მაჯლაჯუნ დიდი გოგო ხარ უკვე!

თავის მოწონებას კი არ ვაპირებ, მაგრამ ზოგადად ჭკვიანი ბიჭის იმიჯი მაქვს (როგორც ვხვდები) აი ისეთი თავშეკავებული, მოსერიოზულო, მორიდებული, მაგრამ ალბათ ყველას ექნება რამდენადმე ინდივიდუალური  დახასიათება, იქიდან გამომდინარე თუ ვინ რამდენად მიცნობს ან როგორი ურთიერთობა აქვს. ამ ქვეყნად ყველაზე უცნაური ურთიერთობა კი ჩემს პატარა დასთან მაქვს. უცნაური იმიტომ რომ მასთან სერიოზული მხოლოდ მაშინ ვარ როცა ვუბრაზდები. უცნაური იმიტომ რომ ეს ურთიერთობა აერთიანებს და ძმურ, მამა შვილურ და თანატოლებს შორის არსებულ ურთიერთობის ელემენტებს. ეს პატარა ადამიანი (არც თუ ისე პატარაა უკვე) ერთადერთია ამ ქვეყანაზე რომლის აქამდე განვლილმა ცხოვრების ყველა საფეხურმა ჩემი მეხსიერების შუა დღეს თვალნათლივ ჩაიარა. ცამეტი წლის ვიყავი როცა დედის მუცელზე ყურ მიდებულს მესმოდა მისი ბორგვა და გულის ცემა. მახსოვს როგორ ველოდებოდი მის დაბადებას და, ის დღეც 17 იანვარი, საშინელი მოლოდინი, პირველად სამშობიაროს ფანჯრიდან დავინახე ზეწრებში გახვეული წითელ სახიანი მუთაქა. მახსოვს როგორი იყო ჩვილი, პირველად რომ დავიჭირე ხელში. მახსოვს ყველა ეტაპი როგორ ვიღებდი მონაწილეობას მის დაძინებაში. გასეირნებაში. მახსოვს მისი პირველი სიტყვები, პირველი კბილი, მოკლედ ყველაფერი, პირველი ბაღი, პირკველი დღე სკოლაში, როგორ ვამეცადინებდით მთელი ოჯახი “აი თითი”-ს. მახსოვს როგორ ვასწავლე ველოსიპედის ტარება და ეს ყველაფერი მინახავს არა სურათებში, მსმენია არა მონაყოლიდან არამედ მინახავს თავად, გამიკეთებია თავად და მსმენია საკუთარი ყურებით. ვისაც თანატოლი, ოდნავ პატარა ანდაც მითუმეტეს დიდი და ძმები გყავთ ვერ გაიგებთ რა გრძნობაა როცა 13 წლით უმცროს დაზე საუბრობ.

Continue reading