
მინებს მიღმა წვიმა ხმაურობს, სუსტი დღის სინათლე ძლივს აღწევს ფანჯრებში, დაორთქლილი მინები ტირიან უხმოდ. ჟოლოპიდან წყალი მოთქრიალებს და ქუჩის მდინარეს უერთდება, სადღაც თუნუქის ნაჭერზე წვეთები მონოტონურ რიტმში უკრავენ მოსაწყენ მელოდიას. გათელილი სველი ყვითელი ფოთლებით მოფენილა ეზო. დრო და დრო სუსტი ქარი აშრიალებს ხეებს და უკანასკნელ ფოთლებსაც აცლის. წვიმა, ნისლი, ქარი, სიცივე ეს ერთიანი ორკესტრია რომლის სევდიანი მუსიკა ჩაბნელებულ საძინებელში ნახევრად მძინარე ადამიანის ცნობიერებაში ელექტრომაგნიტურ რხევებად გარდაიქმნება და მზიან დღეს ინფორმაციული წყალდიდობა აწყდება ნაცნობ ქუჩებს, მოაქვს ავტომანქანები, ნაგვის ურნები, ძველი დღიურები, ყოფილი კლასელები და მასწავლებლები, გაუმართავი რადიო მიმღებიდან ისმის ყურის წამღები რადიო ტალღების შიშინი.