ზაფხულის ჩვეულებვრივი დღე თბილისურ მასივში

დილით, კონკრეტულად რომელ საათზე არ ვიცი, მაგრამ წამით ნაგვის მანქანის გრუხუნი მაფხიზლებს, მერე მთვლემარეს ჩამესმის მანქანის ძრავის გაბმული ბღუილი, ურნების ბრახუნი.  ეს უშველებელი რკინის ჯაბახანა ისეთ ვიბრაციას ქმნის რომ ფანჯრებს ზრიალი გააქვს და მისგან წარმოქმნილ ბიძგებს საწოლზეც ვგრძნობ. მერე ცოტა ხნით ისევ სიწყნარეა, მხოლოდ რამდენიმე წუთში ერთხელ ჩაიქროლებს მსუბუქი ავტომანქანების თანაბარი ხმა, დილის გამჭვირვალე შუქს  და ჭერზე მოციმციმე, გამჭვირვალე ათინათს  მკვეთრი და ბრდღვიალა სინათლე ცვლის და სანამ გამოფხიზლდები უკვე ვგრძნობ რომ დღეს ძალიან ეცხელება. ჩვენს სადარბაზოში რატომღაც ტრადიციაა რომ ადრიანად, ცხრა საათზე (ან უფრო ადრეც) მეზობლები, ძირითადად ქალები იკრიბებიან სადარბაზოს წინ რკინის სკამზე და „ბირჟაობენ“ ჩემი ფანჯარა ამ სკამთან ძალიან ახლოა, ამიტომაც ყოველ დილით სიზმარივით ჩამესმის მეზობელი ქალების ყაყანი.

Continue reading

Advertisements