100 წლის შემდეგ (ჩანაწერი მომავლის დღიურიდან)

ანუ ერთი უბადრუკი ფანტაზიის ნაცოდვილარი

“კრიალა” ცას დილის გამჭვირვალე სხივები მოეფინა… არა არა… ასე, დღიურის წერას საუკუნის წინ ვიწყებდი ხოლმე, ახლა დილაც კი აღარაა კრიალა, უბრალოდ შუადღისგან განსხვავებით, დილით მოყავისფრო ლაქებიანი ცა უფრო გამჭვირვალედ გამოიყურება. დილის შვიდ საათსა და ოცდაათ წუთზე, 39 გრადუს სიცხეში ჰოლანდიიდან ჩამოტანილი მეორადი მეეზოვე რობოტები ქუჩას ასუფთავებენ, არ მესმის რათ უნდა ქუჩებს დასუფთავება?!  იქ აღარავინ დადის, ბოლოს როდის დავინახე სულიერი ქუჩაში აღარც მახსოვს, ჩვეულებვრივ მოკვდავებს დიდი ხანია აღარ სჭირდებათ სადმე გადაადგილება, მითუმეტეს ფეხით, რეალური სამყარო აღარავის ჭირდება, ვის რად უნდა ყავისფერ ლაქებიანი ცა, ბინძური ჰაერი სადაც აირწინაღის გარეშე ვერ ისუნთქებ, ხრიოკი მიწა და წინა საუკუნის ყაიდის უღიმღამო ქუჩები სადაც მხოლოდ ძველ დაუზეთავ მეეზოვე რობოტებს შეხვდები. თავს ძალა დავატანე საწოლიდან წამოვდექი და ჩემს საწერ მაგიდას მივუჯექი, რომელიც საწოლიდან ზუსტად ორ ნაბიჯზეა ფანჯარას მიდგმული. ფანჯარას მზერა გავუსწორე და ჟალუზები მაშინვე მიმიხვდნენ, რომ ქუჩის დანახვა მინდოდა, ფანჯარაში ნაცრისფერი ცარიელი ქუჩა გამოიკვეთა,

– ოჰ წყეულები, ხომ ვთოხვე რომ ისეთი ოთახი მინდოდა სადაც არაფერი არ იქნებოდა ავტომატიზირებული? განა აღარ არსებობს ისეთი ოთახები?, დავძაბუნდი და ბებრული ახირებები დამეწყო, ავიჩემე, ამ სიბერეში მინდა ადამიანად ვიგრძნო თავი და არანაირი ავტომატური მოწყობილობები არ მინდა მეთქი, ალბათ სიბერის ბრალია, ძველი ცხოვრების ნოსტალგია მომეძალა. მეოცე საუკუნეში დაბადებულს ოცდამეორე საუკუნის მიჯნაზე აღარაფერი მესაქმება და ვეღარ ვუგებ ამ დროს, უკვე 125 წლის ვარ. მართალია ეს ასაკი უკვე აღარავის უკვირს, მაგრამ ჩემს ახალგაზრდობაში ეს ძალიან დიდი ასაკი იყო, რომელსაც შეიძლება მილიონში ერთი ადამიანი ვერ აღწევდა. ისიც ავიჩემე გინდა თუ არა ჩვეულებვრივი კალმისტარი და ფურცელი მიშოვეთ მეთქი, როგორსაც ჩემს ახალგაზრდობაში იყენებდნენ. შეწუხდნენ ყველანი, სამოცი წელია უკვე აღარავის არ დასჭირვებია და არც არსად აწარმოებენო, მე ჩემი ანტიკვარი კაკუჩა მკაცრად დავაკაკუნე და მოვითხოვე, როგორ დედამიწის ზურგზე ერთი ოჯახის ძველმანებში მაინც არ იქნება თქო? ბოლოს მიშოვეს კალმისტარი და სულ მთლად გაყვითლებული რამდენიმე ფურცელი, გავიხარე ძალიან, საუკუნეა აღარ მენახა კალმისტარი რომელშიც უბრალოდ მელანი ასხია და მეტი არაფერი, რომელიც არაფერს არ გეუბნება, თუ გინდ შეცდომით წერე. რამდენიმე საათი ვტკბებოდი კალმისტარის ცქერით და გაყვითლებულ ფურცლებზე ხელის შეხებით, იმ დღეს ბავშვობა გამახსენდა და  იდეა მომივიდა სწორედ ფურცელზე ჩვეულებვრივი კალმით მეწერა, ისევე როგორც საუკუნეზე მეტი ხნის წინათ.

ერთი კვირის წინ  ანტიკვარიატით მოვაჭრე ორგანიზაციის თანამშრომელი დამიკავშირდა, გაეგოთ რომ ძველ საყოფაცხოვრებო ნივთებს დავეძებდი, პულტიანი 2010 წლის 3დ ტელევიზორი მომყიდა, (თავისი სათვალეებით) და მაკინტოშის პორტატული კომპიუტერი ისიც 2010 წლისა, ძალიან გამიხარდა, როგორ მომწონდა ახალგაზრდობაში მაკინტოშის მოკბეჩილი ვაშლი რომ ანათებდა… გამიხარდა მაგრამ როცა ნივთები ტელეპორტაციით გამომიგზავნეს, აღმოჩნდა რომ პორტატული კომპიუტერი საერთოდ არ მუშაობდა. ტელევიზორი კი ჩაირთო, მაგრამ ვერც ერთი არხი ვერ დავიჭირე. შემდეგ პერსონალს გამოვუძახე, არ მინდა ეს ვირტუალური, კითხვა პასუხი  პირადად მოდით მეთქი, მოვიდა ერთი, შეხედა ტელევიზორს და გაოცებულმა მითხრა ჩემს დღეში არ მინახავს ასეთი, ალბათ ძალიან ძველიაო, სათვალეები რომ ნახა ხომ კინაღამ სიცილით მოკვდა: –  არა ბაბუ, ამის სისტემა თანამედროვეზე არ მიდის და ვერაფერს გიშველიო. რაღა უნდა მექნა, ნივთების უკან დაბრუნება არ შემეძლო, დავდე და მთელი დღე ვუყურებდი, მხოლოდ  ცქერით ვიკმაყოფილებდი ძველი ცხოვრების ნოსტალგიას, ტელევიზორი ჩართული დავტოვე და შავ თეთრი წერტილების გაუთავებელ ციმციმს მივაშტერდი.

ოთხი დღის წინ შვილთაშვილს ველაპარაკე, მერე თავისთან წამიყვანა, გუგლის ეკლესიაში ჩავეწერეო, მითხრა,  რომ დავცინე ამის გამო – იუკადრისა, ღმერთს ნუ გმობო, კაი რა – ვუთხარი, ჩემ დროს ადამიანები რომ თაყვანს სცემდენ ის ღმერთი რაღაც ზებუნებრივი და მიუწვდომელი მაინც იყო და ახლა თქვენ რას ეთაყვანებით? რამ გამოგაშტერათ მეთქი? ეგ ღმერთი  სერვერში მოქცეული ინფორმაციაა რომელიც ადამიანმა შეაგროვა მეთქი! მაგრამ არაფრის გაგონება არ უნდოდა, ღმერთს ნუ სცოდავო სულ ამას ჩამძახოდა. მერე ის მოვლენა გავახსენე ამას წინათ გუგლის ეკლესიის მრევლი უნივერსიტეტის ლიბერალურ ფრთას რომ დაუპირისპირდა და ერთმანეთის სერვერები დაბომბეს. სულ მთლად გამებუტა და აღარ მელაპარაკება, ჩემს რწმენას პატივს არ ცემო. არ ვიცი შეიძლება ამ სიბერეში ახირებული და ფხუკიანი გავხდი, მაგრამ მასეთ სიშტერეზე თვალი როგორ დავხუჭო? ეგენი არ იყვნენ რომ ყვიროდნენ 2100 წლის დადგომასთან ერთად აპოკალიფსი მოხდება, გუგლი განრისხდება და დედამიწას ჩაყლაპავსო? შემდეგ კი ვითომ გუგლის ვირტუალური სამოთხე რეალობად უნდა ქცეულიყო და მხოლოდ ჭეშმარიტი მორწმუნეები გადაერჩინა?!… 

იცვლება… სამყარო იცვლება, იცვლება შეხედულებები, დამოკიდებულებები, ტექნოლოგია, არ იცვლება მხოლოდ ბრბო!

ჩანაწერი ნაპოვნია 2110 წლის სექტემბერში ავტორის მემკვიდრეების მიერ. მოხუცი საწოლის ქვეშ ინახავდა საიდუმლოდ  გაყვითლებულ ფურცლებზე მელანის კალმისტარით დაჯღაბნილ  ნაწერს. ჩანაწერი აგვისტოს ბოლოს გაკეთდა, მისი ამოკითხვა კი დიდ ხანს ვერავინ შეძლო,  ხელნაწერის ამოკითხვა ყველას გაუძნელდა რადგანაც არც ერთს თავის ცხოვრების მანძილზე არ ენახა და არც თავად დაეწერა რაიმე ხელით.

3 thoughts on “100 წლის შემდეგ (ჩანაწერი მომავლის დღიურიდან)

დატოვე კომენტარი