სიძულვილის კვირეული

შეიძლება სისუსტედ ჩამითვალოთ, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ რომ აღარ მინდა საერთოდ ამ ქვეყანაში ცხოვრება, არც ქართველობა და არც სამშობლოს რამენაირი სიყვარული. დავიღალე სიძულვილის ჩანჩქერების ყურებით. სიძულვილი და ძალადობა მოდის ყველა მხრიდან, მთავრობისგან, ხალხისგან, პოლიტიკოსებისგან, სისტემისგან და ა.შ. ეს სიძუვილის კვირეული კი არა სიძულვილის წლებია, უბრალოდ ამ ბოლო კვირას სიძულვილის ჩანჩქერებმა განსაკუთრებული სიმძლავრით ამოხეთქა. ბუნებრივია როცა ადამიანის უფლებები ასე უხეშად ირღვევა, ხალხი უნდა გაბრაზდეს, უნდა მოითხოვოს სამართლიანობა. ხალხმა უნდა იმოქმედოს! მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება კერძოდ – ამ სიბრაზის გარდასახვა საკუთარი მოქალაქეებისადმი სიძულვილში.

რათქმაუნდა ბევრი იტყვის რომ სამშობლო უფრო მეტია ვიდრე რაიმე კონკრეტული სოციალურ პოლიტიკური მდგომარეობა. ვიდრე რომელიმე ჯგუფის დანაშაული, ან სიძულვილის მომატებული დოზა ჰაერში. კი ბატონო მაგრამ სამშობლო პირველ რიგში ხალხია, ის ხალხი რომელის უმეტესობა რადიკალიზმში და სიძულვილში ცურავს. ის ხალხია რომლსაც არც მომავალი აქვს დასახული და არც ის იცის რა უნდა. რა გასაკვირია რომ ხადახან არ მინდა ამ ყველაფრის ნაწილი ვიყო. ყველაზე დიდი დისკომფორტი ეს სიძულვილის ოკეანეა, რომელსაც ჭეშმარიტების პრივატიზება რადიკალური უსაფუძვლო იდეალები და მესიის მოლოდინი ქმნის.

ციხის კადრების შემდეგ რომ სიძულვილის ნაპერწკალი არ გაგიჩნდეს, შეუძლებელია. ყოველშემთხვევაში მისთვის ვისთვისაც ადამიანი რაიმე ღირებულებას წარმოადგენს და არა მარტო ადამიანი, საერთოდ სიცოცხლე. მაგრამ სიძულვილს სიძულვილით ვერ დაამარცხებ. ეს სამწუხაროდ თითქმის არავის ესმის. არც მთავრობას რომელმაც ქურდების ინსტიტუტის დამარცხება ძალადობრივი და სიძულვილის გზით განიზრახა. და არც ხალხის დიდ ნაწილს რომელიც ჯალათების წამებას ისეთივე მეთოდებით ითხოვს. მითუმეტეს იმ ხალხს არ ესმის რომელთაც სძულთ ყველა რიგითი (მთავრობის წევრებზე არ მაქვს საუბარი) ნაციონალი. არც იმ ხალხს ესმის ვისაც სძულს ყველა “მეოცნებე” მათი პოლიტიკური შეხედულებები უკვე რელიგიის რანგშია და აქტიურად თესავენ სიძულვილს ერთმანეთში. ჯერ რელიგია რა არის და ახლა პოლიტიკური შეხედულება რელიგიურ სიმაღლეზე. რა გასაკვირია რომ დამღალა ასეთმა საქართველომ და სულაც აღარ მეპიტნავება. ერთ პოსტში დავწერე რომ საკუთარი ენის არ სიყვარული, საკუთარი თავის უარყოფაა, ალბათ იგივეა გარკვეულწილად სამშობლო, მაგრამ ხომ არის მომენტები რომ გინდა უბრალოდ სხვა იყო. სხვა სახელი და გვარით, ის მომენტი როცა სიამოვნებით იქნებოდი სხვა ვინმე, მითუმეტეს მაშინ როცა შენ ოჯახში ყველა გაგიჟდა.

სად გადის ზღვარი პასუხისმგებლობისგან გაქცევასა და თვითგადარჩენას შორის? შეიძლება თვითგადარჩენა – ეს სიტყვა ცოტა გავამუქე. მაგრამ ჩემთვის უკვე დიდი ხანია ჰომო საპიენსი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ეროვნება. ვიდრე საზღვარი, ვიდრე ენა, ვიდრე ერთი (თუნდაც ჩემი) კუნჭულის ისტორია და მომავალი. ამ ჰომო საპიენსმა ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ფუჭ მცდელობას უნდა მოახმაროს რომ ეს თავისი სოფელი როდესმე ამოიყვანოს ნეხვიდან? თუ საკუთარი თავის უნდა მიხედოს, როგორც ცივილიზაციის ერთმა უჯრედმა? დრამატიზება არ მიყვარს, მაგრამ ფონი მართლაც დამთრგუნველია. ზოგი რუსეთით და საბჭოთა კავშირში დაბრუნებით გვაშინებს, ზოგი ქურდების ინსტიტუტის განახლებით, ზოგი კაპიტალიზმის კლანჭებით, ზოგი არეულობით და ა.შ. ფონი დამთრგუნველია იმიტომაც რომ არჩევანი არ არსებობს, კი ბატონო მივალ არჩევნებზე, მოვიხდი მოქალაქეობრივ ვალს, მაგრამ ვის მივცე ხმა? მე აღარავის ვენდობი. არც მთავრობას, არც ოპოზიციას. “მთავარია მიშა არ იყოს და ვინც გინდა ის იყოს” ეს პოზიციაც მიუღებელია. მიუხედავად ალტერნატივების არ არსებობსია შევარდნაძის პერიოდის მმართველებს ვერ შევუწყობ ხელს სათავეში მოსასვლელად. ვერ მივცემ ხმას ბურჯანაძეს, დავითაშვილს, ნოღაიდელს და მათნაირ არარაობებს. ვერც ამ მთავრობის დარჩენას დავუჭერ მხარს. თუ წავალ ერთი გზა მრჩება: ყველა უნდა გადავხაზო, ან ისეთ პარტიას მივცე ხმა რომელიც არასდროს გამიგია, იმ იმედით რომ ეს ხმა მაინც ვერ გაამარჯვებინებს მათ. როგორც იტყვიან: – ჩემი არჩევნებზე წასვლა at least გაყალბების პრევენციას ხომ მაინც შეუწყობს ხელს?

სიძულვილზე მინდოდა მეკითხა: ამ მოვლენების მერე მთავრობის მიმართ აგრესია სრულიად გასაგებია, მაგრამ ის ადამიანებიც უნდა გვძულდეს რომლებიც თავიანთი მიამიტობის ან ილუზიების გამო სხვა ბანაკში არიან? ორივე ბანაკის რადიკალურ მხარეებს მივმართავ: უნდა დავშორდე მეგობარს იმის გამო რომ ნაციონალია? ან მეოცნებე? ყველა სამშობლოს მოღალატეა ვინც თქვენს ბანაკში არაა?

იხრჩობა ქვეყანა სიძულვილში, არჩევნებიდან არჩევნებამდე. ქუჩიდან, ტელევიზიიდან, პრესიდან, სოციალური ქსელებიდან, მოეჟონება სიძულვილის მდინარეები.

რომ კითხო ყველა მართალია, ჯალათებიც და ოფიციალური პირებიც, მმართველებიც და მეოცნებეებიც. ისიც ვინც ამ ყველაფრით ხელს ითბობს. აღარავინ იმსახურებს ნდობას, ზოგი სიძულვილის გამო, ზოგი ძალადობის გამო. ზოგი ტყუილის გამო, ზოგი მიამიტობისა და ფუტურისტული ოცნებების გამო. არც ანაფორიანი მშვიდობის მტრედები მეხატებიან გულზე.

უფრო სწორი იქნებოდა ჩემნაირ ხალხს დასწამეთ მოღალატეობა, ასეთი საქართველო მაინც არ მომწონს.

P.S: პოლიტიკის შესახებ, ალბათ პირველი და უკანასკნელი პოსტია.

3 thoughts on “სიძულვილის კვირეული

  1. პოლიტიკის შესახებ, ალბათ, ნაკლებადაა ეს პოსტი…
    უბრალოდ, ისეთი თემაა, რომელზეც, ვერ გაჩუმდები!!!😦

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s