კარლ სეიგანი – მკრთალი ლურჯი წერტილი – პერსონალური მოგზურობის გაგრძელება

carl_sagan-e1296495678616

ძნელი მისახვედრი არაა რომ ეს არის გაგრძელება პოსტისა – კარლ სეიგანი კოსმოსი პერსონალური მოგზაურობა  თუ სეიგანის მოღვაწეობას ოდნავ მაინც გაეცანით, თუნდაც წინა პოსტიდან, თქვენთვის ცნობილი იქნება მისი წიგნის  Pale blue dot “მკრთალი ლურჯი წერტილი” არსებობის შესახებ. ამ პოსტში სწორედ ამ წიგნზე მინდა ვისაუბრო. წიგნის უკანა ყდაზე გვამცნობენ რომ იგი წარმოადგენს კოსმოსის მომხიბვლელ გაგრძელებას სადაც სეიგანი ასრულებს თავის რევოლუციურ მოგზაურობას დროსა და სივრცეში. სიმართლე გითხრათ მე პირადად ეს წიგნი როგორც კოსმოსის პირდაპირი გაგრძელება ვერ აღვიქვი. “მკრთალი ლურჯი წერტილი” შესანიშნავი წიგნია, პლანეტური მეცნიერებით დაინტერესებულთათვის. პლანეტური მეცნიერების აღმოჩენების და ამ აღმოჩენათა ისტორიით დაინტერესებულთათვის. თქვენ იმოგზაურებთ მზის სისტემაში. მარსზე, ვენერაზე, იუპიტერისა და სატურნის მთვარეებზე, გაიგებთ როგორ იცვლებოდა ცოდნა და წარმოდგენა ამ სამყაროებზე უმეტესად მეოცე საუკუნის განმავლობაში. ვოიაჯერების მოგზაურობაზე და ახალ აღმოჩენებზე, (90-იანებისთვის ახალ) რომელიც კოსმოსის ფურცლებზე ვერ მოხვდებოდა რადგან 1980 წელს ჯერ კიდევ არ იყო მიახლოებული შორეულ პლანეტებსა და მთვარეებს. გაიგებთ აპოლოს მთვარის მისიების შედეგებს, მის  გავლენას ტექნოლოგიაზე და მსოფაღქმაზე. ძალიან საინტერესოა ის ნაწილები სადაც პლანეტების მთვარეების და კომეტების ტერაფორმირებაზეა საუბარი. სეიგნი მრავალ გზას განიხილავს ადამიანის კოსმოსში დასასახლებლად.

საკუთარ თავსაც ეკამათება, ასახელებს არგუმენტებსა და კონტრ არგუმენტებს. შიშობს კაცობრიობის მომავალზე, მაგრამ როგორც თავადაც აღნიშნავს ეს წიგნი უფრო ოპტიმისტურია და სეიგანიც თამამად იჭრება წინ ათასწლეულების მიღმა, საუბრობს ისეთ შორეულ მომავალზეც კი როცა ჩვენი შორეული შთამომავლები შეძლებენ დასახლდნენ გალაქტიკათშორისო სივრცეში. სეიგანი ხედავს კაცობრიობის ძლიერ მომავალს და აღნიშნავს რომ ადამიანის მომავალი კოსმოსშია. ეს არც ფანტაზიაა და არც ფუფუნება, არამედ აუცილებელი საჭიროება კაცობრიობის გადასარჩენად. ასევე ეს წიგნი არის დედამიწაზე და დედამიწის სურათზე რომელიც ვოიაჯერმა გადაიღო 1990 წელს. ამ სურათზე დედამიწა ერთი პაწაწინა წერტილია სულ ერთი პიქსელი. მისი აზრით ეს ხაზს უსვამს ჩვენ ჭეშმარიტ მდგომარეობას, ჩვენს სიმცირეს, ჩვენი ომების, ნაციონალიზმის, შოვინიზმის უგუნურებას. ეს მკთრალი ლურჯი წერტილი გამოწვევას უმზადებს ჩვენს ეგოცენტრიზმს.  ჩვენს გადაჭარბებულ დიდ წარმოდგენას საკუთარ თავზე. იგი პირველივე თავებში ცდილობს დაგვანახოს გეოცენტრიზმისა და ეგოცენტრიზმის უსაფუძვლობა. რათა ჩვენ მდგომარეობას რეალურად და რაციონალურად შევხედოთ. ერთი შეხედვით ის აკნინებს ადამიანის მნიშვნელობას, ამცირებს მის როლს, მაგრამ რეალურად ეს მხოლოდ ეგოცენტრული ილუზიებისგან განთავისუფლებაა. ისეთებისგან როგორიც არის “სამყარო ადამიანისთვის შეიქმნა” და სხვა მრავალი, შემდეგ კი საუბრობს ადამიანის შესაძლებლობებზე და თამამად გამოაქვს დასკვნა We are capable of Greatness ” ჩვენ შეგვიძლია სიდიადე: (დიადი საქმეების განხორციელება)” თუ ჩვენი იარაღი იქნება ცოდნა და ამ ცოდნის სწორად გამოყენება, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ დიდები, იმდენად დიდები რომ ახლა ვერც წარმოვიდგენთ.

Carl Sagan - Pale Blue Dotმოკლედ დიდ სიამოვნებას მიიღებთ ამ წიგნიდან, თუ ასეთი თემებით დაინტერესებული ხართ. თუ გიტაცებთ ასტრონომია, პლანეტური მეცნიერება და გიტაცებთ იმაზე ფიქრი სადამდე შეიძლება წავიდეს კაცობრიობა და მისი ისტორია.  სად არის ჩვენი ადგილი სამყაროში? რას ნიშნავს ადამიანად ყოფნა? რა შეიცვლება კოსმოსში ჩვენი დასახლებით? “ეს ჩვენ არ ვიქნებით ვინც ალფა კენტავრს და სხვა ახლო ვარსკვლავებს მივაღწევთ. ისინი ჩვენ ძალზედ გვემგვანებიან, ჩვენეული, მეტი სიძლიერით და ნაკლები სისუსტით”  ამბობს სეიგანი.

როგორც ზემოთ აღვნიშნე ეს წიგნი კოსმოსის გაგრძელებად ვერ აღვიქვი, რადგან კოსმოსი უფრო ზოგადია. იგი წარმოგვიდგენს თითქმის მთლიან მეცნიერებას, გვასწავლის. მეცნიერულ პრინციპებს გვიხსნის მარტივად და გასაგებად, გვიყვება კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებულ ამბებზე, მითებზე და უძველეს მეცნიერების პიონერებზე “მკრთალი ლურჯი წერტილი” კი უფრო ნაკლებ თემას ეხება, უფრო კონკრეტულ ამბებზე ამახვილებს ყურადღებას.  მეცნიერების ანაბანა არაა ახსნილი. აქ უფრო კაცობრიობის სამომავლო პერსპეტივაზეა საუბარი და ჩვენს კოსმოსურ სახლზე, სამყაროში. თუმცა სეიგანი ცდილობს განავრცოს ერთი საკითხი რომელიც კოსმოსში მხოლოდ ერთი სიტყვით ახსენა, თუ მარსზე მიკრობები მაინც სახლობენ მაშინ პლანეტა მათ ეკუთვნით- ამბობს კოსმოსში, შემდეგ კი “მკრთალ ლურჯ წერტილში” განაგრძობს სხვა პლანეტების დასახლების ეთიკაზე საუბარს. გვაქვს კი უფლება ტერაფორმირებით გავანადგუროთ ან დავაზიანოთ სხვა პლანეტების ეკო სისტემა და მეცნიერული ინფორმაცია? ამ საკითხს ძალიან ფრთხილად ეკიდება და მხოლოდ აკურატულ, კარგად გააზრებულ ჩარევას ემხრობა, რომელიც იქნება ბევრად ბრძენი და მცოდნე ცივილიზაციის მიერ შესრულებული.

წიგნის ყველაზე დიდი ღირსება შთაგონების უნარია. ელეგანტური და უბრალო წერის სტილი და უკიდეგანო სივრცე, როგორც კოსმოსზე დაწერილ წიგნს შეეფერება. სივრცე და დრო, დრო ამჯერად უსასრულოდ წინ მომავალში. სადაც ადამიანები შეიცვლებიან რაღაც სხვა სახეობად.

“ისინი აიხედავენ ზევით და ეცდებიან იპოვონ მკრთალი ლურჯი წერტილი თავიანთ ცაზე. მათ  არანაკლებ ეყვარებათ ის მისი სიმყიფისა და ბუნდოვანების გამო, მათ განაცვიფრებთ თუ რაოდენ მყიფე იყო ერთ დროს მათი საცავის  პოტენციალი. რაოდენ საშიშია ჩვენი ბავშვობა, რამდენად უბრალოა ჩვენი საწყისები. რამდენი მდინარე უნდა გადავლახოთ სანამ ვიპოვით საკუთარ გზას. “

ამ სიტყვებით ასრულებს სეიგანი თხრობას.

აქვე მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ნათარგმნი პირველი თავი, რომელიც ბოლო თავთან ერთად (და კიდევ 2-3 თავი) ალბათ წიგნის ყველაზე მნიშვნელოვან მესიჯებს შეიცავს. ვფიქრობ ეს თავი მნიშვნელოვან წარმოდგენას შეგიქმნით წიგნზე.

P.S: მომინდა რომ გადამეთარგმა და გადავთარგმნე, სხვა ნაწილებს ან მთლიანად თუ ვთარგმნი არ ვიცი ჯერ.

ამ ვიდეოში თავად კარლ სეიგანი კითხულობს ამ წიგნის პირველი თავის ბოლო ნაწილს

მკრთალი ლურჯი წერტილი

კაცობრიობის მომავლის ხედვა კოსმოსში

თავი I

შენ აქ ხარ

მთელი დედამიწა მხოლოდ წერტილია და ჩვენი საცხოვრებელი ადგილი კი მისი წუთიერი კუთხე.

მარკუს ავრელიუსი, რომის იმპერატორი, მედიტაციები, წიგნი 4

როგორც ასტრონომები ერთსულოვნად ასწავლიან დედამიწის სრული გარშემოწირულობა, რომელიც ჩვენთვის უსასრულო ჩანს, სამყაროს სიდიდესთან შედარებით გავს როგორც პაწაწინა წერტილს.

ამიანუს მერცელინუსი. 330 -395 უკანასკნელი მნიშვნელოვანი რომაელი ისტორიკოსი

კოსმოსური ზონდი შინიდან საკმაოდ შორს იყო. უშორესი პლანეტის ორბიტის მიღმა და ეკლიპტიკის სიბრტყიდან საკმაოდ მაღლა – რომელიც წარმოსახვით ბრტყელ ზედაპირს წარმოადგენს. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც სარბენი მოედნი რომელზეც შემოსაზღვრულია პლანეტების ორბიტები. ხომალდი 40 000 მილი საათში აჩქარებით მიიწევდა.  თუმცა 1990 წლის ადრეულ თებერვალს დედამიწიდან წამოეწია დაჟინებული ცნობა.

VoyagerReverseმან დამჯერად მოაბრუნა თავისი კამერა უკან, უკვე შორეული პლანეტებისკენ სკანირების მოსაბრუნებელი პლატფორმა მიატრიალა ცის ერთი წერტილიდან მეორისკენ, გადაიღო 60 სურათი და შეინახა ციფრული ფორმატით მაგნიტოფონზე. შემდეგ ნელა, მარტში აპრილსა და მაისში გამოაგზავნა მონაცემები დედამიწისკენ. ყოველი სურათი შედგებოდა 640 000 ინდივიდუალური სურათის ელემენტისგან (პიქსელისგან) როგორც წერტილები გაზეთის ფოტოში ან პუანტილისტის ნახატში. კოსმოსური ზონდი დედამიწიდან  3,7 მილიარდი მილის მოშორებით იმყოფებოდა. იმდენად შორს რომ თითოეულ პიქსელს, სინათლის სიჩქარით მომავალს 5 1/2 საათიანი მგზავრობა სჭირდებოდა, ჩვენამდე მოსაღწევად. სურათები უფრო ადრეც კი მოაღწევდა, მაგრამ დიდ რადიო ტელესკოპებს: კალიფორნიაში, ესპანეთში და ავსტრალიაში, რომლებიც ისმენდნენ ამ მზის სისტემის კიდედან მომავალ ჩურჩულს, ასევე ქონდათ პასუხისმგებლობა სხვა ხომალდების მიმართ, რომლებიც გულმოდგინედ მუშაობდნენ კოსმოსურ ზღვაში. მათ შორის ვენერასკენ მიმავალი  “მაგელანი” და “გალილეო” თავის ხვეულ გზაზე იუპიტერისკენ.

ვოიაჯერ 1 ეკლიპტიკის სიბრტყიდან ძალზედ ზემოთ იმყოფებოდა რადგან 1981 წელს სატურნის გიგანტ მთვარეს ტიტანს ახლოს ჩაუარა. მისი დობილი ხომალდი ვოაიჯერ 2 გაგზავნილ იქნა სხვაგვარი ტრაექტორიით, ეკლიპტიკის სიბტრყეზე. მას ქონდა საშუალება შეესრულებინა თავისი ცნობილი, ურანის და ნეპტუნის გამოკვლევები. ორმა რობოტმა ვოაიჯერმა მოინახულა ოთხი პლანეტა და თითქმის სამოცი მთვარე. ისინი ადამიანის ინჟინრულ ტრიუმფს წარმოადგენენ. ამერიკული კოსმოსური პროგრამის ბრწყინვალებას. ისინი ისტორიის წიგნებში იქნებიან მაშინ როცა ჩვენი დროის უდიდესი ნაწილი დავიწყებას მიეცემა.

ვოიაჯერების მუშაობა გარანტირებული იყო მხოლოდ სატურნამდე. მე ვიფიქრე რომ კარგი იქნებოდა თუ სატურნის შემდეგ ისინი უკანასკნელად გამიოხედავდნენ შინისკენ. ვიცოდი რომ სატურნიდან დედამიწის რაიმე დეტალის გასარჩევად ვოიაჯერისთვის ძალზედ მცირე გამოჩნდებოდა. ჩვენი პლანეტა იქნებოდა მხოლოდ სინათლის წერტილი. ეული პიქსელი, ძნელად გასარჩევი სხვა ნებისმიერი წერტილისგან რომელთა დანახვა ვოიაჯერს შეეძლო ახლო მახლო პლანეტების და შორეული მზეების სახით. თუმცა იქნებ სწორედაც ჩვენი პლანეტის ამგვარი ბუნდოვანების გამო, ღირდა ეს სურათი.

მეზღვაურებმა გულმოდგინედ აღწერეს კონტინენტების მოხაზულობები. გეოგრაფებმა ეს აღმოჩენები დაიტანეს რუკებზე და გლობუსებზე. პირველად დედამიწის პაწაწინა ნაწილების ფოტოები მიღებულ იქნა საჰაერო ბურთებიდან და თვითმფრინავებიდან, შემდეგ რაკეტებიდან, ბალისტიკური ფრენების მეშვეობით. ბოლოს დედამიწის ორბიტაზე მყოფი კოსმოსური ზონდებიდან – რამაც მოგვცა დაახლოებით ისეთივე პერსპექტივა როგორიც იქნებოდა დიდი სფეროს თავზე  თვალის პოზიცია ერთი ინჩის სიმაღლიდან. ყველამ გაიგო რომ დედამიწა სფეროა, რომელზეც ჩვენ ყველა რაღაცნაირად მიკრულები ვართ გრავიტაციით.

ჩვენი მდგომარეობის სინამდვილე მანამდე ნათლად არ გამოსახულა ვიდრე აპოლოს მთლიანი დედამიწის ცნობილი ფოტო არ გამოჩნდა – რომელიც გადაიღეს აპოლო 17-ის ასტრონავტებმა მთვარეზე უკანასკნელი მისიის დროს.

იგი ჩვენი ეპოქის ხატი გახდა. აგერ ანტრაქტიკა, რასაც ამერიკელები და ევროპელები განიხილავენ როგორც ძირს. შემდეგ მთელი აფრიკა გადაჭიმულა ზემოთ. შეგიძლია დაინახო ეთიოპეა, ტანზანია და კენია. სადაც ყველაზე ადრეული ადამიანები ცხოვრობდნენ, მარჯვნივ ზემოთ საუდის არაბეთია. და როგორც ევროპელები ეძახიან – ახლო აღმოსავლეთი. ძლივს მოჩანს ხმეთაშუა ზღვა, მის გარშემო – ჩვენი გლობალური ცივილიზაცია დაიბადა. შესაძლებელია გაარჩიო ოკეანის სილურჯე. ყვითელ  წითელი საჰარა და არაბეთის უდაბნო, მოყავისფრო მწვანე ტყეები და სტეპები.

a17_h_148_22727

მაგრამ ამ სურათზე ადამიანის კვალი არსად ჩანს. არც ჩვენი ნამუშევარი დედამიწის ზედაპირზე, არც ჩვენი მანქანები, არც თავად ჩვენ. ჩვენ ძალზედ მცირე ვართ და ჩვენი სახელმწიფოებრიობა ძალზედ სუსტია იმისთვის რომ მთვარიდან შესამჩნევი იყოს. ამ პოზიციიდან ჩვენი აკვიატებული ნაციონალიზმი არსად ვლინდება. აპოლოს დედამიწის სრულმა სურათებმა ნათელი მოჰფინა მრავალთათვის იმას რაც ასტრონომებმა კარგად იცოდნენ – მსოფლიოთა მასშტაბზე – რომ აღარაფერი ვთქვათ – ვარსკვლავებზე და გალაქტიკებზე – ადამიანები უმნიშვნელო არიან, სიცოცხლის თხელი ფენა შეუმჩნეველ, მარტოხელა ქვის და მეტალის ნატეხზე.

მიმაჩნდა, რომ  დედამიწის მომდევნო სურათი, ამჯერად ასი ათასჯერ უფრო შორიდან გადაღებული, შესაძლოა დახმარებოდა საკუთარი თავის და ჩვენი ნამდვილი  გარემოებების გამოვლენის პროცესის გაგრძელებას. კარგად ესმოდათ მეცნიერებს და კლასიკოს ანტიკურ ფილოსოფოსებს, რომ დედამიწა იყო მხოლოდ წერტილი უკიდეგანო კოსმოსში. მაგრამ ასეთი ჯერ არავის ენახა. აგერ იყო პირველი შანსიც. (და შესაძლოა უკანასკნელიც მომდევნო ათწლეულების მანძილზე)

NASA-ს ვოიაჯერის პროექტის ფარგლებში ბევრი რამ იყო შესაძლებელი, მაგრამ გარე მზის სისტემისთვის დედამიწა ძალიან ახლოს იმყოფება მზესთან, როგორც ცეცხლით მოჯადოებული პეპელა კოცონის გარშემო. გვინდა კი რომ დავუმიზნოთ კამერა მზესთან ასე ახლოს და გავწიოთ რისკი რომლის გამოც შესაძლოა ზონდის ფოტო გადაღების სისტემა დაიწვას? უკეთესი ხომ არ იქნება დაიცადო სანამ ურანის და ნეპტუნის სურათებს არ მივიღებთ თუ კოსმოსური ზონდი მიაღწევს იქამდე.

და ჩვენც მოვიცადეთ – კარგი ამბავი ის იყო რომ – 1981 წლიდან სატურნის და 1986 წლის ურანის მონახულების შემდეგ 1989 წელს ორივე კოსმოსურმა ზონდმა გადაკვეთა ნეპტუნის და პლუტონის ორბიტა. როგორც იქნა ამის დროც მოვიდა. მაგრამ თავიდან საჭირო იყო რამდენიმე ინსტრუმენტული კალიბრაციის შესრულება და ცოტა კიდევ მოგვიწია ლოდინი. თუმცა კოსმოსური ზონდი იმყოფებოდა საჭირო წერტილში, ინსტრუმენტები შესანიშნავად მუშაობდნენ და სხვა სურათები აღარ იყო გადასაღები, პროექტის პერსონალის რამდენიმე წევრი ეწინააღმდეგებოდა. “ეს არ არის მეცნიერება” – ამბობდნენ ისინი. შემდეგ აღმოვაჩინეთ რომ ტექნიკოსები რომლებიც გეგმავდნენ და გადასცემდნენ ვოიაჯერებს რადიო მითითებებს NASA -მ უსახსროდ დატოვა. გაანთავისუფლა სამსახურან ან გადაიყვანა სხვა სამუშაოზე. თუ ფოტოები უნდა გადაღებულიყო ეს მაშინვე უნდა მომხდარიყო. ფაქტიურად უკანასკნელ წუთს, ვოიაჯერ 2-ის მიერ ნეპტუნის მონახულებისას NASA-ს ადმინისტრატორმა ადმირალმა რიჩარდმა ნამდვილად გადმოდგა ნაბიჯი და დარწმუნდა რომ სურათები უნდა გადაღებულიყო. კოსმოსის შემსწავლელმა მეცნიერებმა კენდი ჰენსენმა NASA-ს JPL-ლაბორატორიიდან (Jet Propulsion Laboratory) და კაროლინ პორკომ არიზონის უნივერსიტეტიდან შეადგინეს მითითებების სერია და გამოითვალეს კამერის ადგილმდებარეობის დრო.

აგერ ისინიც კვადრატული ფორმების მოზაიკა, რომელიც ძევს პლანეტებს ზემოთ და მეჩხერი შორეული ვარსკვლავების ფონზე. ჩვენ შეგვეძლო გადაგვეღო არა მხოლოდ დედამიწა არამედ ასევე ხუთი სხვა პლანეტა. მზის სისტემის ცხრა პლანეტიდან. მერკური მზესთან ყველაზე ახლო მყოფი მზის ბრწყინვალებაში ჩაკარგულიყო. მარსი და პლუტონი კი ძალზედ მცირე და მკრთალად განათებული იყვნენ ან ძალიან შორს. ურანი და ნეპტუნი იმდენად მკრთალი იყვნენ , რომ მათ დაფიქსირებას ხანგრძლივი დაყოვნებები სჭირდებოდა. შესაბამისად მათი სურათები ბუნდოვანი გამოვიდა კოსმოსური ზონდის მოძრაობის გამო. სწორედ ასე გამოჩნდება პლანეტები უცხო ცივილიზაციის ხომალდისთვის რომელიც მოუახლოვდება მზის სისტემას ხანგრძლივი ვარსკვლავთშორისო მოგზაურობის შემდეგ.

ამ მანძილიდან პლანეტები მხოლოდ განათებულ წერტილებს წარმოადგენენ. ბუნდოვანი ან არაბუნდოვანი – მაღალი გარჩევადობის ტელესკოპიდანაც კი ვოიაჯერის ბორტზე ისინი ჩანან ისევე როგორც დედამიწის ზედაპირიდან შეუიარაღებელი თვალით დანახული – განათებული წერტილები. უფრო ბრწყინვალე ვიდრე ვარსკვლავების უმეტესობა, თვეების განმავლობაში დედამიწა, როგორც სხვა პლანეტები, ვარსკვლავებს შორის მოძრაობს. უბრალოდ ერთ-ერთ მათგანის დანახვით თქვენ ვერ განსაზღვრავთ რას წარმოადგენს, რა არის მასზე, როგორი იყო მისი წარსული და კონკრეტულად ამ ეპოქაში ცხოვრობს თუ არა ვინმე.

Pale blue dot 1კოსმოსური ზონდიდან მზის სინათლის არეკვლის გამო, დედამიწა ისე ჩანს თითქოს მზის სხივზე ზის, თითქოს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყოს ეს პატარა სამყარო. მაგრამ ეს მხოლოდ გეომეტრიული და ოპტიკური შემთხვევაა. მზე თავის გამოსხივებას თანაბრად გამოყოფს ყველა მიმართულებით. სურათი რომ ცოტა ადრე ან ცოტა გვიან გადაღებულიყო მზის სხივიც აღარ იქნებოდა დედამიწას დამიზნებული.

რატომ აქვს ასეთი ლაჟვარდოვანი შეფერილობა? ლურჯი ნაწილობრივ ზღვის ნაწილობრივ კი ცის გამოა. თუმცა წყალი ჭიქაში გამჭვირვალეა, მაგრამ ოდნავ მეტ წითელ სინათლეს შთანთქავს ვიდრე ლურჯს. თუ ეს მატერია გაქვს ათობით  მეტრის  ან მეტი სისქის ფენა. წითელი სინათლე შთაინთქმევა და რაც აირეკლება უკან კოსმოსში უმეტესად იქნება ლურჯი. იგივე გზით ახლო ხედით ჰაერი იდეალურად გამჭვირვალე ჩანს, მაგრამ ლეონარდო და ვინჩი გამოარჩევდა – რაც უფრო შორს იმყოფება ობიექტი უფრო მეტად მოლურჯო ჩანს. რატომ? რადგან ჰაერი მეტად ფანტავს ლურჯ სინათლეს გარშემო ვიდრე წითელს.

ამ წერტილის მოლურჯო შეფერილობა მომდინარეობს ატმოსფერიდან და თხევადი წყლის ღრმა ოკეანეებიდან. საშუალო დღის მანძილზე დედამიწა ნახევრად დაფარულია წყლის თეთრი ღრუბლებით.

ჩვენ შეგვიძლია განვმარტოთ  ამ პატარა სამყაროს ფერმკრთალი სილურჯე. რადგან კარგად ვიცით ის. ჩვენი მზის სისტემის გარეუბანში ახლახან შემობიჯებული უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელი მეცნიერი თუ დააფიქსირებს ოკეანეებს, ღრუბლებს და სქელ ატმოსფეროს – ნაკლებად სავარაუდოა. მაგალითად ნეპტუნი ლურჯია, მაგრამ უმთავრესად განსხვავებული მიზეზით. ასეთი შორეული პერსპექტივიდან დედამიწა არ იწვევს რაიმე განსაკუთრებულ ინტერესს.

მაგრამ ჩვენთვის განსხვავებულია. შეხედეთ კიდევ ერთხელ ამ წერტილს. ის აქაა. ეს ჩვენ ვართ. მასზეა ყველა ვინც გიყვართ, ყველა ვინც იცით, ყველა ვისზეც კი ოდესმე რაიმე გსმენიათ. ყოველი ადამიანი რომელიც ოდესმე ყოფილა, უცხოვრია თავისი ცხოვრებით. გაერთიანება ჩვენი სიხარულისა და ტანჯვის. ათასობით თვითდაჯერებული რელიგიის, იდეოლოგიის და ეკონომიკური დოქტრინის. ყოველი მონადირე და მძარცველი, ყოველი გმირი და ლაჩრი. ყოველი ცივილიზაციის შემოქმედი და გამნადგურებლი. ყოველი მეფე და გლეხი, ყოველი ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი. ყოველი დედა და მამა, იმედიანი ბავშვი, გამომგონებლი და აღმომჩენი. ყოველი მორალის მასწავლებლი, ყოველი კორუმპირებული პოლიტიკოსი. ყოველი “სუპერვარსკვლავი” ყოველი უმაღლესი ლიდერი, ყოველი  წმინდანი და ცოდვილი ჩვენი სახეობის ისტორიაში, ცხოვრობდა იქ მტვრის ნამცეცზე მზის სხივების ქვეშ.

უკიდეგანო კოსმოსურ არენაზე დედამიწა ძალზედ მცირე ნაწილია. დაფიქრდით სისხლის მდინარეებზე, რომელიც დაუღვრია ყველა იმ გენერალს და იმპერატორს, რომლებიც ტრიუმფითა და ბრწყინვალებით წუთიერად გამხდარან წერტილის ნამცეცა ნაწილის ბატონ პატრონები. დაფიქრდით უსასრულო სისასტიკეზე რომლითაც სწვევიან ამ ერთი პიქსელის რომელიმე კუთხის მაცხოვრებლები, ძნელად გასარჩევ სხვა კუთხის მცხოვრებლებს. რაოდენ ხშირია მათი გაუგებრობები, რაოდენ სურთ მათ ერთმანეთის კვლა. რაოდენ გულმოდგინეა მათი სიძულვილი.

ჩვენ პოზირებას, დიდ წარმოდგენას საკუთარ თავზე. ილუზიას რომ ჩვენ რაღაც პრივილეგირებული ადგილი გვიკავია სამყაროში. გამოწვევა ესროლა ამ მკრთალმა სინათლის წერტილმა. ჩვენი პლანეტა ეული ნაწილაკია გარსშემორტყმულ უზარმაზარ კოსმოსურ წყვდიადში. ამ უკუნეთსა და უსასრულობაში არ არსებობს რაიმე ნიშანი რომ საიდანმე მოვა მაშველი რათა საკუთარი თავისგან გვიხსნას.

დედამიწა აქამდე ცნობილი ერთადერთი სამყაროა რომელიც დასახლებულია ცოცხალი ორგანიზმებით. არსად არ არ არსებობს ისეთი ადგილი, ახლო მომავალში მაინც, სადაც ჩვენი სახეობა შეძლებს გადასახლებას. მონახულება – შეიძლება. დასახლება – ჯერ არა. მოგწონთ თუ არა დედამიწაა ჩვენი გაჩერება.

ნათქვამია რომ ასტრონომია არის დამამშვიდებელი და ხასიათის სიმტკიცის მომტანი გამოცდილება. არ არსებობს ალბათ უკეთესი დემონტრაცია ადამიანური ამპარტავნული უგუნურებისა, ვიდრე ჩვენი პატარა სამყაროს ეს შორეული სურათი. ჩემი აზრით იგი ხაზს უსვამს ჩვენ პასუხისმგებლობას, მეტი გულისხმიერებით მოვექცეთ ერთმანეთს, შევინარჩუნოთ და დავაფასოთ ეს ფერმკრთალი წერტილი. ჩვენთვის ოდესმე ცნობილი ერთადერთი სახლი.

ამ შესანიშნავ ვიდეოშიც თავად სეიგანი კითხულობს, წიგნის სხვადასხვა ნაწილები ერთ მონოლოგად არის აწყობილი. იწყება წინასიტყვაობის რამდენიმე ფრზით და სრულდება ბოლო თავის უკანასკნელი ფრაზებით

2 thoughts on “კარლ სეიგანი – მკრთალი ლურჯი წერტილი – პერსონალური მოგზურობის გაგრძელება

დატოვე კომენტარი