ლეგენდა ჩემს შესახებ

არც ისე ახალი, მაგრამ განუსაზღვრელი დროით ამოჩემებული დაფოტოშოპებული ჩემი ფოტო (ორიგინალი აღარ მომეპოვება)

მოკლედ გადავწყვიტე გვერდი  – “ჩემს შესახებ” (თუმცა “ჩემს შესახებ” -გვერდზე ვერაფრით დავამატე ეს პოსტი, WordPress-ის მცოდნენო  დამეხმარეთ)უფრო გამემდიდრებინა, აკი გითხარით ჩემი თავის ერთბაშად წარმოდგენა არ მიყვარს მეთქი, თუმცა მას შემდეგ დაახლოებით 20 პოსტი დავწერე და ალბათ უფრო სოწრი იქნებოდა, მკითხველმა რომელიც ამ ბლოგზე სხვადასხვა თემაზე პოსტებს კითხულობს ცოტა მეტი შეიტყოს ჩემს შესახებ.

არც ისე ბევრი მიფიქრია რა შეიძლება დამეწერა ჩემს შესახებ უფრო ვრცლად, გადავწყვიტე გავხსნა  არქივი და შემოგთავაზოთ ჩემი ერთი მეტად საიდუმლო მოთხრობის ნაწყვეტები, რომელსაც დღის სინათლე ინტერნეტ სივრცეში ჯერ არ უხილავს და ალბათ სრული სახით არც არასდროს იხილავს, ამ მოთხრობაში, მთავარი გმირი თავად მე ვარ.

2009 წლის აგვისტო ოქტომბერში, უმუშევრად ახლად დარჩენილს მუზა მეწვია და წერის სურვილმა გული გამიწყალა, ბავშვობიდან მიყვარდა წერა, ხან დღიურებს ვწერდი ხან რაღაც მოთხრობებს, მაგრამ ბოლომდე არ დამიმთავრებია არც ერთი, რადგან შუა წერისას ვხვდებოდი რომ სისულელეს ვწერდი ანდაც საკმარისი გამოცდილება და მასალა არ მქონდა იმდენად მაინც რომ თავად მაინც მომწონებოდა ჩემი ნაწერი, თუ კარგად მახსოვს 2009 წლის აგვისტოს ბოლოს კი თავისუფალი დროის არანორმალურმა დოზამ და გადაჩვეულმა უსაქმურობამ მიბიძგა, რამე დამეწერა, რამის დასაწერად კი საჭირო იყო, მიზანი, თემა და რათქმაუნდა მასალა რომლითაც ავაშენებდი ჩემს მოთხრობას თუ რაც გამოვიდოდა ბოლოს. გადავწყვიტე რომ საინტერესო იქნებოდა ჩემი ნამუშევრით წარმომეჩინა ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტი, თუმცა ეს არც თუ ისეთი ადვილი ამოცანა გამოდგა, სანამ სიუჟეტს და მის მოტივს მოვიფიქრებდი, მანამდე გავიფიქრე რომ ფსიქოლოგიურ პორტრეტში მთავარი აქცენტი იქნებოდა არა საინტერესო ამბავი, არამედ მთავარი გმირის ემოციები, განცდები და მისი თვალით დანახული სამყარო, ამ შემთხვევაში კი მთავარი გმირის მესამე პირით წარმოჩენა ვერ იქნებოდა ისეთი ბუნებრივი და მკითხველიც მთავარი გმირის გულსა და ტვინში ვერ შეაღწევდა სათანადოდ, ანუ გადაწყდა პირველ პირში უნდა დაწერილიყო, სიუჟეტზე ფიქრს ისევ მასალაზე ფიქრმა ანუ პროტოტიპის ძიებამ გადაუსწრო, რეალურ მოტივზე უფრო ადვილია რაიმეს აგება ვიდრე არაფრისგან გამოგონილის, ბევრი არც ამაზე მიფიქრია, საკუთარი თავი და ცხოვრება კარგ მასალად მომეჩვენა, რაც კიდევ უფრო მიადვილებდა საქმეს, ჩემს თავზე ხომ ყველაფერი ვიცი? და თანაც ისე როგორც არავინ. ემოციაც უფრო გულწრფელი გამოვიდოდა ვიდრე სხვის მიერ განცდილი თუნდაც ყველაზე ნაცნობი გრძნობისა, მოკლედ შევეჭიდე ამ იდეას და ორ თვეში 73 გვერდიანი მცირე რომანივით რაღაც გამომივიდა. რომელსაც ასეთი სათაური ამშვენებს – ლეგენდა ჩემს შესახებ, არ ვიცი რამდენად კარგი გამოვიდა, მე ხანაც მომწონს და ხანაც არა.

რატომ წერენ ადამიანები საერთოდ რამეს? – რათქმაუნდა იმისთვის რომ მათი ლექსი მოთხრობა, რომანი, ჩანახატი თუ მეცნიერული ნაშრომი სხვა ადამიანებმა წაიკითხონ, მეც რათქმაუნდა ვიცოდი ეს და ჩემი “რაღაცაც” როგორც ყველასი გარკვეულწილად მკითხველთან ურთიერთობას წარმოადგენს, მაგრამ ამ ორ თვიანი მუშაობის შედეგი იმდენად პირადული გამოვიდა რომ გადავწყვიტე ჩემთვის შემენახა, თუმცა მკითხველი მაინც მჭირდებოდა რომ ვინმეს ჩემს გარდა შეეფასებინა, ჰოდა მხოლოდ რამდენიმე ახლობელს ხვდა წილად მისი წაკითხვის ბედნიერება.

მოკლედ რომ დავახასიათო ჩემი 73 გვერდიანი ავტობიოგრაფიული პროზა ეხება ჩემი ცხოვრების თითქმის ყველა პერიოდს და განსაკუთრებით ბოლო წლებს, მთავარი აქცენტი კი რათქმაუნდა კეთდება ჩემს ფსიქოლოგიურ პროფილზე. ეს მოთხრობა ერთგვარი ინტერვიუა საკუთარ თავთან რომელიც ნამეტანი გულწრფელობით და ინტიმურობით გამოირჩევა, ამიტომაც მომიწია მისი “დალუქვა” თუმცა ცხოვრებაში რაიმე განსაკუთრებული საიდუმლო არც არასდროს მქონია მაგრამ ეს მაინც ძალიან პირადული გამოვიდა და არ ჩავთვალე საჭიროდ ყველას ამდენად ღრმად ჩაეხედა ჩემს ტვინსა თუ გულში.

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო გადავწყვიტე რამდენიმე ნაწყვეტით ჩემს შესახებ მოგითხროთ:

ნაწვეტები ბავშვობის შესახებ:

ეს მე გახლავართ წითელ ბოტებში გამოწყობილი 1989 წელს ბაკურიანში ოჯახთან ერთად.

1) 1 გვ. დასაწყისი:

“ყოველთვის მაინტერესებდა როგორია სამყარო სხვისი თვალით. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ჭეშმარიტების ძიების სენმა შემიპყრო. როგორც ყველა ძიების დროს აქაც რაღაც ლაფსუსს წავაწყდი: – მივედი დასკვმნამდე რომ ჭეშმარიტება მრავალია, და რადგანაც მრავალია, ობიექტურობის ნებისმიერმა მნიშვნელობამ ძალა დაკარგა. თუმცა ლოგიკამ აქაც იპოვა მათემატიკური გამოსავალი და ფორუმლა საბოლოოდ ამოიხსნა: – ობიექტურობა წარმოადგენს პირობით რეალობას, რომელიც სუბიექტურ (საზოგადოებათა, სხვადასხვა რელიგიურ იდეოლოგიურ გაერთიანებათა) აღქმათა ჯამია.
მე ბევრი რამ მგონია, ვიცი ან არ ვიცი. მე ბევრი რამ (ვინმე) მიყვარს, არ მიყვარს ან არ ვიცი რომ მიყვარს. რაც დანამდვილებით ვიცი, ჩემი ობიექტური ჭეშმარიტების ფორმულის გარეთ ესაა ჩემი სუბიექტური ცნობისმოყვარეობის უცნაური გამოვლინებები, მაგალითად: რატომ ვარ მე მე და არა სხვა? ან ის სხვა ვინღაა? ვშიშობ თუ ჩემს ტვინში არ მოგზაურობთ შეიძლება დიდ სისულელედ მოგეჩვენოთ ყოველივე ეს. ერთი სიტყვით მე ის სხვა არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მგონია სხვებიც უნდა ეჭიდებოდნენ ხანდახან საკუთარ ეგოს, როგორც იაკობი და ღმერთი. რა ჭიდილია ეს? ამას უამრავი ახსნა აქვს ფსიქოლოგიაში, მაგრამ გაცილებით ადვილია ყველაფერს დაარქვა თავის სახელი როცა ამას გვერდიდან აფასებ და არა საკუთარ თავში. თუმცა ლოგიკას და ფილოსოფიურ მეცნიერულ მიდგომებს თუ დავივიწყებთ ისეთ სათუთ რამესთან როგორიც პირადი გრძნობებია, მაშინ ყველაფერი ქაოტური და უწესრიგო ხდება, სამაგიეროდ გრძნობ და განსხვავებულად ხედავ სამყაროს, მაინც რა ჭიდილია ეს? ლოგიკა გრძნობების წინააღმდეგ? გული გონების წინააღმდეგ? ცნობიერი ქვეცნობიერის წინააღმეგ? რთული სათქმელია, და მაინც ვერ გადმიწყვეტია სადაა კვანძი მათ შორის, ტვინის მილიარდობით ნეირონში ახლართულა როგორც ფერადი ელექტრო სადენების გროვა პოსტ ინდუსტრიულ მანქანის სქემაში, თუ რაღაც ზებუნებრივ ჭეშმარიტებაში მდგომარეობს?”

2) ნაწყვეტი მეორე გვერდიდან

“მახსოვს: – ვდგავარ ამ ხუთი საფეხურის წინ, რომელიც მეორე სართულის აივანს უერთდება, ზემო საფეხურიდან ის გიჟი ჩამოხტა და პირდაპირ ყვერებში მომარტყა თავი. ამ სცენაზე ყურებამდე ღიმილს ვერ ვიკავებ, სიმწრისგან ჩავიკეცე და როცა გონს მოვედი, ერთი მადიანად ვჟეჟე. ჩვენ სულ ვჩხუბობდით, ოთხნი ვიყავით და ორ ჯგუფად იყოფოდა ჩვენი გუნდი, ყველა ერთად ვთამაშობდით, მაგრამ თამაში ყოველთვის განხეთქილებით მთავრდებოდა, წითური ბუნტის თავი იყო ნამდვილი, გორგასავით მაგარი თავი ქონდა, მარსიანელს ვეძახდით წითურობის გამო, მართალია მე და მარსიანელი საწინააღმდეგო ბანაკებში ვიყავით, და ხშირად ვჩხუბობდით, იყო ხოლმე, დათბობის, დაზავების მომენტებიც, ერთ-ერთი ასეთი ზავისას შეთანხმება დავდეთ, ყველა დაგვერწმუნებინა იმაში რომ ჩვენ ნამდვილად გვქონდა კავშირი უცხოპლანეტელებთან, კერძოდ მარსის ბინადრებთან, ისინი ჩვენი მეგობრები იყვნენ და მაშინ გვსტუმრობდნენ, როცა ყველას ეძინა, მათი ხილვა მხოლოდ ჩვენ შეგვეძლო, შინ, გარეთ, ქუჩაში მეზობლის თანატოლებს გაფაციცებით ვუყვებოდით სხვადასხვა მრავალფეროვან ამბებს, თითოეული პერსონაჟი შევაკოწიწეთ, თავისი ინდივიდუალური თვისებებით, აღნაგობით, ვყვებოდით მათ ხომალდზეც, იმაზე თუ რას გვიყვებოდნენ ისინი თავის პლანეტაზე, მარსის ქარებზე, ვარდისფერ ზეცაზე და წითელ მიწაზე, რომელზეც წითელი ხეები და ბალახი იზრდება, ყველანაირად ვცდილობდით დამაჯერებელი ყოფილიყო ისტორიები და გარკვეული შედეგი მივიღეთ კიდეც, რამდენიმე თანატოლმა დაგვიჯერა და ბოლოს ისე შევტოპეთ, მგონი თავადაც გვჯეროდა ამ ისტორიების, ეს რამდენიმე კვირიანი ზავი და თამაში კი ისევ განხეთქილებით დაიშალა, რადგან ბოლოს ვეღარ გავიყავით მარსიანელი მეგობრები, ვინ ვისი მეგობარი იყო და რომელი ჩვენგანისადმი უფრო მეტი სიმპათია ამოძრავებდათ.”

3) ნაწყვეტი მეოთხე გვერდიდან

“მას მერე რაც სიარული და კალმის ხელში ჭერა ვისწავლე, სულ რაღაცას ვჯღაბნიდი, სახლის კედლებზეც კი, დედაჩემს ოჯახის ტვირთმა დაადებინა ფუნჯი, თორემ მანამდე ხშირად ხატავდა, ღრმა ბავშვობაში მახსოვს რამდენიმე ნახატი შექმნა და არ უყვარდა როცა ხატვის პროცესში უყურებდნენ, ჩემი ჯღაბვნის მოყვარულობა რომ შეამჩნია, გადაწყვიტა საშუალო სკოლის პარალელურად ხატვის სკოლაში მივეყვანე.
მეამაყებოდა რომ სამხატვრო სკოლაში დავდიოდი, რადგან სახლში მიქელანჯელოს ან ლეონარდო და ვინჩის მეძახდნენ, საშუალო სკოლაში მხატვარს და სამხატვრო სკოლაში – მომავალ დიდ ფერმწერს, მასწავლებელი დედაჩემთან მაქებდა და მეც ძალიან ამაყი ვიყავი ხოლმე, ფერის გრძნობა აქვს – იტყოდა ხოლმე “Настаяший художник” – დედას მთლად არ უნდოდა იდეალურად წარმოვჩენილიყავი ყველას ფონზე და დაუმატებდა: “კი მაგრამ სკოლაში მასწავლებლები ჩივიან რომ გაკვეთილზე სხვაგან დაფრინავს, გაფანტული ხომ არ აქვს ყურადღება?”  ჰმმ – ჩაიცინებდა მასწავლებელი, მხატვრები ყველა მასე დავფრინავთ, ყველას ჩვენი სამყარო გვაქვს,”
სწორედ ამავე მასწავლებლემა მაგ ტრიუმფიდან სამ ოთხ წელიწადში კვლავ რომ გიხილა სხვა კლასში და შენი ნამუშევარი ნახა, ასე შეგაფასა – “Балван!”
მაგ სიტყვას ძალიან საყვარლად ამბობდა და ძალიან უყვარდა ეს გამონათქვამი, საერთოდ ნახევრად რუსულად ლაპარაკობდა, თუ ჯავრობდა რუსულად, თუ კარგ ხასიათზე იყო მხოლოდ “აუცილებელ” ტერმინებს ამბობდა: მაგალითად: – “Белила”, “Темний”, “Етюдник” და ა.შ.. ძალიან უყვარდა გალანძღვა ამ სიტყვებით “Балван ты!” ანდაც “Наркоаман!” თავისებური, უცნაური, გიჟი მხატვარი იყო, უცებ აენთებოდა ხოლმე რაღაც იდეა მოუვიდოდა ან რაიმეს წარმოიდგენდა, წამოხტებოდა, შეგვაწყვეტინებდა ხატვას რაზეც ორი კვირა თავს ვახლიდით, გადაგვიყრიდა ნახატებს და ახალ დავალებას გვაძლევდა, ხატვისას ყველასთან სათითაოდ მიდიოდა, მოდუნების საშუალებას არ გვაძლევდა.. ცოცხალი ქალი იყო, ფიცხი, რიტმის ოდნავ შენელებასაც ვერ იტანდა.. მოგვიჯდებოდა ნახატის შესასწორებლად და ისე გაერთობოდა ხატვაში, თვითონ ამთავრებდა ხშირად, სქელ სქელი მონასმები უყვარდა ფერწერაში, ერთი კვირის სამყოფ საღებავს ერთ წუთში დაგიხარჯავდა სამაგიეროდ უცნაურ და ლამაზ ფერებს ქმნიდა პალიტრაზე, გემრიელად მუშაობა უყვარდა, მისთვის ფერს ქონდა ყველაზე დიდი მნიშნველობა და მერე ფორმას.. “ეი მალიარ, გასძახებდა მას ვისი ნახატიც არ მოეწონებოდა – ნუ ღებავ! ნუ ღებავ! დაწერე! ნუ უსვამ ასე ფუნჯს, ითამაშე ფერით, ეგ მარტო ლურჯი არაა, იმ ლურჯში ათასი ფერია: მწვანე, იასამნისფერი, იქ ნახე როგორი გამჭვირვალე ანარეკლია, აი თვალი მოჭუტე და ისე გახედე ნატურმორტს, სიცოცხლე შეიტანე ცოტა ნახატში!” მთელი დღე ასეთ რამეებს ყვიროდა და მეც მომწონდა რომ ხამხატვრო სკოლაში მოდუნების საშუალება არ იყო, გაკვეთილის ბოლოს ყველას ნახატებს ძირს დაალაგებდა, შემოუშვებდა მშობლებს და მათთან ერთად აფასებდა ნახატებს, ახლოდან იშვიათად უყურებდა ნამუშევრებს, შორს გაიწევდა, თვალებს მოჭუუტავდა და ასე უყრებდა რამდენიმე ხანს ჩუმად, სერიოზული იყო თავად მაგრამ ახლა რომ მახსენდება ძალიან სასაცილო და კეთილი ქალი იყო, მისი ფავორიტი ვიყავი და ძალიანაც მეამაყებოდა, მაგრამ დამთავრდა დაწყებითების წლები და ფერწერის ჯგუფში გადავედი, ეს ქალი კი მხოლოდ დაწყებითებს ასწავლიდა, მახსოვს წლის ბოლოს დედაჩემს რომ უთხრა ასე მგონია საკუთარ თითს მაჭრიანო”

გაგრძელება იქნება…

2 thoughts on “ლეგენდა ჩემს შესახებ

  1. რა საინტერესოდ წერ
    მე ასეთი სტილის ავტო-ბიოების კითხვა ძალიან მიყვარს
    და გაგრძელებას ველოდები !

დატოვე კომენტარი