართველისთვის, ამიტომ ძალიან ხშირად ჩვეულებრივი ამბავი იყო ღამის სამ საათამდე რესტორნის სამზარეულოში ჯდომა და გულში ღიპიანი ბიძების გინება. ღამის სამ საათზე 18 საათიანი მუშაობის შემდეგ წელგაწყვეტილი სახლში რომ ვერ ბრუნდები იმიტომ რომ ვიღაც გასიებულ ფულიანს ქეიფი უნდა,  მითუმეტეს რომ მის სასიამოვნოდ რესტორანი მაშინ იკეტება როცა უკანასკნელი კლიენტს მობეზრდება დროსტარება, (კარზეც გამოუკრავთ) თუ არ გავიდა და მთელი ღამე იქეიფა? არაუშავს მთავარია მაძღარ კლიენტს არ შეეშალოს ხელი ქეიფში. ამ ყველაფერს კი ყველანი მონური სიმშვიდით ხვდებიან, მრეცხავები რეცხავენ, მზარეულები ამზადებენ, მიმტანებს მიაქვთ. ყველანაირ ადამიანურ მომენტზე ზედმეტია საუბარი, ეს ექსპლუატაციაა, არ იკითხავთ რა მრჩებოდა დღის ბოლოს რომ ასეთი მონური შრომა რამენაირად გამართლებული ყოფილიყო? საშუალოდ 15  ლარი. მართალია ეს მხოლოდ ე.წ ჩაი, მაგრამ 1 კვირის ხელფასი 35 ლარზე მეტი არ გამოვიდა, ერთ კვირაში სულ 80 ლარამდე ავიღე. როცა ზოგიერთი კერძი ან სასმელი სამი ამდენი ღირდა.

ერთი კომფორტი ქონდა, ღამის 2-ზე ან 3-ზე რომ წაბანცალდებოდა ბოლო კლიენტი, სიხარულისგან დაღლილობა ცოტა ხანი გავიწყდებოდა გამოიცვლიდი გახვიდოდი გარეთ და მადლიერი რესტორანი სახლში ტაქსით კი არ გიშვებდა არამედ თავისი დაქირავბული “მარშუტკით”, უფასოდ მიგაბრძანებდა შინ. ჩავჯდებოდით ოცდაათიოდე კაცი და იწყებოდა ხალხის შინ დარიგება, ოცდაათიდან ოცაცხრა გზაში იძინებდა სანამ ყველა ჩამორიგდებოდა, 2 სანზონაში 2 დიღომში, 3 დიდ დიღომში 4 თექმაზე, 5 მუხიანში ასე იწყებოდა გადაქანცულთა შუაღამისეული მოგზაურობა თბილისში, და თუ 2 საათზე გეგონა აი როგორც იქნა მოვრჩი მუშაობას სახლში მოვისვენებო, შინ მისვლამდე 4-ის ნახევარი ისე გაგიხდებოდა როგორც არაფერი. და რამხელა შეღავათია ის რომ მეორე დღეს 12 საათამდე გაცლიან? აუფ… კიდევ უფრო საცოდავად იყვნენ მრევხავები და ერთადერთი ჭურჭლის გამშრალების ოსტატი, “პალიროვკა” როცა ერთხელ სამ საათზე დავიწუწუნე ნეტავ მალე წავიდეს მეთქი კლიენტი, ჭურჭლის გამმშრალებელმა მოწყენილი ვირის თვალებით შემომხედა და მითხრა – შენ რა გიჭირს ძამია, წახვალ აწი ჩვენი საქმე კი ახლა იწყებაო. მაგრამ ისენი შეჩვეული იყვნენ მონობას, არც მეგონა რომ მათთვის სხვა სამყარო სადმე არსებობდა. ამ ციხეში მარტო მაგიდასავით დიდ ძუძუებიან მრეცხავს და ლოყებწითელა უბედურ ბავშვობა გამოვლილ სახიან “პალიროვკას” ქონდათ მობილურების გამოყენების უფლება. მიმტანებს ჩამორთმეული გვქონდა. საწყობში სადაც პერსონალს უგემურ ლობიოს გვაჭმევდნენ, ნათურა ეკიდა რომლის დაციმციმებაზე უნდა წამომხტარიყავი, ლანგარი აგეღო და კერძი გაგექცუნებინა. ზოგჯერ დაქანცული ამ ნათურას ტუალეტში ან გასახდელში ვემალებოდი რომ ცოტა ფეხები დამესვენებინა ორ სართულზე კერძების გაუთავებელი თრევისგან. იმ მცირე მონაკვეთში წუთიერ გასართობად მობილურიც კი არ მქონდა რომ ვინმესთვის დამემესიჯებინა ან რაღაც სულელური მობილურის თამაში მაინც ჩამერთო.

მიმტანებს ვერ ვუგებდი, ჯუნგლების კანონი იყო, არავის არავინ მოსწონდა, ყველა უკმაყოფილო და უჟმური იყო  მაგრამ მონობასთან კარგად ადაპტირებული, კასრში დამწყვდეული ვირთხებივით მზად იყვნენ დაეჭამათ ერთმანეთი, მენეჯერები ყველას (მიმტანებს) უყეფდნენ, სულ ყველა ერთად კი ფინია ძაღლებივით კუდს უქიცინებდნენ ვიღაც ბობოლას (სავარაუდოდ რესტორნის მფლობელს) მხოლოდ მაგიდასავით დიდ ძუძუებიანი მრეცხავი ქალი ცდილობდა ყოფილიყო კეთილი.

თავიდანვე  შორს დავიჭირე თავი, ხანდახან როცა რამდენიმე წუთი ვახერხებდი ჩამოჯდომას პერსონალის საწყობ-ოთახში, ვგრძნობდი ძარღვებს როგორ უხაროდათ ეს მცირე შვება, ფეხს ფეხზე გადავიდებდი და ფანჯრიდან გავცქეროდი მტკვარს, მეორე ნაპირზე გზა ჩანდა, გზაზე მანქანები დადიოდნენ, უკან სახლებში შუქი ენთო, გზაზე ლამპიონები ანათებდა. მე კი რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ ვფიქრობდი “ნახე ცხოვრება გრძელდება გარეთ, ხალხი თავისუფლად დადის, როცა უნდათ სადაც უნდათ იქ მიდიან, სახლებში სხედან გარეთ გადიან, შინ შედიან” მერე მახსენდებოდა  სცენა მარტინ იდენიდან  – სასტუმროში რომ მუშაობდა თეთრეულის გაუთოებაზე, თავში კი ეს მესიჯი მიტრიალებდა “კატორღული შრომა ადამიანს აჩლუნგებს და ავტომატად აქცევს”

მესამე დღეც წამართვა სამუშაომ, იმიტომ რომ მესამე დღეს ან მეძინა, ან ფსიქოლოგიურად ვემზადებოდი მომდევნო დღისთვის, 2 კვირაც ვერ გავძელი, ბოლოს მივაგინე ისევ (გულში) და წამოვედი😀

დაცვა:

რესტორნიდან იმ იმედით წამოვედი რომ რაღაც უკეთესი ალტერნატივა არსებობდა, რომელიც ძმაკაცმა გაჩითა, უკეთესი იმიტომ რომ  იმდენი შრომა არ იყო საჭირო, იმდენი კი არა საერთოდ არ იყო საჭირო – კორპუსის დაცვა სადარბაზოში. ყოველ მესამე დღეს 24 საათი უნდა მჯდარიყავი 3 კვადრატულ მეტრ ოთახში ტელევიზორთან ერთად. მისია: არ შემოუშვა სადარბაზოში მათხოვრები, კარდაკარ მოვაჭრეები, ფონდების და სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომ “პეროიანი” მოსახლეობა არ შეწუხდეს უარის თქმით. ანაზღაურება – მიზერული. საქმე – არანაირი, მათხოვრები და მოწყალების მთხოვნელნი ისედაც წელიწადში ერთხელ მოდიოდნენ. ზიხარ მარტო და მთელი დღე ხმის გამცემი არაა, პატარა კორპუსია და მოსახლეები ზოგჯერ მთელი დღე გასულები არიან ან შინ შეკეტილები. ხანდახან თელასის ან ყაზტრანსგაზის თანამშრომელს თუ მიესალმები. ტელევიზორი 3 არხს იჭერს, სერიალი, ინფორმაცია, სერიალი, ინფორმაცია. დაგვპირდნენ კომპიუტერს დაგიდგავთო – ჯერ კომპიუტერი სად უნდა ჩაეტიოს აქ, ან ვინ გაიმეტებს მაგდენს? დაპირება დაპირებად დარჩა. აიეტი ძლივს ჩართეს და ისიც ერთი კვირის მერე გაგვიუქმეს. ზიხარ პატარა საკანივით ოთახში და უსაქმურობისა და მოწყენილობისგან ზოგჯერ საკუთარი თავი გარაჟის კუთხეში  წლობით მიყუდებული უსარგებლო საბურავი გგონია.

იქ საქმე მტანჯავდა აქ უსაქმურობა, უსაქმურობა უფრო საშინელიც კია, იმიტომ რომ მერე უკვე საკუთარ სარგებლიანობაში გეპარება ეჭვი. სახლში უსაქმურობა სულ სხვაა, მოგბეზრდება? წახვალ, გაივლი. ფილმს უყურებ. კომპიუტერს მიუჯდები, მეგობარს დაელაპარაკები. ანუ სახლში მჯდომარე უსაქმურს უამრავი რამ შეუძლია გააკეთოს, უსაქმურს კი რომელსაც ჯდომაში უხდიან კაპიკებს, ჯდომის გარდა ბევრი ვერაფერი შეუძლია.

თუმცა თავიდან არ შევდრკი ამ ამაოების განცდის წინაშე, წიგნებს დავათრევდი და მთელ დღე-ღამეს წიგნის კითხვაში ვკლავდი, კითხვამ კარგად მიშველა. რამდენიმე კვირა, კარგად ვგრძნობდი თავს, მაგრამ მერე ცოტა მომბეზრდა, მთელი დღე კითხვა დამღლელია, თან ზოგიერთ წიგნს სპეციფიური ხასიათი უნდა რომ გული დაუდო, კონცენტრაცია მოიკრიბო. აქ კი რობინზონ კრუზოსავით უკაცრიელ სადარბაზოში სულ საკუთარ ამაოებაზე გეფიქრება. რა გინდა აქ? რისთვის კარგავ დროს? უსაქმურობაში საათები კვირებად გეჩვენება და დროც ისე ნელა გადის როგორც არსად სხვაგან.

აქ რამდენიმე თვე ვიმუშავე, ბოლოს ისევ სტუდენტობამ და სწავლამ მიშველა, მაგ იდიოტური სამსახურისთვის აღარც დრო მქონდა და აღარც მიზერულ ანაზღაურებას გამოკიდება მიღირდა. ახლა ვარ უმუშევარი, მაგრამ ისევ სტუდენტი რომელიც აღარ ფიქრობს საკუთარ უსარგებლობაზე აქვს საყვარელი საქმე და მტკიცე რწმენა იმისა რომ რაღაც შეუძლია, რაღაცას აკეთებს და რაღაც გამოუვა.

12 thoughts on “სამსახურეობრივ ტანჯვათა ისტორია

  1. ადამიანს, რომელიც ასეთი მონდომებული და მიზანდასახულია, ყველაფერი გამოუვა. ძალიან კარგი პოსტი იყო, წარმატებებს გისურვებ მომავალში : )

    Like

  2. “ნახე ცხოვრება გრძელდება გარეთ, ხალხი თავისუფლად დადის, როცა უნდათ სადაც უნდათ იქ მიდიან, სახლებში სხედან გარეთ გადიან, შინ შედიან” – ამ მომენტზე გამეცინა, ზუსტად ასე ვარ ხოლმე მოსაწევად როცა გავდივარ, მიუხედავად იმისა, რომ სავსებით “ასატანი” სამსახური მაქვს, შვებულებაში ყოფნის დროს კი “ნა ზლო” ვიცვამ ყველაზე “შეუფერებელ” ტანსაცმელს, გავდივარ ქუჩაში და ბედნიერი დავბოდიალობ😀
    ძალიან დიდ პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებიც ერთ ადგილს არ ტკეპნიან უსაქმურად, წარმატებებს გისურვებ :))

    Like

    • მადლობა :))
      სამუშაო ყოველთვის ციხეა, თუ მართლა შეყვარებული არ ხარ შენ საქმეზე. როცა გიყვარს რაღაცის კეთება მაშინ არაა პრობლემა თუმცა ერთ ადგილზე დიდ ხანს გაჩერება მაინც ძნელია. მალ მალე უნდა გაიარ გამოიარო, მოკლედ თავისუფალი რეჟიმი ყველას ჯობია :)) და გარემო სადაც არ გაჩქარებენ, არ გზღუდავენ. ამას დაამატე საქმის სიყვარული და მაქსიმალური პროდუქტიულობაც გარანტირებულია.

      Like

  3. ივლისში გარეთ გასვლა მეზარება ხოლმე, ისე ვერ ვიტან სიცხეს და შენ რეები გადაგიტანია:/

    Like

    • მეც მეზარება ხოლმე, საერთოდ ივლის-აგვისტოში თბილისში ყოფნა საზიზღრობაა და მითუმეტეს მთელი დღე გარეთ სიარული. 35-40 გრადუსი იყო იმ დღეებში როცა ვმუშაობდი,

      Like

  4. ე.ი. ჩემსაზე გაცილებით უარესი სამსახურებიც არსებობს და წუწუნის მორალური უფლებაც არ მაქვს : )) კარგი პოსტია, წარმატებები, ყოჩაღი ვინმე ხარ

    Like

  5. აუ, ვიზიარებ შენს მდგომარეობას ძმაო, მართლა გულზე მომხვდა😦
    ახალ პროფესიას ეუფლები? რაზე სწავლობ?
    პ.ს. მგონი სათაურში ასოები არეულია🙂

    Like

    • ეგ არაფერი უარესებიც ხდება ხოლმე ::D

      კომპიუტერულ გრაფიკას ვეუფლები
      პ.ს: სათაურში ყველაფერი წესრიგშია😀

      Like

      • მეგონა მაგ პროფესიას დაუფლებული იყავი უკვე😀
        სამსახუროებრივ თუ სამსახურეობრივ?😀

        Like

      • ხომ იცი სწავლა სიბერემდეო, არასდროსაა სწავლა ზედმეტი, მითუმეტეს როცა ცხოვრებიდან გამომდინარე სულ აქე-იქეთ გიწევს ხტუნაობა სხვადასხვა სამსახურებში.
        პ.ს: მართალი ხარ ეხლა დავაკვირდი ასოებს.

        Like

      • რა თქმა უნდა, ყველაზე კარგად მესმის იმ ხალხის ვინც სულ სწავლაშია და დაუფასდებათ აუცილებლად🙂

        Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s