2012-ის ბოლო პოსტი

New-Year-2012-Wallpapers[1]

რაღაც შემაჯამებელი პოსტი მინდოდა დამეწერა, მაგრამ მეზარება. რა უნდა შევაჯამო? ძალიან მოკლედ რომ ვთქვა საქართველოში უამრავი რამ მოხდა, კარგი და საინტერესო ძნელად თუ მახსენდება. მხოლოდ არჩევნები, დაძაბულობები, პატიმრები. დაჭერები, აქციები, ქართული ოცნების მაისურები და ბიძინას ანეგდოტები. ამ თემებზე წერა ჩემი სტილი არაა. ჰო კარგი ის გამახსენდა რომ გია დვალს აქვს იმედის მომეცემი გეგმები მეცნიერებასა და განათლების სფეროში. მსოფლიო მასშტაბით მეცნიერებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა: ცერნში დიდ ადრონულ კოლაიდერზე მოხდა ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა, სტანდარტული მოდელის მოზაიკა შეივსო. ეს არის ფუნდამენტური მეცნიერების უმნიშვნელოვანესი ტრიუმფი. 2012-ში მარსზე დაჯდა ახალი მარსმავალი რობოტი. Curiosity. რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მარსის გამოკვლევაში და წითელ პლანეტაზე წარსული ან ახლანდელი სიცოცხლის არსებობის შანსის განსაზღვრაში. მეცნიერებმა ჩილეს ლა სილას ობსერვატორის მეშვეობით აღმოაჩინეს ჩვენი მეზობელ მზის სისტემაში ალფა კენტავრში დედამიწის ზომის პლანეტა. ეს პლანეტა ფაქტიურად ჩვენი კარის მეზობელია. მისი აღმოჩენა კი ახალი კარიბჭე პლანეტურ მეცნიერებაში.  მეოთხე ფაქტი უფრო რეკორდია. მაგრამ მაინც ყურადსაღები: – ფელიქს ბომგარტნერმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი და გადმოხტა მიწიდან 39 კილომეტრის სიმაღლიდან. მან თავისუფალი ვარდნისას გადალახა ბგერის სიჩქარის ბარიერი.

ბლოგი:

ჰო კიდევ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი: აპოკალიფსმა დაგვადო. წინა წელს ვწერე ამ თემაზე. მაგრამ ამ წელს და მითუმეტეს დეკემბერში კრინტი არ დამიძრავს. სამაგიეროდ სოციალურ ქსელებში ველოდი რამდენიმე ადამიანს ვინც წინა წლებში გაშმაგებით ამტკიცებდნენ კატასტროფის მოახლოებას. მაგრამ სამწუხაროდ სადღაც გადაიკარგნენ და ვერ შევახსენე “აბა სადაა თქვენი აპოკალიფსი?” ალბათ მართლაც გახიზნულები იყვნენ სადმე 😀

ბლოგს არც თუ ისე აქტიური წელიწადი ქონდა, დაიწერა სულ 23 პოსტი (ამის ჩათვლით) მათ შორის რამდენიმე საინტერესო. ღმერთის კამათლები და ჰოკინგის პარადოქსიCorona Australis სამსახურეობრივ ტანჯვათა ისტორია უცნაური ფრინველი და ა.შ.  მქონდა ძირითადად ასტრონომიული წელიწადი: –  ახალი პლანეტა – ჩვენი კარის მეზობელი; 7 პლანეტა რომელზეც შესაძლოა სიცოცხლე იყოს, პოტენციურად სიცოცხლისთვის ვარგისი პლანეტების კატალოგი.; ჯეიმს ვების ტელესკოპი დედამიწის მსგავს პლანეტებს დაინახავს; შონ ქეროლი- შორეული დრო და სიტყვა მულტისამყაროზე; კარლ სეიგანი – კოსმოსი პერსონალური მოგზაურობა ; მარსის სახე – ილუზია თუ მონუმენტი წლის ყველაზე პოპულარული პოსტი ვიზიტორების, ნახვების და მოწონებების (like) მიხედვით გახდა ანა ფრანკი – ბრძოლა დისკრიმინაციისა და ცრურწმენების წინააღმდეგ.

anne-frank2-2dsuhup ყველაზე უსამართლოდ დაჩაგრული კარგი პოსტი კი კარლ სეიგანი – მკრთალი ლურჯი წერტილი – პერსონალური მოგზაურობის გაგრძელება. 

carl_sagan-e1296495678616

ამ პოსტში სეიგანის pale blue dot-ის მთელი ერთი თავი შევიტანე ჩემივე გადათარგმნილი და მოკლედ დიდი აღტაცებით დავწერე. არადა პირველ ნაწილს  კარლ სეიგანი – კოსმოსი პერსონალური მოგზაურობა-ს საკმაოდ მნიშვნელოვანი ყურადღება ხვდა წილად. მეორე ნაწილი კი ბლოგის ისტორიაში ყველაზე უკანასკნელი პოსტია ნახვებით და საერთოდ ყველა მხრივ.

სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!

Happy Old New Year!

იყო ისეთი დროც როცა ვმუშაობდი, არ დავაკონკრეტებ როდის, იმიტომ რომ ცოტა არ იყოს მეშინია: – უცებ ჩემდაუნებურად არ გამომეთვალოს დრო და იქნებ კიდეც კარგად გავაანალიზო რა დრომ გაიარა მას შემდეგ, ერთგულმა მკითხველმა ალბათ იცის როგორ არ მიყვარს თარიღები და დროის დათვლა, თუმცა სწორედ დროის ათვლაზე უნდა გესაუბროთ. (ზოგადად) ჰოდა რას ვამბობდი, ჰო ვმუშაობდი და ერთი თეთრი სამხრეთ აფრიკელი უფროსი მყავდა – რალფი. მაღალი და მუდამ ყურებამდე გაღიმებული, ისე რომ მისი ოცდათორმეტივე კბილის დათვლა შეიძლებოდა, არა მთლად ასე სულელურად არ გამოიყურებოდა როგორც წარმოიდგინეთ, ხანდახან სერიოზულიც მინახავს, მომენტებში, მაგალითად როცა საქმეში რაიმე პრობლემა წარმოშვებოდა, ზოგჯერ ეს ღიმილი დრო და დრო სერიოზულ და გაურკვეველ გამომეტყველებას ერწყმოდა, ეს კი უფრო ხშირად მაშინ ხდებოდა როცა უცნაურ ქართულ თავისებურებებს აღმოაჩენდა ხოლმე. სწორედ ასეთი გამომეტყველების და ტრადიციული ღიმილის ნაზავი აღებეჭდა სახეზე როცა ერთ-ერთმა ჩვენმა თანამემამულემ სამსახურში მიულოცა Happy old new year-ო. წარმოიდგინეთ რალფის სახე, გაუკრვევლობა, და ყურებამდე ღიმილში შემოპარული ნაწყვეტ ნაწყვეტი სერიოზულობა.

Continue reading

(არა)საახალწლო პოსტი

ბახ!.. ბახ… რამდენიმე საათი დარჩა ახალ წლამდე, ბავშვებს ერთი სული აქვთ ააფეთქონ რამე. პრინციპში უკვე ბოლო ერთი თვეა ბრახაბრუხი და ტკაცატკუცი არ წყდება. სულ რამდენიმე საათი და 2011 დადგება. მართალია საახალწლოდ უარყოფით ემოციებზე არ უნდა ვსაუბროდე, მაგრამ ის კი მართლა ცუდია როცა საახალწლო განწყობა ყველა შკალაზე ნულს აჩვენებს. თუ შარშან და წინა წლებში 0,001-ზე მაინც ადიოდა, ახლა აბსოლიტური ნულია, განა იმიტომ რომ ახლა ცუდ ხასიათზე ვარ ან რაიმე განსაკუთრებული ცუდი შემემთხვა, არაფერი სრულიად. ერთი ჩვეულებვრივი დღეა, ისეთივე როგორც დანარჩენი 364 იყო. პრინციპში რითი უნდა იყოს განსაკუთრებული თოვლის ბაბუის აღარ მჯერა დიდი ხანია. არც ნამდვილ თოვლის ბაბუას ველოდები და არც მის ფორმაში გამოწყობილ ახლობელს საჩუქრით ხელდამშვენებულს. არც რაიმე განსაკუთრებულ წვეულებაზე თუ საღამოზე მივდივარ. არც სადმე დასასვენებლად, განსაკუთრებული განწყობის მიზეზი რომ მქონდეს. დიდი ხანია უკვე აღარც ბედის, “კაი ფეხის” და მეკვლის მჯერა. აღარც ფუჭი იმედები გამოჩენილან ჰორიზონტზე დიდი ხანია. ყველანაირი წარმატება მხოლოდ მონდომების და შემთხვევითობის პრუდუქტია, ჰოდა რაღა დარჩა ახალი წლისგან? ნაძვის ხე, ბრჭყვიალა სათამაშოებით და სინათლეებით, ტკაცატკუცი, ბრახაბრუხი ქუჩაში და დალევის კიდევ ერთი საბაბი. რია რია მისვლა მოსვლა, ნაბახუსევზე თავის ტკივილების სერიალი. მითუმეტეს ბოლო დროს ისეთი ამინდები იყო ოქტომბრის შუა რიცხვები უფრო გეგონებოდა ვიდრე დეკემბრის ბოლო. ახალ წელს მხოლოდ ტკაცატკუცი, ნაძვის ხეები და ბრჭყვიალა საგნების სიმრავლე მახსენებდა, მე კი ძალიან ჩვეულებვრივ ფიქრებს მოვეცვი – რა მალე გადის დრო, დიახ რა მალე გადის დრო! არ ჯობია ახლა ახალი წლის მაგივრად ისევ სექტემბერი ან ოქტომბერი იყოს? ან სულაც ზაფხული. ახალი ათწლეული იწყება, ცოტა მაშინებს ეს, იმიტომ რომ უკან რომ მოიხედავ თითქოს მთელმა ათწლეულმა შეუმჩნევლად გაიარა… ბევრი ვერაფერი მოასწარი და უკვე მთელი ათწლეული დასრულდა.

თუმცა რა ვიცი თქვენ რა დააშავეთ? გილოცავთ ახალ წელს და კარგ გართობას გისურვებთ! ნუ იქნებით ჩემნაირად ჩვეულებვრივად განწოყბილნი!

P.S: ჰო ეს მინდოდა რომ მეთქვა, მეტი არაფერი

მე – ახლა და მე – მაშინ

დაახლოებით ორი კვირის წინ ჩემს ძველ სახლში ვიყავი, სადაც პირველი ათეული წელიწადი გადავაგორე. მიუხედავად იმისა რომ ამ სახლში მაშინ ვცხოვრობდი როცა საღამოს გარეთ გასვლა ნამდვილად  რისკთან იყო დაკავშირებული, როცა პური მილიონ ნახევარი კუპონი ღირდა. როცა რუსთაველზე ომი იყო და ბრმა ტყვიები ხანდახან ჩვენს უბნამდეც კი აღწევდა. ბავშვობის ჩანახატი მაინც სულ სხვანაირ ფერებშია ჩახატული. ძველი სახლიც თითქოს “ტკბილ” 90-იანებში ჩარჩენილა. ყველა ნივთს ისევ ისეთი სუნი ასდის, სახლი გამოკეტილი, მივიწყებული, მოწყენილია მაგრამ მის ძველ შპალერზე თითქოს, ისევ ჩვენი ნათითურებია,  ჩვენი – ჩემი მამიდაშვილების, ჩემი და ჩემი დის. ოთახებს შორის გამავალი ფანჯრიდან მოჩანს უკანა ოთახის ბნელი სიმყუდროვე, ძველი კედლის ტოლა რუკა. ვუყურებ ფანჯარას და მგონია ბავშვების ჟრიამული მომესმება.

Continue reading