კარლ სეიგანი – კოსმოსი – პერსონალური მოგზაურობა

დიდი ხანია მინდოდა დამეწერა ამ კაცზე რამე, ერთი პოსტი დავწერე კიდეც ადრე – A pale blue dot fairy tale  მაგრამ ეს პოსტი მხოლოდ ნაწილობრივ ეხებოდა მას და ინფორმაცაც ძალიან მწირი იყო. სამწუხაროა რომ ინტერნეტ სივრცეში ქართულად თითქმის არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება მასზე. სანამ პოსტის წერას დავიწყებდი კიდევ ერთხელ დავძებნე გუგლში, გვარის ყველა ვარიანტი ვცადე “საგანი” “სეიგანი” “სეგანი” დარწმუნებული არ ვარ ქართულად რომელი ვარიანტი უნდა იყოს სწორი. მე სეიგანი ავირჩიე რადგან ინგლისურადაც ანალოგიურად გამოითქმის. ძებნის შედეგებმა მხოლოდ სოც ქსელებში და ფორუმებზე კერძო საუბრებში შემთხვევით ნახსენები სეიგანი მანახა. აქედან კი ლამის 50% -ის ავტორი მე ვარ.

მინდოდა დამეწერა იმიტომაც რომ ინფორმაცია მის შესახებ ძალიან მცირეა და იმიტომაც რომ სეიგანის ფილოსოფია ჩემთვის ახლობელი და მთავარი შთამაგონებელი ძალა გახდა.

რატომ მაინცდამაინც დღეს? დღეს მოვრჩი მის ცნობილ წიგნს, რომელსაც კოსმოსი ქვია. რომელიც ნიუ იორკ თაიმსის მიხედვით არის “ერთ-ერთი პირველი ბესტსელერი სამეცნიერო წიგნი რომელიც კი ოდესმე გამოქვეყნებულა ინგლისურ ენაზე.” ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა ჩემი მიმოხილვა წიგნის შესახებ. თუმცა სადაც ამ წიგნს ახსენებ იქ იგივე სახელწოდების სატელევიზიო სერიების გამოტოვება არ შეიძლება. რადგან სატელევიზიო სამეცნიერო სერიალმა კიდევ უფრო დიდი გავლენა იქონია პუბლიკაზე და საერთოდ მსოფლიოზე, ვიდრე წიგნმა. როგორც წიგნის ყდა იტყობინება კოსმოსი 5 მილიონზე მეტი ასლი დაბეჭდილა, სატელევიზიო სერიალი კი 200 მილიონზე მეტმა ადამიანმა იხილა მსოფლიოში რაც 80-იანი წლების მსოფლიო მოსახლეობის 5%-ზე მეტია – როგორც თავად სეიგანი გვეუბნება წინასიტყვაობაში.

ვინ იყო კარლ სეიგანი?

კარლ სეიგანი იყო ამერიკელი ასტროფიზიკოსი, ასტრონომი და მეცნიერების ფაქტიურად პიონერი პოპულარიზატორი. ის იყო პირველი რომელმაც სწორად განსაზღვრა ვენერას ნამდვილი გარემო, როცა სხვები ჯერ კიდევ ფიქრობდნენ რომ ვენერა დედამიწისმაგვარი სამოთხე იყო. ის იყო ერთ-ერთი პირველთაგანი რომელიც ტიტანზე თხევადი მეთანის ოკეანეებზე ჰიპოთეზას თხზავდა, რაც შემდგომში დადასტურდა. ის ვენერის ანალოგიიდან გამომდინარე ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდა გლობალურ დათბობაზე და სითბურ ეფექტზე დედამიწის ატმოსფეროში როცა სხვები პრაქტიკულად არ ფიქრობდნენ ამ თემაზე. ის იყო პირველ მეცნიერთა შორის რომლებიც ვარაუდობდნენ იუპიტერის თანამგზავრ ევროპას ყინულქვეშა ოკეანეებს, რაც ასევე შემდგომ ათწლეულებში დადასტურდა. სეიგანი იყო მეცნიერთა ჯგუფში რომელმაც კაციობრიობის ისტორიაში პირველად დასვა რობოტი მარსზე. ვიკინგი 1 და ვიკინგი 2. ის იყო იმ მეცნიერთა შორის რომელმაც პირველად გააგზავნა კოსმოსური ზონდები მზის სისტემის შორეული კუთხეების გამოსაკვლევად და შორეული ვარსკვლავებისკენ.

ვოიაჯერ 1 და ვოიაჯერ 2 კაცობრიობის ისტორიაში იყო პირველი კოსმოსური მანქანები რომლებიც გაგზავნილ იქნა შორეულ კოსმოსში. პირველი მანქანები რომლებმაც ახლოდან შეისწავლეს ჩვენი სისტემის შორეული პლანეტები და გაუდგნენ გზას უსასრულო ვარსკვლავთშორისო სივრცეში. სეიგანის იდეა იყო ოქროს ფირფიტებზე ჩაწერილი მესიჯის გაგზავნა უცხო ცივილიზაციებისთვის, მისალმებები მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე, ბუნების სურათები და ხმები. ასევე მსოფლიოს ფოლკლორული სიმღერების ნაკრები, მათ შორის ქართული “ჩაკრულო”. სეიგანი ასევე ცნობილია თავისი ჰიპოთეზებით რომელიც უცხო სიცოცხლის არსებობას ეხება. თავისი ექსპერიმენტული დემონსტრაციით სადაც ამინო მჟავების წარმოშობა შესაძლებელია რადიაციის შედეგად. სეიგანი პლანეტარული მეცნიერების პიონერია და მეოცე საუკუნის დიდი ინტელექტუალი. აიზეკ აზიმოვმა ერთხელ თქვა: მხოლოდ ორი ადამიანი შემხვედრია რომელიც ჩემ ინტელექტს წინ უსწრებს და ერთ-ერთი მათგანი კარლ სეიგანიაო.

კარლ სეიგანის მიღწევებში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ალბათ მისი როგორც მეცნიერების პოპულარიზატორში მდგომარეობს. მან როგორც სახალხო მასწავლებელმა, თავისი სატელევიზიო სერიებით და წიგნებით პუბლიკა მეცნიერებისკენ შემოაბრუნა. სწორედ ამიტომ ალბათ მეცნიერთა გარკვეულ ჯგუფში უსამართლო ანტიპატია დაიმსახურა. მაგრამ ის ზე პოპულარული გახდა პუბლიკის თვალში, მან მეცნიერება ისეთივე საინტრესო გახადა როგორც გასართობი გადაცემების ცქერა ან სათავგადასავლო ლიტერატურის კითხვა. მისი დოკუმენტური სერიალი კოსმოსი პირველად ტელევიზიაში მაშინ გადიოდა როცა მეცნიერებას ტელევიზიაში არაფერი ესაქმებოდა, ტელევიზია იყო: ცეკვის, თამაშის და ახალი ამბების გაგების საშუალება, ტელევიზიას შემეცნებითი ფუნქცია არ ქონდა და ითვლებოდა რომ ფართო პუბლიკას არც აინტერესებდა მსგავსი რამ.

როგორც კოსმოსის წინასიტყვაობაში წერს სეიგანი, ის იმედგაცრუებული იყო იმით რომ 1976 წლის მოვლენები, ვიკინგების დაჯდომა მარსზე, კაცობრიობის ისტორიაში პირველად ადამიანის შექმნილი მანქანის დაჯდომა სხვა პლანეტაზე მედიამ და პუბლიკამ უბრალოდ დააიგნორა. ფართო მასებს ამ მისიის უმნიშვნელოვანესი როლი გაცნობიერებული არ ქონდათ. არადა სეიგანისთვის ეს უაღესად ამაღელვებელი მომენტი იყო კაცობრიობის ისტორიაში. სეიგანს სამყაროს მიმართ უზარმაზარი ვნება ამოძრავებდა. ეს ხომ გაცილებით დიდი მოვლენა იყო, ვიდრე კოლუმბის გადასვლა ახალ კონტინენტზე. ან იგივე მიწის ვიკინგების უფრო ადრეული და დაკარგული აღმოჩენა. მარსზე გაგზავნილ მანქანებსაც ტყუილად არ ერქვათ ვიკინგი 1 და ვიკინგი 2.

მან კოლეგას გაუზიარა თავისი ვნებები, შემდეგ დაუკავშირდნენ სხვადასხვა კომპანიებს და ასე ჩაისახა ეს პროექტი. გახდა პოპულარული შეიყვარა მილიონობით მაყურებელმა და მკითხველმა, შეიყვარეს არა მხოლოდ ავტორი არამედ მეცნიერებაც. სეიგანის მემკვიდრეობა არის ის რომ დღეს გაცილებით პოპულარულია მეცნიერება, არსებობს სამეცნიერო სატელევიზიო არხები და წელიწადში ბევრი სამეცნიერო დოკუმენტური ფილმი გამოდის. სამეცნიერო პოპულარულ ლიტერატურას ყავს გაცილებით ბევრი მკითხველი ვიდრე მანამდე.

კოსმოსი:

კოსმოსი არ წარმოადგენს მშრალად მოწოდებულ სამეცნიერო ინფორმაციას, ის ძალიან მდიდარი, მხატვრულად და ლამაზად მოწოდებული ინფორმაციაა. რომელიც აგებულია ფუნდამენტურ კითხვებზე და ცნობისმოყვარეობაზე რომელიც ყოველთვის აწუხებდა ადამიანს.

ფილმი ცამეტი ნაწილისგან (სერიისგან) შედგება რომელიც წარმოადგენს წიგნის ცამეტ თავს. როგორც სეიგანი ამბობს წიგნი და ფილმი თითქმის პარალელურად შეიქმნა. არის მცირე განსხვავებებიც, მაგრამ ძირითადად ერთია. თხრობის ერთ ხერხემალს მიყვება, როგორც შინაარსით ისევე წყობით.

მხატვრულ ნაწარმოებებზე ხშირად არის ხოლმე დილემა, წიგნი უკეთესია თუ ფილმი? უმრავლესობა ყოველთვის ამბობს რომ წიგნი, თუმცა სამეცნიერო პოპულარულ მასალასთან ცოტა სხვანაირადაა საქმე, ძნელი სათქმელია რომელი ჯობს. კოსმოსი შემთხვევაში ალბათ ფილმი, რადგან ვიზუალურად აღქმადი სეიგანის შარმი, ინტელექტი და თხრობის სტილი  კარგ მუსიკასთან და კადრებთან შერწმული უფრო ეფექტურია. თუმცა წიგნი უდავოდ ინარჩუნებს მისთვის დამახასიათებელ მუღამს. წიგნს თავსი ადგილი აქვს ცხოვრებაში, რომელსაც ალბათ ბოლომდე ვერ ჩაანაცვლებს ფილმი. ჩვენ წარმოსახვას სჭირდება წიგნი, თუმცა ეს მხატვრული ლიტერატურა არაა, მაგრამ წარმოსახვით უფრო ფართო გზა გაქვს სამოგზაუროდ. დიდი აფეთქებიდან ყოველდღიურობამდე, კოსმოსის დასაწყისიდან, სამყაროს კიდემდე, ვარსკვლავების ბუნებიდან  ბირთვული ომის საფრთხემდე. ძველი საბერძნეთიდან თანამედროვე ნიუ იორკამდე. უცხო ცივილიზაციებიდან დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დროინდელ პირველ კონტაქტებამდე ცივილიზაციებს შორის. ვარსკვლავის ფერფლიდან რადიო ასტრონომიამდე. ევოლუციიდან სამყაროს სიკვდილამდე. ფსიქოლოგიიდან ფილოსოფიამდე. მეცნიერული გამოღვიძებიდან ბნელ ეპოქამდე და პირიქით.

მასალა წიგნში (ასევე ფილმშიც) ძალიან მრავალფეროვანია, მაგალითად ერთი თავი ლამის სულ ბიოლოგიას, აბიოგენეზს (სიცოცხლის წარმოშობას)  და ევოლუციას ეთმობა. ერთხელ გავიფიქრე, ამ წიგნისთვის კომოსი კი არა არამედ “მეცნიერების მიმოხილვა” ან “წიგნი ყველაფრის შესახებ” უნდა დაერქმია მეთქი. მაგრამ შემდეგ გავაცნობიერე ჩემი შეცდომა, რაც ისედაც ვიცოდი, კოსმოსი არ არის ცარიელი სივრცე სადღაც შორს. კოსმოსი ყველაფერია, კომსმოსი ჩვენ ვართ და ყველაფერი ის რაც არსებობს კოსმოსია. აკი წიგნიც ასე იწყება: The Cosmos is all that is or ever was or ever will be “კოსმოსი ყველაფერია რაც არის ოდესმე იყო და იქნება” ეს წიგნი (ფილმი) არ არის ასტრონომიაზე. ის ყველაფერს ეხება, ის არის სეიგანის ფილოსოფია ცხოვრებაზე. ეს არის გაკვეთილები კაციობრიობის შეცდომებზე და წარმატებებზე, ეს არის ოცნება და შიში კაცობრიობის მომავალზე. ეს არის სკეპტიციზმი და  აღფრთოვანება.

სეიგანს დამატყვევებელი და საინტერესო თხრობის სტილი აქვს. წერს (ყვება) მარტივად, გასაგებად და ნათლად, ხატავს სამყაროს უდიდეს მისტერიებს და ადარებს სხვადასხვა მოვლენებს ერთმანეთს. ყვება მითებზე, ისტორიებზე, მეცნიერების ისტორიაზე, სინალის სიჩქარეზე, თერმობირთვულ სინთეზზე და იონიის გამოღვიძებაზე, პითაგორაზე და აინშტაინზე. ალექსანდრიის ბიბლიოთეკაზე და ვოიაჯერების მოგზაურობაზე, დოპლერის ეფექტზე და ჩვენი წინაპრების ფიქრებზე. ამინო მჟავებზე და გალაქტიკებზე. პლანეტური სისტემების ჩამოყალიბებაზე და ტვინის მეხსიერებაზე. ძველ საბერძნეთზე და ეგვიპტეზე, ინკებზე და მაიას ტომებზე. ღმერთებზე და მეცნიერულ მეთოდზე.

თხრობის ხაზი მრავალგანზომილებიანია. არ აქვს ერთი მიმართულება. წიგნი (ფილმი) ერთ ამბავს არ ეხება, რომ რაიმე ცალკეული მონაკვეთი წინა მონაკვეთზე  იყოს დამოკიდებული, ყოველ თავს (სერიას) თავისი შინაარსი აქვს და შედგება რამდენიმე ამბავისგან და მათთან დაკავშირებული მეცნიერული და ფილოსოფიური დასკვნებისგან. ასე რომ დასაწყისისთვის შეგიძლია ერთი თავი ან სერია მოსინჯო.

წიგნი (ფილმი) გათვლილია საშუალო მკითხველზე. (მაყურებელზე)  მაგრამ როგორც Cleaveland Plain Dealer აფასებს: – “კოსმოსი არის როგორც კოლეჯის კურსი მეცნიერებაში, რომელიც ყოველთვის გინდოდა გაგევლო, მაგრამ არ იცოდი რომელი პროფესორი ასწავლიდა. ის შესანიშნავია. სეიგანი ლამაზად წერს, ლირიული ლიტერატურული სტილით და ეხება თითქმის  კაცობრიობის ცოდნის ყველა ასპექტს. კოსმოსი ხშირად ნამეტანი კარგი ჩანს იმისთვის რომ მართალი იყოს”

კოსმოსური ოკეანის სანაპირო პირველი სერიის პირველი ორი წუთი და სეიგანის ბრძნული სიტყვები

მერვე ეპიზოდის პირველი რამდენიმე წუთი – მოგზაურობა დროსა და სივრცეში

სამეცნიერო პრინციპები მარტივ გასაგებ ენაზეა ახსნილი, მისი გაგებისთვის არ არის საჭირო რაიმე სპეციალური ცოდნა, საშუალო IQ-ს მქონე ადამიანისთვის ყველაფერი ნათელია. კითხვები შეიძლება გაჩნდეს – ეს არის სამეცნიერო პოპულარული მასალა და არა ამომწურავი პასუხები, სამეცნიერო პოპულარული ფილმების თუ ლიტერატურის მისიაც ეს არის – კითხვის გაჩენა, დაინტერესება. თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდა ეს უკვე ნიშნავს წიგნმა (ფილმმა) გაამართლა. საკითხებისადმი უფრო სიღრმისეულად დაინტერესებულთათვის კი წიგნში მითითებულია – დამატებითი ლიტერატურა თავების მიხედვით.

ვინც ასე თუ ისე პოპულარულ დონეზე საკმარისად ერკვევით მეცნიერებაში. მაგალითად უყურებთ მეცნიერულ დოკუმენტურ ფილმებს, კითხულობთ სტატიებს, წიგნებს, მითუმეტეს თუ გისწავლიათ ამ კუთხით უნივერსიტეტში ან კოლეჯში ან სადმე. შეიძლება მეცნირული კუთხით ახალი აღმოჩენები ვერ გააკეთოთ, მაგრამ სეიგანის ფილოსოფია, ინტელექტი და თხრობა მე ვფიქრობ მოგეწონებათ, მოგეწონებათ მისი კოსმოსური პერსპექტივა და სიბრძნე.მისი აღფრთოვანება და შთაგონება სამყაროს უდიდესი მისტერიებით.

რაც შეეხება ფილმს 70-იანების მიწურულისთვის საკმაოდ კარგი გრაფიკა და სპეც ეფექტები აქვს. შეიძლება ერთი შეხედვით დღევანდელი გადმოსახედიდან ცოტა მოძველებული ჩანს ეს ეფექტები და სურათები რაც ფილმშია, მაგრამ მთავარი მაინც იმ ყველაფრის სიღრმეა რასაც სეიგანი ყვება. მაშინ როცა ეს ფილმი შეიქმნა ეს სპეც ეფექტები ყველაზე მოწინავე და მაგარი იყო. ახლა თანამედროვე ფილმები გაცილებით უკეთეს გრაფიკას გვთავაზობენ, კოსმოსური მოვლენების უკეთეს რეალისტურ სიმულაციებს. თანამედროვე ტელესკოპების უკეთეს სურათებს. მაგრამ ამ ფილმს ამის გამო მნიშვნელოვანი არაფერი აკლდება. კლასიკა არ ძველდება, უბრალოდ ცოტა სიძველის შარმი ემატება.

მეშვიდე სერიის “ღამის ხერხემალი”-ის ბოლო ნაწილი. 

ეს ნაწყვეტი კი სპეციალურად ქართველი მკითხველისთვის 😀  1:52-იდან ისმის ქართული ჩაკრულო, მართალია სიუჟეტი ციმბირის ტუნგუსკას ამბავს ეხება მაგრამ არაუშავს, (საბჭოეთი იყო მაინც :D) ორი აზრი არაა იმასთან დაკავშირებით რომ ეს სწორედ ის ვერსიაა რომელიც კოსმოსში გაიგზავნა, ვოიაჯერის მერ.

ის რაც სეიგანმა არ იცოდა მაშინ:

მას შემდეგ უამრავი რამ გაირკვა მეცნიერებაში, ბევრი აღმოჩენა გაკეთდა. შავმა ხვრელებმა ჰიპოთეზებიდან სამეცნიერო ფაქტებში გამდმოინაცვლეს. გაირკვა კვაზარების ბუნება, იქ სადაც სეიგანი ექვს ჰიპოთეზას შორის მკითხაობს ახლა ცნობილია ერთ-ერთი მათგანი როგორც დამტკიცებული. კვაზარი წარმოადგენს გალაქტიკის ცენტრალური შავი ხვრელის მიერ უზარმაზარი ენერგეტიკული სხივების გარტყოცნას კოსმოსში. მას შემდეგ რაც სეიგანი წიგნში დიდ კითხვას ეჭიდება, დაბრუნდება თუ არა სამყარო შეკუმშვის სტადიაში ოდესმე? მოხდება დიდი შეჯახება და შემდეგ ისევ დიდი აფეთქება? პულსირებს თუ არა სამყარო? საკმარისი მატერია არსებობს ამისთვის თუ არა – მომდევნო ათწლეულში გაკეთდა უდიდესი აღმოჩენა კაცობრიობის ისტორიაში – სამყარო აჩქარებით ფართოვდება, და  შეკუმშვის პერიოდში აღარ დავბრუნდებით. ჩვენ სამუდამოდ გავფართოვდებით და ინდუიზმში არსებულ უსასრულო ციკლურობის რწმენას საერთო არაფერი აქვს კოსმოლოგიასთან. სეგანმა ეს ჯერ არ იცოდა ამიტომ აკეთებდა საინტერესო პარალელებს. როცა ის გატაცებით საუბრობს სხვა სისტემების პლანეტებზე და შესაძლო ცივილიზაციებსა და სიცოცხლის ფორმებზე. იმ დროს არც ერთი პლანეტა არ იყო აღმოჩენილი ჩვენი მზის სისტემის გარეთ. თუმცა სეიგანმა იცოდა აღმოჩენის მეთოდები და წინასწარმეტყველებდა რომ პლანეტებს აღმოჩენდნენ და აუცილებლად იქნებოდა სხვა უამრავი პლანეტა გალაქტიკაში. დღეს ჩვენ ვიცით 800-მდე აღმოჩენილი პლანეტა და 1200-მდე პლანეტის კანდიდატი, რომელიც საბოლოო დამტკიცებას ელის.პირველი ეგზოპლანეტა 1995 წელს აღმოაჩინეს. სეიგანი უკვე ავად იყო 1996 წელს ის გარდაიცვალა. როცა კოსმოსი დაიწერა ვოიაჯერებს ჯერ კიდევ გადასაღები ქონდათ მრავალი საინტერესო ფოტო, მათ შრის ყველაზე ცნობილი Pale blue dot “მკრთალი ლურჯი წერტილი” ესეც სეიგანის ინიციატივა იყო ამავე ფოტომ შთააგონა და დაწერა წიგნი იგივე სახელწოდებით.

P.S:  წიგნი ამაზონზე სულ რაღაც 7,99$ ღირს. A5-ზე უფრო მომცრო ფორმატზეა დაბეჭდილი, რბილი ყდა აქვს და იაფი ქაღალდია გამოყენებული. ადრინდელი ვერსიები უფრო ხარისხიანი ყოფილა, მაგარი ყდით, უფრო მეტი ილუსტრაციებით, ამ ერთადერთ ვერსიაში რომელიც ახლა გაყიდვაშია, შუაში ჩაკერებულია რამდენიმე ცარცის (პრიალა) ქაღალდი საინტერესო ფოტოებით, გამოსახულია ადამიანის ნაკვლავევი მთვარეზე და 3,6 მილიონი წლის ადამიანის წინაპრის ნაკვალევი ტანზანიაში. ვიკინგის მიერ გადაღებული მარსის პანორამა. პლანეტების ფოტოები რომლებიც ვოიაჯერმა გადაიღო. დედამიწა მთვარიდან გადაღებული და რამდენიმე არტი მხატვრის მიერ წარმოდგენილი უცხო პლანეტისა. სამწუხაროდ ეს გვერდები ძალიან ცუდად არის ჩაკერებული და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ამომივარდა კითხვის დაწყებიდან მეორე დღეს. სამწუხაროდ წიგნი დაბალი ხარისხისაა ამ მხრივ, და სხვა ვერსია არც იყიდება ონლაინში. მაგრამ თუ მართლა გინდათ წაკითხვა ეს პრობლემა უმნიშვნელოა.

ესეც ჩემი ამოვარდნილი გვერდები 😦

რამდენიმე გამორჩეული გამონათქვამი ფილმიდან და წიგნიდან:

We are a way for the Cosmos to know itself.  – ჩვენ ვართ კოსმოსის თვითშეცნობის გზა. (მხოლოდ ფილმში)

If you want to make an apple pie from scratch, first you must invent the universe – თუ გინდათ შექმნათ ვაშლის ნამცხვარი არაფრისგან – ჯერ სამყარო უნდა გამოიგონოთ. (წიგნშიც და ფილმშიც)

The sky calls to us if we do not destroy ourself, we will one day venture to the stars – ზეცა გვეძახის, თუ ჩვენ არ გავანადგურებთ საკუთარ თავს, ერთ დღესაც ვარსკვლავებისკენ გავეშურებით. (წიგნშიც და ფილმშიც)

5 thoughts on “კარლ სეიგანი – კოსმოსი – პერსონალური მოგზაურობა

  1. ვაა! გაიხარე ამის პოსტისთვის. დიდი ხანი მინდოდა შემეგროვებინა და დამეწერა რაიმე მაგრამ თავი ვერ მოვაბი

  2. გამოხმაურება: კარლ სეიგანი – მკრთალი ლურჯი წერტილი – პერსონალური მოგზურობის გაგრძელება | M(ichael's)y images

დატოვე კომენტარი