დიდი ფილტრი

გაგიმართლათ! რომ ავტორის ყოვლისშემძლე სიტყვას ყველგან შეუძლია გამოგზაუროთ. ჰოდა მეც მწადია ერთ საინტერესო ადგილას წაგიყვანოთ, ამბავი მოგითხროთ:
წინა ისტორია: სიცოცხლის არსებობა სხვა პლანეტაზე ყოველთვის მნიშვნელოვან ფილოსოფიურ და ეგზისტენციალურ წონას ატარებდა. ვინ ვართ ჩვენ? ამ კითხვაზე პასუხი ერთის მხრივ “ვინ არიან სხვები”-ზე გადის. სწორედ ამიტომ ცისკენ მიპყრობილი ასტრონომების მზერა, ყოველთვის მნიშვნელოვან, ცნობისმოყვარეობითა და მისტერიით გაჯერებულ გრძნობას აღძრავდა. პირველი კანდიდატები, დედამიწის გარეთ პოტენციური სიცოცხლის სავანე: მარსი და ვენერა იყვნენ. ისინი კვებავდნენ ფანტასტი მწერლების ცხოველ ინტერესს და წარმოსახვას, ასტრონომების, ბიოლოგების და ფილოსოფოსების ოცნებებს. თუმცა როცა კოსმოსური ეპოქა დაიწყო, ვენერა ტენიანი ჯუნგლების ნაცვლად ნამდვილი ჯოჯოხეთი აღმოჩნდა, “მარინერებმა” კი მარსზე ცივილიზაციის ნაცვლად მშრალი და უდაბური პლანეტა აღმოაჩინეს.  ტყუპმა “ვიკინგებმა” ვერაფერი ნახეს სიცოცხლის არსებობის ცალსახად დასამტკიცებლად. ის ის იყო მარსზე სიცოცხლის არსებობის თემას დიდი ხნით უნდა მიეძინა, რომ 1996 წელს, აქვე დედამიწაზე ნაპოვნმა მარსიდან მოსულმა მეტეორიტმა თავიდან გააცოცხლა ინტერესი. მეცნიერები ამტკიცებენ რომ მასში მიკროსკოპული ნამარხები იპოვეს, რომელიც შესაძლოა უძველეს მარსიანელებს წარმოადგენენ. ეს ის პერიოდია, სულ ცოტა ხნის წინ ფრენსის ფუკუიამამ “ისტორიის დასასრული” რომ დაწერა, რომელიც არაფერ კავშირშია ამ თემასთან.
მოკლედ მოვლენები ამ მეცნიერების სასარგებლოდ არ განვითარდა, სავარაუდოდ ეს მიკროსკოპული წარმონაქმნები სიცოცხლე არ გამოდგა,  მოდით სიმართლეს გეტყვით: მარსზე ოდესღაც სიცოცხლე ნამდვილად იყო, ოღონდ კონკრეტულად ეს წარმონაქმნები სიცოცხლის განმარხებული ფორმები სულაც არ იყო. რათქმაუნდა ეს არავინ იცოდა მაშინ, და არც მერე, დიდი ხნის მანძილზე. არც იმ საოცარ ამბავს უწყოდა არავინ, რომ გაცილებით შორს: რგოლებიანი სატურნის პაწაწინა მთვარის, რამდენიმე კილომეტრიანი ყინულის ფენის ქვეშ, ვულკანებისგან გამთბარ ოკეანეებში საოცარი ბიოლოგიური სამყარო ფუთფუთებდა.
34738383431_013181eb91_b
***
ანანო მთელი დღე წრიალებდა თავის პატარა ბინაში. ადგილს ვერ პოულობდა, შაბათი დღეა და სულ წვიმს, ბედი არ გინდა? კაფეში ვერ გავიდა დაქალებთან, ყველას დაეზარა. რა არარომანტიული ხალხია. წვიმაში ოდნავ დასველებაც კი პანიკაში აგდებთ. შოპინგზე გავიდოდა, მაგრამ მარტო და ცოტა ფულით ეგეც მოსაწყენი და ნერვების მომშლელია. მილიონი რაღაც რომ მოგწონს, და ფული არ გაქვს, საშინელებაა. არადა მარტოობაც რა მოსაწყენია! ახლა მოუნდა დედას და რეზის სოფელში წასვლა, თუმცა როცა სახლში არიან  დიდს არც არაფერს უკეთებენ, ნერვების მოშლის გარდა, მაგრამ მაინც… ეტყობა, მარტოობა უფრო უარესია, მაშინ როცა გარეთაც გაუთავებლად წვიმს. სახლში კი არაფერია. ფილმების ხასიათზეც არაა, წიგნი კი, ბოლოს ალბათ 3 წლის წინ წაიკითხა, ახლა არა, ვერ გადმოიღებს მტვრიანი თაროდან.. ინსტაგრამზე სარკეში გადაღებული სელფებიც მობეზრდა, სოც ქსელები, ტელეფონი, ამინდი, მეგობრები, ყველანი თითქოს კონსპირაციულად შეიკრნენ მის წინააღმდეგ. ყველაფერი დადუმდა, მხოლოდ წვიმის და ტელევიზორის მონოტონური ხმა აგრძნობინებს რომ დრო მიდის.
სამსახური ხშირად დამღლელია, მაგრამ ბოლო ბოლო დრო გაგყავს, სულ ვიღაცას ესაუბრები, ხან ის შემოვა ხან ეს. უინტერესო რამეებიც ბლომადაა, ხანდახან უსაგნო ჭორაობა, დაუსრულებელი, არაფრის მომცემი ჭორაობა,  მაგრამ ეს უცნაური სიჩუმე რაღაც უფრო სტრესულია.
ტელევიზორში აცხადებენ რომ სადღაც მდინარე ადიდდა და მაშველებს ხალხი მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადაყავთ. ვიღაცეები დახმარებაზე უარს ამბობენ, თურმე საქეიფოდ მისულან და ასე მალე, უკან წამოსვლას არ ვაპირებთო.
ეკას მონაყოლი გაახსენდა თუშეთზე, სამი დღე უტელეფონოდ რომ იყო და ამიტომ აზრი არ ქონდა იქ ნანახ სილამაზეებსო. სასაცილოა თითქოს, მარა ახლა გრძნობს იმას რასაც ალბათ ეკა გრძნობდა თუშეთში, მოწყვეტა, გარიყულობა… არადა ახლა ინტერნეტიცაა და დენიც. ტელევიზორიც კი!
რანაირია ეს გონება, ცოტა რომ მიწყნარდება ირგვლივ ყველაფერი, მაშინვე ათას ფიქრს და მოგონებას ამოატივტივებს, ქაოსურად მოხეტიალე ფიქრებს, ალბათ ნარკომანივით ჩვეული ხმაურის დოზა ჭირდება.
როგორც მერაბი კაიფობდა რაღაც ჯანდაბებით, მერე დამოკიდებული გახდა, მის გარეშე ვერ ძლებდა. მაგიტომ ვეღარ იტანს, მისი სახელის გაგონებაც აღარ უნდა, ტაბლეტები ერჩია ყველაფერს, მასზე რომ ფიქრობს ხანდახან დანაშაულის გრძნობა გაუელვებს, რომ სადღაც გულის სიღრმეში, გონების რომელიღაც ემოციურ ნაწილს კვლავ აქვს აფექტური აფეთქებები მის მიმართ და ხანდახან ისეთი სულელური ნიუსების გაზიარება უნდება,  მაგალითად ასეთის: იმ დღეს სადღაც აფრიკაში, ტონობით მარიხუანა რომ დაწვეს კოცონზე ნარკომანიასთან ბრძოლის მოტივით და მთელი სოფელი დააბოლეს. გაზიარება უნდება, რადგან წარმოიდგენს, რომ მოეწონება და გაიცინებს.
ისე ზუკასაც უყვარს მარიხუანა, მაგრამ ჭკვიანია და იცის ზომა-წონა, კარგი ბიჭია, ინტელექტუალური, ცოტა გაორებული გრძნობები აქვს მის მიმართ, თან უნდა რომ მოსწონდეს, თან ვერც მოსწონს საკმარისად. ფიზიკურად ჩვეულებრივია, რაღაც მიმზიდველი ელემენტით, რომელსაც ვერ გამოჰყოფ,  მაგრამ ზოგჯერ რომ დაგიჯდება და  ტვინიკოსა პოზით დაგიწყებს, ანანუკებზე და შუმერებზე ისტორიების მოყოლას, ძალიან მომაბეზრებელია. ჰგონია გოგოებს ეგ აინტერესებთ? აი ასტროლოგია ცოტა სხვა თემაა, ადამიანების ხასიათს ეხება, მაგრამ რუკის შედგენის ტექნიკური დეტალები უკვე მეტისმეტია.
მისი ტატუები მოსწონს, კისერზე არწივის ფრთა აქვს, რატომღაც უხდება. განსხვავებულია და ცოტა ჰიპსტერულ ვიზუალს აძლევს სხვამხრივ ტვინიკოსა ბიჭს.
ზუკას ძმაკაცი გიო, პოლიტიკაზე ჩაციკლული ნერვოზიანი ტიპია, რამდენჯერაც ზუკასთან შეიკრიბნენ ჩართავს ამ პოლიტიკურ გადაცემებს და  აიძულებს გარშემომყოფებს იკამათონ იქ განხილული თემების გარშემო.
ტელევიზორში უკვე ნახევარი საათია გადის სიუჟეტი იმაზე თუ როგორ ემუქრება ტრამპი ფეისბუქს და ტვიტერს,  როგორ უწოდებს მათ დემოკრატების პარტნიორებს. მერე სათითაოდ გამოდიან ხან ტრამპის მხარდამჭერები, რომლებიც ხან არბილებენ პრეზიდენტის კომენტარს, ხანაც უბრალოდ ეთანხმებიან, ხანაც დემოკრატები გამოდიან და ხანაც ვიღაც ექსპერტები, მიდის დაუსრულებელი ინტერპრეტაცია, კომენტარები კომენტარებზე, და ა.შ. აი ესაა გიოს სტიქია, პოლიტიკა, ან პოლიტიკური შოუ, რომელიც არაფერ ფაქტობრივს აღარ ამბობს და საპნის ოპერას დაემსგავსა, ერთი არაფრის მთქმელი ამბის მერე ყველა პერსონაჟის რეაქციას რომ ანახებენ შენელებული კადრით.
ბექა გაახსენდა, ის ბიჭი, ცხოველები სიგიჟემდე რომ უყვარდა, მსახიობი, სიხარულოთ რომ დაიწყო ტელევიზიაში გამხმოვანებლად მუშაობა. მაშინ ამ ტელევიზიის დეკლარირებული მისია საგანმანათლებლო ხასიათის იყო. კოსმოსზე, ბუნებაზე, ცხოველებზე და კულტურაზე გადიოდა უცხოური დოკუმენტური ფილმები, უმეტესობას ბექა ახმოვანებდა, უყვარდა ფილმები ცხოველებზე, სახლშიც ხუთი კატა და სამი ძაღლი ყავდა. ანანომ ვაკის პარკში გაიცნო თავის ჰასკებთან ერთად, ბიჭიც და ძაღლებიც ისეთი საყვარლები იყვნენ, ძნელი იყო, მათთვის თავის არიდება. საგანმანათლებლო არხიც მაშინ გაიგო, მისი ხათრით უყურებდა გადაცემებს, ბექას ხავერდოვანი, რბილი და ტრანსის მომგვრელი ხმა ქონდა. ცხოველები ლამაზი იყო, მაგრამ ამის იქეთ ბევრი არაფერი აინტერესებდა, მხოლოდ ბექას ხმას უსმენდა ძილისპირულივით, შინაარსის გააზრების გარეშე. მერე უცებ ბექა დაიკარგა. საერთოდ გაქრა, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო, ტელეფონის ნომერი აღარ არსებობდა, სოც მედიიდანაც აორთქლდა. საგანმანათლებლო არხი კი კომედიურ არხად გადაკეთდა, ბექას გახმოვანებული ფილმებიც კი გაქრა. ანანო ძალიან ცუდად გრძნობდა თავს. ინტერნეტში მოძებნა ის ფილმები, მაგრამ ბექას გახმოვანებული არც ერთი არ იყო. მოჩვენებასავით გაქრა. თითქოს არც არასდროს უარსებია.
 არა, როგორ არა, არის ხალხი, ვისაც ახსოვს რომ ეს არხი ადრე საგანმანათლებლო იყო. დოკუმენტური ფილმებიც ახსოვთ და ბექას უნიკალური მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხმაც.
მერე ჰასკის ყიდვა უნდოდა, რომ ბექა დაერქმია, მაგრამ ძვირი აღმოჩნდა. ვაკის პარკში გადიოდა და საათობით იჯდა, ძაღლთან ერთად მოსეირნე ხალხს ათვალიერებდა, იქნებ სასწაულებრივად დაბრუნებულიყო, მართლა მიწა ხომ არ ჩაყლაპავდა. მაგრამ აღარ გამოჩენილა, ზუსტი მისამართიც არ იცოდა. სევდიანი და უცნაური ამბავია.
ყველას იხსენებდა, ვისთანაც კი პაემანი ჰქონია, ერთი ხმის რეჟისორი იყო რომელიღაც ტელევიზიაში, ბექაზე კითხა, არ იცოდა.  ამ ბიჭს არც ცხოველები აინტერესებდა და არც არაფერი მგონი.
ფიქრებში წასული ტელევიზორის პულტს დასცქეროდა და მექანიკურად არხებს ცვლიდა, არც არაფერს ეძებდა კონკრეტულს, უბრალოდ ნაცნობ ხმაურს ან გამოსახულებას. ყველა გადაცემა თუ სერიალი რომელსაც ოდესმე უყურებდა, სათითაოთ ამოდიოდაა მოგონებების ზედაპირზე – “სექსი და ქალაქი”, “ოფისი” და “მეგობრები”, “ფსიქო” და სექსუალური სცენების ნახვით აღშფოთებული მაყურებლის ზარები სტუდიაში.
ყველაზე სასაცილო პოლტერგეისტი იყო, თავად სერიალი არა, პირიქით საშიშიც კი იყო. არამედ ის მოვლენა რომლითაც სამუდამოდ დაამახსოვრდა ეს სერიალი. მაშინ კლასელებთან ერთად უყურებდა ამ სერიალს, ამოიყვანდა ბავშვებს სახლში საღამოს 8-ზე და ბნელ ოთახში უყურებდნენ სულების გამოძახებას და ათას დამაინტრიგებელ და საშიშ რამეს. რამდენჯერმე თვოთონაც ცადეს სანთლის შუქზე. ის მომენტი ძალიან კარგად ახსოვს, ეკრანს მიღმა ავისმომასწავებელი სიჩუმე იდგა, ბნელ ოთახში მრგვალ მაგიდას უსხდნენ მაგიაში დახელოვნებული პერსონაჟები, სულებს იძახებდნენ, ერთი მათგანი შელოცვებს წარმოთქვამდა, ჯერ ჩურჩულით, იდუმალი ხმით, ნელ ნელა ხმას უმატებდა, ხრინწიანი უხდებოდა, სულის გამყინავი, ოთახში დაძაბულობა მატულობდა, საშინელების მოლოდინში მაყურებლებიც გასუსულიყვნენ. უცებ მრგვალი მაგიდა ამოძრავდა, ამოძრავდა ისე როგორც ამ დროს ხდება ხოლმე, ქაოსურად და არა პროგნოზირებადი მანერით. მოულოდნელად და სასწაულებრივად, ეკრანს აქეთაც ავეჯმა ზრიალი დაიწყო, ჟურნალის მაგიდა გაცურდა, კარადამ ჭრიალი დაიწყო, ჭაღმა ქანაობა. ყველას გული გადაუბრუნდა, ბავშვები წამოხტნენ და თავქუდმოგლეჯილი გარეთ გავარდნენ, ეგონათ სული მოსდევდათ უკან. მეზობლებმაც უჩვეულოდ, მასიურად დაიწყეს ეზოში გამოვარდნა. სანამ ერთ-ერთმა არ დაარწმუნათ, რომ სული არაფერ შუაში იყო და მიწისძვრა მისგან დამოუკიდებლად მოხდა, მანამდე სული უკან მოჰყვებოდათ. დიდი შიში ჭამეს.
ზურას უყვარდა ეს პოლტერგეისტი, დღემდე დარწმუნებულია, რომ სულის გამოძახება მართლა შეიძლება, რომ ბებიამისმა მართლაც იხილა მისი ბაბუა “კალიცოში” რომ შუა საუკუნეებში ნამდვილად იყვნენ კუდიანები, რომლებიც ხანდახან კატის სხეულში ჩასახლდებოდნენ ხოლმე. ახლაც ვერ იტანს კატებს, ბოროტები არიანო ამბობს.
მკითხავთან პირველად ზურამ წაიყვანა, სხვათაშორის რაღაცეები დაემთხვა, რაც მკითხავმა უთხრა – ის ბიჭი ვინც მოსწონდა მართლა ერთი თავით მაღალი და ორი წლით უფროსი იყო, მაგრამ აი გზა, შორეული გზა დღემდე არ ჩანს. ზურას ზუსტად აუხდა თურმე იმ მკითხავის წინასწარმეტყველება, ეკლესიაში გაიცნო გოგო და სამ თვეში ცოლად მოიყვანა. როგორც მკითხავმა უთხრა, ახლა საყვარელი ოჯახი აქვთ. ძალიან კარგი გოგოა ნია, ცოტა ეუცნაურება ანანოს, მაგრამ ნამდვილად მოსიყვარულე მეუღლეა. ყველას აქვს ერთი ან ორი უცნაურობა დიდი ამბავი?! ნიამ უარი თქვა ბავშვების აცრაზე, ამტკიცებს აუტიზმს იწვევსო, საერთოდ მედიკოსები მასონებად მიაჩნია, რომლებიც ჩვეულებვრივ ხალხს როგორც ლაბორატორიის ვირთხებს ისე ექცვიან.
უკვე გვიანი იყო, წვიმის ხმა არ ჩერდებოდა, ფანჯრები დაიორთქლა, ტელევიზორი რომელიღაც უცნობ არხზე, შემთხვევით გააჩერა ანანომ, ფიქრით დაღლილი, დივანზე უფრო კომფორტულად მოკალათდა, მერე ტელეფონს დახედა, ბატარეა 1%-ს აჩვენებდა. თავი ბალიშზე მიდო და ცოტა ხანი თვალები დახუჭა, ჩათვლიმა.
უცნობ არხზე, უცნობ თოქშოუში ორი ახალგაზრდა საუბრობდა:
– რა არის ფერმის პარადოქსი?
– ფერმის პარადოქსს – პარადოქსს ვერც დავარქმევდი, ეს უფრო უცნაურობაა: რომ ავიღოთ ჩვენი სამყაროს ზომა და ასაკი, ის წარმოუდგენლად დიდი და ძველია, დაკვირვებად სამყაროში ბოლო მონაცემებით გალაქტიკების რაოდენობა ტრილიონს აჭარბებს, თითო გალაქტიკაში კი საშუალოდ 200 მილიარდი ვარსვკლავია, ვარსკვლავების უმეტესობას, გააჩნია პლანეტები, ანუ სამყაროში უნდა იყოს ძალიან ბევრი სიცოცხლისთვის შესაფერისი პლანეტა, ასევე ძალიან ბევრი პლანეტა სადაც გონიერი სიცოცხლის განვითარება შესაძლებელია, სამყარო თითქმის 14 მილიარდი წლისაა, ჩვენ პლანეტაზე სიცოცხლის განვითარებას 4 მილიარდი წელი დასჭირდა, ეს ნიშნავს იმას რომ  როგორც ჩვენ გვესმის სიცოცხლე ასეთი სიცოცხლე ამ პერიოდში უნდა განვითარებულიყო ძალიან ბევრგან, ლოგიკურია, რომ ამდენი ხნის მანძილზე, ჩვენ დაკვირვებისას უნდა ვხედავდეთ მათ. როგორც ენრიკო ფერმი იკითხავდა: სად არის ყველა?
– კი მაგრამ, მომიტევე და ცოტა აროგანტული მეჩვენება, ჩვენ ეს ესაა დავიწყეთ ასტრონომიული დაკვირვებები (ვგულისხმობ გეოლოგიური და ევოლუციური დროის პერსპექტივით) სამყარო კი ძალიან დიდია, შეიძლება ისინი სადღაც ძალიან შორს არსებობენ, ჩვენ ხომ ჩვენი ინსტრუმენტებით მეზობელი ვარსკვლავური სისტემის პლანეტებსაც კი ვერ ვხედავთ წესიერად?
– გეტყვით რაშია საქმე. რუსმა ფიზიკოსმა, ნიკოლაი კარდაშეევმა შემოგვთავაზა ცივილიზაციათა კატეგორიზაცია, რომელიც მათ ყოფს იმის მიხედვით თუ რა რაოდენობის ენერგიას მოიხმარენ: – პირველი ტიპის ცივილიზაცია არის პლანეტური, ანუ ასეთი ცივილიზაცია ფლობს პლანეტის ენერგიას, მას შეუძლია პლანეტის მართვა და იმ ექვივალენტი ენერგიის ხარჯვა რისი შეთავაზებაც პლანეტას შეუძლია. მეორე ტიპის ცივილიზაცია არის ვარსკვლავური, მას შეუძლია მზის სისტემის მართვა, დედა ვარსკვლავის ენერგიის სრულად მოხმარება, მაგალითად დაისონის სფეროს მეშვეობით. მესამე ტიპი გალაქტიკური ცივილიზაციაა, რომელიც მთელ გალაქტიკას და მის ენერგიას ფლობს.
პირველი ტიპის ცივილიზაციის აღმოჩენა რთულია, მაგრამ მეორე და მითუმეტეს მესამე არ უნდა იყოს ძნელი, რადგან როცა ცივილიზაცია ამხელა მასშტაბის ენერგიას ხარჯავს, მისი სითბური კვალი ადვილი შესამჩნევი უნდა იყოს ჩვენი ტექნოლოგიისთვის. აღსანიშნავია რომ ცივილიზაციებს მეორე და მესამე ეტაპამდე განსავითარებლად საკმარისი დრო ექნებოდათ. სამყარო 14 მილიარდი წლისაა, ჩვენი გალაქტიკა 11-12 მილიარდი წლის, ჩვენი ცივილიზაცია კი ქვის ხანიდან კოსმოსურ ერამდე რამდენიმე ათასწელეულში მივიდა, წარმოიდგინეთ განვითარების ამ ტემპით სად ვიქნებით მილიონი წლის შემდეგ?
– საინტერესოა, რა არის სავარაუდო პასუხები ფერმის პარადოქსზე?
– ერთ-ერთი საინტერესო თეორია ჩემი აზრით არის “დიდი ფილტრი” ის გვეუბნება, რომ შესაძლოა მეორე ან მესამე ეტაპს ვერც აღწევენ ცივილიზაციები, პირველსაც კი. რადგან ეს იმდენად რთულია, ან გზა გადის ისეთი ტექნოლოგიის გამოგონებაზე რომელიც თვითგანადგურებას იწვევს. ამ ფილტრს ან ვერ გადიან ცივილიზაციები ან ძალიან ცოტა მათგანი გადის, ესაა მიზეზი იმის თუ რატომ ვერ ვხედავთ მათ ცაზე. დანამდვილებით არავინ იცის რატომ არ ჩანან, მაგრამ ეს ერთ-ერთი შესაძლო პასუხია.
– ასეთი თეორიაც ხომ არსებობს, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი გონიერი სიცოცხლე დაკვირვებად სამყაროში, რომელმაც ეს ფილტრი პირველად გაიარა? თუ კარიბჭე პირველად შეაღო?
– რათქმაუნდა, ესეც ერთ-ერთი ვარიანტია. თუმცა არ ვიცი, მე ნაკლებად სავარაუდო მგონია.
– ამას წინათ წავიკითხე, რომ მარსზე სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები ყოფილა მილიონობით წლის წინ. ახლაც არის შანსი რომ მიკრობული სიცოცხლე კვლავ არსებობდეს.
მაინტერესებს, თუ მარსზე ნამდვილად არის სიცოცხლე, ან ოდესღაც მაინც იყო. ამის გარკვევა რა გავლენას მოახდენს ფერმის პარადოქსზე?
– ძალიან საინტერესო კითხვაა. თუ სიცოცხლე მარსზე არსებობს, ან ოდესღაც არსებობდა, ეს იმის დადასტურება იქნება რომ ის ძალიან, ძალიან გავრცელებულია სამყაროში. ეს ნიშნავს იმას რომ ის ბევრგან უნდა იყოს. წარმოიდგინეთ რომ მარსზე სიცოცხლის არსებობა დადასტურდა, ეს ერთის მხრივ იქნება უაღრესად საინტერესო, მაგრამ ალბათ არც თუ ისე სასიხარულო ახალი ამბავი კაცობრიობისთვის.
– რატომ?
–  თუ სიცოცხლის წარმოშობა ამდენად გავრცელებულია რომ ჩვენი კარის მეზობლად, პრაქტიკულად ცხვირწინ დამოუკიდებლად წარმოიშვა, ეს ნიშნავს რომ ფერმის პარადოქსის ის დაშვება მართალია, ან ყოველშემთხვევაში სიმართლესთან ახლოსაა რომ გონიერი სიცოცხლე ბევრგან უნდა დაბადებულიყო. მაშ სად არიან ყველა? რატომ ვერ ვხეავთ? სავარაუდოდ ეს ნიშნავს იმას რომ ფილტრი რომელსაც თითქმის ვერავინ გადაურჩა, ჩვენს წინაა. და არა უკან.
ანანო ისევ თვლემდა, როცა ბექამ გადაცემა დაასრულა და სტუმარს დაემშვიდობა. გარეთ გაუთავებლად წვიმდა, ფანჯრები ტიროდნენ, ხეებს ფოთლები დაეხარათ და ლამპიონები სუსტი ყვითელი შუქით ანათებდნენ სველ ასფალტს.
Advertisements