სუფრა, სპექტაკლი ჰეფი ენდით

ქართული სუფრა ეს არის ის იშვიათი არენა, სცენა, რომელზეც ხდება ეროვნული იდენტობის რეპრეზენტაცია. ეს არის სცენა სადაც იძერწება მოქალაქის ინტეგრაცია “წმინდა” ქართულ საზოგადოებასთან, რომელიც თავისი არსით არის (ან მიისწრაფვის) დარდიმანდული. ზედაპირული და უდარდელი ხასიათისკენ. თუმცა  სუფრა საწინააღმდეგო ხასიათსაც ატარებს, ის გართობასთან ერთად წარმოადგენს წესს, ტრადიციას, იერარქიას, უფროსწორად სპექტაკლს სადაც უნდა გათამაშდეს დროის ტარება მოქცეული რაღაც წესებში, ამ წესებმა, მისთვის დამახასიათებელმა პათოსმა და სენტიმენტმა უნდა დაბადოს ეროვნული იდენტობა. წესის და ტრადიციის არსებობა ხაზს უსვამს რომ იდეაში გართობასაც აქვს გარკვეული სტრუტქურა.

kartuli-supra

ეროვნული იდენტობის რეპრეზენტაცია ცხოვრების სხვა სფეროში ძნელი საპოვნელია,  ამიტომ გვიყვარს უცხოელისთვის ერთ-ერთი პირველი სუფრის ჩვენება, თუ როგორ ვსვამთ ყანწებს, როგორ მაღალფარდოვნად ვამბობთ სამშობლოს სადღეგრძელოს და ა.შ. შენიშნავდით ალბათ იმასაც როგორ უყვართ თამადებს რაც შეიძლება მალე გადაუთარგმნონ უცხოელებს მათი ნათქვამი სადღეგრძელო. ჩემი ქართველობა უნდა გამოჩნდეს აქ, ამ სიტყვაში. მცხეთის, კახეთის და სხვა მხარეების ჩვენებით ხდება საქართველოს ჩვენება, მაგრამ ქართველობა, როგორც ეროვნული იდენტობა უნდა წარმოჩიდენს სუფრაზე. თუ გინდა ქართველი გააბრაზო უნდა დაუწუნო სუფრის ტრადიცია, მისთვის უნივერსალური საშუალება მოახდინოს თვით იდენტიფიკაცია ეროვნულ იდენტობაში. თუ სუფრის ტრადიციის გაკრიტიკება გაბედე, ისინი ყოველთვის შეეცდებიან გააბათილონ ეს და საკუთარი თავისგან დაგიცვან დისკურსის შეცვლით, თითქოს შენ თავადვე სუფრის ტრადიციის ფუნდამენტს კი არ შეხებიხარ, არამედ გინდოდა მხოლოდ გაგეკრიტიკებინა ტრადიციის ქვეშ არასწორად მოაზრებული ზნეგადასულობა. მათი აზრით ტრადიცია ფუნდამენტში არ შეიძლება ცუდი იყოს, აკი მოიცავს ყველაფერს რაც ქართველისთვის კარგია: დროის ტარებას, წესს,სოციალური ურთიერთობის მთავარ არენას, ტრადიციას. პრობლემა შეიძლება იყოს მხოლოდ კერძო პიროვნებებში. ზედმეტ სასმელში, ან უცოდინარობაში, კულტურის ნაკლებობაში  და ა.შ. “შენ კარგი თამადა არ გინახავს!” გეტყვიან, “ჯუმბერიმ ისეთი კარგი სადღეგრძელოები იცოდა, სულ ლექსად ამბობდა” ის რომ ჯუმბერს კარგად შეეძლო მრავალკაციან სუფრაზე კომუნიკაცია ავტომატურად არ უნდა ანიჭებდეს  ტრადიციას ღირსებას. თუმცა ეს მათი აზრით ერთ-ერთი ძლიერი არგუმენტია.

ეროვნული იდენტობის რეპრეზენტაცია მოიცავს გარკვეული რიტუალური ხასიათის ნიშნების გამეორებას რომლებიც უნივერსალურ ჭეშმარიტებებზე მიანიშნებენ. ბოლო ორ ათწლეულში პირველ სადღეგრძელოდ დამკვიდრდა “უფლის სადიდებელი” როგორც სამყაროს შექმნა იწყება ღმერთით სუფრამაც უნდა გაიაროს იგივე კოსმოგონია. ამ აქტით პოსტ საბჭოთა ეროვნულ იდენტობაში ბრუნდება არქაული ელემენტი.რომელიც ისეთივე ცარიელი და ყალბია როგორც ზოგადად მოსახლეობის 80%-ის მრევლობა. ცალკეული მოქეიფეებისთვის”უფლის დიდება” გამარჯობასავით აუცილებელი და უშინაარსოა, თუმცა კოლექტიურ ცნობიერში უფლის დიდება სავარაუდოდ მიანიშნებს საზოგადოების იერარქიებისკენ მიდრეკილებას. ამის დასტურია ალბათ ის უნივერსალური სენტიმენტიც, რომელიც თითქმის ყველა სუფრაზე ისმის, ეს არის, კარგი ძველი დროის მონატრება: როცა უბანში პატარები, ახალგაზრდები აღფრთოვანებით და შიშველი ენთუზიაზმით ეგზავნებოდნენ მათზე უფროსებს სადმე. ახლა კი უკადრისობენ. – ეს მითი ბევრ რამეს ამბობს, 1) საზოგადოება უნდა იყოს იერარქიული 2) პატივისცემას უნდა იმსახურებდბენ ადამიანები ასაკის გამო და არა იმის გამო რეალურად რამდენად დაიმსახურეს საკუთარი თვისებებიდან და ქცევიდან გამომდინარე 3) ძველი დროის სინდრომი. სენტიმენტი რომლის მიხედვითაც ძველად ყველაფერი კარგად იყო, ახალგაზრდობის უკადრისობა მეტყველებს ახალი დროის გახრწნილობაზე, იმაზე რომ სამყარომ დაკარგა ქალწულობა, რომ ენტროპია გაიზარდა და ყველაფერი მხოლოდ უარესობისკენ მიდის.

1350063032_kakheti-epic-alazani-valley

სუფრის ტრადიცია მთელი თავისი რიტუალური, გაწერილი სადღეგრძელოებით, პათეთიკით და სენტიმენტებით თავიდანვე განწირულია სიყალბისთვის და ხელოვნურობისთვის, რადგან ემოციას ვერ დაგეგმავ. (ყოველშემთხვევაში სრულ დაგეგმვას არ ემორჩილება) სუფრის წამალი გულწრფელობაა, მაგრამ გულწრფელი ემოცია ყოველთვის არ მოდის დაგეგმილ გაწერილ სადღეგრძელოებში. გულწრფელი სუფრა ის არის როდესაც იმის ამბობ რაც იმ მომენტში გაღელვებს, როცა რაიმე სხვა საჭიროება, ტრადიცია გაიძულებს თქვა სხვა რამ, თუნდაც საყოველთაოდ საჭირო და აღიარებული ის აუცილებლად ხდება შენთვის უშინაარსო და ყალბი.

საერთოდ ნებისმიერი აუცილებელი მონოლოგი განწირულია სიყალბისთვის, მითუმეტეს მონოლოგების მთელი სისტემა რომელსაც მთელი საზოგადოება იმეორებს და ტრადიციის ფორმა აქვს.

ზემოაღნიშნული აზრის საპირისპიროდ შეიძლება ითქვას რომ სადღეგრძელოები არც ისეთი მკაცრად დაგეგმილ სქემას ემორჩილება როგორც შეიძლება ერთი შეხედვით ამ ტექსტიდან ჩანს. არსებობს მხოლოდ რამდენიმე საკვანძო წესი და თანმდიმდევრობა. ხშირად იმპროვიზაციასაც მისალმებით იღებს საზოგადოება, მაგრამ ნებისმიერ “აუცილებელ” ნაბიჯს და თანმიმდევრობას მივყავართ სიყალბემდე, განსხვავება მხოლოდ ხარისხობრივია.

განსაკუთრებული სიყალბე ისადგურებს ოჯახურ სუფრებზე, სადაც ტრადიციულ პატრიარქალურ ოჯახში ხდება დიასახლისის და ქალების დღეგრძელობა, ორი სამი ტრაფარეტული ქათინაურით და “დღეგრძელობით” ხდება სხვა მხრივ დაუფასებელი გარჯისთვის მადლიერების გამოხატვა. ეს მადლიერება და შექება, იმდენადვე ყალბია რამდენადაც პომპეზური და დემონსტრაციული. როგორც სადღეგრძელოების უმრავლესობა ეს სადღეგრძელოც ვალის მოხდის მნიშვნელობას იძენს თავის დემონსტრაციულობაში.

თვალში საცემია პატარა ერის კომპლექსიც რომელიც მისთვის ყველაზე ხელსაყრელ არენაზე, სუფრაზე ჩანს ყველაზე თვალსაჩინოდ, ნაციონალურ სენტიმენტებს, როგორიცაა, საკუთარი ქვეყნის გამორჩეულობა ლოგიკურად ებმის ქსენოფობიის და რასიზმის ელემენტები, თუმცა აღსანიშნავია ისიც რომ ეს უფრო ხშირად თანმხლები სინდრომია რომელიც ტრადიციის ნაწილი ჯერ არ გამხდარა.

ქართველი სუფრაზე იმდენადვეა მიჯაჭვული რამდენადაც სუფრამ, ჭამა სმამ, კერძებმა, სასმელმა და მათთან დაკავშირებულმა რიტუალურმა ქცევებმა იტვირთეს ძალიან ბევრი რამ საკუთარ თავზე. აქ ამ სცენაზე უნდა გადარჩეს ქართველი ერი, პათეტიკური სენტიმენტებით  მოხდეს წარსული დიდების გამეორება. ქართველობა როგორც მოვლენა თანამედროვე სამყაროში, იმდენად ამოვარდნილი და მოძველებულია ცხოვრების რიტმიდან და რეალობიდან, რომ მის გაცოცხლებას მხოლოდ რიტუალური და თეატრალური  ხასიათი აქვს. არსებობს მხოლოდ წარსული და ე.წ ისტორიული მეხსიერება, უფროსწორად ისტორიული მითი რომელიც მეხსიერებად უნდა ტრანსფორმირდეს და გადმოიღვაროს სადღეგრძელოში. რადგან ხმალი და ფიზიკური ძალა ვერაფერს ხდება  ოცდამეერთე საუკუნეში, ის უნდა გარდაიქმნას წარსულის სენტიმენტად, შეერწყას წინაპართა კულტს და მისი ვაჟკაცური სული “სუბლიმირდეს” განსხვავებულ სასმისში. ხმალი აღარავის აქვს! მტერს მკლავის ძალით ვეღარ მოერევი, ამიტომ ვინ უფრო მაგარი ბიჭია განისაზღვრება იმით თუ ვის მუცელში უფრო მეტი ღვინო ეტევა ფეხის და საჭის აურევლად.

ამ ტრადიციაში მრავალი ცრურწმენის და მითის გამოძახილი განაგრძობს არსებობას, ერთ-ერთი მათგანია წინაპართა კულტი. ის ასევე წარმოადგენს წინაპართა წინაშე ვალის მოხდასაც, ქართველი დღეს თავისი ქვეყნის უსუსური მდგომარეობის კომპენსაციად ცდილობს სუფრის და სმის ტრადიცია არ დაივიწყოს. თითქოს ის საფლავიდან წამომდგარ წინაპრებს ეუბნება: “აი ეს ხომ მაინც შეგინარჩუნე? მეტი რა გავაკეთო?”

უცხოელები ხშირად აღნიშნავენ რომ ქართველებს უყვართ სმა, სინამდვილეში ქართველებს უყვართ სუფრის წარმოდგენა, სპექტაკლი რომელიც ჰეფი ენდით მთავრდება.

სათნოების სტანდარტი და ნიშნების ბატონობა

t23smSoთუ გსურს ამ ქვეყანაში წარმატებული და ინტეგრირებული იყო სოციუმში, რათქმაუნდა უნდა აკმაყოფილებდე გარკვეულ სტანდარტებს. პირველი და აუცილებელი სტანდარტი ეს არის “იყავი ექსატრავერტი”. აქ იმდენად საქმის ცოდნა არ ფასდება რამდენადაც კომუნიკაციის უნარი, ეს ალბათ მეტნაკლებად ყველგან ასეა, მაგრამ ჩვენთან რაღაც არაოფიციალური ძმა-ბიჭურ თბილისური (ქალაქური) ელფერით ხასიათდება. (მდედრების შემთხვევაში ცოტა სხვაგვარადაა) ეს ქვეყანა ინტროვერტებს არ წყალობს. მთავარია ვის იცნობ და არა რას აკეთებ.

ასევე მნიშვნელოვანი სტანდარტია გარეგნულად იზიარებდე საყოვლთაო ჭეშმარიტებებს, აღიარებდე სათნოების უნივერსალურ სტანდარტს, ეს უკანასკნელი ყველაზე ფართო გაგებით ნიშნავს “რაღაცის რწმენას”

Continue reading

მონოგამია თუ პოლიგამია?

ცოტა ხნის წინ ლიბ ცენტრში ლევან ბუთხუზმა ჩაატარა საჯარო ლექცია პოლიტიკურ გემოვნებასა და მეცნიერებაზე. სამწუხაროდ ვერ დავესწარი, მაგრამ ლექციის ჩანაწერს ვუყურე იუთუბზე, ძალიან მოკლედ რომ აღვწერო ლექცია შეეხებოდა სხვადასხვა არასწორ მეცნიერულ შეხედულებებს რომელიც გამომდინარეობს არა ფაქტების ცოდნით და ანალიზით არამედ პოლიტიკური შეხედულებებით და გემოვნებით. (იხ: იუთუბზე) მოგვიანებით როცა ამ თემაზე ვფიქრობდი, რასიზმზე, გენდერულ თანასწორობაზე და ა.შ. ჩამოვაყალიბე ერთგვარი გაგრძელება იმ საუბრის რაც ლექციაზე მოვისმინე. კერძოდ ერთი მიმართულებით რომელიც ეხება ადამიანის სექსუალურ ქცევას. ადამიანი მონოგამიურია თუ პოლიგამიური? და რა კატეგორიის პოლიტიკური შეხედულების ადამიანები ემხრობიან ან ერთს ან მეორეს. და რას ამბობს მეცნიერება ამ თემაზე?

848934-image-1425656127-789-640x480 (1)

Continue reading

შეუცნობელ არს გზანი უფლისა

The Greatest bullshit story ever told

კარდინალმა რობერტო ფრანჩესკო ბლარმინომ ვერაფერი გააწყო ურჩ ფილოსოფოსთან. ის მაინც თავის აზრზე იდგა და ცდილობდა პაპ კლემენტ მერვესთან თავისი პოზიციის დაცვას. რა გაეწყობა… ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ ვერაფერმა გატეხა. რა ჯიუტია, სულელი ადამიანი – დანანებით გაიფიქრა კარდინალმა და საბრალდებო დასკვნაში ჩაწერა: Egli sostiene che si trovano più mondi, che tutte le stelle sono mondi, ed il credere che sia solo questo mondo è grandissima ignoranza. (მიაჩნია რომ არსებობს ბევრი სამყარო, რომ ყოველი ვარსკვლავი ერთ-ერთი მათგანია და ერთადერთი სამყაროს რწმენა კი უდიდესი უმეცრება) უმეცრება სწორედ ისაა როცა სხვა სამყაროებს დაუშვებ სადაც თურმე სხვა არსებები სახლობენ. როცა გადაუხვევ წმინდა ეკლესიის მიერ დადგენილ დოგმატს და ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს დააკნინებ თითქოს იგი მისი შემოქმედების ცენტრალური ნაწილი არ იყოს. განა უსასრულო სამყაროს კონცეფცია უსასრულოდ  არ ამცირებს ადამიანის როლს?

Giordano_Bruno1

Continue reading

სიძულვილის კვირეული

შეიძლება სისუსტედ ჩამითვალოთ, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ რომ აღარ მინდა საერთოდ ამ ქვეყანაში ცხოვრება, არც ქართველობა და არც სამშობლოს რამენაირი სიყვარული. დავიღალე სიძულვილის ჩანჩქერების ყურებით. სიძულვილი და ძალადობა მოდის ყველა მხრიდან, მთავრობისგან, ხალხისგან, პოლიტიკოსებისგან, სისტემისგან და ა.შ. ეს სიძუვილის კვირეული კი არა სიძულვილის წლებია, უბრალოდ ამ ბოლო კვირას სიძულვილის ჩანჩქერებმა განსაკუთრებული სიმძლავრით ამოხეთქა. ბუნებრივია როცა ადამიანის უფლებები ასე უხეშად ირღვევა, ხალხი უნდა გაბრაზდეს, უნდა მოითხოვოს სამართლიანობა. ხალხმა უნდა იმოქმედოს! მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება კერძოდ – ამ სიბრაზის გარდასახვა საკუთარი მოქალაქეებისადმი სიძულვილში.

რათქმაუნდა ბევრი იტყვის რომ სამშობლო უფრო მეტია ვიდრე რაიმე კონკრეტული სოციალურ პოლიტიკური მდგომარეობა. ვიდრე რომელიმე ჯგუფის დანაშაული, ან სიძულვილის მომატებული დოზა ჰაერში. კი ბატონო მაგრამ სამშობლო პირველ რიგში ხალხია, ის ხალხი რომელის უმეტესობა რადიკალიზმში და სიძულვილში ცურავს. ის ხალხია რომლსაც არც მომავალი აქვს დასახული და არც ის იცის რა უნდა. რა გასაკვირია რომ ხადახან არ მინდა ამ ყველაფრის ნაწილი ვიყო. ყველაზე დიდი დისკომფორტი ეს სიძულვილის ოკეანეა, რომელსაც ჭეშმარიტების პრივატიზება რადიკალური უსაფუძვლო იდეალები და მესიის მოლოდინი ქმნის.

Continue reading

ანა ფრანკი – ბრძოლა დისკრიმინაციისა და ცრურწმენების წინააღმდეგ

ანა ფრანკი – ფაშიზმის 13 წლის მსხვერპლი, რომელიც გახდა სიმბოლო დისკრიმინაციისა და ცრურწმენების წინააღმდეგ ბრძოლისა.

ჩვენ ყველამ ვიცით, რა ხდებოდა ცნობილი ომების თუ უბედურებების დროს, ვიცით რა… უფროსწორად გაგივგონია ისტორიიდან, გაგვიგონია მეორე მსოფლიო ომს შეწირული ადამიანების უაზარმაზარი რაოდენობა, გაგვიგონია დისკრიმინაციის მსხვერპლთა შესახებ, გაზის კამერებზე. სტალინის არ იყოს, ზოგჯერ ასეთი ციფრები მხოლოდ სტატისტიკას გავს, არა იმიტომ რომ გულცივები ვართ და სტალინის არ იყოს მხოლოდ სტატისტიკად მივიჩნევთ იმ ადამიანთა სიცოცხლის ხელყოფას. უბრალოდ ტრაგედიის შესაფასებლად მხოლოდ ციფრები ძალზედ მშრალი ჩანს. იმისთვის რომ რეალურად შეიგრძნო ამ მოვლენათა შედეგი. საჭიროა ადამიანთა ინდივიდუალური, პერსონალური ტრაგედიის გაზიარება. მხოლოდ პერსონალურ ამბავთა გავლითაა შესაძლებელი გაიზიარო ადამიანთა განცდები და გაიგო მოვლენათა ემოციური მხარე.

ანა ფრანკი – ერთი ჩვეულებვრივი, ნათელი აზროვნების, მეოცნებე მოზარდი – მისი გულწრფელობით, საღი აზროვნებით  და ტრაგიკული ბედით, რომელიც ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოვლენას უკავშირდება გახდა ჰოლოკოსტის საშინელების სიმბოლო. მისი დიდება მისმა ტრაგიკულმა ბედმაც მნიშვნელოვნად განაპირობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის ბავშვური გულწრფელობაა რომელიც არ ტყუის. დარწმუნებული ვარ საკონცენტრაციო ბანაკიდან ცოცხალი რომ დაბრუნებულიყო, მოგვიანებით ცნობილი მწერალი აუცილებლად გახდებოდა, მაგრამ შეიძლება ისეთ დიდებას ვერ მიეღწია როგორც სიკვდილმა მოუტანა. ანა ფრანკი არა მხოლოდ გამოძახილია მოზარდთა თვითდამკვიდრებისა და ჩამოყალიბების მნიშვნელობისა. მის თავს გადამხდარი ამბავი არის ჰოლოკოსტის საშინელების დამადასტურებელი დოკუმენტი რომელსაც მოზარდის  დღიური ყვება.

Continue reading

ვსაუბრობთ (ვწერთ) ქართულად!

არასდროს მომწონდა ბარბარიზმები, (ძირითადად რუსულიდან შემოსული სიტყვები). მაგრამ ხომ იცით როგორც გაიზარდე, რასაც მიჩვეული ხარ მისგან განთავიუსუფლება ძნელია. ჩვენ თაობას (70-80-90-იანები)  და წინამორბედებს მითუმეტეს, ბავშვობიდან გვესმის “კუხნა” “პოლი” “საროჩკა” და მისთ. ბოლო ერთი წელია ალბათ თუ მეტი არა, გადავწყვიტე გავთავისუფლდე მავნე ჩვევისაგან და ვისაუბრო ქართულად. თუმცა როგორც სიგარეტისთვის თავის დანებებაა ძნელი, ესეც არ გამოდგა მარტივი. ერთი შეხედვით იოლი ამოცანაა. რა უნდა, “სპიჩკის” მაგივრად ასანთს იტყვი, “ვანას” მაგივრად აბაზანას. მაგრამ მოგეხსენებათ ასეთ წვრილმანზე ყოველდღე ვერ იფიქრებ. ყოველდღიურობას თავისი რიტმი აქვს, რუტინული, ავტომატური, ხშირად ტვინი ქმედებებს ავტომატური რეჟიმით მართავს, გაუცნობიერებლად, როგორც კომპიუტერს ჩაწერილი აქვს ოდესღაც გამომუშავებული  ალგირითმი რომელსაც ყველა მოქმედებას არგებს. მითუმეტეს სტანდარტულ სიტუაციებში, რომლებიც არც თუ ისე ცოტაა. მისალმება, მოკითხვა, დამშვიდობება, სტანდარტული კითხვები და პასუხები. ეს იმდენად ავტომატურია ზოგჯერ რომ ასეთ სიტუაციაში თითქმის არასდროს ფიქრობ და საზღვრავ, ტვინი კი იყენებს იმ, ოდესღაც ჩაწერილ სიტყვებს. მაგრამ თუ ყოველი არასასურველი სიტყვის შემდეგ გაიფიქრებ რომ შემდეგში სხვანაირად იტყვი ნელ ნელა ყველაფერი გამოსწორდება.

ზოგიერთს სასაცილოდ არ ყოფნის ეს თემა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეთიკის ელემენტარული ნორმები ყველგან უნდა დაიცვა, თუნდაც ძალიან პრივატულ გარემოში. კარგა ხანია ვცდილობ ყველა სიტყვა ქართულად ვთქვა და უკვე ძალიან უხეშად მხვდება ყურში სიტყვები “კუხნა” “სპალნა”. ასევე უხეშად მეჩვენება ფეისბუქში ან ნებისმიერ რომელიმე საიტზე ლათინური ასოებით წერო ქართული სიტყვები. ეს ყველაფერი არ წარმოადგენს პოზას “აი მე რა კაი ტიპი ვარ ქართულად ვწერ და ყველა სიტყვას ქართულად ვამბობ” ამის მიხედვით არც მაღლდება ვინმე და არც ეცემა. ამის მიხედვით არც მის მშობლიური ენისადმი სიყვარულს ვაფასებ, უბრალოდ მე საკუთარი თავის წინაშე მაქვს მოთხოვნილება დავიცვა საუბრის და წერის ეს ნორმები. მერე კი სხვების მიერ მათი დარღვევა ცოტა უხეშად მეჩვენება, მითუმეტეს რომ ბარბარიზმებს ჩემი აზრით უკვე ნაფტალინის სუნი ასდის. ასე მგონია რომ სიტყვები: “კრაოტი”  “აძინაცატი” “ზალა” “პივა” “პადიეზდი” “შკაფი”  “პრავა” და მისთ. ძალიან ცუდ კარმას ატარებენ 😀 (ცუდ ასოციაციებიბს იწვევენ) ბრეჟნევის დროინდელი უძრაობის და 90-იანების საქართვლოს არეულობის სუნი აქვთ. ამ სიტყვებზე ძალიან ღრმა ბავშვობის სცენები მახსენდება, ბებიაჩემი რომ მეტყოდა ხოლმე “აი სტოლი” “კუშეტკაზე დაჯექი” 😀

Continue reading