მწვანე სახლი

ეს ქუჩა საოცრად წყნარია, ფერდობს შეყუდებულან ძველი სახლები, ქვაფენილიან გზას შენობებს შორის გამომავალი ვიწრო ბილიკები უერთდება, ეს პატარა ქუჩები, ძველი უბნის წიაღში მდინარესავით მიიკლაკნებიან. თუ გინდა ძველი უბნის სუნთქვა გაიგო სწორედ ასეთ პატარა ბილიკებზე უნდა იხეტიალო. ერთ-ერთი ბილიკის და საოცრად წყნარი ქუჩის კუთხეში, ძველი ორსართულიანი სახლია მწვანეში ჩაფლული, სახლს სამი მხრიდან სურო შემოხვევია, ლამის ფანჯრებიც კი დაუფარავს. რიკულებიან აივანს ჩახუტებია, სახურავს ხალიჩასავით გადაფარებია, პირველად რომ დავინახე ეს სახლი თვალი ვერ მოვწყვიტე, წყნარი და სევდიანი ძველი ქუჩის მყუდრო კუთხეში იდგა როგორც ველური ბუნების ეგზოტიური ხე. აქა იქ მომხიბვლელად იმიზრებოდა ძველი სახლის პატარ პატარა არქიტექტურული დეტალები, აივნის რიკულები, ფანჯრების სილუეტი, ჭიშკარი. ამ სახლის პირდაპირ ერთ მონგრეულ ქოხმახში, ჩემი მეგობარი დადგა ქირით, რაიონიდან იყო ჩამოსული სასწავლებლად, ბევრი ეძება თუ ცოტა, მისი ბიუჯეტი ამ მონგრეულ ქოხმახს გასწვდა, არ ქონდა საკუთარი სამზარეულო, ტუალეტი და აბაზანა ყველაფერი საერთო იყო,  მის განკარგულებაში მხოლოდ ერთი ოთახი მეორე სართულზე და ხის აივანი იყო რომელზე გასვლასაც მისი არამდგრადი შესახედაობის გამო ვუფრთხოდი.

Continue reading

Advertisements

მე – ახლა და მე – მაშინ

დაახლოებით ორი კვირის წინ ჩემს ძველ სახლში ვიყავი, სადაც პირველი ათეული წელიწადი გადავაგორე. მიუხედავად იმისა რომ ამ სახლში მაშინ ვცხოვრობდი როცა საღამოს გარეთ გასვლა ნამდვილად  რისკთან იყო დაკავშირებული, როცა პური მილიონ ნახევარი კუპონი ღირდა. როცა რუსთაველზე ომი იყო და ბრმა ტყვიები ხანდახან ჩვენს უბნამდეც კი აღწევდა. ბავშვობის ჩანახატი მაინც სულ სხვანაირ ფერებშია ჩახატული. ძველი სახლიც თითქოს “ტკბილ” 90-იანებში ჩარჩენილა. ყველა ნივთს ისევ ისეთი სუნი ასდის, სახლი გამოკეტილი, მივიწყებული, მოწყენილია მაგრამ მის ძველ შპალერზე თითქოს, ისევ ჩვენი ნათითურებია,  ჩვენი – ჩემი მამიდაშვილების, ჩემი და ჩემი დის. ოთახებს შორის გამავალი ფანჯრიდან მოჩანს უკანა ოთახის ბნელი სიმყუდროვე, ძველი კედლის ტოლა რუკა. ვუყურებ ფანჯარას და მგონია ბავშვების ჟრიამული მომესმება.

Continue reading