ნელი წერილები

“ციფრულმა ეპოქამ სწრაფ კომუნიკაციასთან ერთად ძველი დროის შარმიც გააქრო” ასეთი იყო ჩემი წერილის ერთ-ერთი პირველი ფრაზა, როდესაც მის პირველ წერილს ვუპასუხე. ჩვენ ალგორითმმა დაგვაწყვილა ციფრულ პლატფორმაზე, ოღონდ არა ისეთზე, ძველი დროის შარმი რომ წარსულს ჩააბარა, პირიქით მის გაცოცხლებას რომ ცდილობს ახალი ფორმით. არც ისეთზე თითის ზემოთ და ქვემოთ ასმა ჩამოსმაზე რომ აწყვილებს ხალხს. ეს არც ე.წ დეითინგ აპლიკაციაა, არც ხელოვნური ვიზუალური სილამაზის იმიტაციის. აქ ყველაფერი ნელა ხდება, ხანდახან მტკივნეულად ნელაც კი. თუმცა სწორედ ამ ძველი “ნელი” დროის იმიტაციამ შინ ჩაკეტილობისა და იზოლაციის დროს საოცარი სამყაროს კარი გამიღო.

ამ მოგზაურობის სიტყვებით აღწერა ძალიან მიჭირს. ალბათ შემთხვევითობაც იყო და ისიც, რომ სავარაუდოდ ეს პლატფორმა ისეთ ადამიანებს იზიდავს ვისაც ძველი, ნელი დროის შარმი, ჯერ კიდევ ეძვირფასება. – გრძელი წერილები, ფიქრი წაკითხულზე, აზრების შენება, ისტორიების ძერწვა. ეს ის შემთხვევაა, როცა კარგად უნდა დაფიქრდე, შეამოწმო, აზრები დაალაგო და გული გადაშალო.

აქ არავის ეჩქარება და Seen-ზე არავინ ნერვიულობს. მთავარი ის კი არაა სწრაფად გასცე პასუხი (ამას ფაქტიურად ვერც იზამ აპლიკაციის იდეიდან და არსიდან გამოდინარე) არამედ ის თუ რა მნიშვნელობას მიანიჭებ შენ სიტყვებს. როგორ და რით დატვირთავ მათ.

მოგზაურობა სიტყვებით 1001 ღამის ზღაპარს დაემსგავსა, მარკო პოლოს მონათხრობ უცნაურ, თითქოს რეალურ და არარეალურ ქალაქებს, წარმოიდგინეთ შავ ხვრელებსაც კი ვსტუმრობთ სამყაროს დასალიერში, კვაზარებს რომლებიც მთელ გალაქტიკებს აზანზარებენ. ვყვებით სიზმრებზე, სალვადორ დალის თვლემის ტექნიკაზეც კი, ლეგენდებზე და ოქროს ქალაქის სახურავზე გატარებულ ღამეებზე, სადაც თურმე ღამის ცა ყველაზე მომნუსხველია, უკარებელთა, მირასის ისტორიაზე, რომელიც ნოტებში ჩაქსოვილა, მოხეტიალე ექიმბაშებსა და ჯადოქრებზე, უცხო პლანეტებზე და წარმოსახვით სამყაროებზე. სფეის იქსის მისიებზე, ასტრონავტებზე და ასტრონომებზე, სვანეთის მთებზე და დევებზე. ეს მოგზაურობა საოცარი ისტორიების და წარმოსახვათა კალეიდოსკოპია, რომელიც არსად, ციფრული კომუნიკაციის არც ერთ პლატფორმაზე არ გამომიცდია. რაც მთავარია ეს მხოლოდ საინტერესო ისტორიები კი არაა. ეს ადამიანებს შორის კავშირია, რაღაც ინტიმური, ღრმა, უჩვეულო, რომელიც დარწმუნებული ვარ ვერსად ვერ შედგებოდა, ვერც ერთ მესენჯერში თუ ჩატ პლატფორმაში. ეს უჩვეულო სიახლოვის განცდაა რომელიც გულუბრყვილო იდეის “მონათესავე სულის” არსებობაშიც კი დაგარწმუნებს.

შეიძლება უბრალოდ მე გამიმართლა და შემხვდა ასეთი კოსმიური პენ მეგობარი – ლაჟვარდი ზღვის ფერი, ზღვაზე და უდაბნოზე თანაბრად შეყვარებული. გაუდის ფილაქანიც კი რომ აღაფრთოვანებს, ზღვა რომ დაარქვეს, მისი ქალაქის ზღვასთან რომანის აღდგენასთან დაკავშირებით.

ვერ წარმომედგინა წერილებს თუ ოდესმე ასეთი რამ შეეძლოთ. ჩვენ ერთმანეთის ხმაც კი არ გვაქვს გაგონილი, არც ერთმანეთის ქვეყნებში ვყოფლვართ, არც ერთმანეთის მშობლიურ ქალაქებში. ერთი მეორეს მშობლიური ენაც კი არ გვესმის. და რათქმაუნდა არც არასდროს შევხვედრილვართ ფიზიკურად. და მაინც ეს კავშირი იმაზე ძლიერია ვიდრე ოდესმე დასაშვები მეგონა. ვირტუალურობის ზედაპირულობა სადღაც გაქრა და მოულოდნელად სიტყვებმა, დაწერილმა სიტყვებმა ისეთი ძალა შეიძინეს რომ ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულვარ მათი მაგიის ნამდვილ ბუნებაში.

არ ვიცი, როდესმე კი გაიხსნება ცა? ცა როგორც საჰაერო სივრცე ან პანდემიის დასასრულის მეტფორა, ან ცა ახალი შესაძლებლობების.

მანამდე კი თქვენც შეგიძლიათ სცადოთ SLOWLY

სივრცე სადაც თქვენ სურათს ვერ ატვირთავთ ყველას დასანახად, სივრცე სადაც არც ლაიქია და არც დაგულვა, არც მყისიერი ჩატი. სადაც წერილები, როგორც ძველად ზოგჯერ დღეები უნდება ადრესატამდე მისვლას, ზოგჯერ მხოლოდ საათები. აქ მხოლოდ სიტყვებს აქვს მნიშვნელობა, სიტყვებს და კავშირს, კავშირს რომელსაც შეუძლია არა მარტო ძველი წერილების შარმის გაცოცხლება, არამედ ის რომ შეგძინოს – ადამიანი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s