სუფრა, სპექტაკლი ჰეფი ენდით

ქართული სუფრა ეს არის ის იშვიათი არენა, სცენა, რომელზეც ხდება ეროვნული იდენტობის რეპრეზენტაცია. ეს არის სცენა სადაც იძერწება მოქალაქის ინტეგრაცია “წმინდა” ქართულ საზოგადოებასთან, რომელიც თავისი არსით არის (ან მიისწრაფვის) დარდიმანდული. ზედაპირული და უდარდელი ხასიათისკენ. თუმცა  სუფრა საწინააღმდეგო ხასიათსაც ატარებს, ის გართობასთან ერთად წარმოადგენს წესს, ტრადიციას, იერარქიას, უფროსწორად სპექტაკლს სადაც უნდა გათამაშდეს დროის ტარება მოქცეული რაღაც წესებში, ამ წესებმა, მისთვის დამახასიათებელმა პათოსმა და სენტიმენტმა უნდა დაბადოს ეროვნული იდენტობა. წესის და ტრადიციის არსებობა ხაზს უსვამს რომ იდეაში გართობასაც აქვს გარკვეული სტრუტქურა.

kartuli-supra

ეროვნული იდენტობის რეპრეზენტაცია ცხოვრების სხვა სფეროში ძნელი საპოვნელია,  ამიტომ გვიყვარს უცხოელისთვის ერთ-ერთი პირველი სუფრის ჩვენება, თუ როგორ ვსვამთ ყანწებს, როგორ მაღალფარდოვნად ვამბობთ სამშობლოს სადღეგრძელოს და ა.შ. შენიშნავდით ალბათ იმასაც როგორ უყვართ თამადებს რაც შეიძლება მალე გადაუთარგმნონ უცხოელებს მათი ნათქვამი სადღეგრძელო. ჩემი ქართველობა უნდა გამოჩნდეს აქ, ამ სიტყვაში. მცხეთის, კახეთის და სხვა მხარეების ჩვენებით ხდება საქართველოს ჩვენება, მაგრამ ქართველობა, როგორც ეროვნული იდენტობა უნდა წარმოჩიდენს სუფრაზე. თუ გინდა ქართველი გააბრაზო უნდა დაუწუნო სუფრის ტრადიცია, მისთვის უნივერსალური საშუალება მოახდინოს თვით იდენტიფიკაცია ეროვნულ იდენტობაში. თუ სუფრის ტრადიციის გაკრიტიკება გაბედე, ისინი ყოველთვის შეეცდებიან გააბათილონ ეს და საკუთარი თავისგან დაგიცვან დისკურსის შეცვლით, თითქოს შენ თავადვე სუფრის ტრადიციის ფუნდამენტს კი არ შეხებიხარ, არამედ გინდოდა მხოლოდ გაგეკრიტიკებინა ტრადიციის ქვეშ არასწორად მოაზრებული ზნეგადასულობა. მათი აზრით ტრადიცია ფუნდამენტში არ შეიძლება ცუდი იყოს, აკი მოიცავს ყველაფერს რაც ქართველისთვის კარგია: დროის ტარებას, წესს,სოციალური ურთიერთობის მთავარ არენას, ტრადიციას. პრობლემა შეიძლება იყოს მხოლოდ კერძო პიროვნებებში. ზედმეტ სასმელში, ან უცოდინარობაში, კულტურის ნაკლებობაში  და ა.შ. “შენ კარგი თამადა არ გინახავს!” გეტყვიან, “ჯუმბერიმ ისეთი კარგი სადღეგრძელოები იცოდა, სულ ლექსად ამბობდა” ის რომ ჯუმბერს კარგად შეეძლო მრავალკაციან სუფრაზე კომუნიკაცია ავტომატურად არ უნდა ანიჭებდეს  ტრადიციას ღირსებას. თუმცა ეს მათი აზრით ერთ-ერთი ძლიერი არგუმენტია.

ეროვნული იდენტობის რეპრეზენტაცია მოიცავს გარკვეული რიტუალური ხასიათის ნიშნების გამეორებას რომლებიც უნივერსალურ ჭეშმარიტებებზე მიანიშნებენ. ბოლო ორ ათწლეულში პირველ სადღეგრძელოდ დამკვიდრდა “უფლის სადიდებელი” როგორც სამყაროს შექმნა იწყება ღმერთით სუფრამაც უნდა გაიაროს იგივე კოსმოგონია. ამ აქტით პოსტ საბჭოთა ეროვნულ იდენტობაში ბრუნდება არქაული ელემენტი.რომელიც ისეთივე ცარიელი და ყალბია როგორც ზოგადად მოსახლეობის 80%-ის მრევლობა. ცალკეული მოქეიფეებისთვის”უფლის დიდება” გამარჯობასავით აუცილებელი და უშინაარსოა, თუმცა კოლექტიურ ცნობიერში უფლის დიდება სავარაუდოდ მიანიშნებს საზოგადოების იერარქიებისკენ მიდრეკილებას. ამის დასტურია ალბათ ის უნივერსალური სენტიმენტიც, რომელიც თითქმის ყველა სუფრაზე ისმის, ეს არის, კარგი ძველი დროის მონატრება: როცა უბანში პატარები, ახალგაზრდები აღფრთოვანებით და შიშველი ენთუზიაზმით ეგზავნებოდნენ მათზე უფროსებს სადმე. ახლა კი უკადრისობენ. – ეს მითი ბევრ რამეს ამბობს, 1) საზოგადოება უნდა იყოს იერარქიული 2) პატივისცემას უნდა იმსახურებდბენ ადამიანები ასაკის გამო და არა იმის გამო რეალურად რამდენად დაიმსახურეს საკუთარი თვისებებიდან და ქცევიდან გამომდინარე 3) ძველი დროის სინდრომი. სენტიმენტი რომლის მიხედვითაც ძველად ყველაფერი კარგად იყო, ახალგაზრდობის უკადრისობა მეტყველებს ახალი დროის გახრწნილობაზე, იმაზე რომ სამყარომ დაკარგა ქალწულობა, რომ ენტროპია გაიზარდა და ყველაფერი მხოლოდ უარესობისკენ მიდის.

1350063032_kakheti-epic-alazani-valley

სუფრის ტრადიცია მთელი თავისი რიტუალური, გაწერილი სადღეგრძელოებით, პათეთიკით და სენტიმენტებით თავიდანვე განწირულია სიყალბისთვის და ხელოვნურობისთვის, რადგან ემოციას ვერ დაგეგმავ. (ყოველშემთხვევაში სრულ დაგეგმვას არ ემორჩილება) სუფრის წამალი გულწრფელობაა, მაგრამ გულწრფელი ემოცია ყოველთვის არ მოდის დაგეგმილ გაწერილ სადღეგრძელოებში. გულწრფელი სუფრა ის არის როდესაც იმის ამბობ რაც იმ მომენტში გაღელვებს, როცა რაიმე სხვა საჭიროება, ტრადიცია გაიძულებს თქვა სხვა რამ, თუნდაც საყოველთაოდ საჭირო და აღიარებული ის აუცილებლად ხდება შენთვის უშინაარსო და ყალბი.

საერთოდ ნებისმიერი აუცილებელი მონოლოგი განწირულია სიყალბისთვის, მითუმეტეს მონოლოგების მთელი სისტემა რომელსაც მთელი საზოგადოება იმეორებს და ტრადიციის ფორმა აქვს.

ზემოაღნიშნული აზრის საპირისპიროდ შეიძლება ითქვას რომ სადღეგრძელოები არც ისეთი მკაცრად დაგეგმილ სქემას ემორჩილება როგორც შეიძლება ერთი შეხედვით ამ ტექსტიდან ჩანს. არსებობს მხოლოდ რამდენიმე საკვანძო წესი და თანმდიმდევრობა. ხშირად იმპროვიზაციასაც მისალმებით იღებს საზოგადოება, მაგრამ ნებისმიერ “აუცილებელ” ნაბიჯს და თანმიმდევრობას მივყავართ სიყალბემდე, განსხვავება მხოლოდ ხარისხობრივია.

განსაკუთრებული სიყალბე ისადგურებს ოჯახურ სუფრებზე, სადაც ტრადიციულ პატრიარქალურ ოჯახში ხდება დიასახლისის და ქალების დღეგრძელობა, ორი სამი ტრაფარეტული ქათინაურით და “დღეგრძელობით” ხდება სხვა მხრივ დაუფასებელი გარჯისთვის მადლიერების გამოხატვა. ეს მადლიერება და შექება, იმდენადვე ყალბია რამდენადაც პომპეზური და დემონსტრაციული. როგორც სადღეგრძელოების უმრავლესობა ეს სადღეგრძელოც ვალის მოხდის მნიშვნელობას იძენს თავის დემონსტრაციულობაში.

თვალში საცემია პატარა ერის კომპლექსიც რომელიც მისთვის ყველაზე ხელსაყრელ არენაზე, სუფრაზე ჩანს ყველაზე თვალსაჩინოდ, ნაციონალურ სენტიმენტებს, როგორიცაა, საკუთარი ქვეყნის გამორჩეულობა ლოგიკურად ებმის ქსენოფობიის და რასიზმის ელემენტები, თუმცა აღსანიშნავია ისიც რომ ეს უფრო ხშირად თანმხლები სინდრომია რომელიც ტრადიციის ნაწილი ჯერ არ გამხდარა.

ქართველი სუფრაზე იმდენადვეა მიჯაჭვული რამდენადაც სუფრამ, ჭამა სმამ, კერძებმა, სასმელმა და მათთან დაკავშირებულმა რიტუალურმა ქცევებმა იტვირთეს ძალიან ბევრი რამ საკუთარ თავზე. აქ ამ სცენაზე უნდა გადარჩეს ქართველი ერი, პათეტიკური სენტიმენტებით  მოხდეს წარსული დიდების გამეორება. ქართველობა როგორც მოვლენა თანამედროვე სამყაროში, იმდენად ამოვარდნილი და მოძველებულია ცხოვრების რიტმიდან და რეალობიდან, რომ მის გაცოცხლებას მხოლოდ რიტუალური და თეატრალური  ხასიათი აქვს. არსებობს მხოლოდ წარსული და ე.წ ისტორიული მეხსიერება, უფროსწორად ისტორიული მითი რომელიც მეხსიერებად უნდა ტრანსფორმირდეს და გადმოიღვაროს სადღეგრძელოში. რადგან ხმალი და ფიზიკური ძალა ვერაფერს ხდება  ოცდამეერთე საუკუნეში, ის უნდა გარდაიქმნას წარსულის სენტიმენტად, შეერწყას წინაპართა კულტს და მისი ვაჟკაცური სული “სუბლიმირდეს” განსხვავებულ სასმისში. ხმალი აღარავის აქვს! მტერს მკლავის ძალით ვეღარ მოერევი, ამიტომ ვინ უფრო მაგარი ბიჭია განისაზღვრება იმით თუ ვის მუცელში უფრო მეტი ღვინო ეტევა ფეხის და საჭის აურევლად.

ამ ტრადიციაში მრავალი ცრურწმენის და მითის გამოძახილი განაგრძობს არსებობას, ერთ-ერთი მათგანია წინაპართა კულტი. ის ასევე წარმოადგენს წინაპართა წინაშე ვალის მოხდასაც, ქართველი დღეს თავისი ქვეყნის უსუსური მდგომარეობის კომპენსაციად ცდილობს სუფრის და სმის ტრადიცია არ დაივიწყოს. თითქოს ის საფლავიდან წამომდგარ წინაპრებს ეუბნება: “აი ეს ხომ მაინც შეგინარჩუნე? მეტი რა გავაკეთო?”

უცხოელები ხშირად აღნიშნავენ რომ ქართველებს უყვართ სმა, სინამდვილეში ქართველებს უყვართ სუფრის წარმოდგენა, სპექტაკლი რომელიც ჰეფი ენდით მთავრდება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s