Out of Time

მე დრო არ მაქვს… ჰო… უსაქმურობისგან არ მცალია, ნუღარ მომაცდენთ, ისედაც დრო არ მაქვს. ჰო იმდენი რამე დამრჩა საოცნებოდ რომ არ მცალია, ხომ იცით ცხოვრება რა ხანმოკლეა 1… 2… 3… და უკვე ოცდახუთი წელი გავიდა… 1… 2… და 25-ჯერ აალაგეს ნაძვის ხე, 25-ჯერ მოატყუეს ბავშვები, თოვლის ბაბუით. 1… 2… და ყველაფერი შეიცვალა ირგვლივ, გუშინდელი ცელქი ყმაწვილები დღეს დაქორწინდნენ, გუშინდელი ოცნებები დღევანდელმა რეალობამ შეცვალა. დროის მდინარებამ ყველას თავისი კალაპოტი გამოუყო, ჰოდა დამაცადეთ, ნუ მაიძულებთ შემოვცურდე ამ მდინარეში, მე დროის მიღმა ვტივტივებ და ამიტომაც არ მაქვს დრო, არ მცალია. ნუ მეკითხებით რატომ არ ვმუშაობ! ნუ მეკითხებით რატომ ვცხოვრობ წარსულით! ნუ შემახსენებთ რომ ჩემი შესაძლებლობების პონტენციალი უაზროდ ცდება, ნუ შემახსენებთ რომ უნდა ვიბრძოლო, ნუ დამტუქსავთ უმოქმედობისთვის, ნიჰილიზმისთვის, ინფანტილიზმისთვის. დამაცადეთ იქნებ მართლაც დავაღწიო თავი დროს, იქნებ საკუთარ თავსაც კი გავექცე… ვინ იცის…

Continue reading

მწვანე სახლი

ეს ქუჩა საოცრად წყნარია, ფერდობს შეყუდებულან ძველი სახლები, ქვაფენილიან გზას შენობებს შორის გამომავალი ვიწრო ბილიკები უერთდება, ეს პატარა ქუჩები, ძველი უბნის წიაღში მდინარესავით მიიკლაკნებიან. თუ გინდა ძველი უბნის სუნთქვა გაიგო სწორედ ასეთ პატარა ბილიკებზე უნდა იხეტიალო. ერთ-ერთი ბილიკის და საოცრად წყნარი ქუჩის კუთხეში, ძველი ორსართულიანი სახლია მწვანეში ჩაფლული, სახლს სამი მხრიდან სურო შემოხვევია, ლამის ფანჯრებიც კი დაუფარავს. რიკულებიან აივანს ჩახუტებია, სახურავს ხალიჩასავით გადაფარებია, პირველად რომ დავინახე ეს სახლი თვალი ვერ მოვწყვიტე, წყნარი და სევდიანი ძველი ქუჩის მყუდრო კუთხეში იდგა როგორც ველური ბუნების ეგზოტიური ხე. აქა იქ მომხიბვლელად იმიზრებოდა ძველი სახლის პატარ პატარა არქიტექტურული დეტალები, აივნის რიკულები, ფანჯრების სილუეტი, ჭიშკარი. ამ სახლის პირდაპირ ერთ მონგრეულ ქოხმახში, ჩემი მეგობარი დადგა ქირით, რაიონიდან იყო ჩამოსული სასწავლებლად, ბევრი ეძება თუ ცოტა, მისი ბიუჯეტი ამ მონგრეულ ქოხმახს გასწვდა, არ ქონდა საკუთარი სამზარეულო, ტუალეტი და აბაზანა ყველაფერი საერთო იყო,  მის განკარგულებაში მხოლოდ ერთი ოთახი მეორე სართულზე და ხის აივანი იყო რომელზე გასვლასაც მისი არამდგრადი შესახედაობის გამო ვუფრთხოდი.

Continue reading

მოდით ფეხებზე დავიკიდოთ ყველაფერი!

ცოტა ხნის წინ ბრაზი მახრჩობდა, მერე გამეცინა ჩემს თავზე, ხშირად პატარა ნაპერწკალი გვყოფნის რომ ავფეთქდეთ, ხანდახან გვეჩვენება რომ არავის ვჭირდებით. ანდაც არავის ესმის ჩვენი ისე როგორც ჩვენ გვინდა. ხანდახან ერთფეროვნება გვახრჩობს, რომელსაც უმუშევრობა ან არასაკმარისი შემოსავალი უწყობს ხელს. ურთიერთობების დეფიციტი ან არასასურველი განვითარება კი სრულყოფილს ხდის ამ მოწყენილობას. ჩვენი ცხოვრება ყოველდღიური მექანიკური მოქმედებების ერთობლიობა ხდება და მეტი არაფერი, ჩვენ გვაღელვებს რას შევჭამთ დღეს და რას ჩავიცვამთ ანზორის ქორწილში. რას იტყვის სტუმარი თუ ხიზილალა არ დახვდება ჩვენ სუფრაზე. ჩვენ პატარა სამყარო გვაქვს რომელიც დღითიდღე ვიწროვდება, ამ სამყაროში, პროგრესი მხოლოდ რუტინული ზრუნვაა მატერიალურ კეთილდღეობაზე, ამ სამყაროში კონფლიქტი არაფრის გამო ხდება. ამ სამყაროში ადამიანები მხოლოდ პატარა საგნებს ხედავენ და ამ პატარა საგნებით ცხოვრობენ, ამ სამყაროში ოცნება მხოლოდ ბევრი ფულია რომლითაც უამრავ პატარა საგანს შეიძენ.

Continue reading

Rainy Day Blues – კიბერნეტიკული სიზმრები

მე მიყვარს ფიქრი
ფიჭვებითა და ელექტრონებით აღსავსე
კიბერნეტიკულ ტყეებზე
სადაც ირემი მშვიდად ჩაუვლის კომპიუტერებს
თითქოს ისინი ყვავილები იყოს
დაწნული გვირგვინებით 

მინებს მიღმა წვიმა ხმაურობს, სუსტი დღის სინათლე ძლივს აღწევს ფანჯრებში, დაორთქლილი მინები ტირიან უხმოდ. ჟოლოპიდან წყალი მოთქრიალებს და ქუჩის მდინარეს უერთდება, სადღაც თუნუქის ნაჭერზე წვეთები მონოტონურ რიტმში უკრავენ მოსაწყენ მელოდიას. გათელილი სველი ყვითელი ფოთლებით მოფენილა ეზო. დრო და დრო სუსტი ქარი აშრიალებს ხეებს და უკანასკნელ ფოთლებსაც აცლის. წვიმა, ნისლი, ქარი, სიცივე ეს ერთიანი ორკესტრია რომლის სევდიანი მუსიკა ჩაბნელებულ საძინებელში ნახევრად მძინარე ადამიანის ცნობიერებაში ელექტრომაგნიტურ რხევებად გარდაიქმნება და მზიან დღეს ინფორმაციული წყალდიდობა აწყდება ნაცნობ ქუჩებს, მოაქვს ავტომანქანები, ნაგვის ურნები, ძველი დღიურები, ყოფილი კლასელები და მასწავლებლები,  გაუმართავი რადიო მიმღებიდან ისმის ყურის წამღები რადიო ტალღების შიშინი.

Continue reading