That’s how it will be

იმ დღეს სულ წვიმდა, წვრილად და ინტენსიურად ღვრიდა ცრემლს ნაცრისფერი ზეცა. შავი ღრულბები მძიმედ მიიგრაგნებოდნენ. მეც თანაბრად სევდიანი განწყობა მქონდა ღრუბლებისა და წვიმის გამო. ასეთი ამინდი  მთრგუნავს, თუმცა, ხანდახან მიყვარს. იმ დღესაც ეს ორი გრძნობა ებრძოდა ერთმანეთს, ერთი უცნაური წინათგრძნობაც მაწუხებდა, მეგონა აღარასდროის გადაიღებდა, თითქოს რაღაც დასასრულის დასაწყისის ზღურბლს ვუახლოვდებოდი. მეგონა მზე აღარ გამოანათებდა, ცარიელ ქუჩებს ხალხი აღარ შეავსებდა, სველი ქუჩები არასდროს გაშრებოდა, დარჩებოდა გუბეები და მეზობლის სხვენის კარის ჭრიალი, რომელიც ისე ისმის ჩემ ოთახში ქარიან დღეს, რომ გულს გაგიწვრილებს. მაშინ ვფიქრობდი რომ ეს წინათგრძნობა არ იყო, არამედ წვიმიანი დღის გამო წარმოშობილი სევდის უცნაური ნაწილი.

მოსაღამოვებულზე ქარმა ღრუბლები მიმოფანტა, ცის ხასხასა სილურჯემ გამოანათა. შავი ღრულბების ნარჩენებს სიწითლე შეეპარა. ეზოში ხეებს ფოთლები ქვემოთ დაეშვათ, ყვავილებს თავები დაეხარათ, წვეთები მოგორავდნენ ფოთლებზე, ერთმანეთს ერწყმოდნენ და დედამიწისკენ ეშვებოდნენ. მეზობლის სხვენის კარებს ისევ ახეთქებდა ქარი. მზემ გამოიხედა თუმცა ისევ იმ განწყობაზე ვიყავი. შებინდებისას ჩემი მაგიდის სანათური ჩავრთე, ვოლფრამის ნათურა ციმციმებდა, გაკაშკაშდებოდა, მერე მინავლდებოდა, ქარის შლიგინი მესმოდა ფანჯრიდან. გარეთ ჩამობნელდა. ნათურა ერთხელ კიდევ გაბრწყინდა და მერე ოთახში უკუნეთი ჩამოწვა. შემეშინდა, ვიფიქრე რომ ნათურა გადაიწვა, ტელეფონის ეკრანით გავანათე უკუნი ოთახის კუთხე და ჩამრთველს ჩამოვკარი ხელი. ჭაღი არ აინთო. შუქი ჩაქრა. ფანჯრიდან გავიხედე, არსად ჩანს სინათლის ნაპერწკალი. სრული უკუნია. სავარძელში ჩავეშვი, ალბათ ნახევარი საათი ვიჯექი უკუნ სიბნელეში, მერე ფანარი ამოვიღე უჯრიდან და საკუჭნაოში ჩავედი სანთლის მოსაძებნად. საკუჭნაოში ძველ ნავთქურას წამოვკარი ფეხი და თაროები კინაღამ ჩამოვყარე კედლიდან. რა ვიცოდი რომ ოდესმე ამ ნავთქურაზე ისევ ვიფიქრებდი. ორი სანთელი ვიპოვე, შარშანდელი დაბადების დღის, რიცხვების ფორმის, ორი და ხუთი. დავანთე და ვუყურებდი როგორ დნებოდა ხუთიანი, შემდეგ ორიანი.  წიგნი გადმოვიღე და ვკითხულობდი, მაგრამ განათება საკმაოდ ცუდი იყო, დიდ ხანს ვერ გვძელი. თავი მაგიდაზე მედო და ცეცხლს ვუყურებდი. სამი საათი გავიდა რაც შუქი ჩაქრა, დავიღალე და მომბეზრდა, მოუსვენრობამ შემიპყრო, რა ჯანდაბა ხდება, რატომ არაა შუქი? ჟაკეტი მოვისხი და მეზობელთან გავედი. ტასო კუთხეში იჯდა და ფაფას ჭამდა, ტუჩები მოთხუპნული ქონდა, თვალები ნამტირალევი.

“გოგო რატომ არ არის შუქი?” შეიცხადა მზიამ.

მე მხრები ავიჩეჩე და მაგიდასთან დავჯექი, მაგიდაზე ნავთის ლამპა ენთო გამეცინა 90-იანები გამახსენდა, ფაფები, უშუქობა და ნავთის ლამპები.

“შემოგრჩა?” ვკითხე

“ჰო, პადვალში ვიპოვე, ნავთიც ესხა შიგნით”

ტასოს მოვუცაცუნე ხელი ლოყაზე

“მულწიკებს ელოდებოდა” ამიხსნა მზიამ ნამტირალევი თვალების მიზეზი. “აბა საიდან მოვუტანო?”

ცოტა ხანი უხმოდ ვიჯექით

“ვერსად რომ ვერ ვრეკავ ეგ უფრო მაცოფებს” გააგრძელა მზიამ “გავიგებდი მაინც გვერდით ქუჩაზე არის თუ არა”

მობილური ამოვაძვრინე ჯიბიდან

“მზია საერთოდ არ იჭერს”

No network coverage ჩავიჩურჩულე და ჯიბეში ჩავიდე.

სახლში გადმოვედი, მინდოდა იმ საღამოს ოთოს დაერეკა, მაგრამ ტელეფონი ჯიუტად არ იშორებდა წარწერას No network coverage, ცოტა არი იყოს ავნერვიულდი, რა ხდება? ქალაქის ტელეფონის იმედი არც მქონდა, დენზე მუშაობდა. დივანზე მივწექი ჩაცმული, ვიფიქრე გვიან ღამით მაინც მოვიდოდა შუქი და ავდგებოდი.

თვალი რომ გავახილე სინათლე შემომეგება, მაგრამ ეს არ იყო ელექტრო დენის სინათლე, ეს დილის მზე იყო. კისერში მცირე ტკივილს ვგრძნობდი. ფანჯარას მივუახლოვდი, ფარდა გადავწიე, ფრინველები დანავარდობდნენ ცაზე, სახლის სახურავები ისევ სველი იყო. ჩამრთველს ჩამოვკარი ხელი. ნათურა არ აინთო, მერე ტელეფონს დავხედე ისევ არ იჭერს.

კუჭის ჭყრიალი რომ გავიგე გადავწყვიტე მაღაზიაში გამევლო, თან ვიფიქრე გავიგებდი შუქის და ტელეფონის ამბავს. გამოვიცვალე და გარეთ გამოვედი, ხალხი დაბნეული ჩანდა, ზოგიერთი ეზოდან გენერატორის ხმა ისმოდა, მაღაზიაშიც გენერატორი გუგუნებდა. გამყიდველი გულმოდგინეთ უჩიჩხინებდა ტელევიზორს, ეკრანზე თეთრი და შავი წერტილები ცეკვავდნენ.

“არ აჩვენებს ეს ოხერი” თავი ამოყო დახლიდან მოხუცმა და წელში გასწორდა. დიდი რკინის ჩარჩოიანი სათვალე ეკეთა უზარმაზარი ლინზებით. მე გავუღიმე, მას კი ისეთი შეწუხებული სახე ქონდა რომ ალბათ – სულელიაო – გაიფიქრა.

მაღაზიაში ძეხვი, კვერცხი და ძველი პური ვიყიდე. ქუჩაში ერთ სახლთან რამდენიმე კაცი იდგა, გადაძახილები ისმოდა რომელიღაც ეზოდან. ჭიშკრიდან ანერვიულებული მსუქანი ქალი გამოვარდა, კაცები აწყნარებდნენ. ერთ განზე მდგარ კაცს მორიდებით ვკითხე რა ხდება მეთქი – მითხრა შვილი ყავს საავადმყოფოში აპარატზე შეერთებული და შუქი გამოირთოო. მაშინ კი ვიფიქრე რომ რაღაც სერიოზული ხდებოდა. ეს კაცებიც აღელვებულები ჩანდნენ და ამბობდნენ რომ ვერავის უკავშირდებოდნენ. ნეტავ რა ხდება? რა მოუვიდა ყველა კომუნიკაციას? შიშმა ამიტანა.

შევეცადე დავმშვიდებულიყავი, თუმცა მაინც ძალიან ჩქარა ვისაუზმე და მზიასთან გადავედი. მზიას თმები დაუვარცხნელი ქონდა გაოფლილ ხელში ტელეფონი ჩაებღუჯა. ეტყობა რამდენიმე საათი ხელიდან არ გაეშვა. ვერავის ურეკავდა, ვერც ქმარს, რომელიც შორს იყო, ვერც ნათესავებს ვერც ახლობლებს.

ძველი ელემენტებიანი მაგნიტოფონი გადმოვაღებინე, საბედნიეროდ ძველმა ბატარიებმა გაამართლეს და მაგნიტოფონიც აშიშინდა.

“მზია რაიმე საინფორმაციოს დავიჭერ და აუცილებლად იტყვიან რაშია საქმე. მე ვფიქრობ რაღაც მასშტაბური ავარია უნდა იყოს”

რადიოს ვერც ერთი ტალღა ვერ დავიჭირე, მაგრამ მაინც ვატრიალებდი ისარს. ბოლოს როცა დავნებდი ისე მეშინოდა, მზიას თვალი მოვარიდე.

“წამო, წამო გარეთ გავიდეთ, ვიაროთ, იქნებ ვინმე შეგვხვდეს, რამე გვითხრას, ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნას მირჩევნია ვიმოქმედო” თქვა და ტასო ხელში აიყვანა

გავედით… მე ოთოზე ვფიქრობდი და ყოველ წუთს ტელეფონს ისტერიულად ვუყურებდი. თურმე რა უსუსური ხდები როცა ყველაფერი, ყველა ეს ტექნიკა, მართლაც იქცევა პლასტმასის უსარგებლო ნაჭრებად. სახლში რომ მოვიდეს ჩემთან? მე კი არ დავხვდე? შინ უმოქმედოდ ჯდომაც რომ აღარ შემიძლია? მოდი მე გავუვლი სახლში, მაგრამ არც ის იჯდება უმოქმედოდ.

ქუჩაში ხალხი ჯგუფ ჯგუფად იყო შეგროვილი, ზოგი ირწმუნებოდა ომი დაიწყოო, ზოგიერთი დიდ ავარიაზე საუბრობდა

“სულ მთავრობის ამბავია, ჩვენი გაწყვეტა უნდათ ერთხელ და სამუდამოდ” ყვირობდა გამწარებული ქალი. მთელი ქალაქი გარეთ გამოსულიყო, მივდიოდით და ყველგან ერთიდაიგივე სურათი გვხვდებოდა. მეტრო არ მუშაობდა, ყველა ქუჩაზე საცობი იყო, მხოლოდ ფეხით მოსიარულეებიც კი იმდენნი იყვნენ რომ სრულიად კეტავდნენ გზებს. აქა იქ კუთხეებში ჯგუფ-ჯგუფად იდგა ხალხი. ყოფილ მთავრობის სახლთან კი მართლაც ბევრ ადამიანს მოეყარა თავი.

“გაგვაგებინონ რა ხდება საერთოდ” – ხმის ჩახლეჩვამდე ყვიროდა შუა ხნის კაცი.

შევხედე ზღვა ხალხს და წარმოვიდგინე ყოველი მათგანი ინფორმაციულ ვაკუუმშია, ვერსად რეკავს, ვერაფერს იგებს. ეს ხომ დღევანდელ დღეს პირის აკვრას და ხელ ფეხის გაბაწვრას ნიშნავს. იქვე ქაშვეთთან ვიღაც ფეხშიშველა ბერი ბორიალობდა და რაღაცეებს გაჰყვიროდა “მოახლოებულ არს მეორედ მოსვლა” “მზად იყავით ხალხო ანტიქრისტესთან გასამკლავებლად!”

ათას რამეს იძახდა ხალხი, მაგრამ როგორც ჩანდა რეალურად არავის ქონდა ინფორმაცია. არავინ იცოდა რა ხდებოდა, რატომ ან რის შედეგად იყო ყველაფერი გამორთული. ლაპარაკობდნენ რომ გამოჩნდა რამდენიმე ცნობილი ჟურნალისტი და დეპუტატიც კი, მაგრამ ისინიც ისეთი დაბნელები ყოფილან რომ არანაირი შედეგი არ გამოუღია მათ გამოჩენას.

მე ოთოს სახლისკენ გავწიე, მზია მთავრობის სახლთან დარჩა ინფორმაციის მოლოდინში. არაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ ის მინდოდა სახლში დამხვედროდა, თუმცა ვიცოდი რომ ასე არ იქნებოდა. ისევ მთავრობის სახლთან ხომ არ მეძებნა? სხვა ნაცნობებიც შემხვდებოდნენ, ყველა იქ იქნება გამოსული, სახლში ვინ გაჩერდება. მაგრამ არა, სახლი აუცილებლად უნდა შემემოწმებინა. გული იქეთ მიმიწევდა. სადარბაზოში ბნელოდა, ხელის ცეცებით მივუყვებოდი მოაჯირებს, როგორც მოველოდი სახლში არავინ დამხვდა. წამოვედი, სურსათის მაღაზიასთან რიგები იდგა, ხალხის თვალიერება დავიწყე. უკვე იმარაგებდნენ სურსათს, ქალი და კაცი რიგის გამო ჩხუბობდნენ, მაღაზიის შესასვლელთან მუჯლუგუნით აწვებოდნენ ერთმანეთს. სხვები ცელოფნის პარკებს ეზიდებოდნენ. არა ოთო აქ არ იქნებოდა, ალბათ დასცინებდა ამ პანიკიორ ხალხს. გზაზე გამოვედი, ჩემი ტელეფონის ხმა გავიგე, გაკვირვება ვერ მოვასწარი რომ მივხვდი ბატარიის გაფრთხილება იყო. მალე გაითიშებოდა, ამიტომ გამოვრთე და მასში დარჩენილი ენერგია შავი დღისთვის გადავინახე. ვინ იცის იქნებ სატელეფონო ქსელი მაინც აღდგეს მანამდე სანამ შუქს ჩართავენ?…

შუშების მსხვრების ხმა გავიგე, ვიტრინა დამსხვრეული იყო, ქალი კიოდა. ვიღაცეები იგინებოდნენ, მერე ყველაფერი ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. სირბილით გავეცალე იქაურობას. ფეხის გულები მტკიოდა სიარულით, მთავრობის სახლისკენ მივიწევდი ისევ, სხვა სად უნდა წავსულიყავი არც ვიცოდი. ვიწრო ქუჩაზე ვიღაც კაცი ჩამორბოდა ომი დაიწყო, ომი დაიწყოს ძახილით. ძრწოლამ ამიტანა. ქუჩას ავყევი, ერთ ადგილას ხალხი შეგროვილიყო სამი სამხედრო მანქანა მიდიოდა ნელა “გზა!!! გზა!!!” ყვიროდნენ სამხედროები. სამხედროების დანახვაზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა, “ომი?” რაღაც მოხდა… მანქანებისკენ გავიქეცი და ხალხის ნაკადს მივყევი ბინდდებოდა მხოლოდ სამხედრო მანქანებს ვხედავდი, ავტომობილი გაჩერდა და ერთი სამხედრო პირი ჩამოხტა, ხალხი მისცვივდა “არაფერი არ ვიცი” დაიღრიალა მთელი ხმით “მხოლოდ ის ვიცი რომ კომუნიკაციის მთელი სისტემა არ მუშაობს, მთავრობა ცდილობს პრობლემების აღმოფხვრას, არანაირი ომი არ დაწყებულა. სამხედროების მობილიზებას ვცდილობთ რომ ქუჩაში წესრიგი დამყარდეს სანამ ყველაფერი აღდგება.” მერე ჩოჩქოლმა გადაფარა მისი ხმა “მეც თქვენნაირი მოკვდავი ვარ ხალხო” აღიმაღლა ისევ ხმა “არც ჩემი ტელეფონი მუშაობს, არც რაცია, მეც ისევე არ ვიცი ბევრი რამე, რაც ვიცოდი უკვე გითხარით” სამხედროები მთავრობის სახლთან მიდიოდნენ რომ დაეშმოშმინებინათ ხალხი.

ცოტა დავმშვიდდი და მეც იქეთ გავწიე.

უკვე საკმაოდ ბნელოდა, ადამიანთა ლანდები დაბორიალობდნენ, ძალიან დავიღალე, სადღაც კედელთან ჩამოვჯექი. ჩხრიალის ხმა გავიგე, კაცის სილუეტი დავლანდე, იქვე კედელთან შარდავდა, შემეშინდა არ დამინახოს მეთქი და ძალიან ნელა გავეცალე იქაურობას.

“ოთო სად ხარ” ვიმეორებდი ისტერიულად. გზაზე საბურავებს წვავდნენ, საშინელი კვამლი იდგა, მაგრამ ცეცხლის შუქზე ადამიანების გარჩევა შეიძლებოდა

 “შვილნო ჩემნო” გაჰყვიროდა ფეხშიშველა ბერი, გვერდით ადამიანთა ჯგუფი პირჯვარს იწერდა. მათხოვარი ბავშვები დაშლიგინობნდნენ ხალხს შორის.

“ღმერთო დიდებულო” წამოიძახა ქალმა რომელიც ცოტა ხნის წინ პირჯვარს იწერდა და ცას მიაშტერდა, ხალხს გაოცების ამოძახილი აღმოხდა ‘შეხედეთ!!!” რამდენიმემ ისტერიული პირჯვრის წერა ატეხა “ხომ გეუბნებით ხალხო მეორედ მოსვლაა თქო” თქვა ცას მიშტერებულმა გაკვირვებულმა ფეხშიშველა ბერმა. ცაზე მწვანე ბილიკი ლივლივებდა. როგორც წყლიდან არეკლილი ათინათი. თითქოს მოჩვენებები და სულები ცეკვავენო, შემდეგ ჩაეხვია როგორც ძაფი ჩიკორზე ახლა სხვა ბილიკები გამოჩნდა მოწითალო და მეწამული. “ეს ანგელოზთა დასია” დაიყვირა ვიღაცამ. საოცრად ლამაზი იყო, წუთით ყველაფერი დამავიწყდა და მონუსხული ვუყურებდი ამ საოცრებას. ყველა გაშტერებული იყო, შემდეგ პანიკის დონემ საგრძნობლად აიწია, ყველა სადღაც უმისამართოდ გარბოდა. ყველაფერი საშინელებათა ფილმის სცენარს გავდა, ვიღაც ყვიროდა “უცხოპლანეტელები” ყველანი გარბოდნენ, მე კი ბავშვობაში ნანახი ფილმები გამახსენდა უცხოპლეტელები იპყრობენ დედამიწას, ეს მწვანე და მეწამული ფიგურები მართლაც უცხოპლანეტელებივით ევლებოდნენ თავს ჩვენ ცას. მეც გავრბოდი, დრო და დრო ზემოთ ვიყურებოდი. არ ვიცოდი შემშინებოდა თუ მოვნუსხულიყავი. ბოლოს სირბილით დაღლილმა ერთ მყუდრო ქუჩაზე შევუხვიე, არავინ არ იყო, პატარა კიბეებზე ჩამოვჯექი, რა ჯანდაბა ხდება? რა ვიფიქრო აღარ ვიცი, რა არის ეს ცაზე? რა კავშირი აქვს ყველაფრის გათიშვასთან? უცხოპლენეტელები? თუ უბრალოდ რაიმე საიდუმლო იარაღი? უცხოპლენეტელებზე თუ ოდესმე სერიოზულად დავფიქრდებოდი არ მეგონა. თუ?… გვერდით კაცი შევნიშნე, თვალი მომკრა, ზეციური ფიგურები ოდნავ ანათებდა არე მარეს და რაღაცას გაარჩევდი.

“ესეთი მურმანსკში მინახავს” მითხრა

“რა?”

‘ჩრდილოეთის ციალი”

…….

“მაგრამ აქ ვერც კი წარმოვიდგენდი, ძალიან უცნაურია, ძალიან!…. იმიტომ შეეშინდა ხალხს, ვერც კი წარმოიდგენენ რომ აქ ეს შეიძლება… პრინციპში ვერც მე წარმომედგინა”

სახლისკენ წამოვედი ვიწრო, პატარა ქუჩებით, გაგიჟებული ხალხის მეშინოდა. ე.ი ჩრდილოეთის ციალი, ეს უკვე რაღაც პასუხს გავს, მაგრამ აქ რა უნდა? თავში ყველაფერი არეული მქონდა. მზიას ჭიშკარი გამოკეტილი დამხვდა.

სახლში შევედი და დივანზე დავემხე, მორჩება ნეტავ ოდესმე ეს ისტერიკა? ოთო სადღაა? მზია და ბავშვი? ბავშვი ამ საშინელ საგიჟეთში და სირბილში? სულ გაგიგჟდებოდა. თავი მტკიოდა, კუთებმაც შემომჩივლეს. ტელეფონი ჩავრთე, მაგრამ სულ ტყუილად. სასოწარკვეთამ მომიცვა. გარედან კივილის ხმა შემოდიოდა. რატომღაც წარმოვიდგინე რომ მეზობლის სახლს ტეხავდნენ, კარები შევამოწმე და პოლის ჯოხს დავავლე ხელი, არ მახსოვს რამდენი ხანი ვიჯექი პოლისჯოხთან ერთად. როცა საფრთხემ გადაიარა, დივანზე მჯდომარეს ჩამეძინა. ღამე ჭიშკარზე ბრაგუნმა გამომაღვიძა. კარს სკამი მივადგი და ძირს გავწექი. კანკალმა ამიტანა. ბრაგუნი არ წყდებოდა, თან ის ტიპი რაღაცას იძახდა, ვერ გავარჩიე, როცა ყველაფერი შეწყდა, ძახილის რაღაც ფრაგმენტი ამომიტივტივდა გონებაში.

“ოთო” დავიძახე და გარეთ გავვარდი, უკვე მიდიოდა რომ დავეწიე მეზობლის სახლთან.

ეს იყო ყველაზე ნათელი წერტილი იმ დღეს.

“მზის მომაკვდინებელი ქარიშხალი” ამიხსნა ოთომ.

“რას გვიზავს?”

“ყველაზე ცუდი ალბათ უკვე ქნა – ელექტრო ენერგია, ტექნიკა და კომუნიკაცია სრულიად პარალიზებულია”

“როდის აღდგება?”

“ეგ დამოკიდებულია ზიანის ხარისხზე და მასშტაბზე, თუ მთელ მსოფლიოში გაითიშა. ე.ი კარგი დღე არ გველის”

“ნუ მაშინებ”

“არ გაშინებ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად” ბალიშში თავი ჩავრგე “შესაძლოა მსოფლიო აღარასდროს იყოს ისეთი როგორიც ვიცით”

“მითხარი რომ ყველაფერი კარგად იქნება” შევეხვეწე

“კარგი მასე იქნება” – მწარედ გაეღიმა ოთოს.

ოთოს გვიან ჩაეძინა.

მე კი მესიზმრა რომ დილით გავიღვიძე და ეს ყველაფერი უბრალოდ კოშმარი იყო. კომპიუტერიც კი ჩავრთე facebook შევამოწმე და ფილმსაც ვუყურე პოსტ აპოკალიპტურ კოლონისტებზე.

One thought on “That’s how it will be

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s