მონოგამია თუ პოლიგამია?

ცოტა ხნის წინ ლიბ ცენტრში ლევან ბუთხუზმა ჩაატარა საჯარო ლექცია პოლიტიკურ გემოვნებასა და მეცნიერებაზე. სამწუხაროდ ვერ დავესწარი, მაგრამ ლექციის ჩანაწერს ვუყურე იუთუბზე, ძალიან მოკლედ რომ აღვწერო ლექცია შეეხებოდა სხვადასხვა არასწორ მეცნიერულ შეხედულებებს რომელიც გამომდინარეობს არა ფაქტების ცოდნით და ანალიზით არამედ პოლიტიკური შეხედულებებით და გემოვნებით. (იხ: იუთუბზე) მოგვიანებით როცა ამ თემაზე ვფიქრობდი, რასიზმზე, გენდერულ თანასწორობაზე და ა.შ. ჩამოვაყალიბე ერთგვარი გაგრძელება იმ საუბრის რაც ლექციაზე მოვისმინე. კერძოდ ერთი მიმართულებით რომელიც ეხება ადამიანის სექსუალურ ქცევას. ადამიანი მონოგამიურია თუ პოლიგამიური? და რა კატეგორიის პოლიტიკური შეხედულების ადამიანები ემხრობიან ან ერთს ან მეორეს. და რას ამბობს მეცნიერება ამ თემაზე?

848934-image-1425656127-789-640x480 (1)

მემარცხენე შეხედულებების ადამიანები ხშირად ამბობენ რომ მონოგამია ანუ ერთ პარტნიორთან ხანგრძლივი ცხოვრება, სოციალური და კულტურული წარმონაქმნია, რომელიც სახელმწიფო წყობილებამ და რელიგიურმა ინსტიტუციებმა მოგვახვიეს თავს. საერთოდ მემარცხენეებს ნაკლებად სჯერათ ბიოლოგიურად დეტერმინირებული თვისებების და ქცევის. მათ გარემოსი უფრო მეტად სჯერათ (Nature vs Nurture). ამ მიმართულებით აზრი შემდეგნაირად ვითარდება – ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რა გარემოს შექმნი. მთავარია შექმნა კარგი პოლიტიკური და ეკონომიკური წყობილება და დანარჩენი ყველაფერი მოგვარებულია. რადგან ის ცუდი შედეგები რომელიც დღეს გვაქვს ამა თუ იმ სფეროში მთლიანად პოლიტიკური და ეკონომიკური წყობილების ბრალია და არა ადამიანის ბუნებაში ჩამოყალიბებული ცუდი თვისებების. ანარქო ფემინისტები ამბობენ რომ ოჯახი ბოროტებაა, მონოგამია გამოიგონა პატრიარქალურმა კულტურამ ქალის ექსპლუატაციისთვის, რათა ის ჩაეყენებინა მამაკაცების და სახელმწიფოს სამსახურში მცირე უფლებებით ან საერთოდ უუფლებოდ. ზოგადად მემარცხენე იდოლოგიის გამოძახილი იყო ასევე ის რომ საბჭოთა კავშირი რომელიც მარქსისტულ იდეოლოგიაზე წარმოიშვა უარყოფდა გენეტიკას, მეცნიერების მნიშვნელოვან დარგს, მაშინ როდესაც საბჭოთა სახელმწიფო იდეოლოგია პრომეცნიერული და პროგრესული იყო. ამის მიზეზი იყო ის რომ მემარცხენე იდეოლოგიათა დიდი ნაწილი თავისი არსით რევოლუციურია და ამბოხებული ყველაფერი იმის მიმართ რაც უკავშირდება, ტრადიციას, მემკვიდრეობითობას, ქონების და რესურსების ექსკლუზიურ წვდომას ელიტის მიერ. ასევე ამ იდეოლოგიის გამოძახილი იყო საბჭოთა კავშირის უტოპიური ოცნებები იმის შესახებ რომ ყველაფერი საერთო უნდა ყოფილიყო, მათ შორის ცოლებიც და ქმრებიც. და საერთოდ მოშლილიყო მონოგამიური ოჯახის ინსტიტუტი.

რათქმაუნდა საბჭოთა კავშირში რეალურად არც მიახლოებია იმ სტადიას როცა პოლიგამია მორალურ ნორმად ჩაითვლებოდა, პირიქით მალევე საწინააღმდეგოდ შეცვალა ოჯახისადმი დამოკიდებულება, რადგან (რომც იყოს ეს შესაძლებელი) მრავალათასწლიან საზოგადოებრივ სტრუქტურას ერთი ხელის მოსმით ვერ გარდაქმნი.

აღსანიშნავია რომ ყველა მემარცხენე იდეოლოგია ამ ყველაფერს არ იზიარებს, რადგან პოლიტიკური და ეკონომიკური თეორიების უზარმაზარი სპექტრი არსებობს, რომელიც არა მხოლოდ ერთ წრფივ განზომილებაში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ (მარჯვენა და მარცხენა ბოლოებით) არამედ როგორც რამდენიმე განზომილებიანი ბრანი. ასე რომ უამრაივი შეხედულება და აზრი არსებობს. თუმცა ამ შემტხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან ტიპიურ, შეიძლება სტერეოტიპულ მახასიათებლებზეც კი.

მეორე ფლანგზე – მემარჯვენე და კონსერვატიული შეხედულებებისთვის პოლიგამია გარყვნილებაა, (ყოველშემთხვევაში ქალისთვის მაინც) მათი აზრით მონოგამია აბსოლიტურად ბუნებრივი სექსუალური ურთიერთობაა რომელიც ღმერთმა ან ბუნებამ მიანიჭა ადამიანებს როგორც მორალურ არსებებს. ამის საბუთად მოყავთ ადამი და ევა, ე.წ პირველი წყვილი რომელსაც ღმერთმა უთხრა ყვარებოდათ ერთმანეთი და ეცხოვრათ ერთად. თუ ზოგიერთებს ასეთი ზღაპრების მთლად არ სჯერათ მაშინ მიაჩნიათ რომ ადამიანი თავისი არსით და ბუნებით არის მორალური არსება. მორალურობის მოდელში კი მხოლოდ ხანგრძლივი მონოგამიური ურთიერთობა შედის. პოლიგამია კი ეს არის ცოდვა, გარყვნილება, არაბუნებრივი წარმონაქმნი. ჩვენ ხომ ცხოველები არ ვართ რომ… (რატომღაც ცხოველებს ზემოდან უყურებენ, მათთან საერთო თვისებები და ნათესაობა ეთაკილებათ, ყველაზე მეტად ამ კატეგორიის ხალხში შეხვდებით ევოლუციის უარმყოფებს, თუმცა თუ დავუჯერებთ ფსიქოლოგ კრისტოფერ რაინს ეს რომ ცხოველებმა გაიგონ  სამართლიანად აღშფოთდებიან, რადგან ადამიანებს გაცილებით მეტი სექსუალური აქტი აქვთ ვიდრე ნებისმიერ პრიმატს და თანაც სექსუალური აქტების უდიდესი რაოდენობა მხოლოდ სიამოვნებისთვის სექსზე მოდის)

მაშ პოლიგამია თუ მონოგამია? რას ამბობს მეცნიერება?

კლასიკური თეორია ადამიანის სექსუალურ ქცევაზე დაახლოებით ამგვარად შეგვიძლია აღვწეროთ:

ამ სცენარის მიხედვით ცალსახად არც ერთი არ არის მართალი. არც ისაა მართალი რომ მონოგამია მხოლოდ სოციალურ კულტურული წარმონაქმნია და არც ისაა მართალი რომ პოლიგამია არ არის ბუნებრივი. ადამიანში ორივე სექსუალური სტრატეგიაა წარმოდგენილი. იმისთვის რომ განვიხილოთ რატომ არის ორივე წარმოდგენილი ადამიანის ბუნებაში, საკითხს უნდა მივუდგეთ ევოლუციური ფსიქოლოგიის გზით და განვიხილოთ ორივე თვისება როგორც რეპროდუქციული სტრატეგია გენების ბაზარზე.

ევოლუციის მოკლე და ამ შემთხვევისთვის სასარგებლო ფორმულირება ასეთი იქნება: ვინც უკეთ მრავლდება ის უფრო მეტ გენებს ავრცელებს, შესაბამისად მეტად წარმატებულია.

ბრძოლის ველზე ან ბაზარზე (რომელიც გნებავთ ის მეტაფორა გამოიყენეთ) მთავარი წესი არსებობს: – რაც შეიძლება მეტად გაავრცელო გენები, შესაბამისად იკვეთება ორი სტრატეგია: გყავდეს ბევრი (ორი ან ორზე მეტი) პარტნიორი ან გყავდეს ერთი. ერთი შეხედვით ერთი პარტნიორის ყოლა ყველაზე ცუდი სტრატეგიაა. მაგრამ თამაშის წესები ასე მარტივი არაა. ბევრი პარტნიორი ყოველთვის არ ნიშნავს გენების საუკეთესო გავრცელებას. გენების გავრცელება დაკავშირებულია გარკვეული ინვესტიციის ჩადებასთან, რადგან მხოლოდ რაოდენობაზე რომ იფიქრო, (ანუ აქტების და პარტნიორების რაოდენობაზე) ჭურჭელი [შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ რომ ადამიანს ჭურჭელს ვეძახი  :D თუმცა გაითვალისწინეთ რომ ვცდილობ პერსპექტივა გენების თვალთახედვიდან იყოს და არა ადამიანების შეგნებული და ცნობიერი პოზიციიდან. Genes point of view. გენებისთვის კი ჩვენ ერთგვარი ჭურჭელი ან ციხესიმაგრეები ვართ რომლელთა მეშვეობით ისინი ვრცელდებიან თაობიდან თაობაში]  რომელმაც ეს გენები უნდა ატაროს და მომავალში გაავრცელოს დიდი შანსია დარჩეს სათანადო რესურსების გარეშე რომელიც ჭირდება იმისთვის რომ საჭიროებისამებრ მომწოფდეს და კიდევ გაავრცელოს შენი გენები. საუბარია შთამომავალ ორგანიზმზე რომელსაც ჭირდება რესურსები და ზრუნვა. შესაბამისად წარმოიშვება დილემა სექსუალური აქტის და პარტნიორების სიხშირესა და დაბადებულ შთამომავლობის საჭიროებებს შორის. რადგან ორივე მოითხოვს ძალისხმევას და დროს, საუკეთესო სტრატეგია იქნება არ გააკეთო ცალსახა არჩევანი რომელიმეს სასარგებლოდ, არამედ დაიცვა ბალანსი, ანუ იმდენი პარტნიორი და აქტი გქონდეს რომ უკვე დაბადებული შთამომავლობისთვის დაგრჩეს დრო, რადგან ადამიანები ყველა ძუძუმწოვართა შორის ყველაზე ნელა ვითარდებიან ბავშვობაში შესაბამისად მათ აღზრდას მეტი დრო და რესურსი უნდა და შესაბამისად ნაკლები დრო გრჩება ახალი პარტნიორებისა და აქტების რაოდენობაც დროდადრო უფრო შემცირდება ვიდრე სხვა ძუძუმწოვრების შემთხვევაში.

rings

თუ ამ აზრს დავუჯერებთ შეიძლება ვიფიქროთ რომ ადამიანი ახალგაზრდობაში უფრო პოლიგამიური უნდა იყოს და შემდეგ წლების (და შვილების) მატებასთან ერთად უფრო მონოგამიური გახდეს. მაგრამ ჯერ ყველაფერი არ გვითქვამს. გასათვალისწინებელია ასევე სქესთა შორის განსხვავებები და აქედან გამომდინარე განსხვავებული სტრატეგიები.

მონოგამიის უპირატესობები მდედრის შემთხვევაში ისაა რომ მდედრს სამართლიანად ურჩევნია ერთ კარგ პარტნიორთან დადოს ფსონი შთამომავლობის რაოდენობაზე და არა პარტნიორების სიმრავლეზე. რადგან მდედრს თითოეული შთამომავალი გაცილებით ძვირი უჯდება ვიდრე მამრს. თუ ის შეძლებს ერთგული და კარგი გენების მქონე მამრი მონახოს, ურჩევნია სტაბილურ ერთ პარტნიორთან ერთ გარემოში ბევრ შთამომავლობაზე იზრუნოს ვიდრე ახალ-ახალი პატრნიორების ძებნაში დახარჯოს ბევრი დრო. იმის გათვალისწინებით რომ მამრები ნაკლებად საიმედოები და ერთგულები არიან (ესეც მათი სტრატეგიიდან გამომდინარე) მდედრისთვის უფრო რთულია გადაწყვეტილების მიღება ვიდრე მამრისთვის. ამიტომ მონოგამია მდედრისთვის კარგი სტრატეგიაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მათში მონოგამიის გარდა სხვა სტრატეგია საერთოდ არაა. რადგან კარგი პარტნიორის მონახვა ძნელია, ამიტომ ალტერნატიულ პოლიგამიურ სტრატეგიებსაც აქვს თავისი ადგილი. მიიღო მხოლოდ ერთი მონოლითური სტრატეგია და ადგილი არ დატოვო ალტერნატივებისთვის არ იქნებოდა მომგებიანი. ბოლოსდაბოლოს მამრები არ არიან იმდენად სტაბილურები როგორც მდედრები. არც უკეთესს უკეთესი დაელევა და ა.შ. გააჩნია ფსონს, სიცოცხლე ხომ ისეთი ერთგვაროვანი და სტაბილური არაა რომ მხოლოდ ერთი სტრატეგია ამართლებდეს ყველა შემთხვევაში?

პირველი შეხედვით ძნელია იფიქრო თუ რაში ჭირდება მამრს მონოგამია როგორც სტრატეგია, მას ხომ ბიოლოგიურად არ უჯდება ძვირი თითოეული აქტი? რამდენიმე გრამი სპერმა არაფერია, მდედრის შემთხვევაში კი ყოველი აქტი პოტენციურად შეიძლება ღირდეს უამრავი რესურსი კვერცხუჯრედიდან დაწყებული ცხრა თვე მუცლით ტარებიდან  გაგრძელებული მრავალწლიანი  ზრუნვით, კვებით, სწავლით და ა.შ. ანუ მამარს ყოველი შემთხვევის მერე შეუძლია ხელები დაიბანოს და ახალი პარტნიორის საძებნელად წავიდეს. მას შეუძლია ფსონი დადოს მხოლოდ რაოდენობაზე და არა ხარისხზე. ცხოვრებაში ასეთ კაცებს ბევრს ვხედავთ და შესაბამისად უნდა ვიფიქროთ რომ ეს სტრატეგია გარკვეულწილად მუშაობს. მაგრამ მონოგამია მამრებშიც არსებობს და ეს მხოლოდ სახელმწიფო წყობილებას და რელიგიას არ მოუგონია. მაშ რაშია საქმე? საქმე იმაშია რომ არა მარტო მდედრის სტრატეგია იქნება კარგი როცა ის არა მარტო რაოდენობაზე არამედ ხარისხზეც დებს ფსონს,არამედ იგივე ეხება მამრსაც. ის თუ მარტო რაოდენობას მიაქცევს ყურადღებას, მარტოხელა დედებს, რომლებსაც ის მიატოვებს უფრო გაუჭირდებათ მათი გენების”ჭურჭლების” მომწიფება, ვიდრე იმ შემთხვევაში როცა ის პარტნიორთან დარჩება და მოეხმარება რესურსების მოპოვებაში და თავადაც ჩადებს რესურს გენების მომავალ გამრავლებაში. ამ ურთიერთობების სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესი წარმოიდგინეთ უძველეს დროს და არა თანამედროვე სამყაროში როდესაც მარტოხელა დედას მეტი საშუალება და საზოგადოების დახმარება აქვს. ამ სტრატეგიების ჩამოყალიბება ხომ მაშინ ხდებოდა როცა არც კონტრაცეფცია იყო არც, სახელმწიფო დახმარება და ა.შ.

მიტოვებული პარტნიორი დიდი შანსია რომ ახალ ურთიერთობებს და პარტნიორს იპოვის, შენი შთამომავალი კი რომელიც მიატოვე პოტენციური პრობლემების წინაშე აღმოჩნდება მამინაცვლის მხრიდან. რადგან ახალ პარტნიორს უნდა რომ თავისი გენები გაავრცელოს  და ისინი გახადოს შენ გენებზე უფრო დომინანტური, ამიტომ დიდად სავარაუდოდ შენი შთამომავალი დაითრგუნება.

აქედან გამომდინარე უმეტეს შემთხვევაში მონოგამია მამრისთვისაც კარგი სტრატეგიაა. თუმცა მისთვის პოლიგამია უფრო მეტად სასარგებლო ალტერნატივაა ვიდრე მდედრისთვის. რადგან მამრს შეუძლია ხელსაყრელ მომენტში უფრო თავისუფლად დაარღვიოს მონოგამიის საზღვრები ვიდრე მდედრს. რადგან მამრს არ უწევს ნაყოფის მუცლით ტარება და ბიოლოგიურადაც მცირე ინვესტიციას დებს, მუდმივი პარტნიორის პარალელურად შეუძლია იყოლიოს დროებითი პარტნიორი. ანუ ქონდეს ორმაგი სტრატეგია, ერთის მხრივ იყოს ოჯახის და მუდმივი პარტნიორის ერთგული და მეორეს მხრივ ქონდეს მალული ან აშკარა დროებითი ურთიერთობები. ამით მას ერთ პარტნიორთან ყავს გარანტირებული, ინვესტიცია ჩადებული შთამომავლები. მაგრამ თან აქვს შანსი რომ სხვა დამატებითი შთამომავლებიც ყავდეს, თუ მათ იმდენივე ყურადღებას და რესურსს ვერ დაუთმობს, როგორც საკუთარ ოჯახს, ყოველშემთხვევაში მეტი შანსი აქვს რომ უფრო მეტად გაავრცელებს საკუთარ გენებს ვიდრე იმ შემთხვევაში ბოლომდე ერთგული რომ დარჩენილიყო მონოგამიური ურთიერთობის.

ასეთ მონოგამიურობას სოციალურ მონოგამიასაც ეძახიან, რადგან არც ერთი სქესი არ არის მკაცრად სექსუალურად მონოგამიური, ორივე სქესი ზოგადად ისწრაფვის ხანგრძლივი მონოგამიური ურთიერთობისკენ, მაგრამ ხელსაყრელ შემთხვევაში ორივეს შეუძლია პოლიგამიას მიმართოს, გაიჩინოს უფრო სასურველი პარტნიორი დამატებით. თუმცა მამრი უფრო პოლიგამიურია ვიდრე მდედრი. რადგან ბიოლოგიურად ის რეპროდუქციისას უფრო მცირე ინვესტიციას დებს და გარისკვა პოლიგამიის სასარგებლოდ ნაკლებად დააზარალებს მას.(გარისკვა მაშინაა თუ მისი მონოგამიური პარტნიორი მისგანაც მოითხოვს ამ თამაშის წესების დაცვას) გენდერული თანასწორობის შემთხვევაში მამრს უფრო კარგად შეუძლია დამალოს “დანაშაული”. იერარქიულ პატრიარქალურ საზოგაოდებაში სადაც შრომის დანაწილება ხდება გენდერული ნიშნით შეუძლია მთლიანად საკვები რესურსების მოპოვებაზე იზრუნოს და შეძლოს პოლიგინიური ოჯახის უზრუნველყოფაც კი.

ანუ მონოგამიის არსებობის მთავარი მიზეზი არის ის რომ ასეთ ოჯახში მათ საერთო შთამომავლობის გადარჩენას და გამრავლებას მეტი შანსი აქვს ვიდრე ისეთ საზოგადოებაში ექნებოდა სადაც მონოგამია არ იარსებებდა და ყველა პოლიგამიური იქნებოდა. ასეთ საზოგადოებებში შთამომავლებს ეყოლებოდათ მხოლოდ ერთი მშობელი დედა, ამიტომ მოაკლდებოდათ რესურსი, არამხოლოდ მატერიალური სახით არამედ დედის მზრუნველობის სახითაც რადგან “თავისუფალ” დედას ბევრი”თავისუფალი” პარტნიორი გამოუჩნდებოდა და ისიც ძირითადად მათთან ურთიერთობაში დახარჯავდა დროის დიდ ნაწილს. პლუს შთამომავალს ექნებოდა ბევრი ახალი პოტენციური პრობლემა დედის პარტნიორების მხრიდან რადგან ყოველი ახალი პარტნიორი თავის გენების გავრცელებაზე ზრუნავს და ნაკლებად ეპირნავება სხვისი შვილი რომელიც პარტნიორს დამატებით ტვირთად აწევს. ასევე გავიხსენოთ რომ ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავე უნდა იყოს სწორედ ადამიანის შემთხვევაში და არა სხვა ძუძუმწოვრების შემთხვევაში. ზოგიერთი მათგანის ნაშიერი დაბადებიდან რამდენიმე საათში უკვე საკუთარი ფეხით დადის, ადამიანს კი მრავალი თვე და წელი ჭირდება ჩამოსაყალიბებლად.

body-vs-testes-primates

 საინტერესო მაგალითია პრიმატების (მათ შორის ადამიანის) მამრის სათესლე ჯირკვლების ზომა სხეულის ზომასთან შედარებით, რამდენად უკავშირდება იმას თუ რამდენად პოლიგამიურია ან მონოგამიურია ესა თუ ის სახეობა. რადგან მამრების კონკურენცია სექსუალური პარტნიორის მოპოვების საქმეში თურმე შეიძლება გაგრძელდეს მდედრის სხეულშიც კი. თუ ამა თუ იმ სახეობაში მდედრებს შორის მიღებულია პოლიგამია, მაშინ იგივე სახეობის მამრებს სხეულის ზომასთან შედარებით უფრო დიდი სათესლე ჯირკვლები აქვთ და გამოყოფენ მეტ სპერმას თითოეულ ეაკულაციის დროს ვიდრე ის სახეობების მამრები რომელთა მდედრებში არ გვხვდება პოლიგამია. რადგან მეტი სპერმა ნიშნავს მეტ შანსს მდედრის განაყოფიერებისთვის, კონკურენცია კი მდედრის საშოშიც მიმდინარეობს სხვა მამრის სპერმასთან.  სწორედ ამიტომ საინტერესოა ორი ადამიანის უახლოესი ნათესავის გორილას და ბონობოს შედარება ადამიანთან. გორილა რომელიც  პოლიგინურია, ანუ მამრებს ყავთ მდედრების ჰარემი, მდედრებს კი მხოლოდ ერთი პარტნიორი, ამიტომ მამრი გორილების კონკურენცია (რადგან მდედრები მას ეკუთვნის) არ გრძელდება მდედრის სხეულში. გორილას არ ჭირდება სპერმის დიდი რაოდენობა და სრულად ჰყოფნის მცირე სათესლე ჯირკვლები. მეორეს მხირვ მამრ ბონობოს, სადაც მამრიც და მდედრიც პოლიგამიურია სხეულის ზომასთან შედარებით საკმაოდ დიდი სათესლე ჯირკვლები აქვს და ეაკულაციის დროს გამოყოფს გაცილებით მეტ სპერმას. რადგან თითოეული მამრი ბონობოს კონკურენცია მდედრის განაყოფიერებაზე არ მთავრდება ურთიერთობით, არამედ გრძელდება მდედრის სხეულშიც. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ადამიანი არც მკაცრად მონოგამიურია და არც მკაცრად პოლიგამიური მისი ადგილი სადღაც შუაშია, ბონობოს და გორილას შორის. მისი სათესლე ჯირკვლების ზომაც ადასტურებს. ის არც იმდენად დიდია როგორც ბონობოს აქვს და არც იმდენად პატარა როგორც გორილას.

 თუმცა უფრო ახალი თეორიები რამდენადმე განსხვავებულ ხედვას გვთავაზობენ კლასიკურ თეორიასთან განსხვავებით:

კერძოდ ზემოთ ჩამოთვლილ მაგალითებში არ ყოფილა გათვალისწინებული მონადირე შემგროვებლურ საზოგადოებებში ჩამოყალიბებული  ურთიერთობები რომელიც მცირე ჯგუფებში უნდა ჩასახულიყო და სასოფლო სამეურნეო საზოგადოების ჩამოყალიბებამდე გაცილებით ადრე უნდა გაჩენილიყო. ამ თეორიის მიხედვით ჩვენ (ორივე სქესი) პოლიგამიურები ვართ, სოციალური მონოგამია კი მოგვიანებით ათი ათასი წლის წინ, (სახეობა ჰომო საპიენსი ასორმოცდაათი-ორასი ათასი წლისაა) სასოფლო სამეურნეო საზოგადოებასთან ერთად გაჩნდა. ჩვენი პოლიგამიურობის მიზეზი კი ისაა რომ როგორც ანთროპოლოგიიდან ჩანს ჩვენი მონადირე შემგროვებელი წინაპრები ცხოვრობდნენ ეგალიტარულ მცირე ჯგუფებად, დიდ ოჯახებად, სადაც ყოველი რესურსი თანაბრად ნაწილდებოდა წევრებს შორის, არ არსებობდა პირადი საკუთრება. ფსიქოლოგ და ავტორ (სექსი ცივილიზაციის გარიჟრაჟზე) კრისტოფერ რაიანის აზრით – პირადი საკუთრების არ არსებობა და ყველაფრის საერთოობა ვრცელდებოდა, სექსუალურ პარტნიორებზეც. რადგან კერძო საკუთრების ცნება არ არსებობდა, არ არსებობდა აგრეთვე – ჩემი “ცოლი” ან ჩემი “ქმარი” მამრებსაც და მდედრებსაც ყავდათ რამდენიმე პარტნიორი, ზოგჯერ ერთდროულადაც კი. შთამომავლობა კი საერთო ჯგუფის საზრუნავი იყო და არა მხოლოდ ბიოლოგიური დედის და მამის.

ეს არ ნიშნავს რომ არ იყო კონკურენცია და კონფლიქტი სექსუალური პარტნიორისთვის, მაგრამ პოლიგამიური სისტემა ნაკლებად საჭიროს ხდის ამას. თუ ჯგუფში არ არსებობს საკუთრება მაშინ ასეთი ჯგუფში სექსუალური პარტნიორის მისაკუთრების პრაქტიკაც და შესაბამისად მონოგამიაც არ არსებობს. თუმცა ალბათ გაგიჩნდებათ კითხვები რომლებიც ზემოთ წამოჭრილი პრობლემებიდან გამომდინარეობს, კერძოდ რატომ იზრუნებს მამრი სხვის შთამომავლობაზე რომლებიც სხვის გენებს ამრავლებენ? რატომ არ შეუქმნის იგი პარტნიორის შვილებს პრობლემებს?  არ შეუქმნის პრობლემებს, რადგან მას არ შეუძლია გამოყოს თავისი შვილი, დედამ ზუსტად იცის თავისი შვილი, მაგრამ მამას არ შეუძლია ასეთ საზოგადოებაში ზუსტად თქვას რომელია მისი ბიოლოგიური შვილი და რომელი არა. ასეთი ჯგუფი იმდენად ახლო ნათესაურია რომ გარეგნული ნიშნების დიდი სხვადასხვაობა არ არის. არ არსებობს დნმ-ის ანალიზი და სხვა. ჯგუფის ყოველი მამრისთვის ყოველი ბავშვი რომელიც მას ასაკით შვილად ერგება პოტენციური შვილია. ასე რომ ისინი ყვლა მათგანზე თანაბრად ზრუნავენ. ისინი იღებენ ყოველ მათგანს როგორც შვილს. თუმცა დედებმა იციან ზუსტად რომელია მათი შვილი, მაგრამ ყოველი ბავში მათი შვილის პოტენციური და ძმაა. ასე რომ ისინიც მეტნაკლებად ზრუნავენ ყველა ბავშვზე ჯგუფის შიგნით. ასევე არ არსებობს ზრუნვის მოკლების საფრთხეც, რაც ზემოთ ვახსენეთ, რადგან ბავშვს ბევრი “დედა” და ბევრი “მამა” ყავს. ასეთ საზოგადოებაში ყოველი ინდივიდი ცდილობს გაავრცელოს თავისი გენები კოოპერაციული სტრატეგიით. ჯგუფი ინტიმურია და მჭიდრო სოციალური კავშირით შეკრული. აღარ დგას ის პრობლემები პოლიგამიის წინაშე, რაც ზემოთ აღვწერეთ, რადგან არ არის არანაირი აუცილებლობა წარმოვიდგინოთ რომ გენების გავრცელების წარმატებული სტრატეგია შეიძლება მხოლოდ ანტაგონიზმით და მონოპოლიზებით ხდებოდეს. მონოგამია მხოლოდ მაშინ შემოდის სცენაზე როცა კერძო საკუთრების იდეა და პრაქტიკა ჩნდება. როდესაც საზოგადოება მონადირულ შემგროვებლურიდან გადადის სასოფლო სამეურნეო საფეხურზე. როდესაც ჩნდება დიდი დასახლებები და ტომობრივ ცხოვრებას ცვლის ქალაქის ტიპის დასახლება. გენების გავრცელების სტრატეგიაც იცვლება, თუ პოლიგამია კარგად მუშაობდა მცირე ჯგუფებში (150-200 წევრისგან შემდგარი), უფრო დიდ დასახლებებში სხვადასხვა წარმოშობის ტომები ერთად ხვდებიან, რომლებიც ისტორიულად არ აკავშირებთ ნათესაობა და ის იდილიური ინტიმური ერთობა რაც საკუთარი ტომის ხალხთან ქონდათ, პლუს სოფლის მეურნეობა ხელს უწყობს პირადი საკუთრების გაჩენას. და რადგან მამრებს სურთ მათი დაგროვილი რესურსი გენების მომავალ გავრცელებას მოახმარონ, მათ ჭირდებათ იცოდნენ ზუსტად ვინაა მათი შთამომავალი. რომ რესურსი და ქონება რაც დააგროვეს მათ გადასცენ, (დაუტოვონ მემკვიდრეობა) ხელი შეუწყონ. ამისთვის საჭიროა პარტნიორი მდედრის რეპროდუქციაზე კონტროლის დამყარება, მისი მონოპოლიზება. შესაბამისად ჩნდება პატრიარქატი და სოციალური მონოგამია. ერთი შეხედვით ეს თეორია მხოლოდ მდედრის მონოგამიას ხსნის და გაუკრვეველი რჩება რატომ ხდება მამრიც მონოგამიური, (უფრო ნაკლებად მონოგამიური მაგრამ მაინც) შესაძლოა ეს მდედრის ერთგვარი კონტროლის დაბრუნება ყოფილიყო მამრზე ან ხშირ შემთხვევაში პოლიგინიის დიდი რესურსის საჭიროება აიძულებდა მამრს ერთ პარტნიორს დასჯერებოდა. (ოფიციალურად მაინც) ეს თეორია ალბათ მემარცხენეებს უფრო მოეწონებათ, მაგრამ თანამედროვე ცხოვრობის მოწყობისას იგივე სტრატეგია საეჭვოა გამოსადეგი იყოს. რადგან დღეს აღარ ვცხოვრობთ იზოლირებულ, მცირე, ორას კაციან ჯგუფებში. და ასეთი ყოფის დაბრუნება ფაქტიურად შეუძლებელია. მცირე ჯგუფებში გაცილებით ადვილია მსგავსი ინტიმური და მჭიდრო სოციალური კავშირების ჩამოყალიბება, თანამედროვე გლობალურ საზოგადოებაში სადაც ფაქტიურად უამრავი უცნობი გხვდება (ცხოვრობს ჩვენს გარშემო) ყოველდღე ძალიან ძნელია ასეთი საზოგადოების შექმნა.

ჩემი დასკვნით (არ გავკადნიერდები და არ ვიტყვი რომ ეს მეცნიერების ცალსახა დასკვნაა) კითხვა მონოგამია უფრო ბუნებრივია თუ პოლიგამია, პასუხი არის ორივე. ჩვენ სახეობა – ჰომო საპიენსი უაღესად კარგი ადაპტაციის უნარით გამოვირჩევით. სწორედ ამის წყალობით გავხდით დომინანტი სახეობა. ამიტომ ჩვენი სექსუალურ რეპროდუქციული სტრატეგიებიც უნიკალურად ადაპტირებადია. ჩვენთვის ხელმისაწვდომია ორივე სტრატეგია, და მათ იმის მიხედვით მივმართავთ თუ რომელი უფრო ხელსაყრელია. თუ რომელი უფრო მორალური და მისაღებია ეს უკვე თითოეულმა ინდივიდმა თავად გადაწყვიტოს. მთავარი ისაა რომ ბიოლოგიურად არც ერთია არაბუნებრივი.

12 thoughts on “მონოგამია თუ პოლიგამია?

  1. მშვენიერი სტატიაა. მომენატრა შენი პოსტები. მეც, რაღაც მსგავს ვგრძნობდი, ცალსახობაში არ იყო საქმე.

    Like

  2. მეც მიხარია შენი ნახვა. გუდრიდსიდან მახსოვხარ, მაგრამ შენი სტატია (მგონი) პირველად წავიკითხე. სხვებსაც გადავიკითხავ.

    Like

    • მადლობა, მეც მიხარია, რომ შემოხვედი.
      ეხლა ვნახე შენი ბლოგი და გამახსენდა რომ 1-2 პოსტი წაკითხული მაქვს და მომეწონა.
      მადლობა

      Like

      • არაფერს.
        სტატიის თემას განვავრცობ და თუ იმ თეზისიდან ამოვალთ, რომ სექსი გამრავლების სატყუარაა, რატომ აქვთ ქალებს ორგაზმი: ვაგინალური ორგაზმი დამაბრკოლებელია სპერმისთვის რომ კვერცხს შეეწებოს. შესაბამისად, ქალის სქესობრივი დათრგუნვაც მეტად ნატურალური ამბავია და პატრიარქატული წყობიდან არ გამოწოვილა.
        ასევე თითქოს აუხსნელია არაჰეტეროსექსუალი წყვილების მონოგამია. ერთი შეხედვით წარმოადგენს ჰეტერო ოჯახების ხელოვნურ მიბაძვას. მაგრამ IIმხრივ – უხეშად რომ ვთქვათ, ისინი ჰეტერო წყვილების მსახურებად იქცევიან: დაშლილი ოჯახების შვილების პატრონებად გვევლინებიან. ანუ მათი კავშირიც ნატურალურია. და მგონია, ნებისმიერი პოლიტიკური თუ რელიგიური კონცეფცია სათავეს მაინც ბუნებიდან იღებს.

        Liked by 1 person

  3. ქალების ორგაზმი ჯერ ისევ მისტერიაა😀 და რამდენადაც ვიცი გადამწყვეტი პასუხი არ აქვთ ჯერ მეცნიერებს
    ვაგინალური ორგაზმი თუ ჩასახვას ხელს უშლის, ნამდვილად არ გამიგია, აშკარად მჭირდება გავნათლდე ამ საკითხში.
    ჩემი აზრით, როგორც კაცის ისე ქალის ორგაზმი ერთგვარი ევოლუციური წახალისებაა, რომ მათ მოწონდეთ სექსი და ქონდეთ მოტივაცია. ისევე როგორც წახალისებაა სიყვარული და ვნება.
    ეს სასიამოვნო მომენტები რომ არ იყოს, ალბათ ნაკლებად დამოკიდებული იქნებოდა ორივე მხარე ამ მოთხოვნილებაზე შესაბამისად გამრავლების rate-იც მცირე იქნებოდა.
    მაგრამ მეორეს მხირვ სექსი მხოლოდ გამრავლების იარაღი არაა ადამიანისთვის რადგან, ისეთი მაღალგანვითარებული სოციალური არსებისთვის როგორიც ადამიანია სექსმა დამატებით შეიძინა მჭიდრო სოციალური კავშირის ფუქნციაც, შეიძლება ქალის ორგაზმი გაკრვეულწილად ამ ფუნქციასაც ითავსებს ეხმარება pair bonding-ს და ა.შ. სექსი რომ მკაცრად გამრავლებას არ ემსახურება მოწმობს ის ფაქტიც რომ მდედრი ჰომო საპიენსი მზადაა სექსისთვის ყოველთვის (ბიოლოგიურად) მაშინ როდესაც სხვა პრიმატებს გარკვეული პერიოდები აქვთ და ასევე ადამიანის შემთხვევაში ყოველ დაბადებულ ბავშვზე 1000 სექსუალური აქტი მოდის, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პრიმატებში,
    ქალის სქესობრივი დათრგუნვა რატომ არის ბუნებრივი ეს ცოტა ვერ გავიგე.
    და ჰომოსექსუალების შენეული როლიც ცოტა ბუნდოვანი მეჩვენება.

    Like

    • ქალის სქესობრივი დათრგუნვა, რომ ვაგინალური ორგაზმი (კლიტორულისგან განსხვავებით) არ ან იშვიათად განიცადოს – შეიძლება გამომდინარეობს ჩასახვის შეფერხების გამო.
      ხოლო არაჰეტეროსექსუალების მონოგამიური ურთიერთობა, თუ საკითხს მხოლოდ გამრავლების კუთხით მივუდგებით, არ იხსნება.
      ანუ როგორც ვთქვი, თუ მხოლოდ იმ თეზისიდან ამოვალთ, რომ სექსი გამრავლების სატყუარაა.
      მაგრამ, აი, უკვე დამატებითი ფუნქციების შემთხვევაში დამატებით როლებს იძენს.
      იგივე თემას ეხება თუ რა საჭიროა სექსი გამრავლებისთვის, რატომ არ ხდება გამრავლება გაყოფით, კოპი/ფეისთით ადამიანებისთვისაც.

      Like

      • გამრავლება “გაყოფით” ან კოპი პეისთით (კლონირება) იმიტომ არ ხდება რომ ასე რომ იყოს გენების რეკომბინაცია, მუტაციების რაოდენობა ნაკლები იქნებოდა და შესაბამისად ინფექციები და ვირუსები უფრო ადვილად მოგვერეოდნენ. უფრო კარგი სტრატეგიაა გენოფონდის უფრო ეფექტური შერევა.
        რაც შეეხება სექსის ფუნქციას, (რათქმაუნდა მხოლოდ გამრავლების კუთხით არ ვუდგებით) პირველ რიგში გამრავლებისთვის არსებობს მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ აქვს by pruduct ფუნქციები. ისეთი სოციალურ არსებებისთვის როგორიც ადამიანია ის ასრულებს ასევე მჭიდრო სოციალური მაკავშირებლის როლს.

        Like

      • ჩემი აზრით (და არამარტო) ბუნება საკითხს არასდროს აყენებს ისე რომ რაღაც ერთ სისტემას ყოველთვის ერთი მკაცრად განსაზღვრული დანიშნულება ქონდეს.მითუმეტეს ბიოლოგიაში. სადაც მაგალითად რეპტილიის ყბის ძვლები ევოლუციამ ძუძუმწოვრებში გამოიყენა იმისთვის რომ დახვეწილი აუდიტორული სისტემა შეექმნა.(ყური) შეიძლება იგივე ახსნა აქვს სექსის ფუნქციასაც.

        Like

      • არის კიდევ სხვა ვარიანტიც. შეიძლება რაღაცას არ გააჩნია გადარჩენის ღირებულება, მაგრამ არის იმისი გვერდითი მოვლენა, რასაც გააჩნია. არაჰეტეროსექსუალების მონოგამიურ ურთიერთობას შეიძლება გადარჩენის ღირებულება არ აქვს, მაგრამ ჰეტეროსექსუალების მონოგამიურობის გვერდითი მოვლენაა. მაგალითად ჩრჩილები ხშირად დაფრინავენ სანთლის ალთან და უმრავლესობა მათგანი ამ საქციელის გამო იღუპება. ერთი შეხედვით ბუნებრივ გადარჩევას ასეთი ქცევისთვის უპირატესობა არ უნდა მიენიჭებინა, მაგრამ სინამდვილეში ეს შეიძლება იყოს უგულისყურო გვერდითი ეფექტი, ან რაღაცის გვერდითი მოვლენა. მწერები ცნობილი არიან იმით, რომ იყენებენ ციურ სხეულებს, მზესა და მთვარეს, ერთი მიმართულებით გადასაადგილებლად, იერიშის შემდეგ კი იგივე კომპასით უკან ბრუნდებიან. მწერის ნერვული სისტემა ადაპტირებულია ისე, რომ გამოიმუშავოს დროებითი ქცევის წესები როგორიცაა: “კურსი აიღე, რომ სინათლის სხივები თვალებზე 30 გრადუსიანი კუთხით გეცემოდეს”. მაგრამ სინათლის კომპასი მხოლოდ მაშინ მუშაობს ეფექტურად, როცა ციური სხეული დიდი მანძილითაა დაშორებული. თუ ეს ასე არაა, სხივები პარალელური კი არ იქნება, არამედ ბორბლის მანებივით ერთი წერტილიდნ გავრცელდება სხვადასხვა მიმართულებით. ნერვული სისტემის ბრძანება, რომ ჩრჩილმა იფრინოს სხივის 30 გრადუსიანი დაცემის წესით, თითქოს სანთელი მისგან ძალიან დაშორებული მთვარე იყოს, მას სპირალური ტრაექტორიით წაიყვანს პირდაპირ ალისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში დამღუპველია, ჩრჩილის ეს თვისება ზოგადად სასარგებლოა, რადგან მთვარის სინათლეს ის გაცილებით ხშირად ხედავს, ვიდრე სანთლისას. იგივეა არაჰეტეროსექსუალების შემთხვევაშიც. ჩემი აზრით, მათი მონოგამიურობაც უბრალოდ გვერდითი მოვლენაა. მინიმუმ ასეთი ალტერნატივა მაინც არსებობს.

        Liked by 1 person

  4. რა კარგები ხართ, და მაინც უნდა ვთქვა – სიტყვებით თამაშზე სახალისო და პერსპექტიული არაფერი გეგულებათ?

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s