კარლ სეიგანი – მკრთალი ლურჯი წერტილი – პერსონალური მოგზურობის გაგრძელება

carl_sagan-e1296495678616

ძნელი მისახვედრი არაა რომ ეს არის გაგრძელება პოსტისა – კარლ სეიგანი კოსმოსი პერსონალური მოგზაურობა  თუ სეიგანის მოღვაწეობას ოდნავ მაინც გაეცანით, თუნდაც წინა პოსტიდან, თქვენთვის ცნობილი იქნება მისი წიგნის  Pale blue dot “მკრთალი ლურჯი წერტილი” არსებობის შესახებ. ამ პოსტში სწორედ ამ წიგნზე მინდა ვისაუბრო. წიგნის უკანა ყდაზე გვამცნობენ რომ იგი წარმოადგენს კოსმოსის მომხიბვლელ გაგრძელებას სადაც სეიგანი ასრულებს თავის რევოლუციურ მოგზაურობას დროსა და სივრცეში. სიმართლე გითხრათ მე პირადად ეს წიგნი როგორც კოსმოსის პირდაპირი გაგრძელება ვერ აღვიქვი. “მკრთალი ლურჯი წერტილი” შესანიშნავი წიგნია, პლანეტური მეცნიერებით დაინტერესებულთათვის. პლანეტური მეცნიერების აღმოჩენების და ამ აღმოჩენათა ისტორიით დაინტერესებულთათვის. თქვენ იმოგზაურებთ მზის სისტემაში. მარსზე, ვენერაზე, იუპიტერისა და სატურნის მთვარეებზე, გაიგებთ როგორ იცვლებოდა ცოდნა და წარმოდგენა ამ სამყაროებზე უმეტესად მეოცე საუკუნის განმავლობაში. ვოიაჯერების მოგზაურობაზე და ახალ აღმოჩენებზე, (90-იანებისთვის ახალ) რომელიც კოსმოსის ფურცლებზე ვერ მოხვდებოდა რადგან 1980 წელს ჯერ კიდევ არ იყო მიახლოებული შორეულ პლანეტებსა და მთვარეებს. გაიგებთ აპოლოს მთვარის მისიების შედეგებს, მის  გავლენას ტექნოლოგიაზე და მსოფაღქმაზე. ძალიან საინტერესოა ის ნაწილები სადაც პლანეტების მთვარეების და კომეტების ტერაფორმირებაზეა საუბარი. სეიგნი მრავალ გზას განიხილავს ადამიანის კოსმოსში დასასახლებლად.

Continue reading

Advertisements

I just believe in me

ხანდახან მგონია რომ მექანიკურად ვცხოვრობ, მყისიერად გამიელვებს ხოლმე რაღაც სიტყვებისგან თავისუფალი წეტილი გაცნობიერებისა. ყველაფერს ფიქრი და ანალიზი არ უნდა ზოგჯერ უბრალოდ იცი. წერტილი სადღაც შუბლის ზემო ნაწილში კრთება შუქნიშნის გამაფრთხილებელი ყვითელი სიგნალივით, მერე ვზივარ და ვუღრმავდები გონებაში მიმდინარე პროცესებს, ძვლოვან კედლებს შიგნით ბირთვული რეაქტორია, დაუსრულებელი ჯაჭვური რეაქცია, შენელებული ნაღმის. ახლა ეს ნაღმი კონტროლირებადი და ნელია, გავარვარებულ ფიქრთა ნაკადებს პერიოდულად აგრილებს ცივი უფიქრობა. ადრე არ არსებობის მეშინოდა ახლა კი ვფიქრობ რომ არ არსებობა იგივე უკვდავებაა. არ ყოფნა ადვილია, როცა გძინავს და სიზმარს არ ნახულობ, როცა ზიხარ და არაფერზე ფიქრობ, შეიძლება ითქვას რომ ალბათ არც არსებობ. თუმცა ეს ყოველთვის დროებითია და მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება, სადღაც შუბლის ზემო ნაწილში ისევ გაანათებს სიგნალი და მექანიკური არსებობის დისკომფორტის აღმოსაფხვრელად დაიწყებ ისევ გონებაში ქექვას, სულ სამი გზაა როგორც მისტიურ ზღაპრებში, წარსული აწმყო მომავალი. მომავალს არ ვენდობი, იმედების არ მჯერა. აწმყოში ბლანტი სითხის მსგავსად მივედინები არსებობის კალაპოტში, წარსულში ვიქექები ისევ, იგივე სიტუაციებში ვხვდები, ხან მრცხვენია ხან ვნანობ, ხან ვცვლი. ალტერნატიულ ისტორიებს ვაშენებ, წარსულის სახეებს სულებს ვართმევ და აჩრდილებს აწმყოსკენ მოვათრევ – ეს როცა ჩემი მექანიკური აწმყოს სინდრომი შემაწუხებს, მერე მივმართავ პაწაწინა წერტილებით აწყობილ გამოსახულებებს,  ჩაირთვება ყველა ჰორიზონტი ფანტაზიისა, ეს ხან სურვილია ულტრა განვითარების უტოპიისკენ ხან დაბრუნება ბუნებრივ პირვეყოფილებასა და სიმარტივეში, ხან საიდუმლოა ათასწლეულებში ჩაკარგული და უპერსპექტივო მისტერიით შემობურული. ხანაც ფერფლიდან აღმდგარი შთაგონების მატერიალიზება ესთეტიკაში. ეს წამიერი და წუთიერი აფეთქებებია, როგორც გეიზერების ამოფრქვევა, ძირითადად კი, სანამ ის ყვითელი შუქი აციმციმდება, მეც ისეთი უხეში ვარ როგორც თბილისის ქუჩები. მეც ისეთი გულგრილი ვარ როგორც ქვის ძეგლები. ზიზღნარევი გულგრილობით ვუყურებ პარკებში მოსეირნე წყვილებს, ეს ჩემი საქმე არაა, მე მარტოსული ვარ და მომწონს ეს. რომანტიკა იდეებში და აჩრდილებშია, რეალობა კი მეტისმეტად მდაბიო და ხინჯიანია, იმისთვის რომ სრულყოფილება შეინარჩუნოს. დიახ მე მარტოობის წუხილს ვარქმევ ყველაზე დიდ რომანტიკას და მაშინ ვკაიფობ როცა სულ მარტო ვზივარ ღია კაფეში ლუდის დასალევად, არავის ველი არც არავის ვახსოვარ და ვუყურებ გიჟურ  თავსხმას. მე ჩემი გზა მაქვს – ტკივილით ნაწრთობი გულგრილობა. არავინ აღარ მომწონს. იოლად ვეღარავის გავუყობ ჩემ აღფრთოვანებას, იდეებს. ალბათ ვერავინ ამაღელვებს საკუთარ იდეებზე მეტად. ვერავინ მომხიბლავს საკუთარ მოჩვენებებზე მეტად.

ნარცისიზმამდე სულაც არ მივდივარ, მე ყველაფერიც ვარ და არაფერიც, ამიტომ აღარ მეშინია არ არსებობის. სიგნალი კი მხოლოდ რეაქციაა, ხან სიცოცხლის მჩქეფარება მიპყრობს ხანაც ვზივარ და უბრალოდ არ ვფიქრობ, ან მძინავს და სიზმარს არ ვნახულობ, ასე ვემალები არსებობას. — არ არსებობაც ხომ ისეთივე ბუნებრივია როგორც არსებობა, ჩვენ არსაიდან მოვედით და არსაით წავალთ.

100 წლის შემდეგ (ჩანაწერი მომავლის დღიურიდან)

ანუ ერთი უბადრუკი ფანტაზიის ნაცოდვილარი

“კრიალა” ცას დილის გამჭვირვალე სხივები მოეფინა… არა არა… ასე, დღიურის წერას საუკუნის წინ ვიწყებდი ხოლმე, ახლა დილაც კი აღარაა კრიალა, უბრალოდ შუადღისგან განსხვავებით, დილით მოყავისფრო ლაქებიანი ცა უფრო გამჭვირვალედ გამოიყურება. დილის შვიდ საათსა და ოცდაათ წუთზე, 39 გრადუს სიცხეში ჰოლანდიიდან ჩამოტანილი მეორადი მეეზოვე რობოტები ქუჩას ასუფთავებენ, არ მესმის რათ უნდა ქუჩებს დასუფთავება?!  იქ აღარავინ დადის, ბოლოს როდის დავინახე სულიერი ქუჩაში აღარც მახსოვს, ჩვეულებვრივ მოკვდავებს დიდი ხანია აღარ სჭირდებათ სადმე გადაადგილება, მითუმეტეს ფეხით, რეალური სამყარო აღარავის ჭირდება, ვის რად უნდა ყავისფერ ლაქებიანი ცა, ბინძური ჰაერი სადაც აირწინაღის გარეშე ვერ ისუნთქებ, ხრიოკი მიწა და წინა საუკუნის ყაიდის უღიმღამო ქუჩები სადაც მხოლოდ ძველ დაუზეთავ მეეზოვე რობოტებს შეხვდები. თავს ძალა დავატანე საწოლიდან წამოვდექი და ჩემს საწერ მაგიდას მივუჯექი, რომელიც საწოლიდან ზუსტად ორ ნაბიჯზეა ფანჯარას მიდგმული. ფანჯარას მზერა გავუსწორე და ჟალუზები მაშინვე მიმიხვდნენ, რომ ქუჩის დანახვა მინდოდა, ფანჯარაში ნაცრისფერი ცარიელი ქუჩა გამოიკვეთა,

Continue reading